Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ ჭიანურდება სასამართლო რეფორმა

08 ივლისი 2016

უკვე ორი წელია, საზოგადოება სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის მოლოდინშია. თუმცა პარლამენტმა  2016 წლის საგაზაფხულო სესია ისე დაასრულა, ამ ტალღის კანონად  ქცევა  ვერ მოახერხა. რატომ გაჭიანურდა  მასზე მუშაობა, საპარლამენტო განხილვა და რატომ ვერ შეთანხმდნენ დაინტერესებული მხარეები  ორი წლის განმავლობაში კანონპროექტების შინაარსზე, ამაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს. შედეგი კი ისაა, რომ სასამართლო სისტემა კვლავ ხარვეზიანი კანონმდებლობით აგრძელებს მუშაობას.

მესამე ტალღა 11 კანონპროექტს მოიცავს. მისი ინიცირება პარლამენტში 2015 წლის ივლისში მოხდა და  მას შემდეგ ბევრი შინაარსობრივი ცვლილება განიცადა. თუმცა საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით ის მხოლოდ 2016 წლის თებერვალში განიხილა, მეორე მოსმენით კი - ამავე წლის აპრილის ბოლოს. კანონპროექტების კანონად გადაქცევას მხოლოდ ერთი ნაბიჯი,  პლენარულ სხდომაზე განხილვა  აკლდა.

თუმცა  24 ივნისს საგაზაფხულო სესია ისე დაიხურა, რომ რეფორმის მესამე ტალღის კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე არ გაუტანიათ. იუსტიციის სამინისტრომ ამის მიზეზად რამდენიმე საკითხზე შეუთანხმებლობა დაასახელა და განმარტა, რომ პლენარულ სხდომაზე მის გატანას აზრი არ ჰქონდა, რადგან ის კანონმდებელთა უმრავლესობის მხარდაჭერას მაინც ვერ მოიპოვებდა. ეს არგუმენტი გაუგებარი აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისთვის. მისი განმარტებით, კანონპროექტში ვეღარაფერს შეცვლიდნენ და ამიტომ მისი განხილვის გადადებას აზრი არ ჰქონდა. ის ან არსებული ფორმით უნდა მიეღოთ, ან საერთოდ უარი უნდა ეთქვათ მის დამტკიცებაზე. უსუფაშვილმა ამ რეფორმის პოლიტიკურ მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და კოლეგებს მიანიშნა, რომ რეფორმის გაჭიანურება სისტემისთვისაც და მათთვისაც  პოლიტიკურად ზიანის მომტანი იყო.

კანონპროექტების განხილვის გადადების მიზეზი  იურისტებისთვისაც  გაუგებარია, რადგან პლენარული სხდომა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და მანამდე, წესით,  კანონმდებლებს შორის ყველა საკითხი უკვე გარკვეული უნდა ყოფილიყო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტების მენეჯერი გია გვილავა ამაზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას კანონის მისაღებად პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდა. იურისტის შეფასებით, ეს მმართველ გუნდზე დადებითად არ აისახება, რადგან ისინი სასამართლოში არსებული პრობლემების მოგვარებაზე მზაობას გამოთქვამდნენ, მაგრამ დაპირება არ შეასრულეს. რეფორმა რომ რისკის ქვეშ იყო, ეს იურისტებს  გაჭიანურებულმა პროცესებმა და  კანონპროექტებში ბევრი ცვლილების შეტანამ აჩვენა. ამიტომ, გია გვილავას დადებითი მოლოდინები არ აქვს.

„რის გამო მოხდა ასე და რა ობიექტური გარემოებები არსებობდა, ეს უკვე საზოგადოებამ განსაჯოს. თუმცა მე არ მგონია, რომ ობიექტური მიზეზები არსებობდა, უფრო სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების პრობლემებზე აისახება, ამან კი ყველა მოქალაქის ცხოვრებაზე შეიძლება იქონიოს გავლენა“,- აღნიშნავს „ლიბერალთან“ საუბრისას გია გვილავა.

რეფორმის მესამე ტალღას სასამართლო სისტემაში ყველაზე ხანგრძლივს უწოდებს „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი სოფო ვერძეული. მისი განმარტებით, კანონპროექტების განხილვას თან  ბუნდოვანი პოლიტიკური პროცესები და პროექტის შინაარსის მნიშვნელოვნად შეცვალა სდევდა, თუმცა ის კანონად ვერ იქცა. ამის მიზეზი იურისტისთვის  მიზანმიმართული ქმედებებია და არა რაიმე ტექნიკური ხარვეზი.

 „რა გავლენა იქონია ამან სასამართლო სისტემაზე, ეს ყველაზე კარგად იუსტიციის საბჭოს მუშაობაზე ჩანს, რომელიც აგრძელებს მოსამართლეების დანიშვნას ფორსირებული, ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი პროცესით. და ახერხებს იმას, რომ გარკვეულ ვადებში მისთვის სასურველი კანდიდატურები გაიყვანოს კონკურსში და სასამართლო დააკომპლექტოს მანამდე, სანამ კანონში თუნდაც მინიმალური ცვლილებები შევა“.

სოფო ვერძეული განმარტავს, რომ რაც უფრო ხანგრძლივდება რეფორმის გატარება, მით უფრო ნაკლები ვაკანტური ადგილი რჩება სასამართლოში. პარლამენტმა არჩევნებამდე ამ ცვლილებების დამტკიცება რომ შეძლოს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი უკვე ჩავლილი იქნება. ამან კი ისეთი ზიანი შეიძლება მოუტანოს სასამართლო სისტემას, რაც მერე რეფორმებით ვეღარ გამოსწორდება.

იურისტი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების პრეტენზია და განწყობა უკვალოდ არ ჩაივლის და პოლიტიკურ პროცესებზე შესაბამის გავლენას იქონიებს.

რატომაა მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმა? ის ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი; დისციპლინური დევნა, რაც წლების განმავლობაში მოსამართლეებზე ზეწოლის იარაღს წარმოადგენდა; ასევე, სასამართლოებში საქმის ელექტრონული განაწილება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში შესულ საქმეებს მოსამართლეებზე არა სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ სპეციალური პროგრამა  გაანაწილებს.

მესამე ტალღის რეფორმის მნიშვნელობასა და დროულად მიღების აუცილებლობაზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც საუბრობს და ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს  კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე კი აცხადებს, რომ მესამე ტალღის რეფორმის გატარება პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ რამდენი კანონიც არ უნდა მიიღოს პარლამენტმა, ვიდრე გარკვეული ჯგუფი სასამართლო ხელისუფლების სადავეებს ხელში არ ჩაიგდებს, მანამდე ამ მიმართულებით კრიტიკა არ შეწყდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^