„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე წინასწარ პატიმრობაში ამჟამად კომპანიის ოთხი წარმომადგენელი იმყოფება. ოთხივეს ბრალად დიდი ოდენობით თანხების წინასწარ განზრახვით და ჯგუფურად მითვისება-გაფლანგვა ედება. „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები სისხლის სამართლის ამ საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებენ. თუმცა ეს კომპანიის წინააღმდეგ ერთადერთი საქმე არ არის, მას მენაშენეები თანხის მითვისებისა და ვალდებულების არშესრულების გამო წლების განმავლობაში უჩიოდნენ.
„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დაფუძნებელ მაია რჩეულიშვილს, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ გუკა რჩეულიშვილს, „ცენტრ პოინტ აჭარის“ დირექტორ ირაკლი მინდელსა და გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩხენკელს პროკურატურა 2004-2010 წლებში 20 მილიონ ლარზე მეტის მითვისება-გაფლანგვას ედავება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიების ვერსიით, კომპანიას ბათუმში 3 საცხოვრებელი სახლი უნდა აეშენებინა პუშკინისა და ბაგრატიონის ქუჩებზე, ხოლო რუსთაველზე - საცხოვრებელი კომპლექსი „თეთრი მაგნოლია“. მათ 2005-2010 წლებში მოქალაქეებისგან 64 219 606 ლარი მოიზიდეს. 2004-2006 წელს „ცენტრ პოინტ აჭარას“ დირექტორი სალომე ჩარკვიანი იყო, რომელმაც, პროკურატურის მტკიცებით, ამ პერიოდში მენაშენეთა მიერ შეტანილი თანხა, 3 756 017 ლარი სალაროდან გაიტანა და არამიზნობრივად გაფლანგა. 2006 წლიდან 2010 წლამდე ჩხენკელის ადგილს ირაკლი მინდელი იკავებდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ამ პერიოდში მენაშენეთა მიერ შეტანილი 15 984 828 ლარი არამიზნობრივად გაიფლანგა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ორივე მათგანი კავშირში იყვნენ მაია და გუკა რჩეულიშვილებთან და მათი მითითებით მოქმედებდნენ.
გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, გუკა რჩეულიშვილმა და ირაკლი მინდელმა 2007-2010 წლებში მენაშენეთა კუთვნილი 1 657 959 ლარიც მიითვისეს და, შესაბამისად, „ცენტრ პოინტ აჭარის“ მენაშენეთა მიმართ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს.
არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მეუღლისა და შვილის დაკავების შემდეგ ვახტანგ რჩეულიშვილმა ამ საქმეს მათ წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა უწოდა და ოჯახის ქონების ხელში ჩაგდების სურვილით ახსნა. თავად ბრალდებული გუკა რჩეულიშვილი კი “რუსთავი 2-თან“ საუბრისას ამ საქმეს საარჩევნო შოუს უწოდებს, რომელშიც პროკურატურა მის ჩართვას ცდილობს.
თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ ერთადერთი დავა არ არის. „ცენტრ პოინტ ჯგუფი“ 70 კომპანიისგან შედგება, მათ შორისაა 55 შპს და 15 ამხანაგობა, რომელიც სამ ადამიანს, ვახტანგ რჩეულიშვილს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ეკუთვნის. მის საქმიანობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2012 წელს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ჟურნალისტებისგან და მენაშენეებისგან მიღებულ ინფორმაციასა და ხელშეკრულებებს ეყრდნობა.
ანგარიშის თანახმად, „ცენტრ პოინტ ჯგუფმა“ ათასობით კლიენტი დაარწმუნა, შეესყიდათ ჯერ კიდევ არაშენებული ბინები, შემდეგ კი მათ მიერ მშენებლობაში გადახდილი 310 მილიონი აშშ დოლარი არამიზნობრივად გამოიყენა. კომპანიამ ვალდებულებების შესასრულებლად ახალი კლიენტების მოზიდვა და მათი თანხების გამოყენება დაიწყო. მაგრამ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო კომპანიამ საზოგადოების ნდობა დაკარგა და ვერც ახალი კლიენტების მოზიდვა შეძლო და ვერც მზარდი დეფიციტის დაფარვა. შედეგად თითქმის 6 200-მა ოჯახმა (დაახლოებით 30,000 ადამიანი) მათ მიერ გადახდილი თანხები და ბინები დაკარგა.
უკმაყოფილო მენაშენეებმა პროკურატურასა და სასამართლოს არაერთი განცხადებით მიმართეს. პროკურატურამ გამოძიების დაწყებაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ ეს სამოქალაქო დავა იყო. სასამართლომ პასუხისმგებელ კომპანიებს კლიენტების სახლების მშენებლობის დასრულების ან მათთვის შესაბამისი ანაზღაურების მიცემის ვალდებულება დააკისრა. თუმცა კომპანიების გადახდისუუნარობის საფუძველზე ამ გადაწყვეტილებების აღსრულება გადავადდა.
თუმცა TI თავის ანგარიშში ეჭვს გამოთქვამს, რომ „ცენტრ პოინტ ჯგუფს“ პირადი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში კომპანიის დამფუძნებლების სტატუსი და წინა მთავრობაში კავშირები დაეხმარა, რომელიც მაშინდელი მმართველი გუნდის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიაში მსხვილი შემოწირულობებით იყო გამყარებული (ვახტანგ რჩეულიშვილი 1995-2004 წლებში პარლამენტის წევრი იყო, რუსუდან კერვალიშვილი კი - პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე 2008-2012 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიიდან).
„2007–2008 წლებში „ცენტრ პოინტ ჯგუფმა“ და მასში შემავალმა კომპანიებმა, ყოველწლიური და საარჩევნო შემოწირულობების სახით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაახლოებით 900,000 ლარი გადაურიცხეს“, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2012 წლის ანგარიშში.
სიტუაცია არც „დექსუსმა“ გამოასწორა, რომელიც 2010 წელს „ცენტრ პოინტ ჯგუფმა“ მისი ქონებისა და შეჩერებული პროექტების უკეთ მართვისთვის დაიქირავა. ამის სანაცვლოდ კი მან კლიენტებს მდგომარეობა დაუმძიმა და მხოლოდ შენობების კედლების მშენებლობის ვალდებულებით შემოიფარგლა, ხოლო მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯების დაფარვა თავად დაზარალებულ კლიენტებს დააკისრა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურამ მიდგომა შეცვალა. მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი დაზარალებულებს მათი საქმის შესასწავლად სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნასა და ყველა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემას დაპირდა. როგორც ზემოთ ვნახეთ, გამოძიება მართლაც დაიწყო. თუმცა მაია რჩეულიშვილის და, „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი, ამჟამად „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ წინააღმდეგ მიმდინარე დავას სწორედ არჩილ კბილაშვილის ბიზნესინტერესებს აბრალებს.
„ეს საქმე არის პოლიტიკური. არჩილ კბილაშვილი, რომელმაც ჩემს დას საქმე აღუძრა, ერთ-ერთ ობიექტზე ჩვენი პარტნიორი იყო. მან წარმოუდგენლად უხეშად გამოიყენა თავისი ძალაუფლება. ნახევარი სახლი იყო ჩვენი, ნახევარი - კბილაშვილის. როგორც ჩანს, სახლის, რომელიც ჩვენ უნდა აგვეშენებინა და სადაც ჩვენ მილიონიანი ინვესტიცია განვახორციელეთ, მთლიანად გამორთმევა მოუნდა. ეს არის ჩემი აბსოლუტურად დასაბუთებული ეჭვი”, - განაცხადა კერვალიშვილმა კომპანიის ოთხი წარმომადგენლის დაკავების შემდეგ.
გუკა და მაია რჩეულიშვილების ადვოკატის, მარინა ცუცქირიძის ინფორმაციით, ამ საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო. პროკურატურამ ყველა საჭირო დოკუმენტი ამოიღო და ოთხივე ბრალდებული დაკითხა. ადვოკატის ინფორმაციით, ოთხივე მათგანი გამოძიებასთან თანამშრომლობდა. გარდა ამისა, მაია რჩეულიშვილი მის წინააღმდეგ არსებულ კიდევ ერთ საქმეზე მუდმივად ესწრებოდა სასამართლო პროცესებს. მას პირადობა ჩამორთმეული ჰქონდა და ამ სამი წლის განმავლობაში ქვეყანა არ დაუტოვებია. შესაბამისად, ადვოკატისთვის გაუგებარია, ახლა რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის მოთხოვნა. ადვოკატის ინფორმაციით, მათ სააპელაციო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით საჩივარი შეიტანეს და პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ გაიმართება.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დაზარალებულების გულის მოსაგებად უფრო წინასაარჩევნო პიარია და არა სამართლებრივი გადაწყვეტილება. ამით აჩვენეს, რომ პროკურატურა მუშაობს და ვითომ საშინელი ბოროტმოქმედები დაიჭირეს. სალომე ჩარკვიანი 10 წელია კომპანიის თანამშრომელი აღარაა. მას ხელი არ მიუწვდებოდა ფინანსებთან და ის ვერც მიზნობრივად და ვერც არამიზნობრივად თანხას ვერ გახარჯავდა. მას მხოლოდ კლიენტებთან უწევდა ურთიერთობა. 2006 წლის მერე სალომეს კომპანიასთან შეხება არ ჰქონია და დღეს როგორ უნდა გაანადგუროს მტკიცებულებები?“ - ამბობს მარინა ცუცქირიძე „ლიბერალთან“ საუბრისას.
ადვოკატი ბრალდებას შეთითხნილს უწოდებს და განმარტავს, რომ პროკურატურა ბრალდებულებს კომპანიის მიერ მოგების სახით მიღებული თანხის გაფლანგვას ედავება. გარდა ამისა, სამშენებლო პროექტი „თეთრი მაგნოლია“, რომლის თანხების გაფლანგვაც მათ ბრალდებათ, უკვე დასრულებულია და ხალხიც შესახლებულია.
„საკუთრებაში ბინას რომ მიიღებ და ფულს გადაიხდი, ამის სანაცვლოდ ეს ფული ხომ მისია, ვინც ის მოგყიდა და არა შენი. ხოდა ის რაში გამოიყენებს ფულს, ეს მისი საქმეა. აბსურდული ბრალდება აქვს პროკურატურას, რომ არამიზნობრივად გაიხარჯა მენაშენეთა ფული. თუმცა როგორ გამოდის კომპანიის მოგება მენაშენეთა ფული, გაუგებარია“.