Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ცვლის მერაბიშვილის საქმეში ევროსასამართლოს გადაწყვეტილება

14 ივნისი 2016

დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. მასში აღნიშნულია, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყოთუმცა ამავე დროს, მასზე ზეწოლის მოსახდენად იყო გამოყენებულიამ განმარტებამ პოლიტიკოსებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ პატიმრადაა აღიარებული და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ

ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერებისა და საფუძვლიანობის ნაწილში ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი და მესამე პარაგრაფები არ დარღვეულა. თუმცა დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფის ის ნაწილი, რომელიც მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის გადახედვის შესახებ 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება. ასევე, დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი, რადგან, გარდა კანონიერი საფუძვლისა, მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა პროკურატურამ სხვა საქმეებზე ბერკეტების მოსაპოვებელ იარაღად გამოიყენა. 

როგორც ევროსასამართლოს გადაწყევტილების შესახებ პრესრელიზის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, ერთ-ერთი დარღვევა, რომელსაც ევროსასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით მიუთითებს, ეს ყოფილი პრემიერის საპატიმროდან გაყვანა და მაშინდელ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრის ფაქტია. წულუკიანის ინფორმაციით, სწორედ ამ ნაწილის გასაჩივრებას გეგმავს ხელისუფლება, რადგან მისი თქმით, სასამართლო მხოლოდ მერაბიშვილის მონაყოლს დაეყრდნო. 

განსხვავებული მოსაზრება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს. მისი შეფასებით, როგორც საკუთარი, ისე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემა უნდა ვისწავლოთ, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით და მოგვწონს ის, თუ არა. ევროსასამართლოს მიმართ პატივისცემას გამოხატავს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, თუმცა აღნიშნავს, რომ ვინც არ უნდა მიგვითითოს, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ვინ იყო ის. ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ევროსასამართლოს შეცდომაში შეყვანა მოახერხა.

თავად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი ახალი წევრი ოთო კახიძე, რომელიც წარსულში ვანო მერაბიშვილის ადვოკატი იყო, ყოფილი პრემიერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი შეფასებით, ევროსასამართლომ ის პოლიტიკურ პატიმრად აღიარა და მისი ციხეში დატოვება უკანონობა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის საფრთხის შემცველი იქნება. დავით ბაქრაძის შეფასებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ კითხვის ნიშნები აღარ დატოვა იმასთან დაკავშირებით, რომ მერაბიშვილი ნამდვილად პოლიტიკური პატიმარია. 

"ერთადერთი შემთხვევა, როცა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, უკრაინის პრეზიდენტის იანუკოვიჩის შემთხვევა იყო, პოლიტპატიმარი მაშინ იულია ტიმოშენკო იყო. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ დაამთავრა მან. ამიტომ მინდა ხელისუფლებას მოვუწოდო, გამოიჩინოს ელემენტარული პასუხისმგებლობა და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ნუ გადააყოლებს საკუთარ ბოღმასა და შურისძიებას", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მან ამ საქმეზე, იურისტი ლია მუხაშავრია "ლიბერალთან" საუბრობს. მისი განმარტებით, მნიშვნელობ არ აქვს, სამართალწარმოების რა ეტაპზე დაადგენს ევროსასამართლო პოლიტიკური დევნის ნიშნებს, თუკი ასეთი რამ თუნდაც გამოძიების დაწყების ნაწილში მოხდა, ჩაითვლება, რომ ის პოლიტპატიმარი იყო. ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის საქმეში პოლიტიკური მოტივი აქამდეც იკვეთებოდა, რადგან მას სხვადასხვა საქმეებზე ბრალი ცალ-ცალკე წარუდგინეს, იმის მიხედვით, თუ რას გადაწყვეტდა ამა თუ იმ საქმეზე სასამართლო.

იურისტი ფაცურიას საქმეს იხსენებს, სადაც ევროსასამართლომ მის მიმართ პოლიტიკური დევნის ნიშნები გამოავლინა. თუმცა წინა ხელისუფლებამ ის იმ არგუმენტით არ გაათავისუფლა, რომ მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არსებობდა. მუხაშვრიას შეფასებით, თუ ახლა მერაბიშვილს პატიმრობაში დატოვებენ, ეს ხელისუფლების ის პოზიცია იქნება, რაც სააკაშვილის მთავრობას ჰქონდა. ხოლო თუ ხელისუფლება კეთილ ნებას გამოიჩენს და მას გაათავისუფლებს, ეს ძალიან კარგი პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ნაბიჯი იქნება.

"თუ ხელისუფლება მას არ გაათავისუფლებს, ეს იქნება იმის დადასტურება, რომ ეს კაცი მართლაც არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მე რომ ვიყო ხელისუფლებაში, ვიტყოდი, რომ არც მაშინ ყოფილა პოლიტიკური პატიმარი, უბრალოდ სასამართლომ დაუდგინა ასე. მე კი, როგორც ხელისუფალი, კეთილი ნებას ვიჩენ და პოლიტიკურად სრულიად კორექტულად ვიქცევი".

ლია მუხაშავრიას აზრით, ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარები იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ამ გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებენ და მისი გასაჩივრებით, რაც შეიძლება დიდხანს შეეცდებიან დროის გაწელვას, რადგან ის ძალაში ვერ შევა, ვიდრე არ გადაწყდება, დიდ პალატას გადაეცემა თუ არა. მიიღებს თუ არა დიდი პალატა საჩივარს განსახილველად, ამასთან დაკავშირებით იურისტისთვის პროგნოზის გაკეთება რთულია.

"მე არ გამორიცხავ, რომ ყველაზე პესიმისტური სცენარის შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი დარღვევები დაუდგინოს ხელისუფლებას, კიდევ უფრო მკაცრი იყოს მის გადაწყვეტილებასა და სარეზოლუციო ნაწილში. პირდაპირ გათავისუფლება რომ მოსდომებოდა, ჩაწერდა ისე, როგორც ეს ასანიძის გადაწყვეტილებაში ჩაწერა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ესენი როგორ დაასაბუთებენ და სასამართლო როგორ შეხედავს ამ საკითხს".

გაერო-ის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ოფიცრის, ბესო ბოხაშვილის განმარტებით, ის საქმეები, რომელშიც ევროსასამართლომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა ცნო, ისეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებია, როგორიცაა, ტიმოშენკოს და ლუცენკოს საქმეები უკრაინაში და მამადოვისა და ჯაფაროვის საქმეები აზერბაიჯანში. მისი შეფასებით, ყველა ამ საქმეს გარკვეული პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, შესაბამისად, ეს ადამიანები ამ სახელმწიფოების მიერ ამა თუ იმ მიზეზით გათავისუფლდნენ.

მისი განმარტებით, ევროსასამართლო დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით არავის გათავისუფლებას არ ითხოვს, თუმცა როგორ იქნება აღსრულებული მისი გადაწყვეტილება, ამას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი შეაფასებს, რომელიც ზედამხედველობას უწევს ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^