ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თითქმის 70-წლიანი ისტორიის განმავლობაში, დღეს NATO-ს ყველაზე მრავალრიცხოვან საფრთხეებსა და გამოწვევებთან უწევს გამკლავება. ერთი მხრივ, ეს არის რუსეთი, საიდანაც მომავალ საფრთხეზე ალიანსის წევრები უკვე ღიად საუბრობენ, მეორე მხრივ კი _ კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკაში. სირთულეები და უთანხმოება არსებობს თავად ევროპის პოლიტიკურ სცენაზე და აშშ-შიც, სადაც NATO-ს კრიტიკა სულ უფრო ხმამაღლა ისმის. ასეთი ფონი ივლისში ვარშავის სამიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. 28 მოკავშირის გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული როგორც თავად ალიანსის, ისე მთლიანად ტრანსატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების მომავალი. თუ წლების განმავლობაში მსგავსი სამიტებისგან მხოლოდ სიმბოლურ ცვლილებებს ელოდებოდნენ, ახლა, როდესაც მსოფლიო გაცილებით საშიშია, NATO-ს აქვს შანსი, ახალი, თამამი პოლიტიკური თუ სამხედრო ვალდებულებები აიღოს.
ეგიდა და აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება
NATO-ს სამომავლო სტრატეგიის რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უკვე გამოკვეთილია. 12 მაისს ბუქარესტიდან 180 კილომეტრში მდებარე პატარა სოფელ დევესელუში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი კომპლექსი ამუშავდა. ეს სამხედრო ობიექტი „ეგიდის“ სახელით ცნობილი სისტემის ნაწილია. მისი დანიშნულება ალიანსის წევრი სახელმწიფოების, ევროატლანტიკური სივრცის გარეთ მდებარე ქვეყნებიდან მომავალი, შესაძლო, ბირთვული საფრთხისაგან დაცვაა. ყოველ შემთხვევაში, ბრიუსელში ასე ამბობენ. ოფიციალური ინფორმაციით, სისტემა შედგება ევროპის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში მდებარე რადარებისგან, რომლებიც ბალისტიკური რაკეტის გაშვებას დააფიქსირებენ. „ანტისარაკეტო ფარის“ ნაწილია ასევე მძლავრი რადიოლოკაციური სადგური, რომელიც თურქეთში განალაგეს. რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსები ხმელეთთან ერთად აშშ-ის ფლოტის შემადგენლობაში შემავალ, ესპანეთის სანაპიროსთან მოდრეიფე 4 ხომალდზეა დამონტაჟებული, ხოლო სამეთაურო პუნქტი გერმანიაში, ქალაქ რამშტაინში ამერიკულ ავიაბაზაზე გაიხსნება. სისტემა სრულად 2020 წელს უნდა ამუშავდეს. კრემლში დაჟინებით ამტკიცებენ, რომ „ეგიდა“ რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. რუსი სამხედრო ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მითიური ზევსის ფარ „ეგიდას“ მსგავსად, ანალოგიური სახელწოდების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გამოყენებაც არამხოლოდ თავდაცვის მიზნით იქნება შესაძლებელი. რუსეთის სამხედრო უწყებაში საპასუხო ზომების მიღებისა და პოტენციური საფრთხის „ნეიტრალიზაციის“ პირობა უკვე დადეს. ევროპაში „რაკეტსაწინააღმდეგო ფარის“ ეფექტიანობაში უკვე დღესაც კი ბევრს ეპარება ეჭვი, თუმცა კრიტიკოსებიც თანხმდებიან, რომ ეს სისტემა მომავალში, რუსეთთან პოლიტიკური კინკლაობის დროს, ბევრჯერ გახდება ვაჭრობის საგანი. კიდევ ერთი გეგმა, რომელიც რუსეთში არანაკლებ შეშფოთებას იწვევს, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო ნაწილების დისლოცირებას გულისხმობს. ჯერ საუბარია დაახლოებით 4000 ჯარისკაცზე. ისინი აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში გაემგზავრებიან. მთავარი პირობა ის არის, რომ ამ ბატალიონების შემადგენლობაში სხვადასხვა ეროვნების სამხედროები იმსახურებენ და მათი როტაცია პერიოდულად მოხდება. ეს ერთი მხრივ, სიმბოლურად მოკავშირეთა ერთიანობას გამოხატავს და მეორე მხრივ, როგორც ბრიუსელში ამტკიცებენ, არ ეწინააღმდეგება NATO-რუსეთის 1997 წლის შეთანხმებას. კონკრეტულად, რომელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე განლაგდებიან NATO-ს ჯარისკაცები, ივლისში ვარშავაში გახდება ცნობილი.
სავარაუდოდ, ასევე პოლონეთის დედაქალაქში უნდა გადაწყდეს, ღირს თუ არა აღმოსავლეთ ფლანგზე სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში მყოფი დანაყოფების გაგზავნა. როგორც „Fინანციალ თიმეს“-თან ინტერვიუში ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნების ნაწილი ამბობს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა კალინინგრადში პოზიციები გაამყარა, ეს მიზანშეწონილი აღარ არის, რადგან შესაძლო თავდასხმის დროს ჯარისკაცები ვერ მოასწრებენ რეაგირებას და დაუცველები იქნებიან. სავარაუდოდ, სწორედ ამ ხარვეზის გამო გადაწყდა NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან როტაციული ძალების დისლოცირება. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება სწრაფი რეაგირების ძალების სამეთაურო პუნქტების სტრუქტურის ისე ჩამოყალიბება, რომ ბრძანების გაცემა მაქსიმალურად სწრაფად ხდებოდეს.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე, როგორც ჩანს, კითხვები უკვე აღარავის აქვს. მეტიც, როგორც მაისის ბოლოს ბრიუსელში გამართული მინისტერიალის შემდეგ გახდა ცნობილი, მოკავშირეები რუსეთის პოტენციურ კიბერთავდასხმებთან ბრძოლას ევროკავშირთან ერთად აპირებენ. ეს იმ პირობებში, როდესაც თურქეთისა და საბერძნეთის სპეცსამსახურები ინფორმაციის გაცვლაზე ამ დრომდე სასტიკ უარს ამბობდნენ.
დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიამ და შემდგომმა აგრესიამ დონბასში, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო იმას, რომ NATO-ს „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ დაკარგული მნიშვნელოვანი სამხედრო ფუნქცია დაუბრუნდა. მთავარი კითხვა კი მაინც ფინანსებს ეხება. დასთანხმდებიან თუ არა მოკავშირეები ფინანსური ტვირთის თანაბარ გაზიარებას. დადგენილ წესს, რომელიც თავდაცვის სფეროზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტის ხარჯვას ითვალისწინებს, ამჟამად ალიანსის მხოლოდ 5 წევრი ასრულებს.
ნომერი 29 - მონტენეგრო
სამხედრო კუთხით გააქტიურების გარდა, ვარშავის სამიტის წინ NATO-მ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მიიღო. კერძოდ, 19 მაისს ბრიუსელში ორგანიზაციის რიგებში 29-ე წევრად მონტენეგროს მიღების შესახებ პროტოკოლს მოაწერეს ხელი. ფაქტობრივად, რჩება მხოლოდ ფორმალური მხარე - მოკავშირე ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში ამ დოკუმენტის რატიფიცირება, რასაც, როგორც წესი, დაახლოებით ერთი წელი სჭირდება. ბოლოს ალიანსი 2009 წელს გაფართოვდა, მაშინ მას ალბანეთი და ხორვატია შეუერთდნენ. ცხადია, რომ ჩერნოგორიეს რესპუბლიკის, იმავე მონტენეგროს, 2-ათასკაციანი არმია, NATO-ს სამხედრო ძლიერებას დიდად ვერაფერს შეჰმატებს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბალკანურ ქვეყანას პრობლემები არც ერთ სფეროში არ აკლია. პირველი, რაც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, აშკარად თვალში გეცემათ, ეს მონტენეგროს პრემიერ-მინისტრია. 2 მეტრის სიმაღლის, 54 წლის მილო ჯუკანოვიჩს ქვეყნის მართვის სადავეები, ფაქტობრივად, 1991 წლიდან უჭირავს. ამ მაჩვენებლით, ევროპაში მას მხოლოდ ბელორუსის პრეზიდენტი სჯობნის. ის ყოველთვის ახერხებდა, საჭირო დროს საჭირო ამპლუა მოერგო. იყო ახალგაზრდა კომუნისტი, ნაციონალისტი, სერბეთიდან ჩერნოგორიეს გამოყოფის იდეის მთავარი სულისჩამდგმელი, სულ ბოლოს კი მონტენეგროს ევროკავშირსა და NATO-სთან დაახლოების საქმეში დასავლეთის ერთგული პარტნიორი. ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ჯუკანოვიჩი ქვეყანას კერძო საკუთრებასავით ექცევა. მას და მისი მთავრობის წევრებს ნეპოტიზმსა და კორუფციაში ხშირად სდებენ ბრალს. თავად პრემიერი ამას უარყოფს. საინტერესოა ისიც, რომ მონტენეგროს მოსახლეობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტრეგრაციაზე არაერთგვაროვანი მოსაზრებები აქვს. მართალია, უმრავლესობა მხარს უჭერს ალიანსში გაწევრებას, თუმცა ვერ იტყვი, რომ ეს მყარი უმრავლესობაა. 1999 წელს NATO-ს ავიაიერიშები ბევრ ჩერნოგორიელს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს. შარშან პოდგორიცეში ანტისამთავრობო აქციები გაიმართა, რომელზეც ჯუკანოვიჩის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა გამოცდილმა პრემიერმა მთავრობის წინააღმდეგ აგორებულ საპროტესტო მუხტს ოსტატურად შეუცვალა მიმართულება. ბოლოს ყველაფერი სერბ ნაციონალისტებსა და რუსეთს დაბრალდა, რომლებსაც მონტენეგროს NATO-სთან დაახლოება არ სურთ. მოვლენების ასეთ ჭრილში ჩვენება, ამ დროს, როგორც ჩანს, მოსკოვშიც ბევრს აწყობდა.
ასეთი პრობლემების მქონე ქვეყნის ალიანსში ყოფნა ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, თუმცა როდესაც პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე მიდგა საქმე, ბრიუსელში მიიჩნიეს, რომ ჩერნიგორიეს რესპუბლიკის მიღება, NATO-ს ქოლგის ქვეშ მოხვედრის მსურველ სხვა ასპირანტ სახელმწიფოებთან შედარებით, დღეს „ნაკლებ ზიანს“ მოიტანდა. პრინციპში ჯერ ეს ვარაუდი მართლდება.
რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ალიანსმა ახალი წევრების ძებნა ჩრდილოეთითაც დაიწყოს. აპრილის ბოლოს ფინეთში გამოქვეყნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკვეთით წარმოებული კვლევა, რომლის ავტორებიც ამბობენ, რომ NATO-ში შესვლის შემთხვევაში ფინეთის უსაფრთხოება უკეთ იქნება დაცული. რა თქმა უნდა, ასეთ დროს მოსკოვთან ურთიერთობის გამწვავების რისკიც გაიზრდება და დოკუმენტში ამის შესახებაც არის ნათქვამი, თუმცა ისიც ცხადია, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ფინეთსა და ასევე შვედეთშიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების პერსპექტივაზე დისკუსია უფრო აქტიურად მიმდინარეობს. ამ ქვეყნებს შორის არსებითი სხვაობა თავდაცვით პოტენციალშია. თუ ფინეთში, ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, იმედი აქვთ, რომ საფრთხეს გარკვეული დროით მაინც დამოუკიდებლად გაუმკლავდებიან, შვედეთში, რომელიც ომში 1814 წლის შემდეგ არ ჩაბმულა, შეჩვეულები არიან NATO-ს დახმარებას. ამიტომ დღეს შვედეთში უკვე ბევრს უჩნდება კითხვა, მიიღებს თუ არა ალიანსის არაწევრი სახელმწიფო უსაფრთხოების სათანადო გარანტიას.
ბრიუსელში ამბობენ, რომ თუ რომელიმე ამ ქვეყანას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის სურვილი გაუჩნდება, ეს საკმაოდ იოლი იქნება, რადგან ორივე სახელმწიფო NATO-სთან უკვე წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს. მიუხედავად ამისა, როგორც მაისის შუა რიცხვებში გამოჩნდა, შვედი პოლიტიკოსები გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ჯერ მზად არ არიან, ხოლო ფინეთში მოსახლეობის უმეტესობა კვლავ NATO-ში შესვლის წინააღმდეგია.
NATO-ს ღია კარი და საქართველო
NATO-ს გაფართოების თემა ყოველთვის მწვავე რეაქციას და დისკუსიებს იწვევდა. ალიანსს, რომელიც თავდაპირველად სულ 12 სახელმწიფოს აერთიანებდა, ყველაზე მეტი წევრი „ცივი ომის“ დასრულებისა და „ბერლინის კედლის“ ნგრევის შემდეგ დაემატა. წლების მერე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რუსეთის მიმართ რადიკალურად შეცვლილი დამოკიდებულება და ადაპტირებული სტრატეგია, სადაც მოსკოვი აღარ არის პარტნიორი და ის „საფრთხედ“ განიხილება, ერთი მხრივ, თითქოს ხელს აძლევს NATO-ს მოკავშირე სახელმწიფოებს _ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, რომლებიც ალიანსთან დაახლოებას ცდილობენ, თუმცა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვან რისკებსაც შეიცავს.
საქართველოში, სადაც რუსეთის აგრესია უცხო ხილი არ არის, NATO-ს კარის გაღებას ბუქარესტის სამიტის შემდეგ მოუთმენლად ელოდებიან, როგორც IღI-სა და NDI-ს მიერ 2016 წლის თებერვალ-მარტში წარმოებული კვლევებიდან ირკვევა, NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს ალიანსში გაწევრება რესპონდენტთა 68 პროცენტისთვის არის მისაღები. სამი წლის წინ ანალოგიური მოსაზრება გამოკითხულთა 80 პროცენტს ჰქონდა. IღI-ის კვლევაში კი საქართველოს NATO-ში შესვლას 55 პროცენტი უჭერს მხარს, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში ასე 63 პროცენტი ფიქრობდა.
ამ ფონზე, 24 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გამართულ მასშტაბურ სამხედრო წვრთნას, გარდა პრაქტიკული მიზნებისა, ცხადია, სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა. საქართველოში ჩამოიტანეს ამერიკული მძიმე სამხედრო ტექნიკა, რომელიც მოგვიანებით დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეც გამოჩნდა. 26 მაისს თავისუფლების მოედანზე ჩაიარეს ამერიკელმა და გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცებმაც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 23 მაისს საქართველოს შენაერთი, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების, სრულუფლებიანი წევრი გახდა. NATO-ში ქართველი ჯარისკაცების მომზადებასთან დაკავშირებით კითხვები უკვე დიდი ხანია, არ აქვთ, თუმცა, როდის გახდება „ღირსეული პარტნიორი“ _ საქართველო, NATO-ს წევრი კვლავ უცნობია.
საქართველოს მიღებასთან დაკავშირებით ალიანსში კონსენსუსი არ არსებობს და ამას აღიარებენ როგორც საქართველოს მთავრობა, ისე NATO-ს მაღალჩინოსნებიც. ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული. ამ მოსაზრების ავტორებს ყველაზე ხშირად არგუმენტად NATO-ს 1995 წლის კვლევა მოჰყავთ. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფოებმა, სადაც არსებობს ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება ან ტერიტორიული დავა, ეს პრობლემები მშვიდობიანი გზით უნდა მოაგვარონ და ამას ექნება გავლენა ქვეყნის ალიანსში მიღებაზე, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. არსებობს უამრავი მაგალითი, რომლითაც საპირისპიროს მტკიცება შეიძლება. 1955 წელს NATO-ში ორად გაყოფილი გერმანიის მხოლოდ ერთი ნაწილი _ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მიიღეს. ამ გადაწყვეტილებამ არათუ პრობლემები შეუქმნა ალიანსს, არამედ ხელი შეუწყო ომის შემდგომ გერმანიის განახლებას და ქვეყნის მომავალი გაერთიანებისთვის მყარი ნიადაგიც შექმნა. ტერიტორიული დავა მოკავშირეთა შორის დღემდე გრძელდება. ყველაზე თვალსაჩინო მათ შორის გიბრალტარს უკავშირდება. ეს კუნძული ესპანეთმა ჯერ კიდევ 1713 წელს გადასცა ინგლისს, თუმცა ბრიტანეთის ზღვის იქითა ტერიტორიის მომავლის შესახებ უშედეგო მოლაპარაკებები დღესაც პერიოდულად იმართება. ჩრდილოატალანტიკური ალიანსის კიდევ ორი წევრი ქვეყანა _ საბერძნეთი და თურქეთი ამ დრომდე ვერ თანხმდება საზღვაო და საჰაერო საზღვარზე, რის გამოც რამდენჯერმე შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეც კი გაჩნდა. სასაზღვრო ზოლი არის ხორვატიისა და სლოვენიის მრავალწლიანი დავის მიზეზიც.
ასეა თუ ისე, აპრილის ბოლოს NATO-ში აშშ-ის ელჩმა დუგლას ლუტმა, შეიძლება ითქვას, კიდევ ერთხელ გადაასხა ცივი წყალი მათ, ვინც ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ს ითხოვდნენ და განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ალიანსში მიპატიჟებაზე უახლოეს რამდენიმე წელიწადში მოკავშირეები, სავარაუდოდ, ვერ შეთანხმდებიან. უკვე მაისი ბოლოს კი თბილისში უსაფრთხოებისა და თავდაცვის კონფერენციაზე გამოსვლისას NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ მხოლოდ ის განაცხადა, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ „NATO-ში მეტი საქართველო იქნება“. ასეთ ვითარებაში სულ უფრო მეტად საინტერესო ხდება NATO-ს წევრი და არაწევრი ქვეყნების შესაძლო ალიანსის პერსპექტივა.
ინტერმარიუმი
ერთ-ერთი ასეთი იდეა პოლონეთის მარშარლ იოზეფ პილსუდსკის ეკუთვნის. 1920-იან წლებში ის გამოდიოდა ინიციატივით, შეიქმნას სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოების ერთგვარი კოალიცია. თეორიულად, ასეთი ალიანსი ბალტიისა და შავ ზღვას შორის მდებარე ქვეყნებს გააერთიანებდა. კერძოდ, საუბარია იმ სახელმწიფოებზე, რომლებშიც მიაჩნიათ, რომ რუსეთის პოლიტიკა მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის. ეს კონცეფცია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა დისკუსიის საგანი. „ინტერმარიუმს“ ხშირად ახსენებდა აწ გარდაცვლილი ლეხ კაჩინსკი, ხოლო უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე და მას შემდეგ, რაც პოლონეთის ხელისუფლებაში იაროსლავ კაჩინსკის პარტია მივიდა, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მსგავსი გაერთიანების ჩამოყალიბება საგარეო პოლიტიკის ლამის მთავარ პრიორიტეტადაც კი დაასახელა. მეტიც, პოლონეთის ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგა კიდეც. 2016 წლის აპრილში პოლონეთის პრეზიდენტი 13-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ეწვია ბულგარეთს, სადაც კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთს აგრესიაში დასდო ბრალი და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერებას ევროპის უსაფრთხოებისათვის გადამწყვეტი უწოდა. თუმცა, სავარაუდოდ, ბულგარეთთან ურთიერთობების გაღრმავება ვარშავის უფრო ფართო გეოპოლიტიკური გეგმის მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთთან მოქიშპე თურქეთთან ურთიერთობის გაღრმავებასაც ითვალისწინებს.
როგორც გერმანელი პოლიტოლოგი ანდრეას უმლანდი ერთ-ერთ ბოლო სტატიაში წერს, განახლებულ „ინტერმარიუმში“ შესაძლოა, გაერთიანდნენ როგორც NATO-ს წევრი, ისე არაწევრი ქვეყნები. შეთანხმების მიზანი კი ე.წ. „ჰიბრიდულ“ საფრთხეებთან ერთობლივად გამკლავება იქნება. პროექტის მონაწილეები სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გარდა, კოორდინირებულად დააწესებდნენ ეკონომიკურ თუ სხვა სახის სანქციებს, შეიმუშავებდნენ ენერგეტიკული უსაფრთხოების საერთო პოლიტიკას და ერთად შეეწინააღმდეგებოდნენ პროპაგანდას. გერმანელი პოლიტოლოგი ასეთი ბლოკის წევრებად ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს, პოლონეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, მოლდოვას, უკრაინას, თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანსაც მოიაზრებს. უმლანდი მიიჩნევს, რომ ასეთი ალიანსი როგორც ამ სახელმწიფოების, ისე NATO-სა და ევროკავშირის ინტერესებშიც შედის, რადგან ეს აღმოსავლეთ საზღვრებზე ვითარების სტაბილიზაციას შეუწყობდა ხელს, ისე, რომ დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცეზე ზედმეტად არ იაქტიურებდა. როგორც ყოველთვის, ამ იდეასაც ჰყავს უამრავი მოწინააღმდეგე, პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ პოლონეთის ეკონომიკური თუ სხვა რესურსები არ არის საკმარისი ასეთი ამბიციური პროექტის რეალიზაციისთვის. ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპის გარშემო მსგავსი დისკუსიის წამოწყება უკვე ნიშნავს იმას, რომ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ეს რეგიონი და იქ განვითარებული მოვლენები აქტუალური იქნება და, გარკვეულწილად, განსაზღვრავს, როგორც თავად კონტინენტის, ისე მთლიანად ტრანსატლანტიკური სივრცის მომავალსაც.
ივლისში, როდესაც NATO-ს წევრები ვარშავაში შეიკრიბებიან, მათ რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. ამოცანა _ ალიანსის რეფორმირება და ევროპის კარზე მომდგარი კრიზისების შემსუბუქებაა, ხოლო მიზანი იმის ჩვენება, რომ ჩრდილოატალანტიკურ ალიანსს შესწევს ძალა, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს.