„დიდი რო გავიზრდები, მინდა, რაგბელი გამოვიდე“ - ეროვნული ნაკრების კვართი ლამის კოჭებამდე სწვდებოდა, იჯდა გუდრუხის სკოლის ორსართულიანი ხის შენობის კიბეებზე, 7-8 წლის ბუთხუზა ბიჭი, ქართული ნაგაზივით დინჯი, დიდი თათებითა და სევდანარევი ლურჯი თვალებით. ლუკამ იმ დღეს პირველად ნახა ოვალური ბურთი. ეს იყო პირველი ექსპედიციის პირველი დღე.
გუდრუხიდან მაღაროსკარამდე 20 კილომეტრია. ეს მანძილი ფეხით გავიარეთ. იქაც ვიბურთავეთ. მერე ჩარგალი, ბარისახო, შატილი...
ფშავ-ხევსურეთში რაგბი ავიტანეთ. ექვსი დღე კარვებში ვცხოვრობდით, ექსპედიცია გადავიღეთ და 37 წუთში მოვაქციეთ . გვინდოდა, გვეჩვენებინა, თუ როგორ მიიღო მთამ რაგბი...
პრეზენტაციაზე 50-მდე ადამიანი მოვიდა, ზოგი „რაგბელი“, ზოგი ვეტერანი „რაგბელი“, ზოგიც - „რაგბელების“ ქომაგი. მივესალმე და ფილმიც დაიწყო!
„დიდი რო გავიზრდები, მინდა, რაგბელი გამოვიდე“ - კიდევ ერთხელ გაიჟღერა ბავშვურმა სურვილმა. ხალხის რეპლიკები ერთმანეთში აირია და გული მიგრძნობდა, ლუკა არ იქნებოდა უკანასკნელი, ვისაც „რაგბელობას“ მოვანდომებდით.
მერე იყო სვანეთი... რაჭა... წინათგრძნობა გამართლდა. ბევრი მიზეზი მქონდა სიხარულისთვის. ის, რომ „ჩვენ ავიტანეთ რაგბი მთაში“, ის, რომ ამდენ ბავშვს სიხარული მივანიჭეთ, ის, რომ მათ მოეწონათ რაგბი... ჩვენ გავდიოდით სოფლებს, ვარიგებდით სარაგბო ეკიპირებას და მეგობრულ ბურთებს. უხაროდათ ბავშვებს და გვიხაროდა ჩვენც. ამ სიხარულს კი ყოველთვის ახლდა კითხვა... ყოველ ახალ სოფელში, ყოველი ვარჯიშის შემდეგ... კითხვა, რომელიც კარავში მარტო დარჩენილს მოსვენებას არ მაძლევდა, შეკითხვა რომელზეც არ მქონდა პასუხი...
„მას, კიდე როდის გვექნება ვარჯიში?“
არც დაიმედება მინდოდა და არც იმედების გაცრუება... ვიდექი კუთხეში მიმწყვდეული და ვფიქრობდი, ღირდა თუ არა საერთოდ ამ პროექტის წამოწყება.
ექსპედიციები სექტემბერში მორჩა, ამ დროის განმავლობაში გაცნობილ ბავშვებს ხან ტელეფონით ხანაც ფეისბუქით ვეკონტაქტებოდი. შეკითხვა ისევ პასუხგაუცემელი რჩება. ვინც ფილმები ნახა, უმეტესობამ მხარზე ხელი დამკრა და მითხრა - „მაგარ საქმეს აკეთებ, ძმაო“... იტყოდნენ. ისინი კადრში ბავშვების გახარებულ სახეებს ხედავდნენ და არც ერთს არ გაუგია შეკითხვა - „მას, კიდე როდის გვექნება ვარჯიში?“
ვდგავარ ტელევიზიის მესამე სართულზე. ლენტეხში მაქვს მივლინება. პროდიუსერთან ვათანხმებ სიუჟეტების თემებს და უცებ მისვამს კითხვას:
- შენ რაგბის მისიონერი არ ხარ?
- ჰაჰა, კი...
- ჰოდა, წაიღე ბურთი და ათამაშე ბავშვები
ჰოდა, წავიღე და ახლაც დამაქვს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემაში - „დილა პირველზე“ ყოველ პარასკევს გადის ეპიზოდი სხვადასხვა სოფლიდან, სადაც ჩავდივარ და ვამბობ - „რაგბი აქაურობას!“
უკვე 45 სოფელი მოვიარე და 850 ბავშვს შევხვდი... ქვეყნის მასშტაბით, „რაგბელობა“ უფრო მეტ პატარას უნდა.
შევდივარ მდელოზე. მხვდება 15-20 ბიჭი. ყოველ შეხვედრას ახლავს ღელვა. არ ვიცი, რა დამხვდება; არ ვიცი როგორ მიიღებენ; იქნებ, არ მოუნდეთ „რაგბელობა“; იქნებ, ვერ ჩავითრიო ბურთაობაში. დგანან და გიყურებენ; რაღაც ახალს ელოდებიან შენგან.
ვარჯიში რაგბის კლუბ „უშბას" პატარა მორაგბეებთან ერთად. მესტია, მაისი, 2016 წ.
- გაუმარჯოს, მე ლევანი მქვია; მე არ ვარ მასწავლებელი; მე არ გიწერთ ნიშნებს და მე არ ვაწყობ მშობელთა კრებას. მინდა, აგიხსნათ რაგბის წესები, გაგაცნოთ ღირებულებები; ვივარჯიშოთ, ვითამაშოთ და გავერთოთ ოვალური ბურთით. ხო ხართ თანახმა?
აი, ამ დროს ქრება ღელვა, რადგან თანხმობა ერთსულოვანია. პატარებს ვაცნობ „დამატებითი ვარჯიშის პრინციპს“.
- ჩვენ უნდა ვიყოთ გუნდი; თუ ერთმანეთს არ ვენდეთ და პატივი არ ვეცით, ვერ ვითამაშებთ; შეცდომას დავუშვებთ ყველა, ვინც გუნდელის შეცდომაზე გაიცინებს, ჩემთან ერთად დადგება მუშტებზე და გააკეთებს დამატებით ვარჯიშს, დანარჩენი გუნდი თვითონ გადაწყვეტს, ჩაერთვება თუ არა ამ ვარჯიშში.
პირველი სიცილი, როგორც წესი, ახლავს ბოჭვას, როდესაც ხედავენ, თუ როგორ ეცემა მათი მეგობარი, კლასელი ან თანასოფლელი.
- აბა, ბიჭებო, რომელს გაგვეცინა?
არავინ არ მალავს „დანაშაულს“.
- დავდექით მუშტებზე.
და აი, ამ დროს ხდება ყველაზე მთავარი - ტალახში მუშტებზე დგება ყველა, უცებ უღებს ალღოს გუნდურობის პრინციპს, აკეთებს აზიდვებს და, რაც მთავარია, ყველა ერთად ხმამაღლა ითვლის, ეს დიდ დადებით მუხტს მატებს ვარჯიშს. დამატებითი ვარჯიში მაქსიმუმ სამჯერ განმეორდეს. ბავშვები გუნდად იკვრებიან და ვიწყებთ თამაშს.
ბავშვებს გუნდებად ვყოფ და იწყება დიდი ჟრიამული. შეტევები, შეცდომები, შეძახილები, ლელოს დადებით გამოწვეული სიხარული... ეს დრო ყველაზე სწრაფად გარბის. მერე ვაკეთებთ დერეფანს და ერთმანეთს მადლობას ვუხდით კარგი თამაშისთვის. თამაშის შემდეგ, სიმბოლურად, ერთ მეგობრულ ბურთს ვტოვებ სოფელში, ვიღებთ სამახსოვრო ფოტოს და ვიშლებით. ვჯდები მანქანაში - დაღლილი, დასვრილი, დაცლილი და იწყება ფეისბუქის შტურმი. პატარები მამატებენ. ყველა კმაყოფილია და ზოგიერთს უხარია, რომ გაიგო რაგბის შესახებ, ზოგიც მადლიერია, რომ რაგბიზე წარმოდგენა შეეცვალა. რაც ყველაზე მთავარია, მათ რაგბი გაიცნეს შიგნიდან, გაიგეს გუნდურობის ფასი და ელოდებიან ახალ დღეს, რომ ისევ, უჩემოდ იბურთაონ, ჩემს მიერ ახსნილი წესების დაცვით.
წეღან ვახსენე „მეგობრული ბურთი“, დიახ, ამ ბურთით მარტო ვერ გაერთობი, ამ ბურთით პასი უნდა აკეთო. პასი კომუნიკაციაა, რაც ყველას ჩართულობას უზრუნველყოფს. რაგბის თამაშისთვის კონკრეტული ფიზიკური მოთხოვნები არ არსებობს. აქ მთავარი ხასიათია. აქ ადგილი ყველასთვის მოიძებნება, არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვი მაღალია, დაბალი, მსუქანი თუ გამხდარი. მთავარია, ჰქონდეს სურვილი მეგობრული ბურთით თამაშისა.
ამ პროექტში მონაწილე მოზარდებიდან, ალბათ, ერთეულები გაჰყვებიან რაგბის პროფესიულ დონეზე. ჩვენ არ ვეძებთ უმაღლესი დონის მორაგბეებს. ჩვენ რაგბის ღირებულებებს ვავრცელებთ; ვავრცელებთ თაობაში, რომელიც მომავალია; ვავრცელებთ იქ, სადაც სამომავლოდ პერსპექტივა არა აქვთ დიდი; ვცდილობთ, ცხოვრების ჯანსაღ წესს გავუწიოთ პოპულარიზაცია, მოვწყვიტოთ ქუჩას და ვაგრძნობინოთ საკუთარი შესაძლებლობების ძალა. ჩვენი პროექტის ჩართულობით რეგიონებში შეიქმნა რამდენიმე გუნდი; რამდენიმე მოზარდი თბილისშიც ჩამოვიდა და აქ განაგრძობს თამაშს.
გაჩერებას არ ვაპირებ, მივალ ყველგან, სანამ მოძრაობას შევძლებ და ვეცდები, მეგობრული ბურთის სამყაროში ისევ ჩავითრიო მოზარდები, ისევ ვუყურო მათ ბედნიერ სახეებს და ისევ ვინერვიულო, რას ეტყვიან სახლში მისულ გატალახიანებულ ბიჭებს მშობლები.
ბოლოს ფესტივალი მოვაწყვეთ. 80 ბავშვი შეიკრიბა ჩხოროწყუში და 20 გუნდად დავყავით. მაგრად გაერთნენ და მეც ავივსე. 2 თვის დაგვიანებით, მაგრამ მაინც გავეცი პასუხი შეკითხვაზე, „მას, როდის გვექნება კიდევ ვარჯიში“ - თამაშის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა დამსწრემ თქვა: „ესენი კარგი რაგბისტები გამოვლენო“
ქართულად, რაგბის მოთამაშე ადამიანს მორაგბე ჰქვია. მე ყველას ვუსწორებდი, ნუ იყენებთ სხვა სიტყვებს, თქვით - მორაგბე. ყველას ვუსწორებდი ამ შეცდომას, ლუკას გარდა, რადგან ლუკას შეცდომა არ დაუშვია.
ლუკას უნდა.
მეც ძალიან მინდა,
ძალიან მინდა, დიდი რომ გაიზრდება, რაგბელი გამოვიდეს.
#რაგბიაქაურობას.