Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კათოლიკური ეკლესიის სოციალური მსახურება საქართველოში

28 მაისი 2012

 

სტატისტიკის დეპარტამენტის 2004 წლის მონაცემებით, საქართველოში 34,000 კათოლიკე ცხოვრობს. თუმცა, რასაკვირველია ეკლესიის აქტიური წევრი ბევრად ნაკლებია.

 

გარდა ლათინური წესის კათოლიკებისა, საქართველოში სახლობს 20,000-მდე სომხური წესის და 1,500 ასირიულ-ქალდეური წესის კათოლიკე, რომლებიც ლათინური წესის კათოლიკეთა ეპისკოპოსს - მეუფე ჯუზეპე პაზოტოს დაქვემდებარებაში არიან.

სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან შედარებით საქართველოში კათოლიკურ ეკლესიას ყველაზე უფრო მასშტაბური სოციალური პროექტები აქვს.

კათოლიკური ეკლესიის სოციალურ მსახურებას, ძირითადად, კამილიელთა ორდენი და საქველმოქმედო ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასი" ახორციელებს.

საქართველოში კამილიელთა ორდენის დაარსების იდეა 1995 წელს გაჩნდა და 1998 წლიდან ორდენი საქართველოში მისიის განხორციელებას მთელი დატვირთვით შეუდგა.

1998 წლიდან ფუნქციონირებს ორდენის მიერ თემქაზე დაფუძნებული კლინიკა „კაცთა მაცხოვარი", რომელსაც მამა პავლე დილი ხელმძღვანელობს. 2009 წლამდე პოლიკლინიკის მედპერსონალი მხოლოდ გლდანი-ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ემსახურებოდა. 2009 წლიდან კი პოლიკლინიკას პაციენტები მთელი თბილისიდან ჰყავს. უფასო სამედიცინო სერვისი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის შენარჩუნებულია (აქვე ისინი სარგებლობენ ასევე საკვები პროდუქტების დახმარების პროგრამით). სხვა მოქალაქეებისთვის კი მომსახურების ღირებულება თითქმის ორჯერ ნაკლებია სხვა მსგავსი სამედიცინო დაწესებულებებთან შედარებით.

კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურითა და კვალიფიციური მედ-პერსონალით, რომელიც რეგულარულად გადის კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს უცხოეთიდან მოწვეულ სპეციალისტებთან.

კამილიელთა ორდენს ეკუთვნის ასევე შშმ პირთა ცენტრი სანზონაში, რომელიც 42 შეზღუდული შესაძლებლობების პირს (15-დან 50 წლამდე) დილის 9-დან საღამოს 5 საათამდე მასპინძლობს. მათთვის აქ ფუნქციონირებს კურსები არტ-თერაპიასა და შრომით თერაპიაში, კერძოდ: ძერწვის, ხატვის, ქარგვის და დურგლობის შემსწავლელი წრეები. ფუნქციონირებს მუსიკოთერაპიის კურსიც. ცენტრის ხსენებულ თერაპიულ პროცედურებს ხელმძღვანელობს ხუთი მასწავლებელი, რომლებიც ფსიქოთერაპევტ რევაზ კორინთელისა და ფსიქიატრ კობა კაბსონიძის მეთვალყურეობით მუშაობენ. ამავე ცენტრს უნარშეზღუდული პირებისთვის აქვს კომპიუტერული (სპეციალური პროგრამებით) და წერა-კითხვის შემსწავლელი კლასები.

კამილიელთა ორდენს აქვს ასევე „შინ მოვლის სამსახური", რომელსაც ხელმძღვანელობს მონაზონი კორინა მოგოლონი. პროგრამის ფარგლებში ექიმები და ექთნები დადიან იმ ოჯახებში, სადაც მარტოხელა მოხუცებს უვლიან. მსგავსი ცენტრი ფუნქციონირებს ახალციხეშიც, რომელიც კათოლიკური ეკლესიის წმ. ნინოს ორდენის ინიციატივით დაარსდა.

საქართველოში რომის კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი მეორე მსხვილი სტრუქტურა, რომელსაც საკმაოდ მრავალფეროვანი სოციალური პროექტები აქვს, საქველმოქმედო ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასია". 17 წლის წინ ამ ორგანიზაციამ წერეთლის გამზირზე კლინიკა გახსნა. 2009 წლამდე კარიტასის კლინიკა შეზღუდული რესურსების გამო მხოლოდ 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობას ემსახურებოდა. დღეს კი მისი მომსახურება ყველა ასაკის მოქალაქეზე ვრცელდება.

„კარიტასის" დაფუძნებულია აგრეთვე შეხვედრების ცენტრი „ჰარმონია" (მეტრო „დიდუბის" თავზე), რომელსაც ყოველდღიურად სტუმრობს 40-მდე მარტოხელა, ასაკოვანი ადამიანი. მათთვის ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის და რეაბილიტაციის ცენტრის სერვისები. აქ ერთი და იმავე თაობის ადამიანებს შეუძლიათ აღარ იგრძნონ თავი გარიყულად. ისინი დადიან ექსკურსიებიზე საქართველოს ისტორიულ ადგილებში, ასევე თეატრებში, კინოში, მუზეუმებში. მათთვის ასევე ეწყობა სხვადასხვა სახის ფოლკლორული მუსიკის და და ცეკვის საღამოები.

[pagebreak]

გარდა მოხუცებისა, აქ ცხოვრობენ მზრუნველობამოკლებული ბავშვებიც, რომელთათვისაც ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები: ქსოვის, ჭედვის, ხეზე კვეთის, ცეკვის და სხვ. 20 ობოლი და მიუსაფარი ბავშვი აქ როგორც დღის, ისე ღამის განმავლობაში ცხოვრობს. 30-მდე მოხუცი კი მხოლოდ დღის განმავლობაში იმყოფება აქ. 16 წლის წინ დაარსებულ ცენტრს დღემდე მამა ვიტოლდ შულჩინსკი ხელმძღვანელობდა, აქ სამი პოლონელი მონაზონი მუშაობს.

„კარიტასს" აქვს ასევე კარგად ორგანიზებული შინ მოვლის სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს ქ-ნი ნონა პირაევა. ამ ცენტრიდან ექთნები უშუალოდ ოჯახებში ანხორციელებენ ვიზიტებს და სხვადასხვა სახის ავადმყოფებს მარტივ სამედიცინო პროცედურებს უტარებენ, ეს სამსახური არ არის გათვლილი მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომლებსაც უფასოდ ემსახურებიან. დანარჩენები თითქმის სიმბოლური ფასად იღებენ ამავე მომსხურეობას. პროექტი ხორციელდება თბილისის, ქუთაისის, ოზურგეთის, გორის და რუსთავის რეგიონებში. ყოველწლიურად შინ მოვლის სერვისები 700-მდე ადამიანს მიეწოდება.

მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის „კარიტასს" რამდენიმე თავშესაფარი აქვს. 2009 წლიდან თბილისში (თ. ერისთავის ქ. №2) ფუნქციონირებს ორი მცირე სოჯახო ტიპის სახლი მზრუნველობამოკლებული 20-მდე ბავშვისთვის. ამ სახლში თითოეული ბავშვისთვის შემუშავებულია ინდივიდუალური გეგმა.

მეორე თავშესაფარია „ჩვენი სახლი", რომელშიც ამჟამად 7-დან 14 წლამდე ასაკის 17 ბავშვი ცხოვრობს, ძირითადად, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ბავშვები საჯარო სკოლაში დადიან. სკოლის შემდეგ კი სხვადასხვა წრეებზე ნაწილდებიან: ცეკვის, სიმღერის, ჭედურობის, ავტო-სახელოსნოს, კულინარიის, თექის, ჭადრაკი, ინგლისური და იტალიური ენები, კერამიკა, სადალაქო, ხის კვეთა და გალობა.

ამ ორგანიზაციის მეთვალყურეობის ქვეშ ფუნქციონირებს ასევე ღია ტიპის დღის ცენტრი, სადაც ქუჩაში ღამენათევ ბავშვს შეუძლია მიიღოს ცხელი შხაპი, გაირეცხოს ტანსაცმელი, მიირთვას ცხელი კერძი. აქ ბავშვები იღებენ ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას დახმარებას.

იმ ბავშვებთან, რომლებიც საწყის ეტაპზე უნდობლობის გამო არ სტუმრობენ დღის ცენტრს, მუშაობს მობილური ჯგუფი. მათთან ხშირად იმართება საუბრები ნარკოტიკების მოხმარებისა და პროსტიტუციის მძიმე შედეგებზე.

კათოლიკურ ეკლესიას კიდევ ერთი სათნოების სახლი - „ღვთიური მოწყალების მისიონერები" აქვს. ამ ორგანიზაციის წევრები ხალხში ცნობილნი არიან სახელწოდებით „დედა ტერეზას დები". ეს სახლი დედა ტერეზამ 1989 წლის ივნისში დააარსა, როცა თბილისს ეწვია ცხრა აპრილის ტრაგედიის შემდეგ დაზარალებულთა მორალური თანადგომისა და მათი დახმარების მიზნით. დღეს სათნოების სახლში ექვსი მონაზონი მსახურობს. ამ ორგანიზაციას აქვს ასევე მიუსაფართა სახლი და შინ მოვლის სამსახური (300 არაგველებზე). 1999 წლიდან დედა ტერეზას ორდენის ცენტრები ქუთაისში, გორსა და ბათუმშიც გაიხსნა.

რომის კათოლიკური ეკლესია საქართველოში ყოველ წელს აწყობს საზაფხულო ბანაკებს ახალგაზრდებისთვის - აბასთუმანსა და სოფელ ორპირში (ქუთაისთან). ბანაკის ახალგაზრდები ორ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა: 10 წლამდე და 11-დან 18 წლამდე. მათთვის ასევე რეგულარულად ეწყობა ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ კუთხეში.

კათოლიკური ეკლესია დასაშვებად მიიჩნევს ოჯახის დაგეგმვას მხოლოდ ბუნებრივი დაგეგმარების მეთოდით. ორგანიზაცია „ინერ ჯორჯია" (მთავარი ოფისით ქუთაისში) სხვადასხვა ქალაქში რეგულარულად ატარებს კურსებს ამ მეთოდის შესახებ. რასაკვირველია, ქრისტიანული დოქტრინით პრიორიტეტი ენიჭება გამრავლებასა და შვილიერებას, მაგრამ თუ ოჯახი ხელმოკლეა და აღარ ძალუძს/სურს მეტი შვილის გაჩენა, ეკლესია აბორტისა და კონტრაცეპტივების გამოყენების ნაცვლად ბუნებრივ რეგულირებაზე უთითებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^