Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნავთობით გაბრუებული მაჰაგონი

29 ივნისი 2016

რობერტ სტურუა „უკანონო“ ბრეხტს კანონზომიერად უბრუნდება

რუსთაველის თეატრმა სეზონი სამჯერ გადადებული პრემიერით დახურა! ბერტოლდ ბრეხტის ადრეული და თითქმის უცნობი „სასწავლო პიესა“ (სწორედ ასე უწოდებს დრამატურგი საკუთარ ქმნილებას), რომელსაც ორიგინალში „გამონაკლისი და კანონი“ ეწოდება, ბრეხტის მუდმივმა მომთვინიერებელ-ინტერპრეტატორმა, რობერტ სტურუამ „დაკანონებული უკანონობის“ სახელწოდებით პუბლიკას ივნისის ბოლოს წარუდგინა. აქვე უნდა აღვნიშნოთ პიესის შესანიშნავი თარგმანი, რომელიც ნათია მიქელაძეს  ეკუთვნის.

„დაკანონებული უკანონობა“  სტურუას  „ბრეხტიანული სერიალის“ მესამე ნაწილია რუსთაველის თეატრში. 70-იანი წლების ლეგენდარული „კავკასიური ცარცის წრისა“ და 90-იან წლებში დადგმული „სეჩუანელი კეთილი ადამიანის“ შემდეგ, ის კვლავ უბრუნდება თავის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დრამატურგს, ანუ საკუთარ თეატრალურ სისტემას, რომელიც კი არ „დაანგრია“ , არამედ გაცილებით მძაფრი სოციალური და პოლიტიკური მესიჯებით, ცინიზმის გაზრდილი  დოზითა და ნაკლებად მომაკვდინებელი ჰუმანიზმით შემოსა.

შორს წაგვიყვანს იმის შესახებ მსჯელობა, რამდენად სწორი ან დამაჯერებელია რეჟისორის ამგვარი რევიზია. მით უმეტეს, როდესაც არამხოლოდ სათაური, არამედ  ტექსტის დიდი ნაწილიც გვარიანად გადაკეთებული და შეცვლილია. ერთი რამ ფაქტია - რობერტ სტურუამ ბრეხტის ამ „სასწავლო“ იგავიდან განზოგადებული, პოლიტიკურად ზუსტი, მაგრამ აშკარად ანტიკაპიტალისტური და გარკვეულწილად, ანტიდასავლური განწყობის  პამფლეტი დადგა.

ვაჭარ კარლ ლანგმანს (ზვიად პაპუაშვილი), რომელიც სპექტაკლში თანამედროვე კაპიტალიზმის  ცინიკურ და შეუნიღბავ სახეს უფრო განასახიერებს, უპირისპირდება შეიხი (ნიკა ქაცარიძე), რომელიც, სხვათა შორის, პიესაში საერთოდ არ არის. სამაგიეროდ, არის მიკიტანი რომელიც რატომღაც შეიხად იქცა და რომლის  პოლიტიკური ტექსტი - „ნავთობი ჩემი და ჩემი ხალხისაა“, „რა გინდა  უცხოელო ჩვენს მიწაზე?“ და ა.შ. - საერთოდ არ არის პიესაში. „მენავთობე კაცები“ სტურუას დაუოკებელი ფანტაზიის ნაყოფია, რომლებიც დღევანდელ სამყაროში კორპორაციების  დაუოკებელ სურვილს, ტერორისტთა პაროდიულ აჩრდილებსა და ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაციას გამოხატავენ. რეჟისორი აშკარად ამძაფრებს და ათანამედროვებს ბრეხტის ზონგებსაც და მათ აღნიშნულ მთავარ თემებთან ერთად ფინალში გროტესკულ სასამართლოდ აქცევს.

თურმე ამ სასტიკ, დაუნდობელ, ნავთობით გაჟღენთილ უდაბნოსაც ჰყავს თავისი აზდაკი-მოსამართლე (დავით დარჩია), რომელიც მოულოდნელად ზეციდან ეშვება, ბუდას მანერები აქვს და ბუდას სამოსი აცვია. ღმერთის ერთგვარი „გამოძახება“, ანუ Deus ex machina, რომელიც ცნობილი თეატრალური ხერხია და სცენაზე ღმერთის მოულოდნელ გამოჩენას აღნიშნავს, სტურუას, რასაკვირველია, პაროდირებული აქვს. მოსამართლე-ღმერთი, რომელიც ცვლის მოქმედების განვითარებას, ცდილობს გადაწყვიტოს მთავარი კონფლიქტი ან განსაზღვროს პიესის გმირების ბედი, სინამდვილეში ჩვეულებრივი შარლატანია, რომელსაც არ ავიწყდება ზეცაში დაბრუნებისას თან გაიყოლოს „შევრონის“ საფირმო ნიშნით აღბეჭდილი საბურავი, რომელიც სპექტაკლში მეტაფორულად ნავთობს განასახიერებს...

ბოლო სპექტაკლებში რობერტ სტურუას სულ უფრო ნაკლებად აინტერესებს ფსიქოლოგიური მწვრილმანებით დატვირთული მიზანსცენები. აღარც პერსონაჟთა განცდები თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის მონოლოგები ხიბლავს. დაუნდობლად ამოკლებს  და აკონსპექტებს ტექსტებს, სულ ერთია რას დგამს - შექსპირს, ბრეხტსა თუ პოლიკარპე კაკაბაძეს... ის ქმნის უცნაურ, ზოგჯერ გაუმართლებლად სასტიკ, მაგრამ გამომაფხიზლებელ და ჭკუის სასწავლებელ იგავებს სამყაროზე, რომელშიც სიკეთე და სიყვარული სულ უფრო ნაკლებია, ხოლო გაუცხოება - ტოტალური.

დეტალებისგან სრულიად განძარცვული და ფერადი გეომეტრიული ფიგურებით  შემოსილი ეს უცნაური „თეთრი უდაბნო“, რაღაცით ჰგავს პროფკავშირების სასახლეში 80-იან წლებში რემონტის გამო დროებით „გადასახლებული“ რუსთაველის თეატრის სპექტაკლს „დაკძალვა კალიფორნიაში“ და 90-იან წლებში დადგმულ ექსპერიმენტულ „იაკობის სახარებასაც“. თეატრალურად უფრო გონებამახვილებს შესაძლოა, სულაც გერმანული ავანგარდი, 20-იანი წლების კაბარე ან მაქს რეინჰარდტის თეატრი გაახსენდეთ. ასოციაციებს “ შექსპირის „მეთორეტე ღამემდეც“ მივყავართ, გოგი ალექსი-მესხიშვილის  ზმანებანარევი სცენოგრაფიით. აღარაფერს ვამბობთ რეჟისორის მიერ უსასრულო თვითციტირებისა და თვითირონიის მწკლარტე დოზებზე  (ცხადია, გია ყანჩელის მსუბუქი ხელწერის  თუ მიქსის თანხლებით).

თავად ყანჩელის მუსიკა, ელა ფიცჯერალდი, „ბიტლზი“ თუ  მოცარტ- შუბერტ-შოპენ-ვაგნერი სპექტაკლში თანაბარი მნიშვნელობითა და კანონზომიერებით ჟღერს, ხოლო სიტყვა „ადამიანი“ - ყოველგვარი სიამაყისა და ყალბი თანაგრძნობის გარეშე. ლამის ყველა გაყიდული და გამყიდველია: ვაჭრებით, მუშებით, ტერორისტებითა და ექსპედიციის გამყოლით დაწყებული, მოსამართლითა და შეიხით დამთავრებული. კონტრაპუნქტივით  მოფიქრებული და ირონიულად ჩაკვეტებული ფინალიც კი - „ბარსა“ მაინც ჩემპიონია!“ - გაუცხოების მოულოდნელ შთაბეჭდილებას  ვერ ანელებს, რადგან ძნელია მძაფრი სოციალური კაბარე საფეხბურთო ფანების შოუთი დააგვირგვინო. თუმცა ბრეხტის მორალისგან შესაძლებელია დაუვიწყარი კარნავალის გაკეთება და ეს „კავკასიური ცარცის წრემ“ დიდი ხნის წინ დაადასტურა.

თუ  „კავკასიური“ მთავრდებოდა აზდაკის სასამართლოთი, რომ სიკეთე სწორედ მას ეკუთვნის, ვინც სიკეთეს სჩადის, „დაკანონებული უკანონობა“  სხვა იგავით მთავრდება. ნავთობით გაბრუებული უდაბნო, პირობითად, „ახალი მაჰაგონი“ (ბრეხტის შემოქმედებაში არის  ასეთი პიესა „ქალაქ მაჰაგონის დაცემა) არ ცნობს ამ თამაშის წესებს; შესაბამისად, არც პიესის ფინალს - „უცხოდ მიიჩნიეთ, რაც უცხო არ არის; უცნაურად, ის რაც ჩვეულებრივია; გაიკვირვეთ, ის რაც რუტინაა; კანონი კი ბოროტად გამოყენებულად ჩათვალეთ...  და თუკი მას აღმოაჩენთ, დახმარება გაწიეთ!“

თუმცა ვინ იცის, იქნებ „ბარსას“ დროშების ფრიალით მოპირკეთებული ფინალი მაჰაგონის დაცემაზე პესიმისტურია!  და ეს გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ დიდებული რეჟისორები უძეგლოდ მაინც  არ იკარგებიან... ისინი არამხოლოდ უფრო დიდებულ ვილსონებს, ლეპაჟებსა და მარტალერებს ეჯიბრებიან, არამედ საკუთარ წარსულსაც და ბრეხტის მიერ დაქოქილ „გაუცხოების მანქანასაც“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^