Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სვანეთში პოზიციებს არ თმობენ - მორიგი შეკრება ხაიშში

14 ივნისი 2016

„ჩვენ ერთობლივად უნდა შევძლოთ, რომ სვანეთი გადავარჩინოთ. ჩვენმა წინაპრებმა სისხლის ფასად შეგვინარჩუნეს ეს ტერიტორია, რომელსაც სვანეთი ჰქვია, დღეს კი იქმნება საფრთხე და ამ პატარა ხეობაში ათეულობით ჰესის აშენებას აპირებენ“, - 12 ივნისს მესტიის რაიონ სოფელ ხაიშში 17 თემის წარმომადგენელი შეიკრიბა.

„შევიკრიბეთ იმისთვის, რომ სვანეთში არც ერთი ჰესი არ აშენდეს“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას გიონი ცინდელიანი, ნაკრის მკვიდრი.

სვანების თქმით, ხელისუფლება იმის ნაცვლად რომ მაღალმთიანი რეგიონებში მოსახლეობის დამაგრებაზე ფიქრობდეს, ჰესების აშენებას გეგმავს. როგორც თავად ამბობენ, მესტიის უმეტესი ნაწილი წყლით იფარება, რის გამოც მოსახლეობას აყრა მოუწევს, დანარჩენ ადგილებში კი საცხოვრებელი პირობები იმდენად გაუარესდება, რომ ეს ფაქტორი გახდება აყრის წინაპირობა.

„უთვალავი პრობლემის წინაშე დგას დღეს სვანეთი. სოფლები ისეა დამუნჯებული, თითქოს არავის არ ევალება შეკრება, არავის არ ევალება, განგაშის ზარი შემოკრას სვანეთს. ეს არის ჩვენი აქილევსის ქუსლი. ეს არაფრით არ შეიძლება. რად მინდა ისეთი სვანეთი, რად მინდა ისეთი ცხოვრება, თუ ის, რაც ჩემმა მამა-პაპამ დამიტოვა, სიმართლე, ტრადიციები, ფოლკლორი, ხელის ერთი მოქნევით ყველაფერი დავკარგე. ამის სანაცვლოდ სულ სხვა რამეს ვიღებ, ვიღებ დაპირებებს, ზიზილ-პიპილოებს, ანუ სულს ვყიდი ფულზე. გონს უნდა მოვეგოთ. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ადათი, წესი, ტრადიციები“, - მიმართეს ხაიშში შეკრებილებს.

ზაზა წიკლაური ერთ-ერთი იყო ყაზბეგის რაიონიდან, რომელიც ხაიშში სვანებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად ჩავიდა.

„ჩვენ არა მარტო ხასიათი და გარემო გვაქვს საერთო, არამედ ჩვენი ჭირიც ერთმანეთს დაემსგავსა. ყაზბეგში თერგი უნდა მოაქციონ გვირაბში, აქ თუ დატბორვას უპირებენ სვანეთს, იქ საერთოდ უწყლოდ დავრჩებით. თითქოსდა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის ვტბორავთ სვანეთს, ვტოვებთ უთერგოდ ყაზბეგს. ამ დროს რუსეთზე მისაბმელად ვაშენებთ ელექტროგადამცემ ხაზებს. მთელი საქართველოს მთიანეთი დაიცლება ამ პროექტების განხორციელების შემთხვევაში.

ერთი რამ მინდა გითხრათ, „ხუდონჰესის" თემა დიდ დაბრკოლებად იქცა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ თქვენი ომი არაა. მთელი საქართველო იმედის თვალით უყურებს ამ პატარა სოფელს, რომელიც აღმოჩნდა გაუტეხელი. მინდა გისურვოთ, რომ რა მაგალითის მიმცემიც ხართ, ეს მაგალითი არ დაგეკარგოთ. ასევე ველოდებით მთელი საქართველოს თანადგომას, რომ ჩვენი ხევი არ განადგურდეს და არ გახდეს ნასახლარი. საქართველოს ჰესები ვერ უშველის, საქართველოს უშველის ძლიერი მთა, ძლიერი საზღვრები, ძლიერი სოფლები“, - ასე მიმართა ზაზა წიკლაურმა ხაიშში შეკრებილ სვანებს.

ხაიშში შეკრებილები აღნიშნავდნენ, რომ სოფლებში ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლების აგიტატორები დადიან და მოსახლეობას სამუშაო ადგილებს და კომპენსაციებს ჰპირდებიან. მათი თქმით, ამის გამო მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე თავს იკავებს ჰესების საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისგან.

„ზოგიერთი სოფლის მცხოვრები უკვე ყოყმანობს. მათ ჰპირდებიან, რომ  ჩართავენ სამშენებლო სამუშაოებში, შეჭირვებული მოსახლეობის დახარბებას ცდილობენ. ინვესტორის მთელი ადმინისტრაციული რესურსი ჩართულია ამ მავნე პროექტის განხორციელებაში“, - ამბობს გიორგი ცინდელიანი.

ადგილობრივებს საყვედურობს ნატო ჩხვიმიანი. „რომ ვეუბნებით, რატომ არ მოდიხართ აქციაზე, გვეუბნებიან, როცა მუშაობა დაიწყება, მერე როგორღა ვუთხრათ, მუშაობა დაგვაწყებინეო? ლახამის გარდა ყველა მომხრეა. ხალხი უკვე თავს იკავებს გამოსვლისგან. როცა შენ ამ სოფლის გულისთვის არ გამოდიხარ, გვერდით თუ არ ამოგვიდგები, მომხრე ხარ, აბა რა ხარ“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას ლახამის მკვიდრი ნატო ჩხვიმიანი.

ხაიშში სიტყვის გამოსვლის შემდეგ 17 თემის წარმომადგენელი სათათბიროდ განმარტოვდა, რის შემდეგაც ერთობლივი გადაწყვეტილება იქ შეკრებილ დანარჩენ საზოგადოებას გააცნეს.

მოთხოვნა ასეთია:

  • კერძო და ისტორიულ საერთო სათემო საკუთრებაში არსებული და ამჟამად უკვე „ტრანსელექტრიკის" საკუთრებაში არსებული მიწების დაბრუნება.
  • ზემო სვანეთის რომელიმე თემში დაგეგმილი პროექტის მიღების პროცესში ყველა თემის ჩართვა.
  • ზემო სვანეთის ყველა თემისთვის საერთო და ისტორიულ-მემკვიდრეობით მფლობელობაში არსებული მიწების დაკანონება-გამაგრება.
  • ასევე, ზემო სვანეთის მკვიდრი მოსახლეობის მიერ არჩეული ლალხორის ჩართვა მესტიის რაიონში დაგეგმილი ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

როგორც ამ შეკრების შემდეგ გახდა ცნობილი,  28 ივლისს, კვირიკობის დღესასწაულზე ჭუბერში „ნენსკრაჰესის" მშენებლობას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ. ისინი ასევე აპირებენ, დაიფიცონ ხატზე, რომ არ დაუშვებენ მესტიაში დიდი ჰესების აშენებას.

რატომ არა „ხუდონჰესს“ და „ნენსკრაჰესს“ - სარგებელი, საფრთხე
 

როგორც „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, როდესაც ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, თითქოს ახალი ჰესები ქვეყანას ესაჭიროება, ეს დოკუმენტურად უნდა წარმოადგინოს.

მისი თქმით, როდესაც გადაწყვეტილების ასეთ ურთულეს  სტრატეგიულ ობიექტებზე მიიღება, ის უნდა იყოს დასაბუთებული სტრატეგიული დოკუმენტებით, რასაც როგორც ხუდონის, ისე „ნენსკრაჰესის" შემთხვევაში ვერ ვხვდებით.

„ნენსკრაჰესის" გამომუშავება უნდა იყო მილიარდ 200 მლნ, ხუდონის - მილიარდ-ნახევარი, ანუ ჯამში - 3 მილიარდი კვ/სთ, რაც შეადგენს დღევანდელი ელექტროგენერაციის 30%-ს. ერთი მხრივ, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ კარგია, თუ ქვეყანას ექნება 3 მილიარდი კვ/სთ, მაგრამ აქ კითხვა უნდა დავსვათ შემდეგნაირად, რის ფასად? ხუდონის შემთხვევაში ხელშეკრულებაში წერია, რომ 1კვ/სთ ღირს 10.5 ცენტი, დაახლოებით 26 თეთრი. რომ შევადაროთ, ენგურჰესის 1 კვ/სთ გამომუშავება, სახელმწიფოს უჯდება 1.12 თეთრი. ნენსკრის ხელშეკრულება კონფიდენციალურია, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ 1კვ/სთ ანალოგიურად 10.5 ცენტი დაჯდება. ანუ რა გამოდის - 3 მილიარდი კვ/სთ ენერგია, სჭირდება ეს ქვეყნის ენერგოსისტემას თუ არა, სახელმწიფო ვალდებულია შეისყიდოს. 3 მილიარდი კვ/სთ ენერგია არის 300 მილიონი დოლარი ყოველწლიურად, რომლის გადახდაც სახელმწიფოს მოუწევს. როგორ უნდა გადაიხადოს - ან ბიუჯეტიდან, ან უნდა ასახოს ეს ყველაფერი ელექტროენერგიის ტარიფში და გადაიხადოს ჩვენი ჯიბიდან“, - ამბობს ჭიპაშვილი.

მისი თქმით, ელექტროენერგიაზე ფასის ზრდა ყველაზე მეტად დააზიანებს ბიზნესსექტორს, რაც მათ პროდუქციის გაძვირებას განაპირობებს.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები

როგორც დათო ჭიპაშვილი ამბობს, „ნენსკრაჰესის“ ასაშენებლად როგორც ეკონომიკის სამინისტროს აქვს გაცემული მშენებლობის ნებართვა, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს - დადებითი ეკოლოგიური დასკვნა. თუმცა, მისი თქმით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ნახევარფაბრიკატია და საფრთხეებისა და გარემოზე ზეგავლენის მხრივ შესწავლილი არაფერია.

„ადგილზე გეოლოგები დღემდე მუშაობენ. დღემდე არ აღმოუჩენიათ ქანები, სადაც შეიძლება, კაშხალი აშენდეს. პრაქტიკულად, რაზე გასცა ეკონომიკის სამინისტრომ ნებართვა და გარემოს დაცვის სამინისტრომ დადებითი ეკოლოგიური დასკვნა, სრულიად გაუგებარია. ხუდონისა და „ნენსკრაჰესის" აშენება შესწავლის გარეშე ხდება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ უკვე ვნახეთ, რა მოხდა დარიალში, როგორ დაიხოცა ხალხი. გვახსოვს ბახვის სამი ჰესი, რომელიც მეწყერის ძირში ააშენეს და დაინგრა, ისიც ზუსტად იმიტომ, რომ არ იყო წესიერად შესწავლილი. თუნდაც მზიურის გზა თბილისში. პროექტი არ იყო დაწერილი, ისე გაჰყავდათ, ისე მოაქციეს ვერე გვირაბებში, გზადაგზა წერდნენ პროექტს და რა დაგვემართა 13 ივნისს ყველას კარგად ახსოვს. მშენებლობის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული შესწავლის, დასკვნების შედეგად“, - ამბობს ჭიპაშვილი.

ჭიპაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მშენებარე  ჰესებზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებს, ძირითადად, კომპანია „გამა კონსალტინგი“ ადგენს, რომელიც სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

„როგორც ნენსკრას, ასევე „ნამახვანისჰესის" შემთხვევაში, შუახევის, დარიალის, კიდევ ბევრი სხვა ჰესის შემთხვევაში, ჩვენ ვხვდებით არათუ მთელ წინადადებებს, ვხვდებით მთელ თავებს, რომელიც, ფაქტობრივად, დაკოპირებულია. შეიძლება ითქვას, მხოლოდ სათაურები იცვლება. ხშირად ისეთ შეცდომები იპარება, რომელიც სრულიად წარმოუდგენელია, რეალობას შეესაბამებოდეს. მაგ. რუსთავის ნაგავსაყრელზე, რომელიც გარდაბნის მიდამოებშია, გზშ-ში ეწერა, რომ იქ სახლობს ფოცხვერი და ა.შ. რაც სრულიად წარმოუდგენელია. ამით იმის თქმა მინდა, რომ გზშ-ს ასეთ დაბალ ხარისხს განაპირობებს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი დაბალი სტანდარტები. როდესაც „გამა კონსალტინგმა“ იცის, რომ შეუძლია ასეთი დაბალი ხარისხისა და დაბალი დონის გზშ-ს ანგარიში მოამზადოს, ისიც ზუსტად იცის, რომ მაინც მიიღებს ნებართვას“, - ამბობს ჭიპაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ „ნენსკრაჰესს", მისი თქმით, გზშ-ში არც ერთი საკითხი, რომელიც უშუალოდ რისკებს ეხება, ეს იქნება გეოლოგია, თუ გეოლოგიური საფრთხეები, ზოგადად შესწავლილი არაა. „ადგილიც კი არ არის ზუსტად განსაზღვრული, რა ადგილზე უნდა აშენდეს კაშხალი. დღემდე მიმდინარეობს კვლევა მაშიჭალაში. როგორც გვითხრეს, ამ შესწავლას 1 წელი კიდევ დასჭირდება ნაკრაში, სადაც წყალმღების წერტილი უნდა მოეწყოს, არ იციან, სად უნდა მოაწყონ ეს ობიექტი. არადა, ნებართვა გაცემულია მშენებლობის და წესით ახლა გაქანებული მშენებლობა უნდა მიმდინარეობდეს“.

ჭიპაშვილის თქმით, ჰესების აშენების შედეგად ზემოქმედება ხდება არა მარტო ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე, არამედ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე, სვანურ ენასა და ა.შ.

„35 ჰესის აშენება არ არის დაგეგმილი მთის მწვერვალებზე, სადაც არავინ ცხოვრობს. ესენი დაგეგმილია ან ისეთ ტერიტორიაზე, რომლის ზემოქმედების არეალშიც ხვდება დასახლებულ პუნქტები, ან ისეთ ადგილებში, რომლებსაც ეს მოსახლეობა იყენებს საძოვრებად, სათიბად. ეს ნიშნავს, რეალურად, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს, სვანეთი დაიცალოს, თუ არადა, დადონ საწინააღმდეგო მონაცემები, დადონ თითოეული ობიექტის დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი“, - ამბობს ჭიპაშვილი.

მისი თქმით, აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც დაადგენს, როგორც უნდა განვითარდეს ქვეყნის ენერგეტიკა მომავალში, რა სჭირდება ქვეყანას, რა ალტერნატივა არსებობს. თუ სტრატეგიული დოკუმენტის შედეგად დადგინდა, რომ ეს არის საჭირო, გადაუდებელი, მაშინ უნდა დაიწყოს შესწავლა, ამ შემთხვევაში კი ასე არ ხდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^