დღეს, სტუდენტურმა მოძრაობა „აუდიტორია 115-მა“ ის სტუდენტები დაასახელა, რომლებიც მოძრაობის მხარდაჭერით უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნებში იყრიან კენჭს.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე „აუდიტორია 115-ის“ მხარდაჭერით კენჭს იყრის ამავე ფაკულტეტის სტუდენტი, მოძრაობის წევრი გიორგი ჯავახაძე; იურიდიულ ფაკულტეტზე - თორნიკე გერლიანი; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე - მარიამ ბაღდავაძე; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - თორნიკე შევარდნაძე; ეკონომიკისა და ბიზნესის ფეკულტეტზე - ლადო შუბითიძე; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე - ანანო ბასილაია.
მოძრაობის წევრის, ლევან ლორთქიფანიძის თქმით, მათ ორი მიზანი აქვთ: პირველი - უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება, ევროპული სტანდარტის დამკვიდრება მეცნიერებასა და განათლებაში. მეორე - უნივერსიტეტში ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ძალაუფლების გადაცემა მრავალფეროვან, თავისუფალ და თანასწორ სტუდენტურ ინიციატივებზე.
სენატი უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც შეიმუშავებს და აკადემიური საბჭოს მონაწილეობით განიხილავს უნივერსიტეტის წესდებას, განიხილავს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს; შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას.
მოძრაობის წევრი სტუდენტების თქმით, მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ფუნქციებისა, სენატი წლების განმავლობაში გაუმჭვირვალე, ფორმალური ორგანო იყო, რომელიც თავის ფუნქციებს სრულყოფილად ვერ ახორციელებდა.
„სენატი არის ერთადერთი პირდაპირი წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც საუნივერსიტეტო მასშტაბით, ერთად იყრიან თავს სტუდენტები და ლექტორები, სენატი არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი სტუდენტების მონაწილეობისა საუნივერსიტეტო დემოკრატიის შექმნისა და ჩამოყალიბების პროცესში", - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე და განმარტავს, რომ სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სენატში დამოუკიდებელი სტუდენტები მოხვდნენ, რათა მათ სენატის მუშაობა უფრო ქმედითი, მრავალფეროვანი და გამჭვირვალე გახადონ.
„ერთადერთი კონკურენტი, რომელიც ჰყავს „აუდიტორია 115-ის“ სტუდენტებს ამ არჩევნებში ეს არის, სტუდენტების მიერ არჩევნებში მონაწილეობისგან თავის შეკავება. თუ სტუდენტები მოვლენ არჩევნებზე ჩვენ გავიმარჯვებთ დიდი უპირატესობით, სტუდენტების 50% მაინც რომ მოვიდეს არჩევნებზე, ეს ნიშნავს, რომ იმ სისტემის ნგრევა, რომელიც წლების წინ დაიწყო დასრულდება", - ამბობს ის.
თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) შემადგენლობაში ფაკულტეტის წარმომადგენლების რაოდენობის ზრდის, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენლების შეყვანისა და ვადამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრების ნაცვლად ახალი წევრების არჩევის მიზნით, არჩევნები 15 ივლისს გაიმართება.
ამჟამად საბჭოში 42 წევრია. არჩევნების შემდეგ საბჭოს წევრთა რაოდენობა 74 გახდება.
წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება 4 წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.
აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს ირჩევს - ფაკულტეტის დოქტორის ხარისხის მქონე აკადემიური პერსონალის ყველა წევრი; სტუდენტების წარმომადგენლებს ირჩევს - ფაკულტეტის ყველა სტუდენტი; დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენლებს ირჩევს - დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრი.
სენატში არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგის მქონე იმდენი კანდიდატი, რამდენ ადგილზეც გამოცხადდა არჩევნები. არჩევნები შემდეგ ადგილებზე ცხადდება:
- აეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: სტუდენტი-4;
- ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 1, სტუდენტი - 2;
- იურიდიული ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 1, სტუდენტი - 2
- მედიცინის ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 3;
- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 1, სტუდენტი - 1;
- ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი: სტუდენტი - 1;
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 1, სტუდენტი - 2;
- თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი -1;
- თსუ თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი -1;
- თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი -1;
- თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი -1;
- თსუ ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი -1;
- თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი -1;
- თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი -1;
- თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი-1;
- თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი - 1;
- თსუ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი -1;
- თსუ ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი -1;
- თსუ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი -1;
- თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი -1;
- თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი -1
კანდიდატთა რეგისტრაცია დღეს, 18 საათზე შეწყდა. კენჭისყრა იწყება არჩევნების დღეს 10.00 საათზე და მთავრდება 17.00 საათზე. არჩევნების შედეგები კი ცხადდება იმავე დღეს, არაუგვიანეს 23 საათისა.