Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თითქმის მულტიკულტურული ფუგა

25 ივნისი 2016

კომპოზიტორ იოსებ ბარდანაშვილის Postluduim საქართველოში პირველად შესრულდა

ის ფაქტი, რომ საქართველოში ცნობილი თანამედროვე კომპოზიტორის, იოსებ ბარდანაშვილის კონცერტი ალტისა და ორკესტრისათვის  - POSTLUDIUM პირველად შესრულდა, მოკრძალებულ-სავალდებულო ნიუსებში აღნიშვნასთან ერთად გაცილებით მნიშვნელოვან შეფასებასაც იმსახურებს. ლამის „მოხეტიალე“ ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურმა ორკესტრმა, რომელსაც უკვე დიდი ხანია  მშობლიური დარბაზის ჭერი თავზე ენგრევა (ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით) რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში შეკრებილთ  კომპოზიტორის  მიერ 2002 წელს დაწერილი ნაწარმოები გააცნო (სოლისტი - გიორგი ცაგარელი (ალტი) და დირიჟორი - არიელ ცუკერმანი).

კონცერტის მეორე ნაწილში ლამის ჰიტად ქცეული კლასიკა - ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის სიმფონიური სიუიტა „შეჰერეზადა“  შესრულდა, სადაც ვიოლინოს პარტიას ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრის სოლისტი, ვიქტორ კონიაევი ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ  კონცერტები პროექტ „სიმფონიური ივნისის“ ფარგლებში გამართა, რომლის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ხელოვანთა კავშირი Conceptart .

Postludioum ლათინურად „ეპილოგს“ ნიშნავს, თუმცა მუსიკაში მას გარკვეული თემის იმპროვიზაციის  აღნიშვნის მიზნით იყენებენ. ამ ტერმინით ხშირად ფუგის პრინციპით დაწერილ ნაწარმოებსაც აღნიშნავენ. კათოლიკური ეკლესია კი ტერმინს ღვთისმსახურების მიზნით იყენებს. თანამედროვე ცნობილი კომპოზიტორები - ვალენტინ სილვესტროვი, იოზეფ რენერი და  ვოტოლდ ლუტოსლავსკი - ხშირად მიმართავენ  Postludioum-ს.

იოსებ ბარდანაშვილის  Postludioum  (კონცერტი ალტისა და ორკესტრისათვის) არის პოლისტილისტიკისა და  „მუსიკალურ ენათა“ აღრევის თვალსაჩინო ნიმუში. ეს კარგად იგრძნობა პირველივე ტაქტებიდან, რომელშიც ერთდროულად იკითხება დოდეკაფონის, ნეოკლასიკისა და ჯაზის გამოძახილი. სხვადასხვა ესთეტიკისა და  მუსიკის აღრევა ბადებს რაღაც განსაკუთრებულ, უცნაურ ჰარმონიას მრისხანე, დრამატულ ობერტონებსა და ბაროკოს მსუბუქ, პაროდიულ „ამოკვნესებს“ შორის. მოკლედ, ეს ის მუსიკაა, რომელშიც ასწლეულების კლასიკა თითქოს  შრეებადაა დალექილი.

კომპოზიტორის თქმით, მისი მუსიკა ქართული კულტურის ნაწილია: „მე ვარ ქართველი კომპოზიტორი, ჩემი ერისათვის დამახასიათებელი არტისტიზმითა და ტემპერამენტით. თუმცა, ამავე დროს, ებრაელი ერისთვის დამახასიათებელი აღქმისა და შინაგანი სმენის უნარით“. მის შემოქმედებაში ქართული და ებრაული მუსიკა, ზოგადად, ორი კულტურა ორგანულად ერწყმის ერთმანეთს. მისი შემოქმედება უფრო „ახალი ეკლექტიზმის“ თავისებური გამოძახილია, რომელშიც ათასწლეულების სმენითი გამოცდილება და კულტურათა დიალოგი ავსებს ერთმანეთს.

იოსებ ბარდანაშვილი დაიბადა ბათუმში. 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და შემდგომ ასპირანტურა. გარდა პროფესიული მოღვაწეობისა (კამერული, სიმფონიური თუ საფორტეპიანო ნაწარმოებები, პლუს მუსიკა კინოსა და თეატრისათვის. მაგალითად - მუსიკა კინოფილმისთვის - "სიყვარული ყველას უნდა" და ბალეტი "გურჯი ხათუნი"), მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. 80-იან წლებში იყო ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; მოგვიანებით - აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე და არაერთი საინტერესო მუსიკალური ფესტივალის  ინიციატორი.

1995 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში, სადაც კომპოზიტორი აქტიურ შემოქმედებას ეწევა. სხვადასხვა დროს იყო ისრაელის წამყვანი სიმფონიური ორკესტრების მიწვეული კომპოზიტორი, თელ-ავივის თანამედროვე  მუსიკის  საერთაშორისო  ბიენალეს მუსიკალური ხელმძღვანელი. არის თელ-ავივისა  და  იერუსალიმის  მუსიკალური აკადემიის წამყვანი პედაგოგი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^