"მშობლებმა ბავშვთა 79,8% დასაჯეს ფიზიკურად და 82,3% - ფსიქოლოგიურად.
რესპონდენტთა მეხუთედზე მეტმა (21,5%) განაცხადა, რომ არაერთხელ ჰყავს ნაცემი ბავშვი. რვა რესპონდენტმა აღიარა, რომ სცადეს ბავშვის დახრჩობა ან მოგუდვა, ხოლო ექვსმა - ბავშვის დაწვა." - 2007 წელს იუნისეფის მხარდაჭერით ჩატარებულმა კვლევამ ოჯახში ბავშვზე ძალადობის ძალიან მაღალი დონე გამოავლინა.
ოჯახში ბავშვზე ძალადობის თემაზე საქართველოში მსგავსი მასშტაბის კვლევა აღარ ჩატარებულა, თუმცა ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ბავშვზე ძალადობა ოჯახში ქალზე ძალადობის პირდაპირპროპორციულია. 2010 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით კი საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია.
ფსიქოლოგების, მაია ცირამუასა და ნატო ზაზაშვილის აზრით, ბავშვზე ძალადობა ქართული აღზრდის ტიპურ ელემენტად ითვლება და ჩვენთან, მეტწილად, ბავშვის აღზრდის რეპრესიული მოდელია გავრცელებული.
ფსიქოლოგი და კავშირ „საფარის" ხელმძღვანელი ნატო ზაზაშვილი აღზრდის ოთხ ტიპად დაყოფას ემხრობა, რომელიც ორი პარამეტრის, კონტროლისა და ზრუნვის კატეგორიებით გამოიყოფა. როდესაც მზრუნველობაც და კონტროლიც დაბალია, უგულებელყოფასთან გვაქვს საქმე. ამის ყველაზე რადიკალური გამოვლინება ქუჩის ბავშვებია. როდესაც მაღალი კონტროლი და ძალიან დაბალი ერმოციური მხარეა, მაშინ აღზრდა ავტორიტარულია. დაბალი კონტროლი და მაღალი ემოცია, მაღალი ნებადართულობა გამანებივრებელი სტილია. ყველაზე ჯანსაღ აღზრდის სტილად მაღალი კონტროლისა და მაღალი ზრუნვის კომბინაცია ითვლება. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ჩვენთან წახალისებაზე აქცენტი ნაკლებადაა, ორიენტირი დასჯაზეა. ხშირად ხდება აღრევაც. ბავშვი სადაც დასასჯელია წახალისდება, სადაც წასახალისებელია, ისჯება.
„ჩვენთან გავრცელებულია ჰიპერმზრუნველობაც. ეს ყველაზე არაეფექტური სტილია. ფსიქოლოგთა ნაწილი მიიჩნევს და მეც ვეთანხმები, რომ ეს ფარული ძალადობაა. ამ შემთხვევაში მშობელი უარყოფს ბავშვის ყველა უნარს. ყველაფერი იცის მშობელმა. თუ დააკვირდებით, ხშირად გვესმის: „ჩვენ წავედით ბაღში, ჩვენ წავედით სკოლაში,ჩვენ ჩავაბარეთ იურიდიულზე", - ახალგაზრის პიროვნება, სურვილები სრულიად უგულვებელყოფილია." - ამბობს ნატო ზაზაშვილი.
ზაზაშვილი ხაზს უსვამს, რომ მშობელი,განსაკუთრებით დედა ძალიანააა მიბმული საკუთარ შვილზე და მასთან სეპარაცია მტკივნეული პროცესია, თუმცა ბავშვის სწორად აღზრდისთვის ამის გაცნობიერება აუცილებელია.
„ჰიპერმზრუნველი მშობელი ბავშვს არ აცდის გადაწყვეტილების მიღებას, არჩევნის გაკეთებას, არადა ესაა ის, რაც ბავშვს მოქალაქედ გადააქცევს. უამრავი მიზეზი არსებობს, რომელიც პასიური საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ერთ-ერთი აღზრდის ასეთი სტილიცაა." - ამბობს ფსიქოლოგი.
ფსიქოლოგი მაია ცირამუა ქართველი დედის ფსიქოპორტრეტში რამდენიმე მნიშვნელოვან შტრიხს გამოყოფს. ქართველი დედა უმეტესწილად მარტოა და აქ ფიზიკური სიმარტოვე არ იგულისხმება. ბავშვის აღზრდის მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ მას ეკისრება და მამა, როგორც წესი, აღზრდაში არ მონაწილეობს.
„ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვს ემოციური მიჯაჭვულობა ჰქონდეს მშობელთან სამ წლამდე, თუმცა ორი წლიდან მშობელი უნდა ცდილობდენს ბავშვს დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის საშუალება მისცეს. მშობლები არც საკუთარ თავში და არც ბავშვში დარწმუნებულები არ არიან, აქედან გამომდინარე ბავშვები მუდმივი კონტროლისა და მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ. ნდობის ნაკლებობა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, მუდმივი შფოთვა ქართველი მშობლის კიდევ ერთი თვისებაა. მშიშარაა, ბავშვს მუდმივი კონტროლის ქვეშ ამყოფებს და უკრძალავს ისეთ რამეებსაც, რაც მისი განვითარებისთვის აუცილებელია."
მაია ცირამუა ამბობს, რომ ჩვენთან ჰგონიათ, რაც უფრო მეტ შენიშვნებს აძლევ ბავშვს, მით უფრო კარგი აღზრდილი იქნება. თუმცა იგივე შედეგის მიღწევა სხვა გზებითაცაა შესაძლებელი - კარგი ქცევისთვის ბავშვი დააჯილდოვო და წაახალისო. გარდა ამისა, ქართველი მშობელი ეგოცენტრულია. შვილი მუდმივად მის ინტერესებსა და სურვილებს უნდა ასრულებდეს, არ უნდა ანერვიულებდეს და ხელს არ უშლიდეს მის სიმშვიდეს.
„ხშირად გამიგია, როგორ არ უშვებენ მოზარდ გოგონებს სადღაც წვეულებაზე. მშობლის მოტივაცია, ისაა რომ არ უნდა ინერვიულოს ბავშვის უსაფრთხოებაზე და მაშინაც კი ცდილობს არ გაუშვას მოზარდი სადმე, როდესაც საფრთხის რისკები მინიმალურია." - ამბობს ცირამუა.
კიდევ ერთი შტრიხი ქართველი მშობლის ფსიქოპორტრეტში ბრაზის მართვის პრობლემაა.
მაია ცირამუას თქმით, „დედა ხშირად სწორედ იმიტომ უყვირის, სცემს და შეურაცხყოფას აყენებს ბავშვს, რომ საკუთარ ემოციებს ვერ უმკლავდება. ქართველი დედა შემოქმედებითი არაა, დინებას მიჰყვება და კითხვებს არ სვამს, დაღლილია. ამიტომაც აღზრდის არსებული ტრადიცია ურყევია და არ იცვლება."
ცირამუა იმასაც ამბობს ამბობს, რომ ქართველი მშობლისთვის სასურველი შვილი ფსიქოლოგებისთვის პრობლემური ბავშვია: „დამყოლი, ჩუმი, დამჯერე, ბავშვი, რომელიც პროტესტს არ გამოხატავს. ისევ შფოთვებთან მივდივართ, ბავშვი, რომელიც მისი შფოთვების მაპროვოცირებელი არ იქნება."
ჰიპერმეურვე მშობლის შვილი უინიციატივო, დაბალი თვითშეფასების, ხაზგასმით დამჯერი მოზარდია. ფსიქოლოგები უაპელაციო დამჯერებლობას ბავშვზე ფიზიკური თუ ემოციური ძალადობის შედეგად მიიჩნევენ.
„ასეთი ბავშვი მთელი ცხოვრება ვერ რეალიზდება. მისი იდენტობა მიჰყვება მშობლის იდენტობას და ზუსტად იმეორებს მას. იდენტობის ძიების ეტაპი, რომელიც ყველა მოზარდს უდგება, ჩვენთან გაპარულია, არ არსებობს. ასეთი აღზრდის სტილით უპასუხისმგებლო, უინიციატივო მოქალაქეებს ვზრდით, რომელსაც არ შეუძლია იყოს აქტიური, აქტიურად მიიღოს პროცესებში მონაწილეობა." - ამბობს მაია ცირამუა.
თუმცა არსებობს განვითარების სხვა პერსპექტივაც - მოზარდი ჯანყდება, გაურბის შეთავაზებულ ცხოვრების სტილს, რაც მისთვის (და მშობლისთვისაც) მტკივნეული პროცესია.
მაია ცირამუა აღზრდის კიდევ ერთ გავრცელებულ ტიპს გამოყოფს - უგულებელყოფას. „არსებობს საზოგადოებაში ისეთი ჯგუფები, მაგალითად, ძალიან გაჭირვებულები, სადაც ძალიან აქტუალურია ფიზიკური უგულებელყოფა, როდესაც ბავშვის ფიზიკურ საჭიროებებიც არაა დაკმაყოფილებული. ასევე არსებობს წარმატებული, ასევე ფინანსურად ძლიერი ოჯახები, სადაც მეორე პრობლემა დგას, ემოციური უგულებელყოფა, არ არსებობს კომუნიკაცია შვილთან, დაიტერესება ბავშვის პერსონით."
მსგავსი მოპყრობა ბავშვის დევიაციურ, ხშირად კრიმინალურ ქცევას იწვევს.
„ის იპარავს ტელეფონს, არა იმიტომ რომ ეს ტელეფონი სჭირდება, მას სჭირდება აღიარება, რაც სხვანაირად ვერ მოახერხა." - ამბობს ცირამუა.
ფსიქოლოგის აზრით, ყველაზე ეფექტური აღზრდის ის მოდელია, რომელშიც მაღალი კონტროლი ძლიერი ზრუნვითა და ემოციური კავშირით ბალანსდება, თუმცა, ამ შემთხვევაში, კონტროლი თვალთვალსა და რეპრესიებს არ გულისხმობს. ეს ბავშვებს ასაკის შესაბამის პასუხისმგებლობის გრძნობს უვითარებს.
პედაგოგი თეონა ბექიშვილი კითხვაზე, თუ როგორ ზრდიან საქართველოში ბავშვებს პასუხობს - „არ აცდიან ცხოვრებას".
„დაბალ კლასებში მოიყვანს მშობელი შვილს საკლასო ოთახში, გახდის, ამოუღებს პირველი გაკვეთილისთვის წიგნებს. ამ ყველაფერს შორიდან რომ უყურებ, მაშინვე ხვდები, რომ ცუდადაა საქმე. სახლში სავარაუდოდ უზის გვერდზე, არ აცდის აზროვნებას, სთხოვს, დავალება იდეალურად იყოს შესრულებული. ეს იდეალურად შერულებული, იდეალურად სუფთა, გამართული დავალება ძალადობის ხარჯზე იქმნება. ასეთ მშობელს ბავშვი მაქსიმუმ მეექვსე კლასამდე უჭირავს, შემდეგ ბავშვი იზრდება და ხშირად, საერთოდ, აღარ სწავლობს." - ამბობს ბექიშვილი.
მშობლის მსგავსი დამოკიდებულების მიზეზად პედაგოგს მშობლის არარეალიზებულობა მიაჩნია: „რასაც თავად ვერ მიაღწიეს, სურთ შვილებმა მიაღწიონ და ამგვარად საკუთარ აუხდენელ ოცნებებს ებღაუჭებიან."
სოციოლოგი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლალი სურმანიძე აღზრდის მოდელებს კულტურების მიხედვით გამოყოფს. მისი თქმით, დასავლური ტიპის, ინდივიდუალისტურ კულტურებში აქცენტირებულია ინდივიდის ავტონომიურობა, კოლექტივისტურ, არადასავლურ კულტურებში უფრო კონფორმისტული ტენდენციებია, აქცენტი დამჯერებლობაზეა.
„ჩემი აზრით, და სხვა მკვლევარებიც მეთანხმებიან, ჩვენ მცირე ჯგუფებზე ორიენტირებული კოლექტივისტური კულტურა ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი მცირე ჯგუფი ოჯახია, ამიტომაც ოჯახის გავლენა საქართველოში ძალიან ძლიერია. თაობიდან თაობამდე აღზრდა უფრო ლოიალური ხდება, თუმცა ზოგადი კულტურული ტენდენცია ტრადიციული რჩება. ბავშვი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია მშობლებზე და მშობლები განსაზღვრავენ, რა ტიპის ადამიანი უნდა ჩამოყალიბდეს." - ამბობს სურმანიძე.
მისი აზრით, ზრდილობიანობა, უფროს-უმცროსის პატივისცემა და ოჯახის ინტერესების გათვალისწინება ის ღირებულებებია, რომელიც აღზრდის დროს აქცენტირდება. მისი აზრით, საქართველოში აღზრდის დროს ორიენტირი უფრო წახალისებაზეა, ვიდრე დასჯაზე, თუმცა აღნიშნავს, რომ ძლიერია კონტოლიც.
„რაც გამოკვეთილია და სავარაუდოდ, კოლექტივისტური კულტურის მახასიათებელია, ესაა ბავშვის ქცევის კონტროლი. ვისთან მეგობრობს, სად მიდის და ა.შ. ამას ძალიან მკაცრად აკონტროლებენ. იგულისხმება, რომ ბავშვი ოჯახის გაგრძელელებაა და ცუდ წრეში არ უნდა აღმოჩნდეს. თუმცა ხშირად კონტროლი უსაფრთხოების მიზნებითაა გამოწვეულიც." - ამბობს ლალი სურმანიძე.