Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჩვენც გვაქვს ჩვენი აუდიტორია, 918, წავალ და ახლა იმათ შევუთანხმებ ამ შემოთავაზებას”, -გვითხრა ერთხელ განათლების ახალმა მინისტრმა, ერთ-ერთ შეხვედრაზე.

შესაბამისად, 918-ე აუდიტორია პირობითად იმ ადგილს შეიძლება ვუწოდოთ, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება.

ჩვენ „აუდიტორია 115“ ვართ და ამ ეტაპზე მოვითხოვთ თვითმმართველობის გაუქმებას და გარე რეფერირების პრინციპის დანერგვას. თუ რატომ არის ეს მოთხოვნები პროგრესული და აუცილებელი, ამაზე ბევრი თქმულა და შესაბამისად, კიდევ ერთხელ აღარ გავიმეორებთ.

მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტროსგან მოტყუებულებმა მეექვსე კორპუსი დავიკავეთ, მიწისქვეშა გადასასვლელის გავლით პრემიერ-მინისტრი გვესტუმრა. მშვენიერი შეხვედრა გამოვიდა. პრემიერი ჩვენს მოთხოვნებს დაეთანხმა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა. შეხვედრის შემდეგ გარეთ გასულმა კი, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლეგიტიმური და პროგრესული იყო ჩვენი მოთხოვნები, რომ იღებდა პასუხისმგებლობას, ჩასდგომოდა ამ რეფორმებზე მომუშავე ჯგუფს სათავეში და შესაბამისად, პასუხისმგებლობას იღებდა მათ განხორციელებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი დავიჯერეთ, დავტოვეთ მეექვსე კორპუსი და შევწყვიტეთ პროტესტი, იმ განცდით, რომ მიზანს მივაღწიეთ.

რამდენიმე დღეში მეორე შეხვედრა შედგა  სახელმწიფო კანცელარიაში. შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, მაშინდელი განათლების მინისტრი, მინისტრის მოადგილე, კანცელარიის ხელმძღვანელი და პრემიერის აპარატის თანამშრომლები. შეხვედრა იმაზე უშუალო გამოდგა, ვიდრე უნივერსიტეტში იყო. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თვითმმართველობის გაუქმების სურვილი, ოღონდ, დასძინა, რომ მას არ უნდოდა, ეს პროცესი გამოჩენილიყო, როგორც ადამიანთა ერთი ნაწილის დამსახურება. შესაბამისად, თქვა, რომ სჭირდებოდა საერთო სტუდენტური ლეგიტიმაცია, ამ ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად კი - დრო. დროშიც დაკონკრეტდა და თქვა რომ, ამ მოწვევის პარლამენტი აუცილებლად გააუქმებდა თვითმმართველობას, მანამდე კი სანიკიძის ინიციატივით, თვითმმართველობის შესახებ მუხლი გადავიდოდა გარდამავალ დებულებაში, რაც გამოიწვევდა თვითმმართველობის საქმიანობის „გაყინვას“, სანამ პარლამენტი დაამტკიცებდა ახალ მოდელს. ჩვენც ამ ყველაფერზე დიდი სიხარულით დავთანხმდით.

შემდეგი საკითხი უშიშროების სამსახურსა და მისგან მომდინარე დაშინების ფაქტებს შეეხებო.  შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სტუდენტური თვითმმართველობები  სუსთან თანამშრომლობდნენ, უპასუხა, რომ ამაში ახალი არაფერია და რომ ის სწორედ ამის შეცვლას ცდილობდა. ამის შემდეგ დაშინების ფაქტებზე ვისაუბრეთ და მოვთხოვეთ, ღიად დაეგმო სუსის ქმედებები, რაზეც გვიპასუხა, რომ სუსს ღიად ვერ დაუპირისპირდებოდა, რადგან ეს სრულიად „გათიშავდა“ სისტემას, მაგრამ იმის პირობა მივიღეთ, რომ ჩვენ თავს დაგვანებებდნენ (აღსანიშნავია, რომ ეს დაპირება შესრულდა და ამ შეხვედრის შემდეგ, არც ერთი დაშინების ფაქტი არ დაფიქსირებულა). ამ შეხვედრაზე სხვა საინტერესო რამეებიც ითქვა უშიშროების სამსახურზე, მაგრამ ამაზე მერე იყოს.

გარდა ამისა, პრემიერმა გაიხსენა თავისი დაპირება, რომ რეფორმაზე სამუშაო ჯგუფს თავად უხელმძღვანელებდა, მაგრამ ისიც დასძინა, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებდა ყოველ შეხვედრაზე დასწრებას, თუმცა გარკვეული პერიოდულობით აუცილებლად დაესწრებოდა სამუშაო სხდომებს და მიიღებდა ინფორმაციას რეფორმის მსვლელობასთან დაკავშირებით. მანამდე კი, თავისი ნდობით აღჭურვილი პირი, შალვა თადუმაძე, მოგვიჩინა.

თადუმაძესთან მოლაპარაკებები 45-ე მუხლის გარდამავალ დებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით დაიწყო, თუმცა, როგორც ბოლო შეხვედრაზე გაირკვა, თურმე შეუძლებელი იყო დაპირების სრულად შესრულება. შეგახსენებთ, რომ ჩვენ დავთანხმდით დროებით, შუალედურ, ვარიანტს გარდამავალ დებულებასთან დაკავშირებით, ახლა კი მისი შესრულებაც დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ჩაშლის პირას მდგარ მოლაპარაკებებს დაემატა ცოტნე ცხვედიანის ცემის ფაქტი და ახალი არეულობის დაწყება უნივერსიტეტში. მდგომარეობა რეალურად იმაზე მძიმე იყო, ვიდრე გარედან ჩანდა. არსებობდა დიდი ალბათობა მასშტაბური ფიზიკური დაპირისპირების. ამ მდგომარეობამდე კი უაზროდ გაწელილი მოლაპარაკებებით მივედით. სასწრაფოდ დავრეკეთ პრემიერის ადმინისტრაციაში და მოვითხოვეთ მასთან შეხვედრა, ადმინისტრაციამ შაბლონური პასუხით გაგვისტუმრა - გაარკვევდნენ საკითხს და რამდენიმე დღეში გვეტყოდენ პასუხს.

რამდენიმე დღის შემდეგ ზარს და შეკითხვას, რაიმე ახალი ხომ არ იყო, მოჰყვა პასუხი, რომ, სიახლე ჰქონდათ და ეს სიახლე იყო განათლების ახალი მინისტრი, რომელიც აუცილებლად და უსწრაფესად გადაწყვეტდა ჩვენს პრობლემებს.

ნაყოფიერი გამოდგა ახალ მინისტრთან შეხვედრა ორივე მხარისთვის. ჩვენ ახალი, უცხო სიტყვები გავიგეთ მინისტრი ტრენერისგან, მეორე მხრივ კი მინისტრმა გაიგო, თუ რას ნიშნავდა გარე რეფერირების პრინციპი და რატომ იყო მისი დანერგვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნივერსიტეტისთვის. ბუნებრივია, თვითმმართველობის საკითხზეც ვისაუბრეთ.

რა თქმა უნდა, არც ახალ მინისტრს დაურღვევია სხვა ჩინოვნიკების დამკვიდრებული ტრადიცია და არ დაუშურებია საქებარი სიტყვები ჩვენზე საუბრისას - თუ როგორი პროგრესულები და შესანიშნავი ადამიანები ვართ და როგორ ვიბრძვით რეფორმებისთვის.

ამის შემდეგ იყო სხვა შეხვედრები, რომელთაგან, ერთ-ერთი იმით გამოირჩეოდა, რომ მინისტრმა გვითხრა, 918-ე აუდიტორია მზად იყო ჩვენი მოთხოვნების შესასრულებლად, თუ მივცემდით გარანტიას, რომ სექტემბერში საპროტესტო აქციებს არ დავიწყებდით (მოთხოვნების შესრულებაში იგულისხმებოდა 45-ე მუხლის გარდამავალ დებულებაში გადატანა და არა თვითმმართველობის გაუქმება. არადა, პრემიერის დაპირება სწორედ გაუქმებას შეეხებოდა ამ მოწვევის პარლამენტის მიერ). ასევე, ისიც დასძინა, ჩვენს აუდიტორიაში ბევრი გგულშემატკივრობთ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც დასანახად ვერ გიტანენ და სწორედ მათ სჭირდებათ ეს გარანტიებიო. ჩვენ ვუთხარით, რომ, თუ მოთხოვნები შესრულდებოდა, გიჟები არ ვიყავით, ისევ სასტვენებით რომ დავმდგარიყავით ქუჩაში და კორპუსებში შეჭრაზე გვეფიქრა. მოკლედ, შევთანხმდით და „ნეგოშიეშინენიც” წარმატებით დასრულდა.

ამის შემდეგ იყო კიდევ ერთი შეხვედრა, რომელზეც მინისტრმა მოგვთხოვა, რომ დაგვეწყო თვითმმართველობასთან მედიაცია. თუ მაინცდამაინც, არ გინდათ მაგათთან ერთად ერთ მაგიდასთან დაჯდომა, მაშინ სხვადასხვა ოთახში დაგსვამთ და გვეყოლება ადამიანი, რომელიც ინფორმაციას მიიტანს ოთახიდან ოთახშიო, როგორც პალესტინისა და ისრაელის მოლაპარაკებები მიმდინარეობდაო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წევრების ნაწილს აქვს მოდელირებებსა და სიმულაციებში მონაწილეობის გამოცდილება, ეს მაინც რაღაც ახალი იყო. სხვადასხვა ოთახი, მორბენალი ადამიანი და ბოლოს ბედნიერი მინისტრი, რომელმაც შეძლო და დაპირისპირებული მხარეები შეარიგა.

რა თქმა უნდა, ამ სანახაობაში მონაწილეობაზე არ დავთანხმდით. კიდევ ერთხელ შევხვდით მინისტრს და კიდევ ერთხელ წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა როგორც თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, ასევე პლატფორმის შესახებ (ვინმე თუ ჩვენს მეილს შეამოწმებს, აღმოაჩენს 50-მდე გზავნილს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში. ყველაში ერთსა და იმავეზეა საუბარი, მაგრამ, რატომღაც, ყოველი შეხვედის შემდეგ გვთხოვენ, თავიდან წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვა. ჩვენც არ გვეზარება და „ვუფორვარდებთ“ მეილებს ხან სამინისტროს და ხანაც პრემიერის ადმინისტრაციას). მინისტრმა, გარდამავალ დებულებაში გადავიტანოთ თვითმმართველობის შესახებ მუხლი, მაგრამ პროექტების კეთებისა და რესურსებთან წვდომის ფუნქცია შევუნარჩუნოთ თვითმმართველობასო. ეს პატარა დეტალია და არ ღირს ამაზე გამოკიდებაო.

შეგახსენებთ, რომ ამ პატარა დეტალის გამო დაიწყო პროტესტი უნივერსიტეტში. ბაკურიანის ტრენინგებში დახარჯული ათასობით ლარი, კონცერტები, წვეულებები და უამრავი სხვა არამიზნობროვად დახარჯული თანხა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ისეთ ბანალურ ჭეშმარიტებაზე, როგორიც არის ის, რომ ყველა სტუდენტი უნდა იყოს თანასწორი, ვერ შევთანხმდით.

პრემიერ-მინისტრი კი დადის და გასცემს საარჩევნო დაპირებებს. ჩვენ დაპირება მივიღეთ, რომელიც არ შესრულდა. რატომ უნდა გვეგონოს, რომ პრემიერმა, რომელმაც მოგვატყუა, საარჩევნო დაპირებების გაცემისას გულწრფელია?

ვიცი, პრემიერის აუდიტორიაში აქვთ ის განცდა, რომ დავსუსტდით და აღარ შეგვიძლია ბრძოლა, მაგრამ გაგახსენებთ, რომ აუდიტორია 115-ის პროტესტი დაიწყო 10-მა ადამიანმა და სადამდე მივედით, ვნახეთ ყველამ ერთად.

სექტემბერში, რასაც ვიზამთ, ამასაც ყველა ვნახავთ. ყველაფერზე კი პასუხისგმებლობა, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს ეკისრება. ბევრჯერ გავახსენებთ საზოგადოებას თქვენს დაპირებას, ბატონო პრემიერო.

ვნახოთ, ვინ მოიგებს, აუდიტორია 115 თუ 918-ე აუდიტორია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^