როცა უცხოელი საქართველოში ჩამოდის ერთ კითხვას მისვამს: რატომ არის მეზობელ ქვეყნებში, თავი რომ დავანებოთ ევროპას მძღოლები ქვეითად მოსიაურულეებს გზას უთმობენ და საქართველოში არა? მე ვიჩეჩავ მხრებს ყოველ ასეთ შეკითხვაზე, და მართალი გითხრათ მიჭირს პასუხის გაცემა. თავიდანვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს თემა ეხება ყველას, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სოციალურ სტატუს, მდგომარეობას, ეროვნებას, სქესს, ჩვენ ყველა საგზაო მოძრაობაში მონაწილე ვართ ამა თუ იმ ფორმით. საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზების მონაცმებით, 2015 წლის სექტემბერში ჩატარებული დაკვირვებით ქართველი მძღოლების 76% არ უთმობს ზებრაზე გზას ქვეითად მოსიარულეს, საქართველოში ყოველი ათი ადამიანიდან მხოლოდ სამს ყავს მანქანა და შვიდი ადამიანი ყოველდღე გადაადგილდება ან ფეხით, ან ავტობუსით, ან მარშრუტკით. გამოდის, რომ ყოველდღიურად, ჩვენ მეგობარი, ოჯახის წევრი, შვილი, უბრალოდ ნაცნობი, რომლებიც შედიან ამ შვიდი ადამიანში არიან დიდი რისკის ქვეშ მოხვდნენ საგზაო ავარიაში, რადგან საშუალოდ წელიწადში საქართველოში 9000 მეტი ადამიანი იღებს ტრავმებს გზებზე და 600 მეტი იღუპება. ყოველი მესამე გარდაცვლილი საქართველოში ქვეითად მოსიარულეა და დღეში საშუალოდ 7 ქვეითად მოსიარულე იღებს სხვადასხვა სახის ტრავმას და უმეტეს შემთხვევაში სამწუხაროდ მძიმეს.
პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა საქართველოს გზებზე და ტრანსპორტში, რადგან ჩვენ ყველა ამა თუ იმ ფორმით ფეხით მოსიარულე ვართ და ჩვენის მოსახლეობის უმრავლესობა ფეხით გადაადგილდება. ასევე ირღვევა იმ ადამიანების უფლებები ვისაც ვისაც მანქანის ტარება უნდა, თუმცა ამის ნერვი არ აქვს. მინდა გითხრათ, რომ ასეთი კატეგორიაც არის საქართველოში და ის მზარდია, რადგანაც მანქანის ტარება საქართველოში სულ უფრო და უფრო ასოცირდება დიდ ფსიქოლოგიურ სტრესთან, სერიოზულ კონფლიქტებთან, რომელიც ხშირად ფიზიკურ დაპირისპირებაში გადადის. ტრანსპორტს, მოძრაობას უკავშირდება, ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა თბილისის ქუჩებში ყველაზე ხშირად ისმენთ, ეს არის აქ გაჩერება შეიძლება? არა, იმ ადამიანმაც იცის, რომ არ შეიძლება, თუმცა სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. ხშირად ეს შეკითხვა უსიამოვნო დიალოგში გადადის.
როცა ამ აღნიშნულ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ალბათ ყველაზე ხშირად გაიგონებთ გამოთქმას, ჩვენი მენტალობა სხვაა, მე ეს თემა არ მეხება და ნიჰილისტური დამოკიდებულება, ევროპა სხვაა და იქ ვიცავ, ქართველი ვერ გამოსწორდება, იმდენი პრობლემაა საქართველოში და ამის დრო არ არის ახლა, საქართველოს მთაგორიანი ლანდშაფტი ართულებს ამ საკითხის მოწესრიგებას, ჩვენი მენტალობა სხვაა და ევროპას, ან სხვა წარმატებულ ქვეყნებს რატომ ვადარებთ ჩვენს თავს. ქართველის მენტალობა არ იცვლება, თუ არ მოგწონს აქ მაშინ წადი ევროპაში და იქ იცხოვრე...
ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის იმის გააზრება, რომ რომ გზა არის საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტი, და ის ყველას თანაბრად ეკუთვნის, ყველას აქვს უფლება გადაადგილდეს უსაფრთხოდ და მიიღოს მაქსიმალური კომფორტი. ჩვენთან გზა, რომელიც საზოგადოებრივი სივრცე და სიკეთეა სამწუხაროდ გახდა თვითდამკვიდრების და სტატუტის, პრივილეგიების მოპოვების სფერო. ჯიპების კულტურა, როგორც ასეთი გზებზე დაცულობის შეგრძნებასთან ერთად, ერთგვარად ამ სოციალური სტატუსის დაფიქსირების საშულებაა. ქართველი როცა კაპიკს იშოვის, პირველი რასაც აკეთებს მანქანას ყიდულობს, რაც გადაადგილებისთან ერთად, უფრო თავის დამკვიდრების და საზოგადოებაში გამოჩენის, აღიარების სურვილია.
მძღოლების დიდ ნაწილს წუთი, წამები არ აქვს დაუთმოს მანქანას, ბავშვს, მოხუცებულს, რადგან ისეთ სასწრაფო საქმეზე მიდიან, რომ საქმე უფუჭდებათ. ჩვენთან სპეციალური კანონიც არის შექმნილი, რომელიც გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, გარკვეულ გარკვეული კატეგორიის მძღოლებს პრივილეგიებს აძლევს იმოძრაოს ჩქარად სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე.რამდენიმე ხნის წინ ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, და საინტერესო აღმოვაჩენა გავაკეთეთ, რომ მძღოლების დიდი ნაწილი იმიტომ არღვევს წესებს, რომ სადღაც აგვიანდებათ.
საქართველოს გზები სარკეა ქართული საზოგადოების, მისი ტოლერანტულობის, დემოკრატიულობის და ერთმანეთთან თანაცხოვრების კულტურის. რაც უფრო წლები გადის თბილისის ქუჩებიდან იდევნებიან ფეხით მოსიარულეები.ყველასთვის ყოველდღიური რეალობაა საქართველოს გზებზე არსებული აგრესიულობა, ფაქტიურად გზებზე გამოცხადებელია ომი, მძღოლი მძღოლს არ უთმობს, მძღოლი ქვეითს არ უთმობს, ქვეითი მძღოლს. უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე ადამიანი ვნახე, რომელიც ცდილობდა გზის გადაკვეთას იქ სადაც საჭირო არ არის და თან პირჯვარს იწერდა. ისეთი ცნებები, როგორიც არის გზის გაზიარება, დათმობა ლექსიკონიდან ამოვარდნილია. არადა გზა ყველა ჩვენთაგანის საკუთრებაა, არ აქვს მნიშვნელობა გვყავს, თუ არ გვყავს მანქანა, და შესაძლებელია მისი ისე გავიზიარება ერთმანეთთან, რომ ყოველდღე საქართველო გზებზე არ გვესმოდეს გინება, ლანძღვა, დამცირება, ერთმანეთის მიმართ ტოტალური უპატივცემულობის გამოვლინებები. საქართველოს გზებზე და ტრანსპორტზე მთავარი პრობლემა არის შიში, რომ შენ არავინ დაგჩაგროს, არ წაგართვას შენი ნაწილი, სივრცე გზისა. სახლიდან გამოსვლისას, ქვეითი თუ ხარ მძღოლი უკვე ემზადები ამ შენი სივრცის შესანარჩუნებლად და დასაცავად. დილიდან ყველა მომართულია გზებზე თავისი უფლებების დასაცავად, თუმცა ეს ბრძოლა არის უთანასწორო, რადგან მანქანაში მჯდომი, ყოველთვის გარშემორტყმულია ჯავშანით, ხოლო ქვეითად მოსიარულე კიდევ დაუცველი. ჩვენთან ქალაქში საშუალო სიჩქარე არის 70 კილომეტირი საათი, დადგენილია, რომ როცა მანქანა ეჯახება ქვეითად მოსიარულეს 30 კილომეტრი საათით მოძრავი, ამ უკანასკნელი გადარჩენის შანსი 80%, თუმცა როცა ეს სიჩქარე 70 კილომეტრი საათია, მაშინ შეჯახების ფატალურად დამთავრების შანსი 80%.
ბევრი თქვენგან იფიქრებს, რომ კანონი არ არის და იმიტომაც არ უთმობენ გზასო, როგორ გეკადრებათ, კანონში ძალიან კონკრეტულად არის გაწერილი მძღოლის, ქვეითად მოსიარულის უფლებები. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ის არის, რომ მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს სამწუხაროდ არ აქვს ინფორმაცია, რომ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც ქვეითთა გადასასვლელზე, ე.წ. „ზებრაზე“ მოქალაქეს გზას არ უთმობს, არღვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 პუნქტს, რაც იწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
მოკლედ ევროპა მართლა სხვაა და იქ ვიცავთ, თუმცა თუ ჩვენ გვინდა ევროპის ნაწილი ვიყოთ, მოდით აქაც დავიცვათ ეს წესები და დავუთმოთ ერთმანეთს გზაზე სივრცე, რადგან ის ყველას გვეყოფა.