Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამერიკის და ირანის ფარული ომი

13 იანვარი 2010

*სტატია დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების German Marshal Fund-ის პროექტის

The Black Sea Trust-ის მიერ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ ამერიკის შეერთებული შტატები  4 ირანელის მოტაცებისთვის დაადანაშაულა. იგი 2009 წლის 29 სექტემბერს გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს შეხვდა და გაეროს ოთხივე პირის საქმის გამოძიება სთხოვა.

შაჰრამ ამირი - ბირთვული იარაღის ექსპერტი. მუშაობდა მალეკ-აშტარის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ასევე ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში. მისი გაუჩინარებიდან 4 თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ირანის ხელისუფლება ქალაქ ქომში ურანის გამამდიდრებელ საწარმოს აშენებდა. 2009 წლის ივნისში საუდის არაბეთში ვიზიტის დროს დაიკარგა.

ნოსრათოლა ტაჯიკი - ირანის ყოფილი ელჩი იორდანიაში. ცხოვრობდა ინგლისის ქალაქ დურჰამში. 2006 წელს კონტრაბანდული პროდუქციის შეძენის გამო დააკავეს. სასამართლო ახლაც მსჯელობს მისი ამერიკაში ექსტრადირების თაობაზე.

ალი რეზა ასგარი - ირანის  თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და რევოლუციური გვარდიის გენერალი. "მოსადის" ინფორმაციით იგი არის "ჰესბოლას" ერთ-ერთი დამაარსებელი. დაიკარგა 2007 წლის 7 თებერვალს თურქეთში ვიზიტის დროს. ბოლოს სტამბოლში სასტუმრო "გილანში" ნახეს.

ამირ ჰოსეინ არდებილი - დაიბადა 1974 წლის 3 ივლისს ქალაქ შირაზში. 2007 წლის 2 ოქტომბერს თბილისში სასტუმრო "მერიოტში" დააკავეს. 2008 წლის 26 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში  ექსტრადირება სპეციალური ავიარეისით გაუკეთეს.

თეირანის განცხადებით, ოთხივე პიროვნება ამერიკის სპეცსამსახურის უშუალო ჩარევით გაუჩინარდა. შაჰრამ ამირის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს. ირანული მხარე ამერიკასთან ერთად პასუხისმგებლობას იმ სახელმწიფოებსაც აკისრებს, საიდანაც მათი მოქალაქეები გაიტაცეს, ან დაკავების შემდეგ ამერიკას გადასცეს.

საუდის არაბეთში გაუჩინარებული პილიგრიმი

გავრცელებული ინფორმაციით, შაჰრამ ამირი საუდის არაბეთში 31 მაისს მეჩეთის მოსალოცად გაემგზავრა და ოჯახს უკანასკნელად 3 ივნისს, ტელეფონით დაუკავშირდა. ამის შემდეგ მასზე არაფერი სმენიათ.

ირანი პასუხისმგებლობას აღნიშნულ ფაქტზე საუდის არაბეთის ხელისუფლებას აკისრებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ ამ ისტორიაში ამერიკელების ხელი ურევია. "ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტები, რომელიც ჩვენი მოქალაქის, შაჰრამ ამირის გატაცებაში ამერიკის ჩარევას ამტკიცებს". - საგარეო საქმეთა მინისტრის ეს განცხადება ირანული Press TV-ს ვებგვერდზეა განთავსებული.

თუ რატომ შეიძლებოდა ამერიკული სპეცსამსახურები შაჰრამ ამირით დაინტერესებულიყვნენ - ამაზე ოფიციალური ირანი არ საუბრობს. ინგლისურენოვანი არაბული გამოცემის "აშარქ ალ-ავსატის" ცნობით, კომენტარს არც ამერიკული მხარე აკეთებს. ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამირი ბირთვული იარაღის წარმოებასთან იყო დაკავშირებული. ოჯახის წევრების ინფორმაციით, იგი ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში (AEOI) ბირთვული იარაღის ექსპერტად მუშაობდა. ასევე თეირანის უნივერსიტეტში მედიცინაში ბირთვული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებს იკვლევდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ აღნიშნული პიროვნება მალეკ-აშტარის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (Malek-Ashtar University of Technology) ) მკვლევრად მუშაობდა.

"აშარქ ალ-ავსატის" ინფორმაციით, მალეკ-აშტარის ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ირანის რევოლუციური გვარდია მართავს და აფინანსებს. ისლამური რევოლუციის გვარდია ირანის არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფია. მის შემადგენლობაშია საზღვაო ფლოტი,  საჰაერო ავიაცია და სადაზვერვო სამსახური. გვარდიას ექვემდებარება ირანის სამხედრო მილიცია, ე.წ. ბასიჯი, რომლის შემადგენლობაშიც 90 000 რეგულარული ჯარისკაცი და 300 000 რეზერვისტია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, რევოლუციური გვარდია აკონტროლებს ირანის სტრატეგიულ რეაქტიულ საშუალებებს. "მალეკ-აშტარის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა, რათა განახორციელოს სპეციალური კვლევის პროექტები ირანის სამხედრო და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. უნივერსიტეტი ქალაქ ისპაჰანში მდებარეობს და მისი ფაკულტეტები აერონავიგაციაში, ელექტრო ინჟინერიასა და ბირთვულ ფიზიკაში სპეციალიზდება. ისპაჰანში ასევე ურანის გამამდიდრებელი საწარმო მდებარეობს". - "აშარქ ალ-ავსატი" ამ ინფორმაციას ანონიმურ ირანულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული უნივერსიტეტი, გაეროს ინფორმაციითაც, ირანის ბირთვულ პროგრამასთან იყო დაკავშირებული.

ბირთვული იარაღის წარმოებასთან ამირი ერთი მნიშვნელოვანი გარემოების გამოც დააკავშირეს. მისი გაქრობიდან რამდენიმე თვეში ურანის გამამდიდრებელი მეორე საწარმო გამომჟღავნდა, რომელსაც ირანში ქალაქ ქომში აშენებდნენ. თავისთავად გაჩნდა ეჭვი მეცნიერის გაქრობასა და ამ საიდუმლოს გამჟღავნებას შორის არსებულ კავშირზე. ირანული სააგენტო JANA NEWS-ის ინფორმაციით, შესაძლოა ამირი თავად გაიქცა საზღვარგარეთ და ურანის გამამდიდრებელ საწარმოსა და ასევე ატომური პროგრამის შესახებაც, მან ინფორმაცია ამერიკულ დაზვერვას გადასცა. [pagebreak]

თურქეთში გაუჩინარებული გენერალი

გენერალ ალი რეზა ასგარს რევოლუციურ გვარდიასა და ირანის თავდაცვის სამინისტროში მაღალი თანამდებობა ჰქონდა. ბრიტანულ "გარდიანთან" ინტერვიუში ისრაელის დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი - რამ იგრა,  ლიბანში "ჰესბოლას" ერთ-ერთ დამფუძნებლად ასგარს ასახელებს. ალი რეზა რეფორმისტულ ხელისუფლებაში ირანის ყოფილ პრეზიდენტთან, მოჰამედ ხათამთან მუშაობდა. მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი - თანამდებობა დატოვა.

ირანული მედიის ცნობით, ასგარი თურქეთში 2007 წლის 7 თებერვალს საქმიანი ვიზიტისას გაქრა. მისი ორივე ცოლი ზიბა აჰმადი და ზაჰრა აბდულაპური სააგენტო ILNA-ს (Iranian Labour News Agency) საშუალებით იტყობინებიან, რომ მათი მეუღლე თურქეთის უშიშროების სამსახურმა ისრაელს გადასცა. თუ რა ვითარებაში გაქრა ყოფილი სამხედრო, გაურკვეველია. ირანული სპეცსასამსახურები ირწმუნებიან, რომ ის უკანასკნელად სტამბოლში სასტუმრო Ghilan-ში ნახეს. სხვა ინფორმაციით, 5 თებერვალს ორმა უცნობმა სპეციალურად ასგარისთვის სტამბოლის Ceylan Hotel-ში ნომერი სამი ღამით დაჯავშნა, თუმცა ამ ნომრით ასგარს არ უსარგებლია.

"ვაშინგტონ პოსტი" ამერიკულ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გენერალი დასავლურ სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდა. მისგან მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებდნენ ირანის ბირთვული პროგრამის, რევოლუციური გვარდიის, "ჰესბოლასა" და ირანის რეაქტიული პროგრამის შესახებ. ასგარის ოჯახი უარყოფს, რომ მან ირანს უღალატა და თანამშრომლობდა დასავლურ დაზვერვასთან. მისი ცოლები და 5 შვილი ამჟამად ირანში, ასგარის მშობლიურ ქალაქ შირაზში ცხოვრობენ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ალი რეზა ასგარი მათ საზღვარგარეთ წაყვანას არ გეგმავდა.

კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი პროფესორი

ერთადერთი ირანელი, რომლის ზუსტი ადგილსამყოფელიც ცნობილია - ყოფილი დიპლომატი ნოსრათოლა ტაჯიკია. 2006 წელს ის ბრიტანეთში 50 000 დოლარის ღირებულების ღამის ხედვის კონტრაბანდული ტექნიკის შეძენისთვის დააკავეს. ეს ტექნიკა მას ლონდონიდან ირანში მიჰქონდა. ბრიტანელმა სამართალდამცავებმა ტაჯიკი ამერიკული ანტიტერორისტული სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. ნოსრათოლა ტაჯიკს ბრალად ედება ისლამისტი ექსტრემისტებისთვის სამხედრო ტექნიკის მიყიდვა.

იორდანიაში ირანის ყოფილი ელჩი ინგლისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დურჰამში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ის ადგილობრივი უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთისა და ისლამის განყოფილებასთან თანამშრომლობდა. მისი სასამართლო პროცესი ამერიკაში ექსტრადირების შესახებ ბრიტანეთის სასამართლოში დღესაც გრძელდება.

სპეცოპერაცია თბილისში

ინგლისისგან განსხვავებით, ამირ ჰოსეინ არდებილის საქართველოდან ამერიკაში ექსტრადირების თაობაზე სასამართლო პროცესი 4 თვეში დასრულდა. 2008 წლის 26 იანვარს ირანის მოქალაქე ამერიკას გადასცეს.

ამირ ჰოსეინ არდებილი თბილისში 2007 წლის 1 ოქტომბერს ჩამოფრინდა. ამავე დღეს საქართველოს პროკურატურასა და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტებს შორის სამართლებრივი დახმარების შესახებ სპეციალური ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, ამერიკელმა კოლეგებმა ქართველებს არდებილის დაკავება და მისი ამერიკაში ექსტრადირება მოსთხოვეს. ამირ ჰოსეინი მეორე დღეს სასტუმრო "მერიოტში" ქართველმა სამართალდამცავებმა დააპატიმრეს.

ბრძანება ამირ ჰოსეინ არდებილის, იგივე - ალექს დეივის, იგივე - ამირ აჰქამის, იგივე -  არაშ ქორენის დაკავების შესახებ მასაჩუსეტსის ოლქის მოსამართლემ 2007 წლის 28 სექტემბერს გასცა. მას ბრალად კონტრაბანდა, შეიარაღების კონტროლის აქტის დარღვევა, საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის დარღვევა და ფულის გათეთრება ედებოდა. ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მას სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.

თბილისში ჩამოსვლამდე ამირ ჰოსეინ არდებილი ელექტრონული ფოსტისა და Skype-ის საშუალებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმ პროდუქციის შესაძენად, რომელთა ირანელებზე მიყიდვა ამერიკულ კომპანიებს ირანისთვის დაწესებული ემბარგოს გამო აკრძალული აქვთ.

იგი ინტერნეტით პარტნიორებს  სხვადასხვა სახელით - ალექს დეივი, ამირ აჰქამი, არაშ ქორენი - უკავშირდებოდა.

ერთ-ერთი ასეთი მოლაპარაკებისას შეთანხმდნენ, რომ მას პროდუქციას მიყიდდნენ და არდებილმა  ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას ანგარიშზე თანხა გადაურიცხა.

არდებილსა და  კერძო კომპანიას შორის შეთანხმების თაობაზე, ცნობილი გახდა ამერიკის სპეცსამსახურისთვის. მათ მოიპოვეს დოკუმენტაცია ფულადი გადარიცხვის თაობაზე და ასევე იმეილი, რომელშიც არდებილი აკრძალულ პროდუქციას ითხოვდა.

ირანის ელჩის მოადგილე, ალი მაქთაბ ფარი "ლიბერალთან" საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულ ელექტრონულ წერილში საუბარი რაღაც სამხედრო მოწყობილობის შეძენაზე იყო. ამერიკული სავაჭრო ემბარგოს მიხედვით, ამ ტიპის პროდუქციის მიყიდვა მხოლოდ ირანელებისთვის იკრძალება. სავაჭრო ემბარგო ამერიკული წარმოების სხვადასხვა ელექტრომოწყობილობას, სამხედრო და საავიაციო ტექნიკას ეხება. [pagebreak]

არდებილის სახაზინო ადვოკატის, სულხან კომახიძის ინფორმაციით, მას რაღაც ელექტროდეტონატორი უნდა შეეძინა, რომლის გამოყენებაც არაერთგვაროვნადაა შესაძლებელი. მანვე გვითხრა, რომ ასევე საუბარი იყო იარაღის ნაწილებზეც.

თუ კონკრეტულად რას ყიდულობდა არდებილი, არც მისმა მეორე ადვოკატმა თემურ გოგსაძემ დაგვიზუსტა. "ჩვენი ქვეყანა შეიძლება სპეციალურ ატომურ ტერორში გახვეულიყო. ძალიან სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა კავკასიას. აქვეა მცხეთის ატომური რეაქტორი", - უთხრა გოგსაძემ "ლიბერალს".

ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია, შესაძლებელი იყო თუ არა რაიმე კუთხით მცხეთის ატომური რეაქტორი ყოფილიყო ვინმეს ინტერესის საგანი, თუმცა საგულისხმოს ვერაფერს მივაკვლიეთ.

მცხეთის ატომური რეაქტორი 1998 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. იქ არსებული ურანი შოტლანდიაში გაიტანეს. დარჩენილი მავნე ნივთიერებები კი დააბეტონეს, რომ გარშემო ტერიტორიების მოწამვლის საფრთხე არ გაჩენილიყო. "ამჟამად მცხეთის ატომური რეაქტორის ტერიტორიაზე დაშლილი დანადგარებია დარჩენილი, რაც იმდენად ძველია, რომ არა მგონია ვინმეს აინტერესებდეს", - აცხადებს ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ზაზა როსტომაშვილი.

"ხელი მაქვს მოწერილი სპეციალურ დოკუმენტზე, რის გამოც რაღაცების თქმა არ შემიძლია. არსებობს რაღაც საკითხები, რასაც ვერ დავაკონკრეტებ. ვინაიდან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და უშიშროებას უკავშირდება და საკმაოდ სოლიდური სკანდალია", - ამბობს გოგსაძე.

რატომ გადაურჩა საქართველო სერიოზულ სკანდალს? შესაძლოა არდებილს საქართველოში უნდა მიეღო ის პროდუქცია, რაშიც თანხის ნაწილი გადაიხადა. ან არდებილი სულაც თბილისის ე.წ 31-ე საავიაციო ქარხნიდან აპირებდა რამის ყიდვას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად იქნებოდა სკანდალი.

რამდენიმე წლის წინ პრესაში გამოქვეყნდა მასალები, რომ თავდაცვის სამინისტრომ ლამის სპეცოპერაციის შედეგად რკინიგზის დეპარტამენტის ერთ-ერთი საწყობიდან СУ 25-ის ორი ცალი მოტორი წაიღო და მას შემდეგ მათი კვალი დაიკარგა. მოტორების თაობაზე არაფერი იცოდა საჰაერო ძალების მაშინდელმა სარდალმა ჯოლბორდ ბეროზაშვილმაც, რომლის უწყების ბალანსზეც უნდა აღრიცხულიყო ეს ტექნიკა.

იმავე პერიოდში აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე ქალაქ ასტარაში 31-ე ქარხნის კუთვნილი საქონელი დააკავეს და მიუხედავად ქართული მხარის მტკიცებისა, რომ ირანში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნაწილები გადაჰქონდათ, აზერბაიჯანელებმა ტვირთის კონფისკაცია მოახდინეს.

ამის შემდეგ იმავე ქარხნიდან გამოტანილი ტვირთი ავიარეისით დუბაიში წაიღეს,  თუმცა  თვითმფრინავმა კურსი შეიცვალა და ჯერ ირანში ჩაფრინდა, თითქოსდა საწვავის შესავსებად.

გაჩნდა ეჭვი, რომ სახმელეთო გზით განცდილი ფიასკოს შემდეგ, ირანელებს მეორე მოტორი თვითმფრინავის საშუალებით ჩაუტანეს.

ამის შემდეგ 31-ე ქარხნის რამდენიმე თანამშრომელი ირანში იმყოფებოდა, თუმცა ქარხნის ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, რომ მათ ირანში არავინ გაუგზავნიათ, ვინაიდან აღნიშნული თანამშრომლები იმ პერიოდში შვებულებაში იმყოფებოდნენ და სადაც მოესურვებოდათ იქ წავიდოდნენ.

თავად ალი ჰოსეინ არდებილი ადვოკატებთან ამბობდა, რომ სამხედრო მფრინავი იყო. თუმცა "ასოშეიტედ პრესი" მას ირანელ მეცნიერად მოიხსენიებს, რომელიც დაკავშირებული იყო ბირთვულ პროგრამასთან. არაბული "აშარქ ალ-ავსატის" ცნობით კი ის ბიზნესმენია, რომელსაც ირანის რევოლუციურ გვარდიასთან ჰქონდა კავშირი. ირანის ელჩის მოადგილე ალი მაქთაბ ფარი ამტკიცებს: "ის ვაჭარია და არანაირი კავშირი, გარდა ვაჭრობისა, მას ირანის მთავრობასთან არ ჰქონია". რა ტიპის პროდუქციით ვაჭრობდა არდებილი - საელჩოში არ დაგვიზუსტეს.

ადვოკატმა თემურ გოგსაძემ ევროსასამართლოს მიმართა. სტრასბურგში გაგზავნილ საჩივარში ადვოკატი ექსტრადირების საქმეში არსებულ სამართლებრივ დარღვევებზე საუბრობს. მისი განცხადებით, არ არსებობდა ექსტრადიციის ფაქტობრივი საფუძველი, ვინაიდან არ მოხდა დაკავებულის იდენტიფიკაცია დანაშაულთან.

"იყო თუ არა ნამდვილად ამირ ჰოსეინ არდებილი - იგივე ალექს დეივი, ან არაშ ქორენი, ან ამირ აჰქამი - საქართველოს ამერიკისგან ამის დამადასტურებელი მასალები არ მიუღია. თუმცა შეგვეძლო მოგვეთხოვა", - ამბობს გოგსაძე.

უზენაესმა სასამართლომ 26 იანვარს ძალაში დატოვა არდებილის ექსტრადიციის გადაწყვეტილება. განჩინება ირანელს ადვოკატის გარეშე წაუკითხეს და იმავე ღამეს ამერიკელებმა სპეცრეისით საქართველოდან წაიყვანეს.

გოგსაძის თქმით, ქართულმა მხარემ არ გაითვალისწინა - ემუქრებოდა თუ არა ირანის მოქალაქეს ამერიკაში ცემის, ან წამების საფრთხე, რაც ექსტრადირების ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოებაა.

საქართველოში ირანის ელჩის მოადგილის ალი მაქთაბ ფარის განცხადებით, საელჩო დიპლომატიურ დონეზე ცდილობდა საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, რათა ექსტრადიცია არ შემდგარიყო. თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს.

"ლიბერალმა" არდებილის საქმის თაობაზე კითხვებით ამერიკის საელჩოსაც მიმართა, თუმცა არ გვიპასუხეს.

აპრილში ადვოკატმა თემურ გოგსაძემ ამირ ჰოსეინ არდებილის დედის წერილი მიიღო: "შვილი ტელეფონით დამიკავშირდა. სულიერად დათრგუნული და სასოწარკვეთილი იყო. თუ შესაძლებელია, ჩემს შვილს მიაწოდეთ ინფორმაცია გადადგმული ნაბიჯებისა და მიღებული ზომების შესახებ! იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ, რომ არ შეგექმნათ პრობლემა! პატივისცემით, მოლოდინით აღსავსე დედა!"

საელჩოს ინფორმაციით, ამირ ჰოსეინის მშობლები, მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი შირაზში ცხოვრობენ. სამწუხაროდ, მათთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

თემურ გოგსაძე საქმის გასაჩივრებას ევროსასამართლოში აპირებს. თუმცა ამის უფლებამოსილება სამართლებრივად მას არ აქვს. რწმუნებულება თავად არდებილმა, ან მისმა ახლობელმა უნდა დაუდასტუროს. იმის გამო, რომ ექსტრადიციის დადგენილების მიღებისთანავე არდებილი ამერიკას გადასცეს, ადვოკატმა კლიენტისგან რწმუნებულების მიღება ვერ მოასწრო. ამის გამო გოგსაძე საქმეს ვერც ფრანგ ადვოკატს გადასცემს, რომელიც ირანის ხელისუფლებამ დაიქირავა. სტრასბურგში საქმის წარდგენის საბოლოო ვადა 2009 წლის 25 დეკემბერია. ამის შემდეგ გაირკვევა ევროსასამართლო განიხილავს თუ არა საქმეს - "არდებილი საქართველოს წინააღმდეგ".

 

*სტატია დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების German Marshal Fund-ის პროექტის

The Black Sea Trust-ის მიერ.

ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს German Marshal Fund-ის, თჰე The Black Sea Trust-ის და მისი პარტნიორების შეხედულებებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^