Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ძალა, რომელიც ქმრის მუშტებზე მეტია

22 ივლისი 2016

აისალ მამედოვა (რესპონდენტის თხოვნით სახელი და გვარი შეცვლილია) მარნეულში დაიბადა. მამა ეთნიკურად აზერბაიჯანელია, დედა კი - სომეხი. როგორც თვითონ ჰყვება, მამამ დაბადებამდე მიატოვა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, ბედნიერი ბავშვობა ჰქონოდა. ტაიკვანდოში საქართველოს ჩემპიონი ორჯერ გახდა. არის შავი ქამრისა და პირველი დანის მფლობელიც. აისალმა მოზარდობაში აღმოაჩინა, რომ თავისივე სქესის წარმომადგენლები მოსწონდა, თუმცა 18 წლის ასაკში მამაკაცზე იქორწინა. როგორი იყო თვითგამორკვევის პროცესი და გზა მარნეულში ქორწინებიდან დედაქალაქში დამოუკიდებლად ცხოვრებამდე. აისალმა თავისი ისტორია და გამოცდილება „ლიბერალს“ გაუზიარა.

როგორ დაიწყო, თქვენი, როგორც ლესბოსელის, თვითგამორკვევის პროცესი? როდის მიხვდით, რომ თქვენივე სქესის წარმომადგენლები მოგწონდათ?

პირველად ქალის მიმართ სიყვარული რომ ვიგრძენი, დაახლოებით 15 წლის ვიყავი, ოღონდ ეს პლატონური სიყვარული იყო. ხომ ხვდებით, როდესაც ჩაკეტილ სივრცეში იზრდები... მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ მიზიდავდა ის ქალი. იქნებოდა ჩემზე 10 წლით უფროსი. უბრალოდ, მეზობელთან ჩამოდიოდა სტუმრად და მისი იქ ყოფნის დროს, ასე ვთქვათ, ვცხოვრობდი მეზობელთან, იმ ქალის გამო. გავიდა 3-4 კვირა. ის ქალი წავიდა და დამეწყო დეპრესია, როგორც იციან ამ ასაკში ბავშვებმა - დეპრესია, ჩაკეტილობა, თუმცა ეს ბარიერი გადავლახე. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა, უბრალოდ, ძალიან მინდოდა ამ ქალის დანახვა, სურნელიც კი დღემდე მახსოვს. მერე ის გრძნობა სადღაც ღრმად ჩავკეტე, გადავერთე სპორტზე, სკოლაზე. ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა. სახლში ღამის 11 საათზე ვბრუნდებოდი. მივდიოდი სახლში და ვიძინებდი. ეს იყო ჩემი ცხოვრება. არავითარი ბიჭები, არავითარი გოგონები. ეს ხდებოდა მარნეულში, ძალიან პატარა ქალაქში, სადაც დღემდე არ იცის ხალხმა, რას ნიშნავს ლესბოსელი. გეი იციან, მაგრამ ლესბოსელი მათთვის უცხოა.

თუმცა 18 წლის ასაკში მამაკაცზე იქორწინეთ

რაც ბავშვობიდან მინდოდა, ეს იყო ნორმალური ოჯახი. რაკი უმამოდ  ვიყავი გაზრდილი, სულ იმაზე ვოცნებობდი, რომ მყოლოდა ოჯახი, ჩემს ბავშვს მამა ჰყოლოდა და ეს იყო ძალიან ღრმად გამჯდარი ჩემში. შემდეგ დავქორწინდი მასზე. ქორწინებამდე ყველაფერი ლამაზია. ვერ ვიტყოდი, რომ „გამათხოვეს“. ჩემს ყოფილ მეუღლეს ბავშვობიდან ვიცნობდი, ერთად გავიზარდეთ, მეზობლები ვიყავით.  17 წლის რომ გავხდი, სიყვარული ამიხსნა. მერე მთელი წელი დამდევდა. სიმართლე გითხრათ, არ მიყვარდა. კაცი არასდროს არ მყვარებია, უბრალოდ, დედაჩემისა და ოჯახის ზეგავლენა იყო ჩემზე -  „კარგი ბიჭია, არ სვამს, მუშაობს, შენ უკვე უნდა გათხოვდე, ოჯახი შექმნა“. ხომ იცით, პატარა ქალაქში როგორ უყურებენ ამ საკითხს, მარნეულში 13 წლის ასაკში უკვე თხოვდებიან და 18 წლის დაუოჯახებელი ქალი „ჩარჩენილად“ ითვლებოდა. ერთწლიანი მცდელობის შემდეგ თავისას მიაღწია  და დავქორწინდით. არა იმიტომ, რომ მე ვგიჟდებოდი და მიყვარდა, არამედ იმიტომ, რომ ოჯახი მინდოდა. ეს უფრო ექსპერიმენტი იყო, იქნებ რაიმე გამომივიდეს - მეთქი. მეგონა, რომ ფრიგიდული ვიყავი და არაფრის სურვილი არ მქონდა. ვფქრობდი,  გავთხოვდები და იქნებ რამე შეიცვალოს-მეთქი. მერე ბავშვი შეგვეძინა.

როგორ წარმოგიდგენია ოჯახის შექმნა ქალთან საქართველოში?

მე შემიძლია, მაგრამ ქართველი ლესბოსელების 80% ამისთვის მზად არ არის. ვერ წარმოუდგენიათ - „როგორ უნდა ვიცხოვროთ? როგორ ვუთხრა მშობლებს? ნათესავებს? რას იტყვიან ჩვენი შვილები?“. მე სამ ბავშვს ვზრდი. ერთი ჩემი ათი წლის შვილია, ორი კი ნათესავი. ისინიც ჩემი შვილებივით არიან. მათ არ იციან, რომ ლესბოსელი ვარ, მაგრამ ამისთვის თითოეულს ვამზადებ ფსიქოლოგიურად. რამე რომ მოხდეს და გაიგონ, მათთვის  შოკისმომგვრელი რომ არ აღმოჩნდეს. თუ ბავშვს გაზრდი, როგორც საჭიროა, თუ ასწავლი ადამიანურ ღირებულებებს და ინფორმაციას სწორად მიაწვდი, მაშინ ამას ჩვეულებრივად მიიღებს. ყველაფერს ეტაპობრივი მომზადება სჭირდება.

როგორ დარწმუნდით, რომ ლესბოსელი ხართ და ქორწინებამ ვერაფერი შეცვალა?

არანაირი ინფორმაცია არ მქონდა დაახლოებით 24 წლამდე (ახლა 31 წლის ვარ), მაგრამ შემდეგ ინტერნეტი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, ინფორმაციაც. დავრეგისტრირდი გაცნობის ჩატში. რამდენიმე გოგონამ მომწერა. ვსაუბრობდით ლესბოსელობაზე. ამაზე საუბარი მომეწონა, ოღონდ, მხოლოდ თეორიულად, რადგან მაშინ ამ ყველაფრის რეალობაში გადასატანად მზად არ ვიყავი, თან ოჯახი მქონდა და ვფიქრობდი, როგორ შეიძლება დაოჯახებულმა ქალმა ამაზე იფიქროს-მეთქი. ვირტუალური საუბრები ერთ წელს გრძელდებოდა. უამრავი ლესბოსელი გავიცანი, ბევრთან დავმეგობრდი. პირველად ამ ჩატში გავიცანი ქალი, რომელთანაც სექსუალური კავშირი მქონდა. იმ პერიოდში უკვე ბავშვი მყავდა. ამ გამოცდილების შემდეგ მივხვდი, რომ კაცები არ მიზიდავს.

როგორი იყო თერთმეტწლიანი თანაცხოვრება?

მთელი თერთმეტი წელი ვაკუუმში ვცხოვრობდი - სამსახური - სახლი - სამსახური, შემდეგ რაც ბავშვი სკოლაში წავიდა, სახლი - სკოლა - სამსახური. დედაჩემის სახლში გადასვლის უფლებაც კი არ მქონდა. თუ სადმე წასვლა მინდოდა, ბავშვი და დედამთილი თან უნდა წამეყვანა. თბილისში ბევრი ნათესავი მყავს, მაგრამ იმ თერთმეტი წლის განმავლობაში ყველას ჩამოვშორდი. განვითარებაში მიშლიდა ხელს, ეს ჩარჩოები კი ჩემზე ფსიქიკურად ცუდად მოქმედებდა. მას თავისი სამყარო ჰქონდა შექმნილი, სადაც კომფორტულად გრძნობდა თავს და მეტის მიღწევა არ სჭირდებოდა, მე კი სწავლა მინდოდა, ახლის გაგება, თუნდაც უნივერსიტეტში განათლების მიღება. მისი აზრით კი, მე სახლში უნდა ვმჯდარიყავი და ოჯახისთვის მიმეხედა. ეს ძალიან მტანჯავდა.

გაგიჭირდათ, თუ არა საკუთარი სექსუალობის მიღება?

რაც გავიგე, რომ ლესბოსელი ვარ, საერთოდ არ გამიჭირდა ჩემი თავის მიღება. ერთადერთი, რაც მაწუხებდა, იყო ის, რომ ტყუილში ვცხოვრობდი და ჩემს ქმარს სიმართლეს ვერ ვეუბნებოდი. როდესაც ამ ყველაფრისგან დავიღალე, ჩემს ქმარს ყველაფერი ვუთხარი. ველოდებოდი ძალიან დიდ აგრესიას, მაგრამ მუხლებში ჩამივარდა და ტირილი დაიწყო, ძალიან გამიკვირდა ეს რეაქცია, რადგან აგრესიული ადამიანი იყო, მანამდე ცემაც უცდია. შემდეგ დაიწყო ძალადობა. ჩემზე რომ ხელი ერთხელ ასწია, ვაპატიე. ასე გაგრძელდა მეორედ, მესამედ, სანამ ცემაში გონება არ დავკარგე, არ გაჩერდა. მისი ძმაკაცი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, მომკლავდა. ეს  იყო ბოლო შემთხვევა, რაც  ვეღარ  მოვითმინე, ვერ ვაპატიე და ამის გამო დავშორდი.

პოლიციისთვის არ მიგიმართავთ?

როდესაც ჩემზე ძალადობდა, პოლიციისთვის არ მიმიმართავს, რადგან მეშინოდა, რომ უარესად მოიქცეოდა. არც იმის იმედი მქონდა, რომ პოლიცია დამიცავდა, რადგან მარნეულში ოჯახში ძალადობის შემთხვევები ხშირია, პოლიციელები კი, როგორც მოდიან, ისე მიდიან. მაგალითად, ქმარმა ცოლს სცემა, თუ ცოლი განცხადებას დაწერს ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, შემდეგ ის იძულებული ხდება, განცხადება უკან გამოითხოვოს და როდესაც პოლიცია ასეთ ფაქტებს ხედავს, თვითონაც ზედაპირულად უყურებს მსგავს შემთხვევებს. პოლიციაში მოგვიანებით მივედი, რომ აღარ შემხებოდა არც ფიზიკურად, არც სიტყვიერად, ერთი მცდელობაც და წავიდოდა ციხეში. პოლიცია მაშინ ძალიან დამეხმარა.

მშობელმა ან მეგობრებმა როგორ მიიღეს თქვენი ქამინგაუთი?

დედაჩემმა ეს დღემდე არ იცის, თუმცა ხვდება და იმიტომ კი არ ვუმალავ, რომ მისი რეაქციის მეშინია, ზუსტად ვიცი, რომ მიმიღებს, უბრალოდ, ვუფრთხილდები, ემოციური ადამიანია და არ მინდა, ეს მის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს. ამიტომ მას არ ვუმხელ. მყავდა მეგობრები, რომელთა მხარდაჭერასაც ყოველთვის ვგრძნობდი, სანამ ქმარს გავშორდებოდი, დაშორების შემდეგ კი დაიწყო დაჩაგვრა ყველას მხრიდან. ჩემთვის ძალიან ახლო მეგობრებმა ზურგი შემაქციეს იმის გამო, რომ დავშორდი და რომ ლესბოსელი ვარ - ქალმა მარნეულში როგორ გაბედე და ქმარი მიატოვეო. ქმარი რომ მუშტებს მიქნევდა და ძალადობდა, ამაზე ასეთი პასუხი ჰქონდათ: „მერე რა, ყველა ოჯახში ხდება“. მათთვის ძალადობა უფრო ბუნებრივი იყო, ვიდრე განქორწინება, ან ლესბოსელობა. წარსულიდან თითქმის აღარავინ დამრჩა. ბავშვობის მხოლოდ ერთმა მეგობარმა დამიჭირა მხარი და დღემდე ვმეგობრობთ. დანარჩენების აზრით, უმჯობესია, ქალი იყოს მსხვერპლი, ვიდრე ადგეს და წავიდეს და ააწყოს თავისი ცხოვრება.

ერთ დღეს საბოლოოდ გადაწყვიტეთ სახლიდან წასვლა...

იურისტი ნინო ბოლქვაძე ძალიან დამეხმარა, ფსიქოლოგიურად მამზადებდა და ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ქალი არ უნდა ითმენდეს ოჯახურ ძალადობას და შენი უფლებები უნდა დაიცვაო. ერთ დღესაც სამსახურიდან დაბრუნებულმა ავიღე პატარა ზურგჩანთა, გადასახადები გადავიხადე, სახლისთვის პროდუქტები ვიყიდე, ჯიბეში 25 ლარზე მეტი აღარ მქონდა, აღარც ტელეფონი, რადგან ქმარმა გამიტეხა, და წამოვედი მარნეულიდან. ერთადერთი, რაზეც გული მწყდებოდა, ბავშვის სახლში დატოვება იყო. იმ მომენტში ბავშვს ვერ წამოვიყვანდი, რადგან თავადაც არ ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავი. შემდეგ გადავწყვიტე, სახლიდან ყველაზე შორს, ბათუმში წავსულიყავი, ჩემს მეგობართან. რომ მივედი, ხურდებიღა მქონდა დარჩენილი. იქ ერთი კვირა გავატარე. ამ ხნის განმავლობაში კი ჩემი ქმარი კარდაკარ დადიოდა, დიდი ისტორიებით. ყველასთან მლანძღავდა. სამეგობროს, სანათესაოს, სამეზობლოს - ყველას ყველაფერი მოუყვა. ჰქონდა ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახული იყო უბრალოდ ჩახუტება. ის კი ამ ვიდეოს ყველას ანახებდა. ვისაც აჩვენა, არავინ არ დაიჯერა. ჩემს უფროსსაც აჩვენა ეს ჩანაწერი, მან კი მითხრა, რომ ეს მხოლოდ ჩემი პირადი საქმეა და მთავარია, რომ სამსახურს თავს კარგად ვართმევ. როდესაც ბათუმიდან მარნეულში დავბრუნდი, ნინო ბოლქვაძეც თან წამყვა. ჩემმა ყოფილმა ქმარმა ბავშვი იმ დღესვე მომიყვანა დედაჩემის სახლში. შემდეგ ორი წელი დედაჩემთან ვცხოვრობდი მარნეულში, თან ვმუშაობდი.

წელიწად-ნახევარია, რაც თბილისში გადმოხვედით, როგორ გადალახეთ ფინანსური პრობლემები?

არ გადამილახავს, დღემდე მიჭირს. როდესაც ქორწინებაში ვიყავი, მაშინ ბევრი სესხი ავიღე ჩემს სახელზე, რადგან  სტაბილური ხელფასი მქონდა. ოჯახისთვის ბევრი რამ შევიძინე და მე ვიხდიდი ამ ყველაფერს. ქმარს რომ დავშორდი, სესხი ამ დრომდე გამომყვა. ძალიან ბევრს ვშრომობ. თბილისში რაც გადმოვედი, ახალი სამსახური ვიშოვე. პარალელურად მასაჟისტი და ტაქსის მძღოლი ვარ. როდესაც დაქორწინებული ვიყავი, ოჯახში შემოსავლის ძირითადი წყარო ჩემი ხელფასი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქმარი არსად არ მიშვებდა, სამსახურში თავისუფლად დავდიოდი. დედაშენთან არა, მაგრამ სამსახურში უნდა იაროო. გარდა ამისა საოჯახო საქმეები, შვილის მოვლა, ბოსტანი, ყველაფერს მე ვაკეთებდი.

როგორც ქალს, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელს, გიგრძვნიათ თუ არა რაიმე სახის დისკრიმინაცია საჯარო სივრცეში?

მე როგორც ქალი, არ ვიჩაგრებოდი, რადგან თავად არ ვაძლევდი არავის ამის საშუალებას. დაჩაგვრის მცდელობები იყო. ჩემი გაუპატიურებაც კი სცადეს, როდესაც 12-13 წლის ვიყავი, თუმცა თავის დაცვა მოვახერხე. მარნეული ისეთი ქალაქია, რომ ძირითადად ეთნიკურად არაქართველებით არის დასახლებული. იქ მთელი ცხოვრება გავატარე და ეთნიკური ნიშნით ჩემ მიმართ არ ყოფილა აგრესია. წელიწად-ნახევარია, თბილისში ვცხოვრობ და არანაირი ზეწოლა აქ არ მიგრძვნია. ჩემმა ცხოვრებამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა და გამაძლიერა. ნამდვილი ჩაგვრა ჩემი ქმრისა და დედამთილისგან ვიგრძენი, როდესაც დავოჯახდი.

ლესბოსელებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად რა სახის სტერეოტიპს ხედავთ საზოგადოებაში?

ფიქრობენ, რომ ლესბოსელს არ ეყოლება შვილი, სძულს მამაკაცები. სოფლებსა და პატარა ქალაქებში უფრო მეტი სტერეოტიპი არსებობს ლგბტ ადამიანებზე, ვიდრე თბილისში, რადგან იქ ნაკლები ინფორმაცია აქვთ, არ არის ინტერნეტი. მარნეულშიც რომ ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი იყოს, უფრო მეტს ეცოდინებდა, რას ნიშნავს ჰომოსექსუალობა. ისინი ფიქრობენ, რომ გეი, ბისექსუალი, ლესბოსელი ერთი „ნაგავია“ და ეს ადამიანები სადმე უნდა გადაასახლო და გაანადგურო. თუ ქალს ქალი შეუყვარდა და არ მოსწონს კაცები, ამას ბავშვობის ტრავმას და ძალადობას უკავშირებენ. ამბობენ, რომ ჰომოსექსუალები ავადმყოფები ვართ და უნდა ვიმკურნალოთ.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიან? მათი გარკვეული ნაწილი ჰომოფობიური გამოსვლებით გამოირჩევა..

ზურგს ნუ შეაქცევენ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. როდესაც ყველამ ზურგი შემაქცია, ძალიან გამიჭირდა. ჩემთვის ისიც საკმარისი იქნებოდა, რომ ვინმეს  მოესმინა. რასაც ირგვლივ ვხედავ, მთავარი პრობლემა უყურადღებობა და გულგრილობაა როგორც სახელმწიფოს, ასევე მოქალაქეების მხრიდან. ხელისუფლების დიდი ნაწილი ფიქრობს მხოლოდ თავის თავზე, როგორ იპოვოს ის წყარო, საიდანაც მეტ მოგებას ნახავს. ამის გამო ლგბტ ადამიანებს კი არ იცავენ, არამედ ჩაგრავენ. ისინი იმ მხარეს იჭერენ, სადაც უმრავლესობა დგას, იმიტომ რომ უმრავლესობაში ხედავენ ძალას.

რას ურჩევდი იმ ქალებს, რომლებიც ლესბოსელები არიან და შესაძლოა - ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც თქვენ იყავით წლების წინ?

თუ შენ ხარ ლესბოსელი და არ ხარ თავისუფალი, თუნდაც ოჯახში, თუ თავს გრძნობ დაჩაგრულად, მე ვფიქრობ, რომ ოჯახში ამის თქმის არ უნდა გეშინოდეთ, რადგან არის ძალები, გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე ქმრის მუშტებია.

ჩემს თავზე გამოვცადე, როდესაც პოლიციაში წავედი და გვერდით დამიდგა უამრავი ადამიანი. სიმართლე უნდა თქვან იმიტომ, რომ სანამ ამას არ გააკეთებს, იქნება დაჩაგრული, დაუზიანდება ფსიქიკა. ძალიან ბევრი ადამიანი თავს იკლავს ამის გამო, რადგან გამოსავალს ვერ პოულობს. თუ მშობელს უთხარი და მან არ მიგიღო, ე.ი. მშობლის ბრალია და არა შენი. თუ ვერ მიგიღო ე.ი. არც არის საჭირო. თუ ჩემი შვილი ოდესმე გაიგებს, რომ ლესბოსელი ვარ და იტყვის, რომ ასეთი დედა არ მჭირდებაო, ავდგები და ვიტყვი, რომ ასეთი შვილი არც მე მჭირდება. ასევე ხდება მშობლებში. დედაჩემს მაშინ ვეტყვი, როცა ამის დრო მოვა. ზუსტად ვიცი, რომ გამიგებს. ტყუილს, ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ამ ყველაფერს მირჩევნია, ისევ მარტომ გავიტანო ჩემი ცხოვრება და ვიყო ისეთი, როგორიც ვარ, ვიდრე სიცრუეში ვიცხოვრო იმისათვის, რომ გავახარო მეზობელი, მამა, დედა, შვილი... ყველა იყოს ბედნიერი და მე ვიყო დაჩაგრული. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^