Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მშობლები სასკოლო ცხოვრებაში

22 ივნისი 2016

სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. სამინისტრო 2015 წლიდან „მშობელთა განათლებისა და ჩართულობის“ ქვეპროგრამას ახორციელებს.

პროგრამის მიზანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მშობლების/მეურვეების ინფორმირებულობის გაზრდის ხელშეწყობა და მოსწავლის ცხოვრებაში მათი ჩართულობის ამაღლებაა. პროგრამა მშობლების ისეთი თემების შესახებ ინფორმირებას გულისხმობს, როგორებიცაა: ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენის ხელშეწყობა, სახლში სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, შვილთან კომუნიკაციის პროცესში ასაკობრივი და ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება.

ინფორმაციის მიწოდების გზა სხვადასხვაა - მშობლის ელექტრონული გზამკვლევი, ფორუმი მშობლებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გასაცემად და საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში.

პროგრამას რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება აქვს - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მშობლების ინფორმირება, მშობელთათვის ადრეული ქორწინების რისკების გაცნობა და ბავშვთან ეფექტიანი კომუნიკაციისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება.

სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხებს კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება უძღოდა წინ. სწორედ არსებულმა პრობლემებმა განაპირობა პროგრამის შექმნის აუცილებლობაც.

სსსმ მოსწავლეების მშობელთა გამოწვევები

ნინო გერგედავა მეათეკლასელი სალომეს მშობელია. სალომეს დაუნის სინდრომი აქვს. ნინო გერგედავა ჰყვება, თუ როგორი რთულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისთვის საჭირო ინფორმაციის ფლობა, რომ შემდგომში სწორად განსაზღვრონ, როგორ დაეხმარონ თავიანთ შვილებს განათლების მიღების პროცესში. 

„არაერთხელ მივსულვარ განათლების სამინისტროში და მითქვამს, იქნებ მეც შემამოწმოთ, როგორ ვუვლი ჩემს შვილს, როგორ ვასწავლი, ვაძლევ იმ ცოდნას, რაც საჭიროა? დღეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების განათლება მთლიანად მშობლების მხრებზეა, მშობლებს კი შესაძლოა, წარმოდგენაც არ ჰქონდეთ განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე.“

ნინო გერგედავა სპეციალური პროგრამების აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც ერთგვარი გზამკვლევი იქნება მშობლისთვის, თუ როგორ დაეხმაროს შვილს სწავლაში და  სკოლასთან ერთად ხელი შეუწყოს მის განვითარებას, - „არ მინდა, ჩემი შვილისთვის რაიმეს გაკეთების შესაძლებლობა გამომრჩეს მხოლოდ იმიტომ, რომ მე, სკოლა და განათლების სამინისტრო ფხიზლად არ ვიყავით. მნიშვნელოვანია, ეს სამკუთხედი შეიკრას. განათლების სისტემა უნდა მიმითითებდეს, როგორ ვიმუშაო ჩემს შვილთან. განათლების სისტემას უნდა აინტერესებდეს მშობლის როლი, ის, თუ რამდენად მესმის მე, როგორც მშობელს ამ სისტემის. თუ არ მესმის, დამიღეჭონ, ინფორმაცია მომაწოდონ, საქმის კურსში ჩამაყენონ, რომ ზუსტად ვიცოდე, რა ეტაპზე რა უნდა ისწავლოს ჩემმა შვილმა და რის შესაბამისად  განვითარდეს. დღეს ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს.“

გერგედავა ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა სწორედ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების განვითარებისთვის პროგრამების არარსებობაა, რის შედეგადაც დღეს სალომეს სკოლაში ათის ფარგლებში შეკრება-გამოკლებას კვლავ ბურთებისა და ყვავილების მაგალითზე ასწავლიან. გერგედავა ამბობს, რომ სალომეს მეტის გაკეთება შეუძლია, მაგრამ არსებულ სისტემაში ვერ ვითარდება, რადგან ვერც სკოლისგან, ვერც განათლების სისტემისგან  და ვერც მისგან ვერ იღებს სწორ მითითებებს, რა პერიოდში რა სირთულის მასალა უნდა დაძლიოს.

„ზოგიერთ მშობელს მეტის გაკეთება შეუძლია, ზოგს - ნაკლების, ზოგსაც ფარ-ხმალი აქვს დაყრილი. მიდგომა სხვადასხვაგვარია. არის თვეები, როცა მეც ფარ-ხმალს ვყრი და აბსოლუტურად ჩემი შვილის კომფორტზე გადავერთვები ხოლმე, გულის მანკიც აქვს და მირჩევნია, მის ჯანმრთელობას მივხედო. შემდეგ ისევ მიბრუნდება შემართება, რომ, სანამ შესაძლებელია, სწავლით ისიამოვნოს.  სწორედ ამიტომ მინდოდა მხარდაჭერა, რომ  ეს ამოვარდნები არ მქონოდა. ამის უფლებას განათლების სისტემა არ უნდა მაძლევდეს. მშობელი უიმედოდ არ უნდა ვიყო.“

გერგედავა მიიჩნევს, რომ აუცილებელია მშობლებმა სამინისტროს მხარდაჭერა იგრძნონ, პირველ რიგში შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მხრივ. დაინტერესებულ მშობლებს ინფორმაციის მოპოვება არ უნდა სჭირდებოდეთ და ხელმისაწვდომი ინფორმაციის პირობებში არჩევანის საშუალება უნდა მიეცეთ.

შვილთან ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობა

„მშობლების ჩართულობაში არ ვგულისხმობ, რომ მათ ბავშვები აკონტროლონ. ზემზრუნველობაზე არ მაქვს საუბარი, რაც მეორე უკიდურესობაა. მშობელი გარკვეული ფორმით უნდა იქცეოდეს, ბავშვის ასაკიდან გამომდინარე. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირად ასე არ ხდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პროგრამა, რომელიც მშობელს დაეხმარება, თუნდაც ისეთი საკითხის გარკვევაში, როგორიცაა ურთიერთობა გარდამავალ ასაკში ბავშვთან ისე, რომ საქმე კონფლიქტამდე არ მივიდეს“, - ამბობს მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის კურატორი, ლევან ზარდალიშვილი.

განათლების სამინისტროს ინიციატივით, 2013 წელს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ბაზაზე ფსიქოლოგიური ცენტრი ამოქმედდა. ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც ფსიქოლოგების, ბავშვთა ფსიქიატრებისა და სოციალური მუშაკებისაგან არის დაკომპლექტებული, ფსიქოსოციალურ მომსახურებას უწევს ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე 6-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებსა და მათი ოჯახის წევრებს. ამჟამად ფსიქოლოგიური ცენტრები ქვეყნის დიდ ქალაქებში - ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, თელავში, გორსა და ფოთშია გახსნილი. ზარდალაშვილის თქმით, ცენტრში ბავშვების მიმართვიანობა დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე 2013 წელს იყო.  2016 წელს 671 ბავშვი მიიღეს. მიმართვის ძირითადი მიზეზი ბავშვის ემოციური და ქცევითი პრობლემებია.

ზარდალიშვილი ამბობს, რომ  ხშირად მშობელმა არ იცის, რას დააკვირდეს ბავშვის ქცევაში. ბავშვს ისევე, როგორც ზრდასრულ ადამიანს, ემართება დეპრესია, ნევროზი. ბავშვები ხშირად  არიან მოწყენილები, შეიძლება მეგობართან ჰქონდეთ პრობლემები, მასწავლებელთან ან თავის თავთან. მისი თქმით,  მშობელმა ეს რომ შეამჩნიოს, უნდა იცოდეს რას მიაქციოს ყურადღება და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, როგორ მოიქცეს. ზარდალიშვილი განმარტავს, რომ  ზოგჯერ უყურადღებობა მშობლის დროის დეფიციტით, სხვადასხვა სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემითაა განპირობებული.

მისი განმარტებით, როცა ბავშვს ფსიქოლოგიური ან ემოციური პრობლემები აქვს, მაგალითად, დაღვრემილია, მოწყენილი, აღარ სწავლობს, მეგობრებთან არ ურთიერთობს, ამას ძალიან ხშირად ამჩნევს პედაგოგი და მანდატურს ატყობინებს.  მანდატური მიმართავს მშობელს, აუხსნის ბავშვის ქცევებს და შესთავაზებს ფსიქოლოგიურ ცენტრში გადამისამართებას. ზარდალიშვილის თქმით, იმისათვის, რომ ბავშვი ფსიქოლოგიურ ცენტრში მივიდეს, საჭიროა როგორც თავად ბავშვის, ასევე მშობლის ერთობლივი თანხმობა, რაზეც უმეტესწილად მშობლები თანახმანი არიან.

ზარდალიშვილის თქმით,  პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბავშვებს ხშირად  აქვთ ქცევითი და ემოციური პრობლემები, რომლებიც, ძირითადად, გარდამავალ ასაკში 12-დან 16 წლამდე ვლინდება. აღნიშნული პრობლემების ყურადღების მიღმა დარჩენის შემთხვევაში კი, მისივე განმარტებით, არსებობს რისკი, რომ ბავშვს სხვადასხვა სახის  პრობლემა განუვითარდეს - აკლდეს თვითრწმენა, დაიწყოს თამაში, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღება, ან ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება, რომ არსებულ პრობლემებს „დაემალოს“.

„ინფორმირებულობა არის ერთადერთი გზა, რომელიც მშობლის განათლების სისტემით დაინტერესებას და ბავშვის საგანმანათლებლო ცხოვრებაში ჩართვას განაპირობებს, თუმცა ინფორმირება, ცხადია, უპირობოდ არ ნიშნავს, რომ მშობელი ამ ინფორმაციას გაითვალისწინებს, მაგრამ, თუკი არ ექნება ინფორმაცია, მისი გამოყენების ალბათობაც სულ გაქრება. მნიშვნელოვანია, როგორ მივაწვდით მშობლებს ამ ცოდნას. როცა ადამიანს დაანახებ იმ შედეგებს, რომლებიც შესაძლოა დადგეს, უფრო მეტი ალბათობაა, რომ რჩევები გაითვალისწინოს“, - ამბობს ლევან ზარდალიშვილი.

ადრეული ქორწინების პრევენცია

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ 2015 წელს წარმოებული კვლევის შედეგებით, ქვეყანაში ადრეული ქორწინება 17%-ს აღწევს. მართალია, კვლევა მცირემასშტაბიანი იყო და მხოლოდ ხარისხობრივ მონაცემებს ეყრდნობოდა, მაგრამ სპეციალისტების შეფასებით, საკითხი საკმაოდ პრობლემურია.

„ტრადიციულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, ადრეული ქორწინების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია მშობლებმა სწორად აღიქვან. მათი სახით გვყავდეს მოკავშირეები და არა მოწინააღმდეგეები. როცა ბავშვებთან ამ საკითხებზე ვესაუბრებით, მნიშვნელოვანია, მშობელს კარგად ჰქონდეს გააზრებული, რომ ჩვენ ბავშვებს რაიმე საფრთხისშემცველ ინფორმაციას არ ვაწვდით, პირიქით, ეს ინფორმაცია სწორედ ბავშვის სწორი განვითარებისკენაა მიმართული“, - ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის მენეჯერი მარიამ ბანძელაძე.

„მშობელთა ჩართულობისა და განათლების ქვეპროგრამას“ სამინისტროსთან ერთად  გაეროს მოსახლეობის ფონდი ახორციელებს.

ადრეული ქორწინების პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში სამკაციანი ჯგუფი (ფსიქოლოგი, სამართალდამცავი, სოციალური მუშაკი) გასვლით ღონისძიებებს, საჯარო შეხვედრებსა და ლექციებს  მართავს იმ რეგიონის მშობლებთან, სადაც ადრეული ქორწინება განსაკუთრებით ხშირად აღინიშნება.

უკვე მოეწყო ათი საჯარო შეხვედრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში (კაბალში, ყარაჯალაში, უზუნთალაში, განჯალაში). ასევე, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ნახიდურში, ქვემო ბოლნისში, თაქალოში, მუღანლოში, ქესალოში).

„მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა  ეთნიკური უმცირესობების მშობლებთან შეხვედრებსაც ითვალისწინებს, ეს არ არის მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების პრობლემა, ამ საწყის ეტაპზე ის სკოლები ავირჩიეთ, რომლებშიც ბევრი იყო ადრეულ ასაკში სკოლის დატოვების ფაქტები, ქორწინების თუ უცნობი მიზეზის გამო. არსებობდა საფრთხე, რომ ასეთ შეხვედრებზე მოვიდოდნენ მხოლოდ დედები და არ მოვიდოდნენ მამები, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს იღებენ გადაწყვეტილების პროცესში. თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ დაინტერესება როგორც დედების, ასევე მამების მხრიდან დიდი იყო.“

ბანძელაძე მიიჩნევს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში რთულია განსაზღვრა, ექნება თუ არა მსგავს შეხვედრებს რამე შედეგი. მისი თქმით, „ეს მხოლოდ მარცვალია, რომელიც წლების შემდეგ აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს“, თუმცა, მისივე შეფასებით, დადებითი პრეცენდენტია აღნიშნულ თემაზე ღია დისკუსიები, რათა არსებული პრობლემის შესახებ პირველ რიგში მშობლებმა შეიტყონ და შემდეგ უკვე მოიძებნოს მათი გადაჭრის გზები.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც პროგრამაში გაეროს მოსახლეობის ფონდი ახორციელებს, ჯანსაღი ცხოვრების წესს ეხება. ბანძელაძის განმარტებით, აქ არ იგულისხმება მხოლოდ კვება, მნიშვნელოვანი კომპონენტებია ფიზიკური აქტივობა, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ბულინგი და სხვა.

მარიამ ბანძელაძის თქმით, მშობლებსა და სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებისას სწორედ აღნიშნულ თემებს ასახელებენ პრობლემურად, რადგან სკოლაში სათანადო ინფორმაციას ვერ იღებენ, თანატოლებისგან მიღებული ინფორმაცია კი ხშირ შემთხვევაში არაზუსტია.

„იუნესკოს სტანდარტები, რომლებსაც მშობელთა განათლების კომპონენტზე მუშაობის დროს ვიყენებთ, არის ის, რომ ნებისმიერი მითითებისას გასათვალისწინებელია ადგილობრივი კონტექსტი და ბავშვის ასაკი. ბუნებრივია, ჩვენ ვითვალისწინებთ იმ სოციალურ და კულტურულ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ“, - ამბობს მარიამ ბანძელაძე.

პროგრამის განსახორციელებლად ფონდის მიერ გაღებული ხარჯი 2015 წელს დაახლოებით 10 000 დოლარს შეადგენდა, 2016  წელს კი დაახლოებით 20 000 დოლარის ფარგლებშია ნავარაუდევი. ამ ბიუჯეტში შედის საინფორმაციო მასალის მომზადება, გასვლითი ღონისძიებები, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის კონფერენციების ორგანიზება და სხვა.

„მშობელთა ვირტუალური სკოლა“

პროგრამის ფარგლებში მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდება რამდენიმე გზით იგეგმება.

„მშობელთა ვირტუალური სკოლა“, - ასე ჰქვია ელექტრონულ გზამკვლევს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე ბმულის სახით რამდენიმე თვეში განთავსდება. გზამკვლევში  წარმოდგენილი იქნება განათლების სპეციალისტებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციები, სადაც განხილული იქნება მოსწავლესა და მშობელს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებული აქტუალური პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის გზები. მაგალითად, ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მოსწავლეთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებების, კრიზისული პერიოდებისა და მათი მართვის სტრატეგიების შესახებ; ინკლუზიური განათლების, ჰიგიენის, არასაკმარისი ძილის პრობლემის, ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესის, წიგნიერების ხელშეწყობის, კლასგარეშე აქტივობების სწორი კომუნიკაციის შესახებ.

გზამკვლევი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენებზეც ითარგმნება.

გარდა ამისა, ბმულზე ფორუმის ფორმატში მშობლები ერთმანეთს გაუზიარებენ მოსაზრებებს აქტიური, პრობლემური თემების შესახებ. მომხმარებლები გაივლიან რეგისტრაციას. კომუნიკაცია კი კითხვა-პასუხის ფორმით მშობლებსა და პროგრამის ფარგლებში მომუშავე ფსიქოლოგს შორის მოხდება.

„ასე გავითვალისწინეთ ფსიქოლოგიური ცენტრის სპეციალისტების რჩევა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლებს ურჩევნიათ, კონფიდენციალურად დასვან კითხვები, ვიდრე პირისპირ ესაუბრონ ფსიქოლოგს. ამგვარი კითხვა-პასუხის კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ მიმოწერას სხვა მშობლებიც წაიკითხავენ. ამგვარად შეიქმნება სადისკუსიო სივრცე მშობლებისთვის; მეტი რესურსი გაჩნდება მათი ინფორმირებისათვის“, - ამბობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური.

პროგრამის ფარგლებში მესამე აქტივობა კი,  მშობლებისთვის ადრეული ქორწინების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს, ასევე - რეგიონული კონფერენციების გამართვას, სადაც  მოხდება გამოცდილების გაზიარება. 2015 წლის 25 დეკემბერს უკვე გაიმართა ასეთი კონფერენცია - „მშობლების მონაწილეობა განათლების პროცესში“.

„მთავარი მიზანია,  გვქონდეს ეფექტიანი საგანმანათლებლო გარემო, რომელიც  კეთილგანწყობილი იქნება ბავშვის მიმართ. ასეთი გარემო ვერ შეიქმნება, თუ მასში არ მონაწილეობს მშობელი და მასწავლებელი, სკოლა და ოჯახი თანაბრად. რადგან პრობლემის გაჩენისთანავე იწყება ერთმანეთისაკენ თითის გაშვერა. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს პარტნიორობა სკოლასთან და სკოლამ უნდა ისწავლოს პარტნიორობა მშობელთან“, - ამბობს ლია გიგაური.

გიგაურის განმარტებით, პროგრამა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. მას თავისი ბიუჯეტი აქვს. 2015 წელს სამინისტრომ ამ მიმართულებით 27 000 ლარი დახარჯა, 2016 წლის პროგნოზირებადი ბიუჯეტი კი 40 000 ლარია.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^