Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას მოგვიტანს წმინდა კრება

25 ივლისი 2016

ნებისმიერი რელიგიის შიგნით, ადრე თუ გვიან, დგება ჟამი, რომ საკუთარი თავი ახლიდან განუცხადოს კაცობრიობას და გარე სამყაროს, თუ მას სურს იყოს უნივერსალური, საჯაროდ მოქმედი, ღია ნებისმიერი ადამიანისათვის. ამგვარი შეკრებების საჭიროებას ხშირად არა მხოლოდ მეტაფიზიკური (საეკლესიო ენაზე დოგმატური), არამედ პრაქტიკული საკითხების მოგვარების საჭიროებაც განაპირობებს ხოლმე. ამ სახის აქტის მომწიფებას, რელიგიური ორგანიზმის სიდიდისა და გეოგრაფიული გავრცელების არეალის მიხედვით, შესაძლოა, საუკუნეებიც კი დასჭირდეს, როგორც ეს მოხდა იმ 14 ეკლესიის შემთხვევაში, რომელიც თავს მართლმადიდებელს უწოდებს, პლანეტის სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალშია მიწიერი სახით წარმოდგენილი, სულიერი, მეტაფიზიკური თვალსაზრისით კი ერთი, წმინდა და სამოციქულოა. კრეტაზე გამართული, მართლმადიდებელი ეკლესიების კრების მოსამზადებელი პერიოდი 1961-2014 წლებს მოიცავს. სწორედ ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა საეკლესიო კრებაზე დასამტკიცებელი დოკუმენტების დამუშავება. რუსეთსა და თურქეთს შორის წარმოქმნილი კონფლიქტისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, შეხვედრის ადგილი სტამბოლიდან კუნძულ კრეტაზე გადაიტანეს, კრების თარიღად კი დასახელდა 2016 წლის 18-27 ივნისი.

რუსეთის ფაქტორი

სამწუხაროდ, კრებაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით პოლიტიკურ ნიუანსებს, რომლებიც ამ მნიშვნელოვან შეკრებას, უფრო სწორად კი, მოსკოვსა და კონსტანტინეპოლს შორის დაპირისპირებას   უკავშირდება. მას შემდეგ, რაც ბიზანტიის იმპერია, მისი დედაქალაქი კონსტანტინეპოლი დაეცა (1453) და მოსკოვის სამთავრომ სახელმწიფოს მასშტაბები შეიძინა, მართლმადიდებლობის გეოგრაფიული ცენტრის საკითხთან დაკავშირებით დღემდე მწვავე სახით არსებული ქიშპობა წარმოიქმნა. ჯერ კიდევ გვიან შუა საუკუნეებში რუსეთში სათავე დაედო ე.წ. „კონცეფციას მესამე რომის შესახებ“, რომელიც თავდაპირველად ფსკოველმა ბერმა ფილოთეოსმა გაახმაურა (Мона́х Филофе́й, 1465-1542). ამ პოლიტიკური თეორიის მოკლე შინაარსი ასეთია: პირველივ რომი ბარბაროსებმა დააქციეს და მოგვიანებით ჭეშმარიტი რწმენაც დაკარგეს, მეორე რომი - კონსტანტინეპოლიც დაეცა და დადგა დრო, მოსკოვი გახდეს მესამე - ჭეშმარიტი რომი, ანუ - ქრისტიანული ცივილიზაციის ცენტრი და მისი დამცველი. ამ, ერთი შეხედვით, გულუბრყვილო მოსაზრებას სხვადასხვა დროს გეოპოლიტიკური სტრატეგიის განხორციელების მცდელობის კონტექსტშიც იყენებდნენ ხოლმე. ასე განსაჯეთ, ეს იდეა, როგორც პოლიტიკური გავლენის მოპოვების საშუალება, იოსებ სტალინსაც კი მოაწონეს. სწორედ მან გასცა განკარგულებების მთელი წყება მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, რომელთა საფუძველზეც უსწრაფეს დროში აღდგა პატრიარქის ინსტიტუტი რუსეთის ეკლესიაში; ცნეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და დაიწყო მზადება მართლმადიდებელი ეკლესიების მსოფლიო კრებისათვის, რომელიც მოსკოვში უნდა გამართულიყო 1948 წელს. კრება საბოლოო სახით ვერ შედგა, რადგან მასზე მართლმადიდებელი ეკლესიები სრულად არ იყვნენ წარმოდგენილნი.

საბჭოთა პირობებში დაუკმაყოფილებელი ამბიცია რუსეთში დღემდე ცოცხალია და პუტინის რეჟიმის გაძლიერების პარალელურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება. შემთხვევითი არ იყო პუტინის ვიზიტი ათონის მთაზე, სწორედ რომ კრეტის კრების წინა პერიოდში, სადაც იგი ბერებმა ბიზანტიის იმპერატორისთვის განკუთვნილ ადგილას დააყენეს და, სიმბოლურად, მართლმადიდებლობის დამცველის იმიჯი მოარგეს. თავის მხრივ, ამ ამბიციური იდეის განხორციელებას კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით ცდილობს მოსკოვის საპატრიარქო, რომლის არგუმენტიც ძალიან უბრალოა: ვინაიდან ერთი ქვეყნის ფარგლებში მცხოვრები მართლმადიდებელი მოსახლეობა სწორედ რუსეთშია, მოსკოვის საპატრიარქოს სახელმწიფოს მხარდაჭერა აქვს და არც ფინანსებში მოიკოჭლებს, სწორედ ის უნდა გახდეს მართლმადიდებელი ეკლესიების სვე-ბედის განმგებელი.

რუსეთის ეკლესიის მიერ ქრისტიანობის თავისებური ინტერპრეტაცია და მისი დამოკიდებულება გარესამყაროსადმი, რომელიც შეუთავსებელია ავთენტურ მართლმადიდებლობასთან, იმთავითვე ქმნიდა წინააღმდეგობას კრების იდეასთან, რომელიც, სავარაუდოდ, მხარდაჭერას სწორედ ნამდვილ, ჯანსაღ ქრისტიანულ, გახსნილ, ტოლერანტულ, სოლიდარულ, უანგარო, თავისუფალ და რეალურ პრობლემებთან მებრძოლ, ჰუმანურ და ჰარმონიულ ქრისტიანულ მოძღვრებას დაუჭერს მხარს. კონფლიქტს ასევე ამწვავებს ის, რომ უკრაინაში პარალელურად თანაარსებობს რუსეთის ეკლესიის ეპარქიები, სიმბოლური ავტონომიის უფლებებით და მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი, რომელიც 1991 წელს რუსეთის ეკლესიას გამოეყო და ადგილობრივი, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია გამოაცხადა. მისი მეთაური პატრიარქი ფილარეტია და ეს ეკლესია თავს ისტორიული კიევის მიტროპოლიის სამართალმემკვიდრედ მიიჩნევს. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებისა და მისი ეკლესიოლოგიური მოძღვრების საფუძველზე, სრულიად შესაძლებელია, კიევის საპატრიარქოს მიენიჭოს კანონიკური ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკლესიის ზეწოლის შედეგად განსახილველი თემებიდან  ეს საკითხი მოიხსნა,  მას ბოლო მომენტში მაინც შეეშინდა, რომ შეიძლებოდა მოულოდნელად მაინც წამოჭრილიყო იგი და ღია პლატფორმაზე თავისი ინტერესის დაცვა ვერ მოეხერხებინა. სწორედ ამიტომ არჩია კრებაზე წაუსვლელობა, თუმცა, როგორც ყოველთვის, ეს გადაწყვეტილებაც თავისებური ცბიერებითა და მოქნილობით განახორციელა. კერძოდ კი, სწორედ კრების წინ თავისი გავლენის ორბიტაზე მყოფი ეკლესიების მოტივაცია სცადა,  კრებისათვის ბოიკოტის გამოსაცხადებლად, რასაც მიაღწია კიდეც - კრებას ანტიოქიის, ბულგარეთისა და საქართველოს ეკლესიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. 

2016 წლის 25 მაისს სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კრებაზე გაემგზავრებოდა. შემუშავდა შენიშვნათა წყება, რომელიც კრებას უნდა გაეთვალისწინებინა რამდენიმე დოკუმენტთან დაკავშირებით. კრებაზე გასამგზავრებელი ეპისკოპოსთა დელეგაციის შემადგენლობაც დადგინდა, თუმცა მას შემდეგ, რაც შიგა საეკლესიო წრეებში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, სავარაუდოდ, კრებაზე არ მიემგზავრებოდა, ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი უკვე განაცხადა უარი, დაინიშნა სინოდის საგანგებო კრება, რომელიც 10 ივნისს შედგა კიდეც. სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე საქართველოს წმინდა სინოდსა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ცამეტი თეოლოგისგან შემდგარმა ჯგუფმა ღია წერილით მიმართა, არ დაეჭირათ მხარი ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი საპატრიარქოს ინიციატივისათვის, კრებაზე გამგზავრებულიყვნენ და იქ განეხილათ თავიანთი მოსაზრებები საჯაროდ, როგორც ეს უკვე დაგეგმილი იყო. კრება მაინც შედგა და ეპისკოპოსებს წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება ამცნეს, რომ საქართველოს ეკლესია არ მიემგზავრება კრებაზე, რადგან მისაღები დოკუმენტების შინაარსი მისთვის მიუღებელია. უნდა აღინიშნოს, რომ სინოდის წევრები ამ გადაწყვეტილების მიმართ ერთსულოვნები არ ყოფილან, მაგრამ უმრავლესობის მხარდაჭერით მიიღეს. 

საერთოდ, როდესაც რუსეთის გავლენაზეა საუბარი, ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს მოსკოვის საპატრიარქოსთვის გამოყოფილ კრემლის აპარტამენტში ვინმე იჯდეს და ტელეფონით ჩვენი სამღვდელოების წარმომადგენლებს აგენტურულ დავალებებს აძლევდეს (თუმცა ხშირად არც უმაგისობა უნდა იყოს, ჩემი მოკრძალებული აზრით). საუბარია გაცილებით უფრო რთული სქემის მქონე, კულტურულ-ცნობიერებით გავლენაზე, რომელიც ბევრი მექანიზმის ამოქმედების შედეგად ხორციელდება. უპირველესად აღსანიშნავია, ალბათ, კონკრეტული ტიპის ინფორმაციის გავრცელების საშუალებით წარმოებული პროპაგანდა. არც რუსეთში მიღებული განათლება ტოვებს უმნიშვნელო კვალს, ქართველი ეპისკოპოსების ცნობიერებაზე. ცალკე საკითხია ფინანსური ინტერესები, საქმიანი თუ დიპლომატიური ვიზიტები, პატრიარქის პირადი სიმპათია ამ ქვეყნის მიმართ და ა. შ.  ეს ყველაფერი კი უკვე წლებია, საქართველოს ეკლესიის წიაღში შეუქცევადი სახით მიმდინარეობს. მაგალითად, საქართველოს ეკლესიის საკადრო პოლიტიკის წყალობით, ეპისკოპოსებად, ძირითადად, იკურთხებიან ის კანდიდატები, რომლებსაც განათლება რუსეთში აქვთ მიღებული. იგივე სტრატეგია არსებობს სამღვდელოების კურთხევისასაც - მხოლოდ და მხოლოდ ერთი ტიპის ადამიანების ხელდასხმა ხდება მღვდელმსახურებად. ანალოგიური ვითარებაა საღვთისმეტყველო ლიტერატურასთან დაკავშირებით, რომელიც ბაზირებულია აკადემიური ხარისხის არმქონე, რუსულ პროპაგანდისტულ ინფორმაციაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიებიდან არც ერთი არაა თავისუფალი მძიმე ტრავმატული გამოცდილებისაგან, რომელიც ხშირად აღმოუფხვრელი სტერეოტიპებისა და მტრული განწყობების წარმოქმნას იწვევს. სწორედ ამგვარ შინაგან წინაღობებში გახლართვა უშლის ბევრ ეკლესიას ხელს, მაქსიმალურად მიუახლოვდეს ქრისტიანობის სახარებისეულ იდეალებს, რომელთანაც კრეტის კრებების გადაწყვეტილებები არც ისე ახლოსაა, თუმცა საბოლოო ჯამში მისი მიზანი მაინც უფრო წინსვლაა, ვიდრე ერთ ადგილზე გაყინვა და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა. ბულგარეთის, საქართველოს, ანტიოქიისა და რუსეთის ეკლესიების პროტესტმა კრების მონაწილე კონსერვატორული ფრთის გაძლიერება გამოიწვია და უფრო პროგრესული მონაწილეების მიმართ შანტაჟის საშუალება მისცა. იმის შიშით, რომ მონაწილეობაზე უარისმთქმელმა ეკლესიებმა კრება არ მონათლონ ტრადიციული გაგების, ჩვეულებების მომსპობად და მას ანტიმართლმადიდებლობა არ დასწამონ, ბევრი გადაწყვეტილება, უაღრესად კონსერვატორულად არის ფორმულირებული, მაგალითად, როგორც ეს არის ქორწინების შესახებ არსებულ კრების ტექსტებში.

შერეული ქორწინების საკითხი - საჯილდაო ქვა

წესითა და რიგით, როდესაც საქმე ეხება ეკლესიის მიერ ახლიდან თვითგანცხადების აქტს კაცობრიობისათვის გასაგებ ენაზე და ისეთი საკითხების გადაწყვეტას, რომლებიც არ წარმოადგენს დოგმატურ, არამედ ადმინისტრაციულ თემებს, ეკლესია, როგორც წესი, იქცევა შემდეგნაირად: ქმნის აკადემიური თეოლოგიური განათლების მქონე  და კომპეტენტურ სასულიერო პირთაგან დაკომპლექტებულ კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს იმ საკითხთა ანალიზსა და დასკვნებს, რომლებიც შემდგომში  ეკლესიის თვითმანიფესტაციის ტექსტებში აისახება. ასეთ დროს ეკლესია ხელმძღვანელობს პრინციპით, რომელსაც ყველაზე ლაკონიურად პავლე მოციქულის სიტყვები ასახავს: „ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს. ასო კლავს და სული აცოცხლებს (2 კორ. 3,6.)“. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ძველი ტექსტების ბუკვალურ გამოდევნებას არ უნდა შეეწიროს უფრო მნიშვნელოვანი რამ, მარადიულ ფასეულობებზე ორიენტირებული რწმენისა და სიცოცხლის თანაარსებობა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი ბოლო ოცდაათი წელია, სრულიად საპირისპიროდ იქცევა: ცდილობს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ტექსტების საფუძველზე ამა თუ იმ ტიპის ადამიანების დემონიზებას, დისკრიმინაციასა და დევნას. გამონაკლისი არც ამჯერად ყოფილა.

უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, რომ არანაირი ოფიციალური, მით უმეტეს თეოლოგიური, კომისია არ შექმნილა. პირიქით, ეკლესიამ პროცესში არ ჩართო ის თითზე ჩამოსათვლელი, თითო-ოროლა ქართველი თეოლოგი, რომელთაც შესაბამისი განათლება და კომპეტენცია აქვთ. მსოფლიო საპატრიარქოში წარმომადგენლად გაიგზავნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, რომელსაც დახმარებას რამდენიმე სასულიერო პირი უწევდა. რეალურად კი, ამ საკითხებზე ეკლესიის პოზიციას აყალიბებდნენ რელიგიური აგრესიისა და იზოლაციისკენ ძლიერ მიდრეკილი სასულიერო პირები, რომელთაც საზოგადოება ხშირად მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სახით ხვდება ხოლმე საინფორმაციო სივრცეში. ესენი არიან პირები, რომლებიც არამართლმადიდებლებს ადამიანებადაც კი არ მიიჩნევენ. უფრო მეტიც, მათი შევიწროება, განდევნა, მოწყვლა და მოწყვეტა საღვთო საქმედაც კი მიაჩნიათ. აღსანიშნავია, რომ მათ მიერ პროპაგირებული მოსაზრებების საფუძველზევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის, სამღვდელოების, ეპისკოპოსების უმრავლესობა უკვე ათწლეულებია, კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეს მწვალებლად და მართლმადიდებლობიდან განდგომილად მიიჩნევს, ვინაიდან იგი კათოლიკე ეკლესიასთან მეგობრულ ურთიერთობას ცდილობს. მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოს ეკლესიის პოზიცია იმთავითვე იყო კრების მიმართ სრულიად ნეგატიური. მას თავიდანვე სურდა, რომ კრებას ადამიანებისათვის სულიერი სიხარული და შვება კი არ მოეტანა, არამედ პირიქით, მისი გზავნილი რეპრესიული და მათი ყოფის დამამძიმებელი ყოფილიყო. საჯილდაო ქვად კი აირჩიეს საკითხი შერეული ქორწინების შესახებ, ანუ, როდესაც მართლმადიდებელი აღმსარებლობის ადამიანი ქორწინებაში შედის არამართლმადიდებელ ან სულაც არაქრისტიან პირთან, ხოლო ეკლესია მაინც სწერს წყვილს ჯვარს, ადებინებს რა პირობას არამრევლ მეწყვილეს, რომ ამ ქორწინებაში დაბადებული ბავშვები მართლმადიდებლებად მოინათლებიან. ეს საკითხი თავის დროზე მკაცრად განისაზღვრა მსოფლიო კრებებზე, თუმცა შემდეგ, როდესაც ქრისტიანობა უფრო მეტ ქვეყანაში გავრცელდა, ან პირიქით ქრისტიანულ ქვეყნებში სხვა რელიგიის აღმსარებლებმა იმატეს, ადგილობრივმა საეკლესიო კრებებმა, პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, ეს საკითხი, ე.წ. იკონომიის (საეკლესიო გულმოწყალება, როდესაც გათვალისწინებულია კონკრეტული ადამიანების გამოუვალი მდგომარეობა) პრინციპზე დაყრდნობით შეარბილეს. საქართველოში კი მოხდა პირიქით. ვინაიდან საქართველოს მეფეს, დავით IV აღმაშენებელს ბიზანტიასთან დაახლოება სურდა, 1105 წლის რუის-ურბნისის კრებაზე იმ მიზნით, რომ ქართული მართლმადიდებელი, პრობიზანტიური ეკლესია საბოლოოდ გამიჯვნოდა სომხეთის სამოციქულო ეკლესიას, ე.წ. შერეული ქორწინებები აიკრძალა. ამ საკითხმა კრების კონტექსტში ქართველი სამღვდელოებისათვის მოულოდნელად კატეგორიული ხასიათი შეიძინა და მრავალგზის  გააპროტესტეს, სულ ბოლოს კი, საეკლესიო კრების მსვლელობისას, 2016 წლის 23 ივნისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კრებას კიდევ ერთხელ მიმართა, საერთოდ არ განეხილათ ეს საკითხი. მისი თხოვნის მიუხედავად, კრეტაზე გამართულ კრებაზე განსახილველად გავიდა დოკუმენტი სახელწოდებით „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები“, თუმცა ნაწილობრივ გაითვალისწინეს საქართველოს ეკლესიის შენიშვნები. საბოლოოდ შერეული ქორწინებების საკითხის დარეგულირება ისევ და ისევ ადგილობრივი ეკლესიების კომპეტენციად დარჩა, თუმცა მიეცათ მოწოდება, მიუდგნენ ამ საკითხს საეკლესიო გულმოწყალების (იკონომიის) გათვალისწინებით, რათა ადამიანები არ დაბრკოლდნენ ხსნის გზაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში მხოლოდ ქართველი მრევლი მოაკლდება თავისი ეკლესიის კურთხევას, დაიწეროს ჯვარი საყვარელ ადამიანთან, ისე, რომ არ აიძულოს იგი, თავიდან მოინათლოს, თუმცა მრევლის წევრებს შერეული ქორწინებისას კვლავინდებურად შეეძლებათ ჯვრისწერა სხვა მართლმადიდებელ ეკლესიაში, როგორც ეს აქამდეც ხდებოდა.

მაინც რა თქვა კრებამ?

ამ კითხვაზე ყველაზე გულწრფელი პასუხი იქნებოდა, რომ ახალი არც არაფერი. თუმცა, მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს კრება აშკარად არის პროგრესული მოვლენა. ის, რომ მისი დოკუმენტები არ ატარებს პარადიგმულ და უნივერსალურ ხასიათს, გამოწვეულია იმ სავალალო მდგომარეობით, რომელშიც მართლმადიდებელ ეკლესიებს დეცენტრალიზებული თანაარსებობის წესი აყენებს. თითოეულ მათგანს სწორება იმ ქვეყნის სოციოპოლიტიკურ და კულტურულ მდგომარეობაზე აქვს, რომელშიც ფიზიკურად უწევს მოღვაწეობა. შესაბამისად, საეკლესიო საკითხებსაც განსხვავებულად ხედავენ. მიუხედავად ამგვარი შინაგანი წინააღმდეგობისა, კრებამ საბოლოო ჯამში დაამტკიცა ორი გზავნილი და ექვსი დოკუმენტი. ტექსტების დიდი ნაწილი შიგა საეკლესიო საკითხებს ეხება. ბევრი საკითხი საკმაოდ ანტიმოდერნულადაც კი არის ფორმულირებული. რთული და ჩახლართული ენა დოკუმენტებს უბრალო მკითხველისათვის ძნელად გასაგებს ხდის, განსაკუთრებით კი  - მის თარგმანს. კრების მიერ მიღებულ ორ დოკუმენტში ჩამოთვლილია მართლმადიდებელი ეკლესიის ხედვა იმ საკითხებზე, რომლებიც ყველა მოქალაქისთვის საინტერესოა.

კრებასთან დაკავშირებული კონფლიქტის სავარაუდო შედეგები

თავიდანვე უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც ჩვენია, დღესდღეობით ყველაზე ძლიერი ინსტიტუციაა, ადამიანთა სოციალიზაციის, მათი ცნობიერებისა თუ კულტურული ფორმაციის მხრივ. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიის ხედვას სამოქალაქო ცნობიერებისათვის აქტუალურ ბევრ საკითხზე. კულტურშემოქმედებითი ფუნქცია, რაც მას, მართლაც, ჰქონდა საუკუნეების განმავლობაში და რომელიც შეიძლება  ღიაობის, შემწყნარებლობის, გარესამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნისა და ცოდნისკენ სწრაფვის ნიშნით ხასიათდებოდა, დღეს სრულიად საპირისპირო ხასიათს ატარებს. საქართვლოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალიერარქები უკვე ათწლეულებია, თავს პოლიტიკურ მოღვაწეებად აღიქვამენ და ეკლესიის სრული შინაგანი პოლიტიზებაც მოახდინეს. ეს მუხტი ხშირად აისახება ხოლმე უშუალოდ პოლიტიკური პროცესის მწვავე მომენტებში ან ეკლესიის მისწრაფებაში, შთანთქოს ქვეყნის საჯარო სივრცე, განათლების სისტემა, ეკონომიკა თუ სხვა სეგმენტი. თუ გადავხედავთ კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დავინახავთ, რომ ჩვენი ეკლესიები ცნობიერების დონის მიხედვით სრულიად სხვადასხვა სიბრტყეზე იმყოფებიან. აშკარაა ძალიან ღრმა კულტურული სხვაობა და შეუთავსებლობა ქრისტიანობის გაგებათა შორის. მიუხედავად იმისა, რომ კრების დოკუმენტების ნაწილი ან კონსერვატიულია, ან არაფრისმთქმელი, ის მაინც მნიშვნელოვანი მოვლენაა მართლმადიდებლობის, როგორც კონფესიის, ფორმაციის საკითხში, კულტუროლოგიური თვალსაზრისით, რომლის უკანაც ნახევარსაუკუნოვანი დაუღალავი ინტელექტუალური შრომა ძევს. ამ მოვლენისაგან შინაარსობრივი და სტრუქტურული გამიჯვნა აშკარად ნიშნავს უკან გადადგმულ ნაბიჯს და მოასწავებს ეკლესიის თვითიზოლაციისკენ შეუჩერებელ სვლას. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ამ კონფლიქტში საქართველოს საპატრიარქოს არგუმენტები სრულიად მოკლებულია ჯანსაღ არგუმენტაციას. ქართველ სამღვდელოებას არ გააჩნია საკმარისი თეოლოგიური კომპეტენცია და, ბოლოს, ეს ნაბიჯი რუსულ სააზროვნო ორბიტაზე საბოლოოდ მიჯაჭვას ნიშნავს. თუ კონფლიქტი შეუქცევად ხასიათს მიიღებს, სავარაუდოდ,  მივიღებთ ე.წ. სქიზმას, უფრო სწორად - გაფორმებას იმ ვითარებისა, რომელშიც, რეალურად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იმყოფება. სავარაუდოდ, ევქარისტიულ კავშირს გაწყვეტს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან და ერთგვარი გათიშულობის რეჟიმში გადავა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ამგვარი საქციელი თითქმის ნორმალურად იქცა მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის.

რას მოუტანს ეკლესიის თვითიზოლაცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას?

რადგან სიტყვა გამიგრძელდა, ლაკონიურად ჩამოვთვლი სავარაუდო პრაქტიკულ შედეგებს:  მარხვის პერიოდში დაიწვება უფრო მეტი წიგნი ბათუმსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებში; ჩაიშლება უფრო მეტი როკკონცერტი; უფრო მეტი ადამიანი  დაავადდება ფსიქოზით, რომ თანამედროვე ტექნიკა, ელექტრონული პასპორტი და ა. შ. ეშმაკის კოდებითაა სავსე; უფრო მეტი წიგნის ავტორი გახდება ფიზიკური და ფსიქიკური აგრესიის ადრესატი; უფრო მეტი გამოფენა ჩაიშლება, შიშველი გამოსახულებისა თუ სხვა მიზეზის გამო; უფრო მეტი სოსისი შეიყრება ვეგეტარიანელების თავშეყრის ადგილას და უფრო მეტი ბიჭი იქნება საეჭვო წარმონაქმნი, რადგან მას ფერადი შარვალი აცვია; შესაბამისად, იცემება უფრო მეტი საყურიანი მამაკაცი; კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიჟეჟება, იცემება და დასისხლიანდება ქრისტეს სახელით, იქნება ეს მაისში, სექტემბერსა თუ დეკემბერში; თუ კიდევ უფრო დავკონკრეტდებით, კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეეხუთება სული იმის გამო, რომ ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც მთელი გარემო შეუქცევადად და აგრესიული მანერით მიდის უკიდურესი ერთფეროვნებისკენ, სადაც არ არსებობს პირადი სივრცის გაგება და პიროვნების არათუ პატივისცემა, არამედ მინიმუმ აღიარებაც კი, სადაც რწმენა საშინელმა აგრესიამ ჩაანაცვლა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^