„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს NATO-ს ღია კარის პოლიტიკას და როგორც 2008 წელს განვაცხადეთ, ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ფარგლებში, საქართველო გახდება NATO-ს წევრი", - ასე უპასუხა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო NATO-ს ვარშავის სამიტისგან მაშინ, როდესაც უკვე ვიცით, რომ მაპს ვერ მივიღებთ.
„ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ აღნიშნულ განცხადებას. ჩვენ ჩიკაგოს და უელსის სამიტებზე მოკავშირეებთან ერთად აღნიშნულ განცხადებას მხარს ვუჭერდით. იმასვე გავაკეთებთ ვარშავაშიც, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მომავალ წევრობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ჯონ კერიმ.
ჯონ კერის თქმით, დღესდღეობით საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი არაწევრი პარტნიორია:
„ამ პროცესს გრძელვადიანს უფრო ვუწოდებდი, ვიდრე შეფერხებას და იმედგაცრუებას, თუმცა ნამდვილად დადგება ის დრო, როდესაც საბოლოო ნაბიჯები გადაიდგმება NATO-ში გაწევრებისთვის".
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დღეს გაფორმებულ მემორანდუმზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ის დადებითი მხარეები, რომლებიც ამ მემორანდუმს ახლავს. მისი განმარტებით, მემორანდუმის გაფორმებით ბევრი ის პროცესი ამოქმედდება, რომლების გაამარტივებს NATO-ს ქვეყნებისა და საქართველოს თანამშრომლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს NATO-ში გაწევრებისთვის.
„ჩვენ დღეს მაღალ შეფასებას ვაძლევთ ხელმოწერილ მემორანდუმს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს საუკეთესო პრაქტიკა აღვასრულოთ თავდაცვის სფეროში და შემდგომ მოვემზადოთ NATO-ს მიმართულებების განხორციელებაში. დოკუმენტი გულისხობს ერთობლივი წვრთნების გამართვას, კომპეტენციების გაცვლასა და შემდგომი წვლილის შეტანას საქართველოში NATO-ს საუკეთესო პრაქტიკის განხორციელების საკითხში. აქ ასევე შესულია, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვრების დაცვისა და ინფორმაციის გაზიარების თემებიც", - განაცხადა ჯონ კერიმ.