Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წმინდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის კრიტიკა

07 ივლისი 2016

ბოლო დროს, წინასაარჩევნო გარემოსა და ქალბატონი თავდაცვის მინისტრის გადაწვეტილების შემდეგ, გახშირდა საუბარი იმაზე, უნდა არსებობდეს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური. თუ უნდა არსებობდეს - რა ფორმით, ხოლო თუ არ უნდა არსებობდეს - რატომ არ უნდა არსებობდეს.

ამ სამსახურის გაუქმების მომხრეებს ბევრი არგუმენტი აქვთ: ახალგაზრდებს 1 წელს ტყუილად ვაკარგვინებთო; უნივერსიტეტებში მარტო იმიტომ აბარებენ, რომ ჯარში არ გაიწვიონო; ბევრ წარმატებულ ახალგაზრდას პრობლემები ექმნება კარიერაში, რადგან სამსახურს 1 წლით არავინ შეუნახავსო; ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ვერაფერში წაადგება ასეთი ჯარისკაციო; სახელმწიფო ამ ხალხს უბრალოდ ყარაულებად იყენებს, რადგან 40 მილიონის გამოყოფა არ უნდა პროფესიონალების დასაქირავებლადო და ასე შემდეგ.

მოკლედ, მიზეზი ბევრია და ყველა თავისებურად ლეგიტიმურია. შევეცდები სავალდებულო სამხედრო სამსახურის პრობლემა ოდნავ სხვა მხრიდან დაგანახოთ.

საქართველოს სახელმწიფო ყოველ წელს დაახლოებით 6-7 ათას ახალწვეულს იწვევს სავალდებულო სამხედრო სამსახურში “ქვეყნის წინაშე მხედრული ვალის მოსახდელად” (ესეც გაუგებარია, თუ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ “ყველამ უნდა მოიხადოს მხედრული ვალი”, რატომაა ეს ვალი ვალდებულება წვევამდელების მხოლოდ მცირე ნაწილისთვის და არა ყველასთვის).

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გავიდა 25 წელი.

მარტივად რომ გადავიანგარიშოთ, ამ 25 წლის მანძილზე სახელმწიფომ სავალდებულო ჯარში გაიწვია 170 000 მამაკაცი, რაც საქართველოს შრომისუნარიანი მამაკაცების 17%-ია. (ჯამში შრომისუნარიანი მოსახლეობა დაახლოებით 2 მლნ-ია, რომლიდანაც, სავარაუდოდ, ნახევარი ქალია).

ამ 170 000 ახალგაზრდა მამაკაცის 30% ნამყოფია ყაზარმულ ჯარში, დანარჩენი 70% კი -  სახელმწიფომ მათი ცხოვრების მანძილზე ერთხელ წაიყვანა 10-დღიან კარანტინში, სადაც ასწავლა “შაგაობა”, ყარაულობა და ასროლინა სულ 10 ტყვია, შემდეგ კი ერთი წელი (ან წელიწადნახევარი) აყურყუტა რომელიმე ციხის თუ კერძო ობიექტის დაცვაში.

სახელმწიფოსთვის როგორც ის 30%, ასევე დანარჩენი 70%-იც არიან ჯარისკაცები. სამხედრო ბილეთში უწერიათ “მსროლელი” და ქვეყანას რომ დასჭირდეს, მოუწევთ სხვადასხვა საბრძოლო დავალების შესრულება (თუნდაც ეს იყოს მთავარი ჯარის ზურგში მყოფი რაიმე ობიექტის დაცვა. ზურგში ყოფნა იმის გარანტია არაა, რომ ამ “ჯარისკაცებს” არაფერი ემუქრებათ და ამიტომ მომზადება არ მოეთხოვებათ).

თუ რომელიმე სამხედრო ექსპერტი გეტყვით, რომ, თუ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ იარაღი სჭერია, ის საბრძოლო ერთეულია და სულ უცოდინარ მოქალაქეს მაინც სჯობია სამხედრო მოქმედებებისას,  ეს ექსპერტი ან იბრალებს ექსპერტობას, ან გატყუებთ.

იმისთვის, რომ ადამიანი გახდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დასაყრდენი, მას სისტემატიური წვრთნა სჭირდება. საქართველოს სახელმწიფოს კი ამის რესურსი არ აქვს.

მილიტარისტებს მაგალითად შვეიცარია მოაქვთ. ამ ნეიტრალურ ქვეყანას ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო რეზერვი მოსახლეობასთან მიმართებაში... მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით, შვეიცარიას საკმარისი ფული აქვს იმისთვის, რომ მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველ წელს 2 კვირით წაიყვანოს და ინტენსიური წვრთნები ჩაუტაროს.

შვეიცარია საბრძოლო უნარ-ჩვევების რეზერვისტებს ამზადებს.

საქართველო ამზადებს საზარბაზნე ხორცს.

სახელმწიფო, რომელიც მის მიერ სავალდებულო ჯარში გაწვეულ ახალგაზრდებს მხოლოდ ერთხელ, ისიც 10 დღით წვრთნის, ამ ახალგაზრდების მიმართ სრულიად უპასუხისმგებლოდ იქცევა, რადგან საომარი მოქმედებების შემთხვევაში, ეს ახალგაზრდები განწირული ჰყავს საზარბაზნე ხორცად. ანუ, რამე რომ მოხდეს, სახელმწიფოს გასაწირად გამზადებული ყავს ქვეყნის შრომისუნარიანი მამაკაცების 17%, თან ისე, რომ ამ 17%-ის წვლილი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში იქნება მიზერული (თუ პირიქით ხელი არ შეუშალეს პროფესიონალ სამხედროებს). ასეთ სისტემას არ აქვს მორალური უფლება ჩვენგან მოითხოვოს სამხედრო ვალის შესრულება, რადგან თვითონ იქცევა სრულიად უპასუხისმგებლოდ. ასეთი სისტემა უღირსია.

ამიტომ (და სხვა მრავალი, სტატიის დასაწყისში მოტანილი მიზეზის გამო) სავალდებულო სამხედრო სამსახური, იგივე “სავალდებულო ყარაული” ამ ფორმით უნდა გაუქმდეს. ამ გაუქმების შემდეგ კი შეგვიძლია მშვიდად დავჯდეთ და გავაანალიზოთ, რა რესურსი აქვს ქვეყანას და როგორ შეიძლება ამ რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება. თუ ფული გვყოფნის  წელიწადში მხოლოდ 50 მაღალკვალიფიციური სამხედროს მომზადებაზე,  ეს 50 მეომარი გვერჩივნოს 5000 შეშინებულ ახალგაზრდას, რომელიც სიტუაციის ნებისმიერი ესკალაციის დროს განწირულია.

პატივისცემით

სავალდებულო ყარაულგამოვლილი ახალგაზრდა.

ჰერმან საბო - "გირჩის" თანადამფუძნებელი, პოლიტოლოგი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^