ზოგადი განათლების სისტემის დაფინანსების ზრდა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გაუქმება, სისტემის დერეგულირება და საგანმანთლებლო სივრცეში ჯანსაღი ეკონომიკური საფუძვლების დაბრუნება, ეროვნული გამოცდების თვისობრივი შეცვლა - ასე გამოიყურება პოლიტიკურ პარტიათა ძირითადი გეგმები განათლების სფეროსთან მიმართებით.
პოლიტიკური პარტიების ნაწილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციამდე “ლიბერალის” შეკითხვას - რას გეგმავენ განათლების სფეროსთან მიმართებით და რას ჰპირდებიან ამომრჩეველს ამ სფეროს განვითარებისთვის - პასუხი არ გასცა. კერძოდ, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", "რესპუბლიკური პარტიის“, "დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოსა" და "მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისათვის" წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ამ თემაზე წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრებენ.
პარტიების ნაწილი განათლებასთან დაკავშირებით მათ გეგმებზე უკვე ღიად საუბრობს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მოძრაობის წევრის სერგო რატიანის თქმით, პარტიის პრიორიტეტი ზოგადი განათლება და მისი რეფორმაა. რეფორმა კი სკოლის ავტონომიის გაძლიერებასა და ვაუჩერული დაფინანსების გაზრდას გულისხმობს.
კერძოდ ნაციონალური მოძრაობა გეგმავს ვაუჩერული დაფინანსება 50%-ით გაზარდოს, რაც, სერგო რატიანის თქმით, მასწავლებელთა მინიმალური ხელფასის 650 ლარამდე ზრდას უზრუნველყოფს.
მისივე თქმით, პარტია გეგმავს სკოლების დამოუკიდებლობა უზრუნველყოს და არ ჩაერიოს ისეთ პროცესებში, როგორიცაა დირექტორთა არჩევა/დანიშვნა.
"რასაკვირველია, სახელმწიფოს ვალდებულება არის კონტროლი, მაგრამ სკოლის მართვა, უშუალოდ სკოლებმა უნდა განახორციელონ. ამიტომ ჩვენ მათ მივცემთ მეტ ავტონომიას. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ბევრი პრობლემა იყო, როდესაც ფაქტობრივად "ქართული ოცნება" დირექტორების შერჩევის პროცესში ერეოდა, მაშინ, როცა დირექტორები სკოლამ უნდა შეარჩიოს”, - თქვა მან.
რატიანი ამბობს, რომ მოძრაობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გაუქმებას გეგმავს, ვინაიდან, მათი აზრით, სქემა პროტექციონიზმისა და კორუფციის საფუძველია: "მასწავლებელი ფაქტობრივად დამოკიდებულია სკოლის მენეჯმენტზე. ჭარბობს სუბიექტური ფაქტორები, ამ სუბიექტური კრიტერიუმებით მასწავლებელი არის სრულიად დაუცველი და ის ხდება ან ბიუროკრატიის ან პოლიტიკური წნეხის მსხვერპლი, სქემა უნდა გაუქმდეს და ჩვენ ობიექტურ კრიტერიუმებს შევთავაზებთ მასწავლებლებს".
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა 2015 წლის თებერვალში დამტკიცდა. სქემით გათვალისწინებულია: პროფესიის პრესტიჟის გაზრდა, ახალი კადრების მოზიდვა, პედაგოგების კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლება.
რატიანი ამბობს, რომ პრიორიტეტული იქნება უნივერსიტეტების ავტონომიურობის, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსების გაზრდა.
"ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არ შეცვლილა სტუდენტების დაფინანსების წესი. დაფინანსების ის წესი, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია ხელმძღვანელობს, ბევრ სტუდენტს დაფინანსების მიღმა ტოვებს. "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაზარდა დაფინანსებულთა რიცხვი, დღეს მათი რაოდენობა დაახლოებით 10 000-ია. დაფინანსებულთა რიცხვის გაზრდა შესაძლებელია, ჩვენ ვგეგმავთ ყოველწლიურად 5 000 სტუდენტით მეტი დავაფინანსოთ", - ამბობს ის.
გარდა ამისა, მისი თქმით, იგეგმება დისტანციური სწავლების განვითარება და საზღვარგარეთ მოწინავე უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსების გაორმაგება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამაში განათლების მიმართულებით ასევე პრიორიტეტულია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ეთნიკურ უმცირესობებში ქართული ენის პოპულარიზაცია და უცხოენოვანი მასწავლებლების სასწავლო პროცესში ჩართვა. ასევე, როგორც რატიანი ამბობს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სკოლამდელ განათლებას.
ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი
"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" პრიორიტეტი ზოგადი განათლების სისტემის დერეგულირებაა:
როგორც "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" ვებგვერდზე განთავსებულ საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ, პარტიის ხედვით, უნდა შეიცვალოს ვაუჩერული დაფინანსების არსებული მოდელი, რაც, პირველ რიგში, ვაუჩერის ოდენობის ზრდას გულისხმობს.
დღეს მოქმედი კანონით ერთ მოსწავლეზე სკოლა წელიწადში საშუალოდ 400 ლარამდე იღებს. ვაუჩერის მოცულობა დამოუკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ბავშვი სწავლობს სკოლაში (კონტიგენტდი: მცირე, საშუალო, დიდი) და სად მდებარეობს სკოლა გეოგრაფიულად.
პროგრამის ერთ-ერთი ავტორი ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ზოგადი განათლების სფეროზე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები, მაგალითად, ის ფული, რომელიც იხარჯება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, მასწავლებლების გადამზადებაში და ა.შ., უნდა შეიკრიბოს და თანაბრად გადანაწილდეს მოსწავლეებზე. ამგვარი გაანგარიშებით მეგრელიშვილი ამბობს, რომ თვეში ერთი ბავშვი 100 ლარის ოდენობის ვაუჩერს მიიღებს, რაც წელიწადში 1200 ლარს შეადგენს. მეგრელიშვილი ამბობს, რომ თანხა თანაბრად უნდა განაწილდეს ყველა ბავშვზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სკოლაში თუ რეგიონში სწავლობს.
“გირჩის” ერთი - ერთი პრიორიტეტი ზოგადი განათლების სფეროში საჯარო სკოლების პრივატიზების პროცესის ხელშეწყობა და საგანამანთლებლო სივრცეში ჯანსაღი ეკონომიკური საფუძვლების დაუბრუნებაა.
კერძოდ, მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ გაზრდილი ვაუჩერის პირობებში სკოლებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, რომ გახდნენ მომგებიანი ორგანიზაციები, გადაუხადონ სახელმწიფოს საიჯარო გადასახადი და მოახდინონ სკოლის პრივატიზაცია.
“თითოეული სკოლის განკერძოების პირობა იქნება სკოლის საიჯარო გადასახადის შვიდმაგი ოდენობის გადახდა. ხუთიდან ერთი სკოლის განკერძოების შემთხვევაში, ბიუჯეტი მიიღებს 200 მილიონ ლარზე მეტს. ეს სკოლის ადმინისტრაციას, დირექტორსა და მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევთ, გადაწყვიტონ, რომ სკოლა გახდეს კერძო, ანუ ამ სკოლის პრივატიზება მოხდეს. შესაბამისად, თუ ისინი წავლენ ბანკში აიღებენ კრედიტს და დაფარავენ შვიდი წლის საიჯარო თანხას, სკოლა გახდება კერძო. ეს გაზრდის მათ მოტივაციას, თანაბარ პირობებში ჩააყენებს ყველა სკოლას".
მისივე თქმით, ამ დაფინანსების შემთხვევაში, მასწავლებლის საშუალო ხელფასი 900-1000 ლარის ფარგლებში იქნება. შესაბამისად, ამ სქემით მუშაობის შემთხვევაში მასწავლებლების ხელფასი დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზრდება.
საარჩევნო პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია დერეგულაციაზე, ანუ შესაძლებელი გახდება განათლების მიღება განსხვავებული ფორმებით - სკოლაში, ოჯახში, ონლაინსწავლება. განათლების მიღების ალტერნატიულ ფორმებს მოსწავლეებს თავად სკოლაც შესთავაზებს.
"ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ბაზრის კონკურენციას განაპირობებს და მშობლის გადასაწყვეტი იქნება, რა ფორმის განათლებას მიიღებს მისი შვილი. მას არ დაავალდებულებს სახელმწიფო, რომ მიიღოს სტანდარტული განათლება, როგორც ეს დღეს ხდება. დღეს არაფორმალური განათლება ჩვენს ქვეყანაში ფაქტობრივად აკრძალულია. შესაბამისად, თუ მოხდება დერეგულაცია, სკოლებს საშუალება ექნებათ, რომ გამოიყენონ მრავალფეროვანი სახელმძღვანელოები, რომლებიც დღეს აკრძალაულია".
პარტია გეგმავს, რომ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს, რომლის ოჯახი სოციალურად დაუცველია, დაუნიშნოს სახელმწიფო დაფინანსება. შესაბამისად, დაფინანსებას ვერ მიიღებენ ძალიან შეძლებული და მდიდარი ოჯახების სტუდენტები.
მეგრელიშვილის თქმით, დღევანდელი სქემა, რომლის თანახმადაც სტუდენტი იღებს დაფინანსებას გამოცდაზე მიღებული მაღალი ქულებით, არასწორია, რადგან, როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, დაფინანსებას უმეტესად შეძლებული ოჯახის სტუდენტები იღებენ. პარტიის ხედვით, ეს მოდელი ნაწილობრივ უნდა შენარჩუნდეს, უფრო კონკრეტულად კი კვლავ იარსებებს რაღაც ზღვარი, რომლის გადალახვაც ნიშნავს, რომ სტუდენტს შეუძლია ამა თუ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღება. იმ ოჯახის სტუდენტები კი, რომლებიც სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებენ, ავტომატურად მიიღებენ სწავლის სრულ დაფინანსებას.
პროგრამაში ნათქვამია, რომ თვისობრივად შეიცვლება ერთიანი ეროვნული გამოცდების არსი და შეიქმნება ამერიკული მოდელის GMAT-GRE-TOEFL-ის მსგავსი სისტემა. უმაღლესი სასწავლებლები თავად დაადგენენ სტუდენტების მიღების პირობებს. სამეცნიერო საქმიანობის მართვა და დაფინანსება მთლიანად გახდება უნივერსიტეტების პრეროგატივა და ფინანსურად გახდება სტუდენტებისათვის სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტის ნაწილი.
ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები
„თავისუფალი დემოკრატები“ ჯერჯერობით ზოგადად საუბრობენ განათების მიმართულებით მათი მიზნების შესახებ. ალუდა გოგლიჩიძის თქმით, უფრო კონკრეტულად გეგმების შესახებ, პროგრამის განათლების მიმართულების პრეზენტაციისას ისაუბრებენ.
პარტიას საარჩევნო პროგრამაში სამი მთავარი გზავნილი აქვს. პარტიის წევრის ალუდა გოგლიჩიძის თქმით, იგეგმება იმგვარი განათლების სისტემის ამოქმედება, რომელიც ნებისმიერი ასაკისა და შესაძლებლობის ადამიანს დასაქმებაში, ხოლო ქვეყანას სწრაფ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის გარდა, პარტია მიზნად ისახავს ქმედითი რეფორმების გატარებას, რომელიც იქნება თანმიმდევრული და საზოგადოების მიერ გაზიარებული.
"ჩვენი ხედვით განათლების სისტემა მთლიანად უნდა იყოს ორიენტირებული განვითარებაზე, მათ შორის, პირველ რიგში, ეკონომიკურ განვითარებაზე, ასევე შრომის ბაზარზე. ამას პრინციპულად არ ვაცალკევებ, რადგან შეიძლება ადამიანები დასაქმდნენ, მაგრამ ამან ვერ მოიტანოს განვითარება".
გოგლიჩიძე ყურადღებას ამახვილებს ზოგადი განათლების სისტემაში საზოგადოების ჩართულობაზე.
"საუბარია რეალურ ჩართულობაზე და არა ფორმალურ ჩართულობაზე, როგორიც დღეს გვაქვს. ერთი მხრივ, კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა და არეგულირებს სკოლების დონეზე, მაგრამ ეს არ არის ის ჩართულობა, რომელიც რეალურად საჭიროა. მშობლებისა და ადგილობრივი თემის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში რეალური უნდა იყოს. საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე, მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის იმედზე ძალიან ძნელია რაიმე წარმატებაზე საუბარი. ჩვენი მიზანია ამ მიმართულებით ხელი შევუწყოთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაზრდას", - ამბობს ის.
გოგლიჩიძე ამბობს, რომ თავისუფალ დემოკრატებს პროფესიული განვითარების ხელშეწყობის კუთხით ბევრი სერიოზული შეთავაზება ექნება პედაგოგებთან, ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.