დიდი ხანია ვფიქრობ: მე, როგორც ჰეტეროსექსუალი კავკასიელი მამაკაცი, როგორ გავექცე იმ პატრიარქალურ გამოცდილებას, რომელიც როგორც ადამიანს, სოციალურად ფუქსავატს, მოძალადეს, ნარცისსა და ქალების მოშიშს/მოძულეს მხდის? როგორც კი პირველად შევეხე მდედრობითი ადამიანის სხეულს და გავცვალე მასთან იდეები, იმ მომენტიდან საკუთარ თავთან ხელჩართულ ბრძოლაში ვარ ჩაბმული. საბოლოოდ, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ქალების არ მესმის. მათი გამოცდილება სხვანაირია, ჩემი - სხვანაირი. ჯერ გენდერული თეორიებისა და, უფრო კონკრეტულად, მასკულინობების (კვლევები მამაკაცებზე) კითხვა დავიწყე. მერე იმასაც ვამტკიცებდი, რომ სისტემა კაცებსაც ისევე ჩაგრავს, როგორც ქალებს. ცოტა ხანი ფემინისტური ცოდნითაც შევიქციე თავი და ფემინისტ კაცად რომ მასაღებდნენ, დიდად არ ვეწინააღმდეგებოდი. სანამ ერთი დიდი დომხალი არ მივიღე იდეებში, მოქმედებაში. შემდეგ კი დავლაგდი. ცოტა ამოვისუნთქე და მომინდა გაჩუმება.
ეს ჩემი ბოლო დამოუკიდებელი, საჯაროდ ხილული აქტივობაა ფემინიზმთან დაკავშირებით. მოკლედ ვისაუბრებ კაცებისა და ფემინიზმის ფენომენის შესახებ. შეიძლება თუ არა, რომ კაცი იყოს ფემინისტი? რატომ არის კაცისთვის ფემინისტობა ძნელი? რა შეიძლება გაკეთდეს?
თავდაპირველად, მინდა განვმარტო და განვაცალკევო ფემინისტი პროფემინისტისგან. ფემინისტური იდენტობა და ცნობიერება ეფუძნება ქალურ გამოცდილებებს. მამაკაცი ვერ იქნება ფემინისტი. ამისათვის ის უნდა იყოს დედაკაცი. კაცური გამოცდილება მკვეთრად პატრიარქალურია. თუმცა, შეიძლება კაცი ემხრობოდეს ფემინისტურ მოძრაობას. მაიკლ კიმელის მიხედვით კაცები ფემინიზმთან მიმართებით კლასიფიცირდებიან ანტიფემინისტებად, მასკულინისტებად და პროფემინისტებად. სწორედ ეს უკანასკნელნი იზიარებენ, ემხრობიან და ხელს არ უშლიან/უთავისუფლებენ სივრცეს ფემინისტურ მოძრაობას. კარგი იქნება, თუ მომავალში ქართველ კაცებს, რომლებიც იზიარებენ ქართული ფემინისტური მოძრაობის იდეებს, პროფემინისტებად მოვიხსენიებთ, და არა ფემინისტ კაცებად.
ახლა ვისაუბროთ, რატომ არის კაცების პროფემინისტობა რთული. ქართველი კაცების - მითუმეტეს. საქმე გვაქვს „ნორმალურობის“, პრივილეგირებულობის, „კაცის, როგორც უფრო ჭკვიანის“, კაცური ინტერესის, ნარცისიზმის, პატრიარქატის იმუნური სისტემის, კონკურენციის, „ფემინისტად თავის გასაღების“ ფენომენებთან, რომლებსაც ქვემოთ მიმოვიხილავ.
ჩვენს საზოგადოებაში „კაცური“ ქცევა ნორმად აღიქმება. კაცი ორატორობს, კაცი პოლიტიკოსობს, კაცია სოციალური მოძრაობის სათავეში, კაცია ხილული, კაცია ქარიზმა. ეს ყველაფერი ხშირად გენდერულად გაუცნობიერებელია. უბრალოდ ხდება. კაცის დომინანტური ან ძალაუფლებრივი პრაქტიკები ძირითადად დაკავშირებულია საზოგადოებაში „ნორმალურის“ ცნებასთან, რომელიც სექსიზმის სახით ვითარდება. „ნორმალურის“ განმარტება გამორიცხავს მამაკაცურობის რაიმე სახით ფემინურობასთან კავშირს. პირიქით, თუ კაცს (ჰეტეროს/გეის/ბის) სურს „კაცად“ დარჩენა, თავი უნდა მოარიდოს ნებისმიერი ტიპის ქალურობას, მითუმეტეს, ფემინიზმს. ნორმატიული ქართველი კაცისთვის პროფემინისტობა „ტეხავს“. ფემინიზმი „ნევრასთენიკი“ წითელპომადიანი ქალების საქმეა.
არსებობს კაცის პროფემინისტობის კიდევ ერთი ბარიერი, როგორიცაა „კაცური ინტერესები“. მასკულინობების მკვლევარი კონელი ამტკიცებს, რომ კაცების უმეტესობა პატრიარქატიდან იღებს ბენეფიტებს. ამას „პატრიარქალურ დივიდენდებს“ უწოდებს. ამბობს, რომ მიუხედავად მამაკაცურობის ტიპისა და კაცებს შორის ძალაუფლების გადანაწილებისა, კაცს, ქალთან შედარებით, მაინც მეტი ბენეფიტი აქვს საზოგადოებაში: ფული და სოციალურ ავტორიტეტი, პატივისცემა, უსაფრთხოება, ინსტიტუციურ ძალაუფლებაზე წვდომა და სხვისი ცხოვრების კონტროლი. ჩნდება შეკითხვა: „თუ კაცს ამდენი ბენეფიტი აქვს პატრიარქატისგან (სექსიზმის სოციალური სისტემისგან), რატომ დაიწყებს ცვლილების ძიებას? და თუ დაიწყებს, ეს მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ პრივილეგირებულობის დაკარგვის საფრთხეს იგრძნობს. თუ იგრძნო, რომ ფემინისტური მოძრაობა იკავებს სივრცეებს, იქ ჩაირთვება ე. წ. „კაცური ინტერესები“ და მყისიერად გაიზრდება ფემინისტური მოძრაობის ვითომ მომხრე კაცების რაოდენობა. სინამდვილეში, ეს „პატრიარქატის იმუნიტეტია“. სისტემა იცავს თავს. ეს ყველაფერი კომედიას ემსგავსება. კომიკურია, როდესაც კაცები აწყობენ ქალთა კლუბებს და ფემინისტური მოძრაობის შეხვედრებს. გამოდიან სიტყვითა და წერენ ბლოგებს[1]. ეს პროცესი ავტომატურად ნარცისული ხდება. ქალები ისევ ქრებიან. ისევ ნორმატიულ სივრცეში იკარგებიან. წარმოიდგინეთ, ჩვენი საზოგადოების რამდენიმე „ნარცისი მამა“, ყელმოღერებული ქალთა უფლებებზეც რომ საუბრობს. ქალთა უფლებები კი ისევ შევიწროებულია. ასეთი ნარცისები იმ შემთხვევაში პროფემინისტობენ, თუ თავად სურთ იმ სივრცის დაკავება, სადაც ქალები გამოჩნდნენ. ან მასკულინურ ძალაუფლებრივ სამყაროში ადგილები უკვე გადანაწილდა და ახლა მხოლოდ ქალების სივრცე დარჩა ასათვისებელი. სივრცისა და ძალაუფლების ხა(მა)მები. აქტივობა და სოციალური მოძრაობა, ორატორობა და ლიდერობა ხომ „ჭკვიანი კაცის“ საქმეა. ქართველი „საზოგადო მოღვაწე“ მამაკაცების (ახლებისაც და ძველებისაც) 99%-ს ხმას გამოვურთავდი. მოვუსმენდი სულიკო კოროშინაძესა და ნანული აბესაძეს.
კიდევ - პროფემინისტობა ნიშნავს ჩაგრულობის ფენომენის აღიარებას. ჩვენთან, ე.წ. „ჩმოროფობიის“[2] გამო, ყველას უჭირს ჩაგვრის აღიარება. მალავს ამას. მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებისათვის იყენებენ „ჩაგვრას“, როგორც ფენომენს. კაცის აღიარება, რომ პროფემინისტია - ავტომატურად ნიშნავს მისგან ჩაგვრის ფენომენის აღიარებას. ამით ის ეწინააღმდეგება თავის თავს. მამაკაცი პატრიარქალურ საზოგადოებაში, ნებისმიერ შემთხვევაში, მჩაგვრელია, ან კომპლიციტური - ანუ თანამონაწილე და დუმილით ხვდება სხვადასხვა „ჩაგვრებს“. ან უბრალოდ „უტყდება“ დაჩაგრულობა. იმიტომ რომ ჩაგრულობა ქალურია. ეს ართულებს პროფემინისტად „თავის გასაღების“ ფენომენს, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ უფრო უცნაური ფენომენია და ზოგჯერ პირიქით - მამაკაცებს უნდათ თავის პროფემინისტად გასაღება, ფემინისტურად განწყობილ ქალებს, ან პატარა აცუნდრუკებულ, გენდერული თანასწორობით აჟიტირებულ გოგონებსა და ბიჭუნებს რომ მოაწონონ თავი. ფემინისტად თავის გასაღების ფენომენიც პატრიარქატის იმუნური სისტემის შემადგენელი ნაწილია.
პროფემინისტობის შემდეგი ბარიერი არის ფემინისტი ქალების ორმაგი სტანდარტები. კაცს ბუნდოვანება უჩნდება მას შემდეგ, როცა იაზრებს, რომ ზოგიერთი ფემინისტი თან გენდერული თანასწორობისკენ მოუწოდებს ყველას და თან იმაზე ლაპარაკობს, რომ კაცმა ხელის გულზე უნდა ატაროს ქალი. ხელის გულზე ტარება, როგორც ასეთი, პოზიტიური დისკრიმინაცია. კაცის ნაყიდი ფუფუნება. და ყველაზე კომიკური არგუმენტი: „კაცი ბევრს შოულობს არსებული ეკონომიკური სისტემის გამო და ბევრიც უნდა დახარჯოს”. თუ ამ კუთხით მივუდგებით საკითხს, კაცს სპობს პატრიარქატის იდეალები, რის გამოც ძალადობს და უნდა იძალადოს?
და ბოლოს ჩვენთან, ჯერ კიდევ „ცოფდებიან“ კაცები, როდესაც ფემინისტი ქალები ამბობენ, რომ კაცები უნდა მოშორდნენ ფემინისტურ მოძრაობას. კაცები იწყებენ საუბარს ე.წ. პოსტფემინისტური დისკურსიდან, რომ ფემინიზმი აღარ არის საჭირო. გენდერული თანასწორობა მიღწეულია.
რა შეიძლება გავაკეთოთ? ვინაიდან, ფემინიზმი არ არის მხოლოდ პირადი ისტორიების გახმოვანება, ის მიზნად ისახავს გენდერული წესრიგის უკეთესობისკენ განახლებას და ეფუძნება მოქმედებას, მჯერა, რომ კაცებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლის თამაში. უპირველეს ყოვლისა - დუმილით[3]. საჯარო სივრცეების გათავისუფლებითა და მოქმედების ისეთი ტიპით, რომელიც ჩუმად, არაპოპულისტურად მიმართული იქნება ფემინისტური მოძრაობის დახმარებისაკენ. ელემენტარულად, აქციის დროს პლაკატის დაჭერა, ბანერის მომზადება, ჯანსაღი კრიტიკა და ა.შ.
რაც შემეხება მე. ვინაიდან მეც, როგორც პრივილეგირებულ კაცს, ჩემი პროფემინისტობა შემიძლია გამოვიყენო ჩემივე და სისტემის სასიკეთოდ, ამიტომ დღეიდან ვემიჯნები ფემინიზმზე საჯაროდ საუბარს. ჩემი პროფემინისტობა და საჯაროდ ფემინიზმზე საუბარი ერთი დიდი „ნორმატიული“ ნაგავია. არ მინდა ასეთი პრივილეგია და არც ამის გამო დაკოცნილი ლოყის თავები. ჩემთვის მინდა. მარტოს ოთახში. იქნებ მოვერიო პატრიარქალური დივიდენდებისაგან გაზულუქებულ ღაბაბიან არსებას.
[1] შეგვიძლია გავიხსენოთ ბიოლის ფონდის აქტივობა, რომლის ფარგლებშიც კაცები ვსაუბრობდით ფემინიზმზე. პირადად ჩემი და სხვა ბლოგები საკმაოდ ნარცისულ-კომიკური გამოვიდა.
[2] ტერმინი, რომელიც შეარჩია ჩემმა მეგობარმა, დავით მათურელმა ჩმორების/დაჩმორებისადმი სიძულვილისა და შიშის გამოსახატავად.
[3] ვეთანხმები და ვიზიარებ გიორგი მეგრელიშვილის პოზიციას. იხილეთ ბლოგი: „ფემინისტი კაცის რადიკალური სიჩუმე“ http://www.feminism-boell.org/ka/2015/12/03/peministi-kacis-radikaluri-sichume
მასალა პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ "Step"-ში.