Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უფლება, გქონდეს უფლებები

04 ივლისი 2016

ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ სამოქალაქო კოდექსში არსებული მიდგომა კანონმდებლობით რადიკალურად შეიცვალა და ამ ცვლილების გამო, ერთი წლის წინ პარლამენტს დაევალა, აღნიშნული რეგულაციები შესაბამისობაში მოეყვანა როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან“.

არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმის და მისი იმპლემენტაციის კვლევა ჩაატარა. „ლიბერალი“ კვლევის შესახებ მის ავტორს ლელა გვიშიანსა და კვლევის ხელმძღვანელს, ლინა ღვინიანიძეს ესაუბრა.

  • იმისათვის, რომ დავინახოთ განსხვავება ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმის შედეგად კანონში შესულ ცვლილებასა და მანამდე არსებულ კანონმდებლობას შორის, გვითხარით, რას ნიშნავდა პირის ქმედუუნაროდ აღიარება?

ლელა: ძველი მოდელის პირობებში არსებული სისტემა სრულიად განსხვავდებოდა ახლისგან და ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას. კერძოდ, პირველი ხარვეზი ეს იყო მეურვის მიერ ნების ჩანაცვლება, ანუ ადამიანებს გარკვეული დიაგნოზის გამო ენიჭებოდათ ქმედუუნაროს სტატუსი, რის შემდეგაც ეს ადამიანი ნებისმიერი უფლებით სარგებლობის შანსს კარგავდა. მის მაგივრად ყველაფერს მეურვე წყვეტდა. სისტემა არ იყო მორგებული ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანის ინდივიდუალურ ინტერესებსა და უნარ-ჩვევებზე.

  • რას გვთავაზობს კანონით ქმედუნარიანობის ახალი მოდელი?

ლინა: ქმედუნარიანობის ახალი მოდელი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ფუნდამენტურად ცვლის ძველ მიდგომას. რეფორმამდე თუ ვსაუბრობდით ქმედუნარიანობის სრულიად ჩამორთმევაზე, რომელიც ყველანაირ უფლებაზე ახდენდა გავლენას, ახალი მოდელის მიხედვით, ყველა ქმედუნარიანია და ეს არის ერთმნიშვნელოვანი აღიარება კანონმდებლის მხრიდან. უფრო მეტიც, ახალი მოდელი ამბობს, რომ ქმედუნარიანობა არის უფლება, რომელსაც კანონი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ზღუდავს. ყველა სხვა შემთხვევაში, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს შესაძლოა დაენიშნოს მხარდამჭერი და არა უფლების ჩამნაცვლებელი. უფლების ჩამნაცვლებელია პირი, რომელიც ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე  ადამიანის მაგივრად ნებისმიერი უფლებით თვითონ სარგებლობს. მხარდამჭერის მოდელი ამბობს, რომ ადამიანს თავისი უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ შეიძლება გარკვეულ მომენტში სხვისი დახმარება დასჭირდეს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია  ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების სასამართლო პროცესში ჩართულობა, რასაც ძველი მოდელი სრულიად გამორიცხავდა. ბუნებრივია, კანონსაც აქვს გარკვეული ხარვეზები, რაც უკავშირდება მაგალითად, შრომის, საარჩევნო უფლების გამოყენებასა და სხვა, რადგან, რეალურად, ძალიან სწრაფად მოხდა რეფორმა, მაგრამ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონში შესული ცვლილებები მაქსიმალურად თანხვედრაშია კონვენციასთან.

  • რა პროცედურებს გადის წარსულში ქმედუუნაროდ აღიარებული პირი, რომელსაც ამ სტატუსის შეცვლა სურს?

ლინა: წარსულში ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვე მიმართავს სასამართლოს, რომელიც მისი სტატუსის შესასწავლად ამისამართებს მულტიდისციპლინურ ჯგუფთან. აღნიშნული  ჯგუფი შედგება ოთხი სპეციალისტისგან: სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრისა და ოკუპაციური თერაპევტისგან. მულტიდისციპლინური ჯგუფი სწავლობს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის უნარ-ჩვევებსა და მდგომარეობას და დასკვნას უგზავნის ისევ სასამართლოს, რომელიც საბოლოოდ იღებს გადაწყვეტილებას.

  • რაც შეეხება კანონის პრაქტიკაში აღსრულების საკითხს. ქმედუნარიანობის სისტემის განხორციელებაში სამი მთავარი რგოლი მონაწილეობს. ესაა სასამართლო სისტემა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც პროცესის აღსრულებასა და მონიტორინგზეა პასუხისმგებელი  და ექსპერტიზის ბიუროში არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელიც ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის სხვადასხვა უფლების გამოყენების შესაძლებლობებს უნდა სწავლობდეს. დავიწყოთ სასამართლო სისტემით, რა ხარვეზები დაინახეთ კვლევის პროცესში ამ მხრივ?

ლინა: კვლევის დროს სასამართლოს 100 გადაწყვეტილება შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რომ ეს სისტემა სრულიად მოუმზადებელია რეფორმისთვის, როგორც ცოდნის, ასევე კომპეტენციის მხრივ. კერძოდ, სასამართლო ხელისუფლება სრულიად ვერ იაზრებს მხარდამჭერის მოდელს. მათი გადაწვეტილებების უმრავლესობა არის დაუსაბუთებელი და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის უფლების ჩანაცვლებაზე ორიენტირებული. ამგვარი ტიპის მიდგომა ძალიან ცუდად მოქმედებს საბოლოო გადაწვეტილებაზე.

  • რეფორმამდე, კონკრეტულად, სასამართლოს წარმომადგენლებს თუ ჰქონდათ შესაძლებლობა, გასცნობოდნენ ახალი სისტემის მთავარ აზრს და აემაღლებინათ ცოდნა?

ლინა: როგორც ვიცით, კანონპროექტის შემუშავების დროს სასამართლოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სამუშაო ჯგუფში, მაგრამ არც რეფორმამდე და არც შემდეგ მათ არანაირი მომზადება არ გაუვლიათ, თუ არ ჩავთვლით ხანმოკლე ტრენინგებს. იგივე შეიძლება ითქვას სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მულტიდისციპლინურ ჯგუფზე.

  • რაც შეეხება მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობას, რომელიც ფსიქიატრის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და ოკუპაციური თერაპევტისგანაა დაკომპლექტებული.
  • ლელა: მულტიდისციპლინური ჯგუფის მთავარი ფუნქცია ადამიანების ინდივიდუალური შეფასებაა. ძალიან მნიშვნელოვანია პროცესი, რომლითაც უნდა დაადგინონ, რა უფლების გამოყენებისას სჭირდება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს დახმარება და სასამართლოც საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად ამ დასკვნას უნდა დაეყრდნოს. მართალია, კვლევის ფარგლებში კონკრეტულად ამ ჯგუფის საქმიანობა ფუნდამენტურად არ შეგვისწავლია, მაგრამ სასამართლო პრაქტიკის ნაწილში შევეხეთ და საექსპერტო დასკვნებიც წავიკითხეთ. პირველი და მნიშვნელოვანი ხარვეზი ამ ჯგუფის მუშაობაში ადამიანების შეფასების შაბლონური მოდელია, ანუ - ჯგუფის წევრები ადამიანის ყველა უფლების გამოყენების შესაძლებლობებს არ სწავლობენ და თუ ერთი უფლებით სარგებლობაში პირს დამხმარე სჭირდება, ავტომატურად სხვა უფლებასაც ჩანაცვლების სისტემას არგებენ.
  • ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის მნიშვნელოვანი სუბიექტი მხარდამჭერია. რას ნიშნავს ეს მოდელი; ვინ ინიშნება პირის მხარდამჭერად და რა რისკი არსებობს ამ მხრივ?

ლინა: მხარდამჭერის მოდელზე საუბრისას ორი შემთხვევა შეიძლება განვიხილოთ. პირველი, როცა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს მხარდამჭერად შესაძლოა დაენიშნოს მისივე ოჯახის წევრი ან ახლობელი და თუ ამის შესაძლებლობა არ არსებობს, მხარდამჭერად ინიშნება სოციალური მუშაკი. სახელმწიფოს აქაც არ ჰქონდა გააზრებული რამხელა პასუხისმგებლობა დააკისრა სოციალური მომსახურების სააგენტოს, პარალელურად კი არაფერი გაუკეთებია მისი გაძლიერებისთვის. მეორე მხრივ, სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გაუზრდია სოციალური მუშაკების რაოდენობა და ამ მცირე რესურსით ცდილობს რეფორმის იმპლემენტაციას. გარდა ამისა, მნიშნელოვანი დეტალია, რომ მხარდამჭერებს დიდი პასუხიმგებლობა ეკისრებათ. მათ სახელმწიფო შესაბამის ცოდნას ვერ აძლევს, ვერ აძლიერებს, პარალელურად კი, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგანან.

და მესამე ხარვეზი ესაა ინტერესთა კონფლიქტი, რაც გამომდინარეობს სოცსააგენტოს ორმაგი ფუნქციიდან - ესაა სააგენტოს როგორც აღმასრულებელი სტრუქტურის ფუნქცია და მეორე მხრივ, მონიტორინგის განმახორცილებელი. მისი ორმაგი ვალდებულების გამო, ძალიან დიდი შანსია, რომ რეფორმის პროცესში ბევრი გადაცდომა მოხდეს და შიდა ინსტიტუციური გადანაწილების არარსებობამ ფუნქციების დუბლირება გამოიწვიოს.

  • სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ თქვენთვის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2015 წლის დეკემბრის მონაცემებით, სასამართლომ ქმედუუნაროდ აღიარა 3462 პირი. დღეის მდგომარეობით კი, სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად 144 პირია ცნობილი, მათ შორის 32 ადამიანი ქმედუუნაროდ იყო აღიარებული. ეს პროცესი 4 წელიწადში უნდა დასრულდეს. ამისთვის რას აკეთებს თავად სოციალური მომსახურების სააგენტო?

ლინა: სააგენტოს განმარტებით, შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირთა დიდ ინსტიტუციებში უკვე დაიწყეს მუშაობა, თუმცა აღიარებენ რომ ადამიანების ქმედუნარიანობის სტატუსის მინიჭება ნელა მიდის და მომართვიანობის რაოდენობაც დაბალია.

ეს ინფორმირებულობის პრობლემაცაა და ამ გარდამავალი ოთხი წლის შემდეგ შეიძლება სააგენტოს  სავალდებულო წესით (რაც კანონითაა გათვალისწინებული) მოუწიოს ძალიან ბევრი ქმედუუნარო ადამიანის სტატუსის შესწავლა. ამიტომ, ვფიქრობთ, სააგენტოს ახლავე უნდა ჰქონდეს ამ წლების გეგმა,  რომ საბოლოოდ, გაცილებით რთულ პოზიციაში არ აღმოჩნდეს. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, სააგენტო ამ დროისთვის მხოლოდ ინსტიტუციებში მუშაობს და მხარდამჭერების ბაზებს ქმნის, თუმცა, ჯერჯერობით, ინდივიდუალურად მეურვეებს ვერ აწვდენს ხმას. ეს ამ რეფორმის იმპლემენტაციის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა.

  • დაბოლოს. რეფორმის მიხედვით, რა უნდა შეცვლილიყო ამ ადამიანების ყოველდღიურობაში. ცხოვრების რა ეტაპიდან, რა ეტაპზე უნდა გადასულიყვნენ  და როგორ უნდა შეძლონ თავიანთი გარკვეული უფლების დამოუკიდებლად ან მხარდამჭერთან ერთად გამოყენება?

ლელა:  ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა გაძლიერდეს მხარდამჭერის მოდელი. სხვაგვარად, ამ ადამიანებს დავუნრუნებთ უფლებებს, მაგრამ დავტოვებთ უსუსურ მდგომარეობაში. მათ არ ექნებათ ძლიერი ზურგი, რომლითაც თავიანთი უფლებების რეალიზებას შეძლებენ.

ლინა: ახალი ხედვა ასეთია და ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ თავისუფლება, რომელიც ყველა ჩვენგანის უფლებაა, მაგრამ რეფორმას არ გაჰყავს ამ სისტემიდან სახელმწიფო, რომელსაც პირიქით, ძალიან ბევრ და დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. ეს არის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანის სისტემური მხარდაჭერა, მაგრამ შესაძლოა ამ ადამიანებმა ეს უფლებები დეკლარირებული სახით, მხოლოდ ფურცელზე მიიღონ, პარალელურად კი, პროცესი მათთვის საზიანო აღმოჩნდეს და ცხოვრება უფრო გართულდეს.

დამოუკიდებელი ცხოვრება თავად ამ ადამიანებისთვისაც დიდი გამოწვევაა, რადგან ისინი წლების განმავლობაში მიჩვეულები იყვნენ, რომ მათ მაგივრად გადაწყვეტილებებს სხვა იღებდა. ახლა კი, კანონმა უთხრა, რომ თავიანთი უფლებით მოსარგებლეები თავადვე არიან. მეორე მხრივ, მხარდამჭერებს არასდროს ჰქონიათ სხვისი ნების გაგების, მისი გადმოცემის ან ამ გადმოცემაში მხარდაჭერის გამოცდილება და მესამე პრობლემაა სახელმწიფო, თავისი სტრუქტურებით, რომელიც მხარდამჭერის როლს ვერ იაზრებს და უფრო მეტად ორიენტირებულია უფლების ჩანაცვლების მოდელზე. ამიტომ, თუ სახელმწიფო დღესვე არ დაიწყებს ამ ინსტიტუციების მნიშვნელოვნად გაძლიერებას, ცოდნითა და კომპეტენციით, ქმედუნარიანობის რეფორმის ჩავარდნის ძალიან დიდი რისკი არსებობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^