2014 წელს 40-მა მუნიციპალიტეტმა და თბილისის 10-მა რაიონულმა გამგეობამ მართლმადიდებელი ეკლესიისა და მის დაქვემდებარებაში არსებული ეკლესიების სასულიერო პირების, ეპარქიებისა თუ იურიდიული პირებისთვის გამოყო სულ 4,738,539 ლარი (რეგიონები - 2,967,578 ლარი, თბილისი - 1,770,961 ლარი), - ამის შესახებ ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრსა (EMC)“ და „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" (TDI) ერთობლივ კვლევაში.
კვლევის მიხედვით, 2015 წელს, 48 მუნიციპალიტეტმა და თბილისის 10-მა რაიონულმა გამგეობამ საქართველოს საპატრიარქოს გადაურიცხა 3 966 590 ლარი (რეგიონები - 2 364 829 ლარი, თბილისი - 1 601 761 ლარი);
კვლევაში ნათქვამია, რომ 2012-2015 წლებში საპატრიარქოს მუნიციპალური დაფინანსების დინამიკა (მონაცემები არ მოიცავს თბილისში დაფინანსებას) აჩვენებს, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით, დაფინანსება გაზრდილია 23%-ით, ხოლო 2012 წელთან შედარებით - 54%-ით. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს 2009 წლის შემდეგ დაფინანსების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2015 წელს მუნიციპალური დაფინანსების მაჩვენებელმა 2014 წელთან შედარებით 20%-ით იკლო, თუმცა აღემატება 2012 წლის დაფინანსების მაჩვენებელს. რაც შეეხება თბილისს, 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, დაფინანსება თითქმის 20%-ით არის გაზრდილი;
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ 2014 წელს რეგიონებში საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოყოფილი მუნიციპალური დაფინანსების თითქმის ნახევრის ხარჯვის მიზნობრიობა უცნობია. იმ ნაწილში, კი სადაც თანხის მიზნობრიობა ცნობილია, პროცენტულად ყველაზე დიდი თანხა ეკლესიების მშენებლობა/რესტავრაციასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე იხარჯება, სოციალურ-საქველმოქმედო მომსახურებაზე კი, 1%-ზე ნაკლებია გამოყოფილი; 2014-2015 წლებში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული მიწების საერთო ფართობი მკვეთრად აღემატება წინა წლებში გადაცემული ქონების მასშტაბს;
მათი თქმით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან სხვა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება უმნიშვნელოა;