Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ისტორიული გაკვეთილები „მემარცხენეებისათვის“

25 ივნისი 2016

1970 წელს  ჩილეში დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებში მშრომელთა კლასზე ორიენტირებულმა სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა. პრეზიდენტი გახდა სალვადორ ალიენდე - საკმაოდ ქარიზმატული სოციალისტი, რომელიც ხალხის დიდი ნაწილის ნდობით სარგებლობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩილეს ახალი ხელისუფლება იმ დროისათვის ერთადერთ ძლიერ მემარცხენე ძალას წარმოადგენდა ფიდელ კასტროს შემდეგ ლათინურ ამერიკაში. ერთი შეხედვით, პარტია სოციალ-დემოკრატიულს უფრო ჰგავდა, ვიდრე კომუნისტურს. თუმცა ევროპული კეთილდღეობის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, შრომითი ურთიერთობების, ეკონომიკური პოლიტიკისა და სოციალური განვითარების სხვა საკითხებში, ალიენდეს გუნდს ბევრად რადიკალური ხედვები და მეთოდები ჰქონდა.

არ მოვყვები დეტალურად, თუ რა ცვლილებები განიცადა ჩილემ ალიენდეს მმართველობის პერიოდში, რომელიც სულ 3 წელიწადს გაგრძელდა, თუმცა შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ მათ რევოლუციური რეფორმები. ახალმა ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო საწარმოების ნაციონალიზაცია, ეკონომიკური ელიტების მკაცრად დაბეგვრა; სამართლებრივად აკრძალა კაპიტალისტების მიერ ქვეყნიდან საკუთარი კაპიტალის გატანის შესაძლებლობა; ყადაღა დაედო ბევრ ამერიკულ კომპანიას; ეკონომიკურად  და სოციალურად გაძლიერდა მშრომელთა კლასი; შესაძლებელი გახდა უფასო ჯანდაცვის სისტემისა და სხვა უფასო სოციალური სერვისების დანერგვა. 

სწორედ ამის შემდეგ იწყება ადგილობრივი და ჩილეში მოქმედი უცხოელი კაპიტალისტების გაერთიანება ქრისტიან-დემოკრატებთან, რომელთაც მხარს უჭერს აშშ. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) ფარულად, მაგრამ საკმაოდ აქტიურად იწყებს ჩილეში მუშაობას ანტისახელისუფლებო პროპაგანდისა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფების დაფინანსების გზით, რომლებიც, ერთი შეხედვით, დემოკრატიისა და უწყინარი სამოქალაქო ინიციატივების საკითხებზე იწყებენ მუშაობას.

სულ რაღაც 3 წელიწადში, ჩილეში მასობრივი პოლიტიკური არეულობა იწყება, რომელსაც შესანიშნავი რეჟისორი, პატრისიო გუსმანი თავისი დოკუმენტური ტრილოგიის პირველ ნაწილში სახელად „ბურჟუაზიის აჯანყებას“ არქმევს. ამ ფილმმა შეძლო აღეწერა ჩილეში განვითარებული მოვლენები ისე, რომ მისი ისტორიოგრაფიული დამახინჯება შეუძლებელი გამხდარიყო. რომ არა ეს ფილმები, CIA-ს რეპორტები ჩილეზე (რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ იყო საჯარო) და  რამდენიმე კრიტიკულად მოაზროვნე მემარცხენე ისტორიკოსის წიგნი, ჩვენ საერთოდ არ გვეცოდინებოდა სიმართლე იმის შესახებ, თუ რა მოხდა ჩილეში სინამდვილეში. საერთოდ, მემარცხენეებს ყოველთვის უხდებოდათ ისტორიული მოვლენებისა და პროცესების გადარჩენა დომინანტური ძალაუფლებრივი ჯგუფებისა და რიტორიკის მიერ დაწერილი ისტორიისგან, რაც ხშირად უკიდურესი რისკისა და სიცოცხლის გაწირვის ტოლფასი იყო. ამიტომ მარგინალური სიმართლის წლების განმავლობაში შენახვა და გავრცელება, ისევე როგორც, ზოგადად, ისტორიული გაკვეთილები, ძალიან მნიშვნელოვანია მემარცხენეებისათვის.

სამწუხაროა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო, რომ 70-იან წლებში მომხდარი პროცესებისაგან, თანამედროვე მემარცხენე მოძრაობებს სწორედ ახლა შეუძლიათ მიიღონ ისტორიული გაკვეთილები, როცა კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა კიდევ ერთ, ახალ და უფრო ძლიერ კრიზისში შედის. აქამდე, და განსაკუთრებით, ეგრეთ წოდებული, ნეოლიბერალური ბუმის დროს, ამ გაკვეთილებზე სწავლა თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან რომ არა ამბიცია ყოველგვარ წარსულზე მაღლა დადგომისა, რითიც გაჟღენთილი იყო ნეოლიბერალთა რიტორიკა, ძალზე რთული იქნებოდა, მაგალითად, ქამრების შემოჭერის პოლიტიკის განხორციელება იმ ხალხზე, რომელთაც კეთილდღეობის სახელმწიფოში ცხოვრების მეხსიერება აქვს. მეორე მხრივ, სწორედ ეს ამბიცია ქმნიდა თავად ხალხში იმ განცდას, რომ ყოველგვარი სოციალისტური სულისკვეთება და ემანსიპატორული მოძრაობები - ჩავლილი და გადალახულია, ისტორიის მიერ უკვე ნანახი სცენებია. ამ სცენების რეტროსპექტული გაცოცხლება მხოლოდ იმის შემდეგ ხდება შესაძლებელი, რაც ზემოთ ნახსენები რიტორიკით გაჟღენთილ პოლიტიკას უფრო და უფრო მეტი საზოგადოებრივად უარყოფითი შედეგები მოაქვს. ხოლო აქტივიზმის ის ფორმები და შინაარსები, რომლებიც ამ ეკონომიკური პოლიტიკების კულტურულ გამოძახილს წარმოადგენენ, რომელთაც, რა თქმა უნდა, იგივე რიტორიკა აქვთ - ანუ წინა მოძრაობებსა და თეორიულ მოძღვრებებზე მაღლა დადგომის ამბიცია,  ქმნიან უფრო და უფრო მეტად ჩიხურ სიტუაციებს, რომელთაც არავითარი საერთო არ აქვთ არც საზოგადოებრივ პროგრესთან და არც ემანსიპატორულ მოძრაობებთან. ესაა პოსტმოდერნული იდეებით ნასაზრდოები იდენტობის პოლიტიკა და მის მიერ კონსტრუირებული აქტივიზმი, რომელიც პირდაპირ ნეოლიბერალური პოლიტიკის გამოძახილია. სწორედ ამ ორმა ერთად - იდენტობის პოლიტიკისა და ნეოლიბერალიზმის კრიზისმა - შესაძლებელი გახადა დღეს დიდი ხნის წინათ მივიწყებული თემებისა და საკითხების აქტუალიზება. ესაა საკითხები, რომლებიც ისტორიულად, არ გადაჭრილა. შესაბამისად, ისინი კვლავ რჩებიან ისტორიის სცენაზე - ან კულისებში, და ასე იქნება მანამ, სანამ ისინი არ გადაიჭრება. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არის საზოგადოებაში ფუნდამენტური დაპირისპირებების აღმოფხვრის საკითხები - სოციალისტური საკითხები, ან, უფრო ზუსტად, სოციალიზმის საკითხი.

ამიტომ, პირველ რიგში, აუცილებელია, ვაღიაროთ ელემენტალური ობიექტური პირობა ჩვენი არსებობისა - რომ ისტორია ახლაც მსვლელობის პროცესშია და ჩვენ, ცალ-ცალკე და ერთად, მისი ნაწილი ვართ. მრავალი პროცესი, რომელიც წარსულში დარჩა, ჯერ არც კი გამხდარა ობიექტური საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მსჯელობისა და ანალიზის საგანი, არათუ აწმყო, რომელიც ფრაგმენტულად და ძალიან იშვიათად თუ აღიწერება მართლაც კრიტიკულად (ისე, რომ თავს აღწევდეს სხვადასხვა პოპულარული დისკურსების მიერ შემოთავაზებულ კრიტიკის ჩარჩოებს). ამიტომ შევთანხმდეთ, რომ ჩვენ აწმყოში და შესაძლოა მომავალშიც მოგვიწიოს სწავლა წარსულის გაკვეთილებზე.

ჩილეს ისტორიული გაკვეთილის მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს ის, რომ მემარჯვენე ძალაუფლებრივი ინტერესების მქონე ძალები ხშირად ახერხებენ  მემარცხენეების მანიპულირებას ისე, რომ ეს მათ თავად შესაძლოა არც იცოდნენ. თუმცა „მემარცხენეები“ აქ ზოგადი და ბუნდოვანი სახელდებაა. არსებობს ზედაპირული წარმოდგენები იმის შესახებ, რომ ზოგიერთი იდენტობა, თუ მათ საერთოდ შეგვიძლია იდენტობები ვუწოდოთ, ავტომატურად ასოცირდება მემარცხენეებთან - ასეთი შეიძლება იყოს მუშები, სტუდენტები და ქალები. თითქოს ეს სოციალური და ბიოლოგიური ჯგუფები ისტორიულად მემარცხენეებს „ეკუთვნის“ და მათი პროტესტი, მათი გამოსვლები, შეუძლებელია მემარჯვენე შინაარსს ატარებდეს - მით უმეტეს, თუ მოთხოვნებს ან გაფიცვის რიტორიკას ერთი შეხედვით კლასიკური, ანუ „მემარცხენე“ პათოსი აქვს. მუშების შემთხვევაში, მაგალითად, გაფიცვა - თავისი შინაარსითა და ისტორიით, მშრომელთა კლასისათვის პროტესტის უნიკალური და ჩაუნაცვლებელი ფორმაა, რომელიც რთულია წარმოვიდგინოთ, როგორც კაპიტალისტების ინტერესების სამსახურში მყოფი პროცესი. ასევე, რთულია წარმოიდგინო, რომ სტუდენტთა მასობრივი გამოსვლები - რომლებსაც შეიძლება მემარცხენე ლოზუნგები ჰქონდეთ, სინამდვილეში წყალს ასხამდეს მემარჯვენე პარტიისა (ჩილეს შემთხვევაში ქრისტიან-დემოკრატების) და კიდევ უფრო ფართო ძალაუფლებრივი ინტერესების მქონე ჯგუფთა გეგმებზე. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა ეკონომიკურ პერიოდს ემთხვევა ჩილეში ალიენდეს გამარჯვება და სოციალისტური რეფორმები - ესაა 70-იანი წლების შუა პერიოდი, როცა დასავლური კაპიტალიზმი დიდ რეცესიას განიცდის და ემზადება, ე.წ. ნეოლიბერალური ბუმისთვის. ცხადია, ასეთ დროს, კიდევ ერთი სოციალისტური სახელმწიფო, რომელსაც საკმაოდ მომგებიანი რესურსები აქვს (ქვანახშირი, სპილენძი) თანაც სახელმწიფო საკუთრებაში, გლობალური მასშტაბით ეკონომიკური ელიტებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ამ ძალებისა და მათი ინტერესების გამტარებლების მთავარი სტრატეგია ჩილეში მემარჯვენე მიზნებისათვის მემარცხენე სამიზნე ჯგუფების გამოყენება გახდა, რადგან სხვანაირად, ისინი ვერ აღწევდნენ ვერავითარ შედეგს. მათ მოახერხეს, რომ ხალხს ერთმანეთთან დაეწყო დაპირისპირება, მუშებსა და სტუდენტებში გაჩნდა შიდა დაპირისპირებების კერები. განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ალიენდეს ხელისუფლების ჩამოგდებასა და დაპირისპირების გამწვავებაში ქალთა ჯგუფები, რომლებიც ერთი შეხედვით მემარცხენე ფემინისტური ლოზუნგებით გამოირჩეოდნენ, პარალელურად კი ჩუმად კოლაბორაციონისტობდენ იმ დაჯგუფებებთან, რომლებსაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო აფინანსებდა ალიენდეს წინააღმდეგ.

საკმაოდ ამაღელვებელია ამ დროს ხალხის დიდი ნაწილი, რომელიც ბოლომდე უჭერს მხარს „ხალხის ხელისუფლებას“. მათზე რატომღაც არ იმოქმედა ამ საყოველთაო ეგზალტაციამ მაშინაც კი, როცა ჩილეში ხელოვნური კრიზისი დაიწყო: მაღაზიის მეპატრონეები საკვებისა და სურსათის მარაგს სახლებში მალავდნენ, რათა ხელოვნურად შეექმნათ შიმშილის საფრთხე. მოსახლეობის ნაწილი და ხელისუფლება, ამის საპასუხოდ ერთად ქმნის მოხალისეობრივ ჯგუფებს, რომლებიც დადიან თავიანთი მეზობლების სახლებში და ამოწმებენ მათ, ხოლო თუ ვინმესთან აღმოაჩენენ დამალული საკვების მარაგებს, უფრო იაფად ყიდიან (მოგების ნამატის გარეშე). ერთი სიტყვით, მიუხედავად ხელოვნურად შექმნილი კრიზისისა და  საშინელი პოლიტიკური დაძაბულობისა ქუჩებსა და მაღაროებში ეს ადამიანები ბოლომდე დგანან ალიენდეს გვერდით, რადგან ალიენდე მათთვის არა პიროვნული ლიდერი, არამედ სოციალიზმის გაპიროვნებული სახეა.  გუსმანის ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში, ალიენდეს მხარდამჭერი აქციის რიგითი მონაწილე ამბობს: „მე იმიტომ ვარ აქ, რომ მაქვს კლასობრივი ცნობიერება“.  ეს საკმაოდ შთამბეჭდავი მომენტია, რადგან ამგვარ ფორმულირებას ჩვენ ვერ ვისმენთ ფილმის მსვლელობისას ვერცერთი სტუდენტური ჯგუფის გამოსვლის, ან მუშათა გაფიცვის დროს, რომლებიც ასევე ხელოვნურადაა დაწყებული. როდესაც ერთ-ერთი მუშა ტრიბუნაზე ადის და ამბობს, რომ გაფიცვა უნდა შეწყდეს და ისინი სამსახურში უნდა დაბრუნდნენ, მუშების სხვა ნაწილი და ხალხი მას არ უსმენს, ისინი უსტვენენ და ყვირიან - „არ გვინდა პოლიტიკა!“ „არ გვინდა პოლიტიკა!“. ეს შეძახილი შეგვიძლია პირდაპირ განვიხილოთ იმ წინადადების პოლიტიკურ ანტონიმად, რომელიც ერთ-ერთმა მუშამ ალიენდეს მხარდასაჭერ აქციაზე წარმოთქვა: „მე იმიტომ ვარ აქ, რომ მაქვს კლასობრივი ცნობიერება“.

რა არის ჩილეს გაკვეთილი?  რას ნიშნავს, კლასობრივი ცნობიერების ქონა? რას ნიშნავს გქონდეს ჩამოყალიბებული პოლიტიკური ცნობიერება? ცხადია, ამას არ წარმოშობს ასე ვულგარულად არც სასკოლო სიბეჯითე მარქსიზმ-ლენინიზმის თეორიაში და არც „მემარცხენე“ აქტივიზმი. მეტიც, თუ გადავხედავთ 70-იან წლებს, იმ დროის მარქსისტებს აკადემიურ სივრცეში სერიოზული წვლილი შეაქვთ პოსტმოდერნული ფილოსოფიის განვითარებაში, ხოლო იმ დროის „მემარცხენე აქტივისტები“ პოლიტიკურ ბრძოლებს მთლიანად გარდაქმნიან კულტურულ რევოლუციად. ასეთი ისტორიული პროცესების დროს კლასობრივი ცნობიერების მქონე მხოლოდ ის ხალხი შეიძლება იყოს, რომელსაც არა წიგნებმა და აქტივიზმმა, არამედ საკუთარმა ყოფამ ასწავლა სოციალიზმი და რომელიც უარს არ ამბობს პოლიტიკურ სუბიექტად ყოფნაზე. სწორედ ამიტომაა, რომ  ერთი შეხედვით ჩაგრული, სინამდვილეში კი პრივილეგირებული ჯგუფების ამბოხს ალიენდეს წინააღმდეგ გუსმანი შემთხვევით არ არქმევს „ბურჟუაზიის აჯანყებას“. ეს კლასიკაა. პოლიტიკური აქტივიზმი პოლიტიკური ცნობიერების გარეშე - რომელსაც ხშირად იწყებენ საზოგადოების არა ეკონომიკურად, არამედ კულტურულად განებივრებული ფენები, მაგალითად, სტუდენტები, განწირულია საზოგადოებრივად რეგრესული შედეგისთვის. მეტიც,  აქტივიზმი, რომელსაც არ გააჩნია მწყობრი პოლიტიკური ცნობიერება, რაც არ უნდა მემარცხენე ლოზუნგებს ატარებდეს ის, განწირულია დომინანტური ეკონომიკური ელიტების ინტერესების წისქვილზე წყლის დასასხმელად.  მრავალი სტუდენტი და აქტივისტი, ასევე, მუშების ნაწილი და ქალთა ჯგუფები, რომლებიც ალიენდეს წინააღმდეგ გამოდიოდნენ ჩილეში, შესაძლოა საერთოდ ვერ ხვდებოდნენ, რომ ეს ირიბი შეთქმულება პინოჩეტის სამხედრო რეჟიმით დასრულდებოდა. გაკვეთილი შემდეგში მდგომარეობს: სოციალისტურ სააზროვნო ველში, ღირებულება არის არა ჯგუფები და იდენტობები, არამედ თავად პოლიტიკური, უფრო ზუსტად კი კლასობრივი ცნობიერება - რომელსაც ეს ჯგუფები პოტენციურად უნდა ატარებდნენ თავიანთი სოციალური და ეკონომიკური ანატომიის გამო. თუ ისინი ამ ცნობიერებას არ ატარებენ, გარკვეულ ეტაპზე, ისინი აუცილებლად გახდებიან მტრები სოციალისტებისათვის.

თანამედროვე საზოგადოებაში, მემარცხენეების პრობლემა ხშირად იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ვერ ავლებენ წყალგამყოფ საზღვრებს იდენტობის პოლიტიკასა და კლასობრივ ცნობიერებას შორის. ეს წარმოშობს დაბნეულობას, რომელსაც აქტივიზმსა თუ დისკურსიულ ველში საკმაოდ რეგრესული შედეგები შეაქვს. მუშები - კლასობრივი ცნობიერების გარეშე, ან სტუდენტები - როგორც უბრალოდ სტუდენტები, არაპოლიტიკური სტუდენტები, „დამოუკიდებელი და თავისუფალი“ სტუდენტები და ქალები, რომლებიც ვერ ხედავენ საკუთარი (როგორც კოლექტიური და ისტორიული სუბიექტის) გათავისუფლების პოტენციალს სოციალისტურ ბრძოლაში, არამედ ხედავენ საკუთარ (როგორც ინდივიდების, როგორც ახლა და აქ მყოფი კონკრეტული ქალების) გათავისუფლებას ყოველდღიურ ჩაგვრაზე აპელირებით.  სამივე ეს ჯგუფი - ცარიელი იდენტობებია: შეუძლებელია ისინი იყვნენ ვინმეს რეპრეზენტატორი, გარდა იმ სტატუსქვოსი, რომელთა შეცვლაც სოციალისტებს სურთ. ეს არის ნეოლიბერალური საზოგადოების ჰიბრიდული განსხეულება „მემარცხენეობაში“, რაც, თავის მხრივ, ბურჟუაზიული აზროვნების არც ისე ახალი, მაგრამ კვლავ აქტუალური სახეა - თანამედროვე ენაზე მას „სამოქალაქო საზოგადოება“ ჰქვია და მისი განვითარებისათვის დღემდე ასე აქტიურად ზრუნავს ყველა ქვეყანაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (შეგიძლიათ გაეცნოთ მათ რეპორტებს).

ერთი სიტყვით, თითქმის უეჭველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ხალხი, რომელიც პირველი დაუპირისპირდება ისეთ პარტიას, ხელისუფლებას ან მოძრაობას, რომელიც მართლა შეეცდება საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახუროს, თუ ასეთი საერთოდ იარსებებს.

წარმოვიდგინოთ საზოგადოება, რომელიც უარს ამბობს საკუთარ ისტორიაზე. თუ ჩილეს შემთხვევაში ეს 3 წელიწადს ეხებოდა, ჩვენს შემთხვევაში, ეს 70 წელს გულისხმობს. ამ მსჯელობაში შეგვიძლია საერთოდ შევიკავოთ თავი შეფასებებისგან. არ ვთქვათ, რა იყო პროგრესული და რა რეგრესული ამ „წარსულში“. მხოლოდ იმას შევხედოთ, ვაღიარებთ თუ არა, რომ ეს ჩვენი ისტორიაა. ქვეყანა, რომელსაც შესაძლოა ავტორიტარული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კეთილდღეობის სისტემის ნგრევასა და დესტრუქციაში, ისე, რომ საერთოდ არ წარმოუდგენია, რისი გაკეთება სურს მომავალში, ამ აქტით, დიდი ხნით ამბობს უარს ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, პოლიტიკურ სუბიექტად ყოფნაზე. ჩვენი საზოგადოება ის საზოგადოებაა, რომელსაც თვალები თავისი ნებით აქვს ახვეული, მხოლოდ იმისთვის, რომ თვალი არ გაუსწოროს თავისი თაობის უმძიმეს შეცდომასა და დანაშაულს - დაუფიქრებლობას მომავალზე, აწმყოში ობიექტურად მოცემული კომფორტებისაგან გათავხედების გამო (აქაც საზოგადოების კულტურულად განებივრებული  ნაწილი) და ყოველი მართლაც პროგრესული აზრის გაგებისას, თითქოს საფრთხეს გრძნობსო, მაშინვე ყვირის „არა პოლიტიკას!“, „არა პოლიტიკას!“.

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უკვე 25 წელია გაყინულია, რადგან გაყინულია ყველა ის სფერო, რომელიც უნდა ვითარდებოდეს და წინ მიიწევდეს, რათა ელემენტალური პირობები შექმნას ადეკვატური და ჯანსაღი მოქალაქეების „წარმოებისათვის“. ისიც ვიცით, რომ მათ, ვინც სცადეს ეს გაყინული სხეულები გაელღოთ და შეექმნათ „პროგრესისა და ქვეყნის აღმავლობის“ ილუზია, სინამდვილეში რეგრესისაკენ წაიყვანეს ქვეყანა. მათ დაახლოებით ისეთი რამ დაემართათ, რაც დიასახლისს, რომელიც გაყინული ხორცის ნაჭერს გალღობის გარეშე, პირდაპირ დააგდებს მაღალ ცეცხლზე შემოდგმულ ტაფაზე. დაახლოებით ასეთია ნეოლიბერალური საქართველო - და ასე შემწვარი ხორცი არ იჭმევა.

ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, რომ იმ ისტორიულმა გამოცდილებამ, რასაც საბჭოთა კავშირი, შემდეგ მისი ნგრევა, გარდამავალი პერიოდი და მის შემდგომ დამოუკიდებელი საქართველო ჰქვია, ჩვენ ძალიან დაბალგანვითარებულ საზოგადოებად ჩამოგვაყალიბა. ესაა საზოგადოება, რომელიც უარს ამბობს პოლიტიკურ სუბიექტად ქცევაზე არამხოლოდ განვლილი 25 წლის მანძილზე, არამედ კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში. ესაა საზოგადოება, რომელსაც არ უნდა სიმართლის გარკვევა - მისთვის მიმზიდველია ბრალდებები და ამ ბრალდებებისას პოპულარული პოზიციის დაჭერა. მისთვის წარმოუდგენელია მსჯელობის დიალექტიკური სიღრმე - ყველაფერი ბინარული ოპოზიციებია. რა თქმა უნდა, ასეთი საზოგადოება, და განსაკუთრებით მისი თუნდაც მხოლოდ კულტურულად განებივრებული ნაწილი, განწირულია დასავლური აქტივიზმის რეგრესული ფორმების უნიჭო იმიტაციებისთვის, რომლებიც ჩვენს კონტექსტში, ხშირად უბრალოდ არაადეკვატურია. მიუხედავად ამისა, ისინი თითქოს გადაუხედავი ჭეშმარიტებებია, მზა ფორმულები, რომლებშიც ეჭვის შეტანა არ შეიძლება. სწორედ ეს აღწერს ჩვენს აბსოლუტურად კოლონიალურ მიმართებას დასავლეთთან. ასეთი დაბალგანვითარებული საზოგადოების წინსვლის ადეკვატური ხედვა მხოლოდ ერთადერთი შეიძლება იყოს: გრძელვადიანი რეფორმისტული სოციალური პოლიტიკა სახელმწიფო დონეზე - იქნება ეს განათლების სისტემის, შრომითი ურთიერთობებისა თუ ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისათვის აუცილებელი დეტალური ცოდნა კონტექსტისა, და მასზე დაფუძნებით, ძალიან ნელი და რთული გზა ყველაზე ბაზისური და ელემენტალური შედეგების მისაღწევად. შესაბამისად, საზოგადოება, რომელიც ვერ აანალიზებს საკუთარ დაბალგანვითარებულობას და პირდაპირ, აქ და ახლა უნდა პროგრესი, რეგრესული იქნება ყოველგვარი პროგრესული ძალისათვის.

1973 წლის 11 სექტემბერს აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ფაშისტური გადატრიალების მოთავეებმა ჩამოაგდეს სალვადორ ალიენდე, რომელმაც ამავე დღეს ოფიციალური ინფორმაციით  თავი მოიკლა ან იქნა მოკლული. ამ დღიდან იწყება ჩილელი მემარცხენეების მასობრივი წამება და დევნა. ამ პერიოდში, დასავლური კაპიტალიზმი კრიზისისგან თავის დასაღწევად ქმნის ახალ სპეკულაციურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გზას - ნეოლიბერალიზმს, რომელიც 30-40 წლის შემდეგ უფრო გამწვავებული კრიზისით უბრუნდება უკან. დღეს ჩვენ სწორედ იმ ისტორიულ ეტაპზე ვართ, სადაც დასავლურმა კაპიტალიზმმა უკვე აწმყოში მიმდინარე კრიზისისგან თავის დასაღწევად უნდა მოიგონოს ექსპლუატაციის ახალი და შესაძლოა კიდევ უფრო დახვეწილი ფორმა. დასაწყისში ვახსენე, რომ სწორედ კრიზისების დროს აქტუალურდება თავიდან სოციალიზმის საკითხი - გვიანდელი კაპიტალიზმის ისტორიაში. თუმცა იმისთვის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში პროგრესულად დადგეს, საჭიროა საზოგადოებაში პოლიტიკური ცნობიერების არსებობა. საქართველოში, რომელიც გლობალურ ეკონომიკურ პროცესებს არა კლასიკურად, არამედ ჰიბრიდულად მიჰყვება (თან მიჰყვება, და თან არა), გლობალური კრიზისის კვალდაკვალ ცოცხლდება არა სოციალური ან შინაარსით სოციალისტური, არამედ მემარცხენე ლოზუნგებს ამოფარებული ლიბერალური აქტივიზმი. აქტივიზმი, რომელიც არასდროს დაუპირისპირდება რეალურ ძალაუფლებას, აქტივიზმი, რომელსაც თვალები აქვს ახვეული. აქტივიზმი, რომელიც იძახის „არა პოლიტიკას!“ - რაც არ უნდა ცალკეულ პოლიტიკებზე ლაპარაკობდეს, რაც არ უნდა მათი მოთხოვნები ეხებოდეს პოლიტიკას, ისინი წინააღმდეგი არიან საზოგადოებაში თავად პოლიტიკურის აქტუალიზების.  რატომღაც, მათ, ვინც ამბობს, რომ „აქ იმიტომაა, რომ აქვს კლასობრივი ცნობიერება“ - ეს აქტივისტები ყოველთვის უპირისპირდებიან საფრთხეს, ისე, რომ შესაძლოა თავადაც არ აცნობიერებდნენ ამას ბოლომდე.

გიორგი ხასაია, თავის ბოლო წერილს ასრულებს სიტყვებით „ასეთი აქტივიზმი უნდა გადადგეს“. მე არ ვიცი, რას გულისხმობს ის ბოლომდე, გულისხმობს თუ არა პოლიტიკური ცნობიერების არარსებობისგან წარმოშობილ საფრთხეებს დაბალგანვითარებული ჰიბრიდული აქტივიზმისათვის, თუმცა ეს წინადადება, რომელიც შეიძლება ოდესმე კარგ პოლიტიკურ ლოზუნგად გარდაიქმნას, საუკეთესო იქნებოდა ამ წერილის დასასრულებლად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^