Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წართმეული ქონება - დაბრუნების გაჭიანურებული პროცესი

02 ივლისი 2016

ქონების იძულებით დათმობაზე  არსებული ეჭვები ბიზნესმენებმა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ  დაადასტურეს და მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბარი ხმამაღლა დაიწყეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა მოქალაქეებს  წინა წლებში დარღვეული უფლებების აღსადგენად პროკურტურისთვის მიმართვა ურჩია. როგორც მოგვიანებით აცხადებდა,  უწყებაში შესული 22 000 საჩივრიდან უმრავლესობა სწორედ წართმეულ ქონებას ეხებოდა. თუმცა მისი განმარტებით, ეს საკითხი პოლიტიკურად უნდა გადაწყვეტილიყო. მთავრობას გამოსავალის მოსაძებნად 2 წელზე მეტი დასჭირდა, თუმცა ის არც ისე ეფექტურია.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ დარღვეული უფლებების აღსადგენად მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა დააანონსა. მიუხედავად არასამთავრობო სექტორისა და იურისტების კრიტიკისა, მთავრობა პოზიციას არ იცვლიდა და საზოგადოებაც თვეების განმავლობაში ელოდა დარღვეული უფლებების აღდგენის შანსს. მაგრამ ყველასგან მოულოდნელად, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ მსგავსი კომისიის შექმნა არასამართლებრივი იყო. თუ რა ფორმით აღდგებოდა მოქალაქეების უფლებები, ამაზე მთავრობა 2 წელზე მეტ ხანს ფიქრობდა და დაპირებულმა დეპარტამენტმა პროკურატურაში მუშაობა 2015 წლის 2 მარტს დაიწყო.

თუმცა თუკი უწყებაში შესული საჩივრების რაოდენობას გავითვალისწინებთ, დეპარტამენტის რესურსი ამისთვის არასაკმარისია.  დეპარტამენტი 2012 წლის 1 ოქტომბრამდე სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ წამებისა და არაადამიანური მოპრყობის, ასევე ქონების იძულებით დათმობის სავარაუდო ფაქტებს შეისწავლის. მთელს ამ პროცესში კი დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის გარდა, 4 პროკურორი, 10 გამომძიებელი და 4 კოორდინატორია ჩართული.

პირველი საქმე დეპარტამენტმა შექმნიდან რამდენიმე თვეში, 2015 წლის 3 ივნისს დაასრულა. პროკურატურამ 5 პირისთვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე 5 საჯარო მოხელე ამხილა.  მას შემდეგ დეპარტამენტი მუშაობას აგრძელებს და მსგავს საქმეებში ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კერეზაშვილის შესაძლო ბრალეულობაც გამოიკვეთა.ამჟამად მათ საქმეები უკვე სასამართლოშია. დეპარტამენტის შექმნიდან ერთ წელზე მეტი გავიდა,  პროკურატურის ინფორმაციით, 2016 წლის ივლისის მდგომარეობით, მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევის 38 ფაქტი გაიხსნა, სადაც დანაშაულში 29 საჯარო მოხელე ამხილეს, დაზარალებულად კი 57 პირი ცნეს. უწყების ინფორმაციით, ამჟამად სისხლისსამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ მიმდინარეობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ გამოძიების პროცესში ბევრად მეტი შესაძლო დამნაშავე გამოვლინდა. ისინი პროკურატურის, შსს-ს, სამხედრო პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები არიან.  თუმცა უწყების ინფომრაციით, თითქმის არცერთის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. ამის მიზეზად პროკურატურა გამოძიებასთან თანამშრომლობასა და უფრო მაღალი თანამდებობის პირების  მხილებაში დახმარებას ასახელებს.

დაზარალებულებს სხვადასხვა სახის ქონება უკვე დაუბრუნდათ - 46 ავტომანქანა, 9 მიწის ნაკვეთი, 3 საცხოვრებელი ფართი, 1 საოფისე ფართი, 48 ოქროს ნაკეთობა, აკურის ღვინის ქარხანა, გორის საცურაო კომპლექსი, ასევე, გორში არსებული სასტურმო კომპლექსი და 80 000 ნაღდი ფული. ამ ყველაფრის საერთო ღირებულება 16 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ქონების დაბრუნების პროცედურებს, გამოძიების დასრულებისა და საბოლოო ანგარიშის შედგენის შემდეგ პროკურატურა დაზარალებულთათვის სახელწმიფო ბალანსზე არსებული ქონების დაბრუნების მიზნით ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს. ის კი შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს ახორციელებს.

გარდა ამისა, საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როცა იძულებით ჩამორთმეული ქონება არა სახელწმიფოს,  არამედ რომელიმე კერძო კომპანიის საკუთრებაა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა „სენტა პერტოლიუმის“ საქმეა.  მისი მფლობელები ქონების იძულებით დათმობაში თავდაცვის ყოფილ  მინისტრს, დავით კეზერაშვილს ადანაშაულებე.  თუმცა მათი ქონება, დაახლოებით 50 ავტოგასამართი სადგური, მათ შორის ნავთობბაზები და მოძრავი ქონება,  „გალფის“ ბრენდის ქვეშ მოქცეული ორი კომპანიის მფლობელობაშია.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, შედეგი ჯერ კიდევ მიუღწეველია.  „სენტა პეტროლიუმის“ მფლობელებმა, დავით მიმინოშვილმა და ზაალ იაკობიძემ სამოქალქო წესით დავა დაიწყეს და 2014 წელს  თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი იძულებით ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ  პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს,  სასამართლოში არსებული გადატვირთულობისა და ვადების გათვალისწინებით, საქმე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუმცა მომჩივანთა ადვოკატის, დავით ასათიანის ინფორმაციით, ისინი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში  ელოდებიან.

”სენტა ჯგუფმა” სამეწარმეო საქმიანობა 1996 წლიდან დაიწყო. იგი ნავთობროდუქტების იმპორტს, საბითუმო და საცალო ვაჭრობას ახორციელებდა. ჯგუფი თავდაპირველად ერთი კომპანიით - 1996 წლის 23 მარტს დაფუძნებული შპს ”ბემონით” იყო წარმოდგენილი. 2005 წლიდან მას შპს ”სენტა პეტროლიუმი” შეუერთდა. 

დავით იაკობიძისა და ზაალ მიმინოშვილის ინფორმაციით, მათ 2010 წელს კეზერაშვილი პირადად შეხვდა და შპს ”ბემონისა” და ”სენტა პეტროლიუმის” აქტივების შეუსაბამოდ დაბალ ფასად, 28,000,000 აშშ დოლარად მისთვის მიყიდვა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრათ, რომ იგივეს გაკეთება ციხიდან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მოუწევდათ.

კეზერაშვილმა ფასი საბოლოოდ 22,200,000 აშშ დოლარამდე შეამცირა. თუმცა, მისი მოთხოვნით,  გასაყიდი ობიექტები იპოთეკისგან გათავისუფლდა, რისთვისაც ბიზნესმენებმა 12,000,000 აშშ დოლარის ოდენობის საბანკო კრედიტი დაფარეს. დაახლოებით, 4,000,000 აშშ დოლარი მოგების გადასახადის სახით გადაიხადეს. შესაბამისად, ბიზნესმენებს დაახლოებით 6,000,000 აშშ დოლარი დარჩათ. 2010 წელს შპს ”ბემონისა” და შპს ”სენტა პეტროლიუმის” აქტივები შპს ”სან ოილ ჯორჯიას”, შპს ”სან პეტროლიუმ ჯორჯიასა” და შპს ”სან პეტროლიუმ ექვითიზის” სახელზე გადაფორმდა. 2012 წლის მაისში კი დავით მიმინოშვილი, ზაალ იაკობიძე და კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ლაშა ჭელიძე ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს და დარჩენილი 6 მლნ გათავისუფლების სანაცვლოდ გადაახდევინეს.

ადვოკატის ინფორმაციით, კეზერაშვილის მიერ ბიზნესმენებზე ზეწოლისა და „სენტას“ იძულებით დათმობის ფაქტი კეზერაშვილის მოადგილემ, მამუკა მუჯირმა სასამართლოზე მიცემული ჩვენებით დაადასტურა. ასათიანის განმარტებით, ის ახლო ურთიერთობაში იყო  მიმინოშვილთან და იაკობიძესთან, მოლაპარაკებებშიც აქტიურად იყო ჩართული და კეზერაშვილის გადარწმუნებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

ადვოკატის ინფორმაციით, მათ სასამართლოს ექსპერტ-ჯგუფის მიერ დაწერილი დასკვნაც წარუდგინეს, რითიც დასტურდება, რომ „სენტას“ აქტივები რეალურად 3-ჯერ მეტი, 65 მლნ დოლარი ღირდა. შესაბამისად, მომჩივანი ამორალური გარიგების მუხლებს ეყრდნობა.

„ფასი იმდენად არაადეკვატურია, რომ გერმანული პრაქტიკის მიხედვით, არც კი სჭირდება იმის მტკიცება, რომ ეს ძალადობით და ზეწოლით მოხდა. თუმცა ჩვენ მაინც წარდგენილი გვაქვს ამის მტკიცებულებები.  მტკიცების ტვირთი მოპასუხეზეა, რომლებიც ვერასდროს დაამტკიცებენ, რომ აღნიშნული გარიგება თავისუფალი ნების პირობებში დაიდო. თვითონ მოპსუხეები ამბობენ, რომ კეზერაშვილი დაინტერესებული იყო და უშუალოდ იყო ჩართული აქტივების გადაფორმების პროცესში“,- განმარტავს ადვოკატი „ლიბერალთან“ საუბრისას.

მიუხედავად იმისა, რომ,  ასათიანის შეფასებით, საქართველოში პოლიტიკისგან თავისუფალი არავინ, მათ შორის სასამართლოც არ არის, ისინი საბოლოო გადაწყვეტილების მიმართ მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილი.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მსგავს საქმეებს, ადვოკატის შეფასებით,  სამართლიანობისა და შელახული უფლებების აღდგენაში მთავარი როლი სასამართლომ, პროკურატურამ და მთლიანად სახელწმიფომ უნდა ითამაშონ. მაგრამ ამ დრომდე ხელისუფლებამ, დაპირების მიუხედავად, ეფექტური მექანიზმი ვერ შექმნა.  ამ მხრივ კიდევ უფრო რთული ვითარება, ადვოკატის თქმით, ის ქონებაა,რაც სახელწიფო ბალანსზე აღარ არის. მისი განმარტებით, ამ კუთხით რაიმე პროგრესი არ შეიმჩნევა, თუ სასამართლოში წასულ რამდენიმე საქმეს არ ჩავთვლით.

„ისევ გამოძიების პროცესში დარჩა ეს საქმეები და ისიც ვერ მიდის წინ მთელი რიგი პრობლემების გამო - ძველი საქმეებია, ძველი ფაქტები, გამოძიებას ხელახლა მოწმეების დაკითხვა. პრობლემურია სასამრთლო ვადებიც. სამწუხაროა, რომ სახელმწიფომ ამ გამოწვევას ვერ უპასუხა და ვერ შეიქმნა მისი საპასუხო  ეფექტური მექანიზმი, რათა ისეთი საქმეები გადახედილიყო, სადაც იყო ასეთი მნიშვნელოვანი დარღვვებია“.

თუ რა შეეძლო გაეკეთებინა სახელმწიფოს, ასათიანი ამბობს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ერთადერთი გამოსავალი არ ყოფილა. სახელმწიფოს შეეძლო, ამ საქმეების გადახედვის ალტერნატიული მექანიზმი თუნდაც სასამართლოს შიგნით შეექმნა ან საპროცესო კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებები შეეტანა, რაც ხანდაზმულობის ვადას გაზრდიდა და ახლადგამოვლენილ  გაროებებზე დაყრდნობით საქმის გადახედვის შესაძლებლობას გააჩენდა.

„ვერ გეტყვით, რომ პროკურატურას საერთოდ არ აინტერესებს ეს საკითხი, შეიქმნა ცალკე დეპარტამენტი. ისინი კი მუშაობენ, მაგრამ მუშაობის ინტენსიურობა შესულ საჩივრებთან  მიმართებაში საკმარისი ვერ იქნება. ამას წერტილოვანი, ერთი კონკრეტული დეპარტამენტის დონეზე აქტივობა არ შველის, ამას გლობალური პოლიტიკის შემუშავება სჭირდება, რათა დაზარალებულებმა დარღვეული უფლებების აღდგენა თავისივე ინიციატივით მოახერხონ“,-აღნიშნავს „ლიბერალთან“ საუბრისას დავით ასათიანი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^