Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გახდებიან თუ არა პროკურორები, პოლიციელები და ფსიქოლოგები ნაფიცი მსაჯულები

24 ივნისი 2016

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში უკვე მეექვსე წელს ითვლის. მისი შექმნის მიზანი სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების დაკარგული ნდობის დაბრუნება იყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ უხარვეზო  არც  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოა.

წლების განმავლობაში გამოკვეთილი პრობლემების აღმოსაფხვრელად იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტი შექმნა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა.  მისი კანონად ქცევის  შემთხვევაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ისეთი საკითხები იცვლება, როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის არეალი, მსაჯულთა შერჩევის კრიტერიუმები და შეუთავსებლობის შემთხვევები, მსაჯულთა უსაფრთხოების გარანტიები და სხვა.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა. პირველი  პროცესი 2011 წლის 11 ნოემბერს გაიმართა და 1994 წელს ჩადენილ ჯგუფურ დანაშაულს ეხებოდა.  ამ დროისათვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში  მოქმედებს. შეზღუდულია ის დანაშაულებიც, რასაც მსაჯულები განიხილავენ. დასაწყისისთვის მათი განხილვის სფეროში მხოლოდ განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 109 მუხლი) დაკვალიფიცირებული დანაშაულები შედიოდა. 2012 წელს მას სსკ-ის 110–114-ე მუხლებიც  დაემატა და მსაჯულთა ინსტიტუტი ქუთაისშიც ამოქმედდა. ამასთან, 2013  წელს, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მათ განსჯადობას ყოფილ და მოქმედ თანამდებობის პირთა სისხლის საქმეები დაექვემდებარა.

ეს შეზღუდვა ჯერ 2014 წელს უნდა მოხსნილიყო, თუმცა მთავრობა საკანონმდებლო ნორმის 2016 წლამდე გადავადების წინადადებით გამოვიდა. ზემოხსენებული კანონპროექტით კი ამ ვადამ 2017 წლის 1 იანვრამდე გადაიწია.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით დღემდე გამართული სასამართლო პროცესების რაოდენობა ძალზე მცირეა, რაც სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული და კანონპროექტის მიზანი  სწორედ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაა.

შემოთავაზებული პროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოქმედების არეალს, თბილისისა და ქუთაისის გარდა, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო, აგრეთვე ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოები დაემატება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით ფართოვდება მსაჯულთა განსახილველ დანაშაულთა ნუსხაც. კერძოდ, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მსაჯულები შემდეგ საქმეებს განიხილავენ: განზრახ მკვლელობა (108-ე მუხლი), განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში (109-ე მუხლი), ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6, მე-8 ნაწილები), ძალადობა (126-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა (1351 მუხლი), თავისუფლების უკანონო აღკვეთა (143-ე მუხლის მე-2-მე-4 ნაწილები), ტრეფიკინგი (1431 მუხლი), არასრულწლოვნით ვაჭრობა (1432  მუხლი), ტრეფიკინგის მსხვერპლის მომსახურებით სარგებლობა (1433 მუხლის მე-2-მე-4  ნაწილები), მძევლად ხელში ჩაგდება (144-ე მუხლი), წამება (1441 მუხლი), წამების მუქარა (1442  მუხლი), დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა (1443 მუხლის მე-2 ნაწილი), უდანაშაულო ადამიანის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში (146-ე მუხლის მეორე ნაწილი), განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება (147-ე მუხლი), უკანონო მოთავსება ან დაკავება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში (149-ე მუხლი), ფალსიფიკაცია (197-ე მუხლის მე-4 ნაწილი), ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზება (198-ე მუხლის მესამე ნაწილი), აფეთქება (229-ე მუხლი).

კანონპროექტის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ მისი საქმე  მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე განიხილონ. ასეთ შემთხვევაში საქმეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე განიხილავს.

კანონპროექტით შემოთავაზებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ნაფიც მსაჯულთა შეუთავსებლობის კრიტერიუმებია. თუკი პოლიციელი, პროკურორი, გამომძიებელი, იურისტი, ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი ხართ და აქამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში მონაწილეობა გეკრძალებოდათ, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, შესაძლოა, ერთ დღეს ნაფიცი მსაჯულის სკამზე აღმოჩნდეთ. ეს ის საკითხია, რაშიც იუსტიციის სამინისტროს არც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაეთანხმა და არც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი.

კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, ეს განპირობებულია იმით, რომ არ შეიძლება რომელიმე პროფესიისადმი კუთვნილება კანონისმიერ შეუთავსებლობას დაედოს საფუძვლად. ამ პროფესიის მქონე მსაჯულთა მიკერძოების თავიდან ასაცილებლად კი იუსტიციის სამინისტრო  ორივე მხარისთვის კანონით მინიჭებულ აცილების უფლებას ასახელებს. გარდა ამისა,  ავტორები მიიჩნევენ, რომ გამომძიებლისა თუ ადვოკატის შემთხვევაში  მიკერძოების საფრთხე ნაკლებია, ვინაიდან მათ, საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე, უკეთ აქვთ აღქმული მიუკერძოებლობის ვალდებულების არსი.

კანონპროექტით შემოთავაზებული კიდევ ერთი ცვლილება ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ მსაჯულების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მოსამართლემ საქმე მათ გარეშე უნდა განიხილოს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას საქმის განმხილველი სასამართლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით მიიღებს.

რაც შეეხება მსაჯულთა მიუკერძოებლობას, ამისთვის კანონპროექტი ნაფიცი მსაჯულების  მათთვის საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტით, მათი საცხოვრებლის ან დროებითი განთავსების ადგილიდან სასამართლომდე და უკან გადაყვანას ითვალისწინებს. ეს იმისთვის, რომ სხდომის დასრულების შემდგომ ნაფიცი მსაჯულები და პროცესის რომელიმე მხარე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან სხვა ადგილას ერთმანეთს არ შეხვდნენ და მათზე ზეგავლენა არ მოახდინონ.

იცვლება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის წესიც. თუკი აქამდე მათი შერჩევა მოქალაქეთა ერთიანი სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დადგენილი 100-კაციანი სიიდან ხდებოდა, ახლა ეს რიცხვი 300-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი ნორმა ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი, რადგან პროფესიული შეუთავსებლობისა თუ მხარეთა მიერ აცილებების გამო ხშირად 100 ადამიანიდან მსაჯულთა სასამართლოს სრულად დასაკომპლექტებლად საჭირო 15 პირის  შერჩევა შეუძლებელი იყო. მეორადი შერჩევა კი მხოლოდ 30 კაციდან ხდება. ეს კი  აჭიანურებდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დაწყებას.

„იმ სისტემაში, რომელშიც პროცესის თითოეულ მხარეს შეუძლია ბევრჯერ გამოიყენოს დაუსაბუთებელი აცილების შესახებ შუამდგომლობის დაყენების უფლება, ნაფიც მსაჯულთა უფრო დიდი საწყისი რეზერვია საჭირო“, - აღნიშნულია კანონპროექტში.

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს საპირისპირო აზრი აქვს და ამ დათქმაში მიკერძოების საფრთხეებს უფრო ხედავს, ვიდრე პირიქით. შესაბამისად, კომიტეტის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უკეთ უნდა გაანალიზდეს, ეს ცვლილება დაცვის მხარეს ბრალდების მხარესთან მიმართებაში არათანაბარ მდგომარეობაში ხომ არ აყენებს, რადგან მითითებული პირები სახელმწიფო მოსამსახურეებს წარმოადგენენ და არსებობს რისკი, რომ ისინი პროცესში სახელმწიფო წარმომადგენლის, ბრალდების მხარის ინტერესებს დაიცავენ.

„ნაციფ მსაჯულად მონაწილეობის უფლება ეძლევა ასევე იურისტსა და ფსიქოლოგს, რისი მიზანშეწონილობაც ასევე გასაანალიზებელია, ვინაიდან ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის შინაარსობრივი მიუკერძოებლობა მდგომარეობს სწორედ არაპროფესიულ ცოდნასა და ფაქტების ობიექტურად შეფასების კრიტერიუმებში“, - აღნიშნავენ კომიტეტის წევრები თავიანთ დასკვნაში.

იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ კანონპროექტს საერთო ჯამში დადებითად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე. თუმცა კომიტეტების მსგავსად ისიც მიიჩნევს, რომ პროკურორები, პოლიციელები და ფსიქოლოგები ნაფიცი მსაჯულები არ უნდა გახდნენ. მისი განმარტებით, თავდაპირველად ეს აკრძალვის მიზანი სწორედ ის იყო, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ სფეროში შედარებით სხვებზე კომპეტენტურები იყვნენ, სხვა მსაჯულებზე გავლენა არ მოეხდინათ.

„ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა ჩვენების შეფასების ნაწილი უკეთესად იციან. ნეიტრალური შეიძლება იყოს იურისტიც, მაგრამ მას მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვს იმ საკითხების მიმართ, რასაც მსაჯულები წყვეტენ. სხვები კი, ვისაც გამოცდილება და ცოდნა არ აქვს, შეიძლება მისი გავლენის ქვეშ მოექცნენ. თუ ჩვენ პროფესიონალებს ვაძლევთ საქმეს განსახილველად და ვამბობთ, რომ ჯანდაბას, განიხილონ იურისტებმა, მაშინ რაღად გვინდა 12 ადამიანი, განიხილოს ერთმა მოსამართლემ“, - აღნიშნავს ადვოკატი „ლიბერალთან“ საუბრისას.

რაც შეეხება განსჯადობის სფეროს გაზრდას, დიმიტრი ხაჩიძე განმარტავს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან კონსტიტუციაში ასეთი დათქმა არსებობს. თუმცა ეს ცვლილება სასამართლოების გადატვირთულობას გამოიწვევს, რადგან, ადვოკატის შეფასებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედარებით ძვირი და დროში გაწელილი სიამოვნებაა.

 „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატისთვის პრობლემას ტერიტორიული განსჯადობა წარმოადგენს, რადგან ეს ზოგან ვრცელდება, ზოგან კი - არა. ადვოკატის შეფასებით, ეს არასწორია, რადგან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი სარგებლობა კონსტიტუციური უფლებაა და ყველგან ხელმისაწვდომი უნდა იყოს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^