დრამის დასასრული
დასაწყისი წაიკითხეთ აქ
სექსისტური აზროვნება გასცდა უბნის ბირჟას და სასამართლო სხდომის დარბაზში დაივანა; ეროვნულ-კულტურულმა ქალთმოძულეობამ საჯარო სივრცეში გადაინაცვლა. მაგდას „სამსჯავრომ“ ფარდა აჰხადა სისტემურ სექსიზმსა და შესისხლხორცებულ პატრიარქატს. მასმედიამაც და საზოგადოებამაც დაამტკიცა, რომ ფალოცენტრული, მახინჯი ორმაგი სტანდარტების ტყვეობაშია. არავის აინტერესებს ცოლის მკვლელის ქორწინებამდელი, ან შემდგომი ინტიმური ცხოვრება; კაციშვილი არ გვიფრიალებს თვალწინ მის საიდუმლოსა და საყვარლების ნუსხას; ძეხორციელს აზრად არ მოუვა, პირდაპირ ეთერში, ან ვებსაიტის კომენტარებში გაარკვიოს, „უკანონო“ კავშირი ხომ არ ჰქონია ბრალდებულს, ან აბორტის გაკეთება ხომ არ სთხოვა მეგობარ ქალს, ან „ეშმაკებზე“ ხომ არ უყურებდა ვიდეოებს. სამაგიეროდ, როცა ქალს ასამართლებენ, მის საყვარლებს ლუპით აკვირდებიან მორალისტი საზოგადოების სამსჯავროზე; ყველა იქექება მის წარსულსა და საცვლებში; იძიებს, ქალიშვილი იყო ქორწილის ღამეს, თუ არა, „სატანისტურ" ვიდეოებს ხომ არ უყურებდა და ვის ემესიჯებოდა სკაიპში. როცა 38 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა მოძალადე ქმრების სისასტიკეს, რომელიმე მედიასაშუალებამ, ან სასამართლომ (ტელეკამერების წინაშე) გაარკვია ბრალდებულთა ქორწინებამდელი კავშირების საკითხი, ვაჟიშვილობის დაკარგვის თარიღი და დაითვალა მათი საყვარლები, ან განცდილი ორგაზმები? არა. რატომ აკვირდებიან ასეთი მგზნებარებით დამნაშავე ქალის საქალწულე აპკს, როცა არავის ანაღვლებს, მკვლელი კაცი ვაჟიშვილი ჩაჰბარდა ცოლს, თუ არა, ან უკანონო შვილი ხომ არ ჰყოლია? პასუხი მარტივია: მაგდა ქალია. მორალისტები გვარწმუნებენ, რომ „საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინება მოუხდა მედიასაც და სასამართლოსაც“. ამ ინტერესის დაკმაყოფილება სრულიად შესაძლებელი იყო იმის საჯაროდ დაზუსტების გარეშე, რამდენჯერ მოიშორა ბრალდებულმა არასასურველი ნაყოფი; ქორწილამდე რამდენი კვირით ადრე დაკარგა ქალწულობა და რა პოზაში დატკბა სექსით; უნდოდა, თუ არა კიდევ ერთი ბავშვის გაჩენა და „ეშმაკებზე“ უყურებდა ვიდეოებს, თუ მამა გაბრიელის შესახებ. „საზოგადოებრივი ინტერესი“ კი სხვის საცვლებში ქექვაა, უცნობის საძინებელში სანთლის დამჭერი, ინტიმური აქტის მოჭვრიტინ-მომზირალი, ჭორიკანა ერის ავადმყოფური ცნობისწადილი (ბრალდებულმა მოითხოვა კიდეც სხდომის დახურვა, როცა მისი პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალებს განიხილავდნენ, მაგრამ დახურული პროცესიდანაც კი გამოიტანეს ინფორმაცია და ერს მოსდეს). ეს ანტიქალური ისტერიკა ემსახურება ერთადერთ მიზანს: ზნედაცემული, ამორალური ქალის იმიჯი შეუქმნას მაგდას (ეს ძალზე იოლია პატრიარქალურ სინამდვილეში). საყვარლების სიის ფრიალი უმარტივესი სექსისტური ტაქტიკაა, ეჭვმიტანილი ქალის დემონიზებისა და მისდამი სიძულვილის გაღვივების ყველაზე იოლი გზა. საჯარო (ან დახურულ) სხდომაზე რომც გამოამზეურონ კაცის ინტიმური ცხოვრება, ეს ფაქტორი მაინც ვერ მოახდენს გავლენას საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე და ვერც ერს დარაზმავს, რადგან ჩვენს მიზოგინიურ რეალობაში, „უკანონო“ სექსი სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა კაცისთვის. ქორწინებამდელი რომანი და სასიყვარულო კავშირი არასოდეს გახდება ბრალდებული კაცის წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური წნეხისა და ზიზღის მიზეზი. არავის არასოდეს უცდია მკვლელი კაცების (მათ შორის, შვილის მკვლელის) ურჩხულებად წარმოჩენა და მათი ოსტრაკიზმის პროცესის წამოწყება; მაგდა პაპიძე კი ეროვნულ მონსტრად იქცა და თვალსაჩინო ადგილი დაიკავა ქართულ ნაციონალურ დემონოლოგიაში. თუ თანასწორობასა და სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, ქალიც ისე უნდა განისაჯოს, როგორც კაცი, ამგვარი მარაზმის გარეშე: „აბორტი გაიკეთა, ეშმაკებზე უყურა ვიდეოს, საყვარელთან ორგაზმი განიცადა, სკაიპში ემესიჯებოდა ბიჭებს, პორნო ჩართო, ქორწილის ღამეს ქალწული არ ყოფილა!“ და ა.შ. ალბათ, ბავშვობაში კენჭი ესროლა ბაყაყს და მსხალი წაართვა მეზობელ გოგონას. ესეც დაწვრილებით გვაუწყონ, რათა უკეთ გამოვუტანოთ განაჩენი, უმოწყალოდ და დაუნდობლად. „მაგდას საყვარელი ჰყოლია - პაპიძის მეზობლების სკანდალური დეტალები”; „ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე პაპიძეს სხვა მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა”; „ქმარს რომ ღალატობდი, მაშინ სად იყავი?!“; „ოთარ ბერძენიშვილმა დაადასტურა, რომ მაგდასთან არაერთხელ ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა - პროკურორი“... რომელი ბრალდებული კაცის წარსულის „პიკანტური“ ეპიზოდები განუხილავთ ასე საჯაროდ? არც ერთის. მნიშვნელობა არა აქვს, ქალი მსხვერპლია, თუ მკვლელი. ორივე შემთხვევაში უნდა ვიქექოთ მის პირად ცხოვრებაში. როგორც მოკლული, ასევე, მკვლელი კაცების ინტიმური ცხოვრება არ იწვევს სოციუმის ასეთ არაჯანსაღ ინტერესს. კაცია და ბუნებრივია, სექსი ექნებოდა. რა სალაპარაკო ეგაა?! დანაშაულთა გაშუქების ამ მახინჯ ორმაგ სტანდარტს საფუძვლად უდევს პატრიარქალური აზროვნება, რომლის თანახმადაც, სექსი (ქორწინებამდეც და შემდგომაც) კაცის ბუნებრივ მოთხოვნილებად მიიჩნევა, ქალისთვის კი სირცხვილად და გახრწნილებად. ცოლის მკვლელს არავინ განიკითხავს და არც დაამუნათებს საყვარლის ყოლის გამო; ამის საპირისპიროდ, მთელი საზოგადოება, პრესა და სასამართლო დაირაზმა ბრალდებული ქალისთვის ჩირქის მოსაცხებად და ორგაზმ-ანორგაზმიის საკითხის გასარკვევად. სამივემ შეუწყო ხელი მაგდა პაპიძეზე ფსიქოლოგიურ-მორალური ძალადობისა და ტერორის გაჩაღებას. „ერთადერთი, ვისთანაც მინატრია ჩახუტება საკანში ყოფნის დროს, შენ იყავი“-მიმართა მაგდამ მეგობარს. ამას რეპლიკა მოჰყვა დარბაზში მჯდომი დედამთილისგან: „შენს საყვარელთან ჩახუტება არ გინატრია?!“... და ქალთმოძულეთა აღტყინებული ჯოგი უყურებს სეირს, კმაყოფილებისაგან ხავის და ხელებს იფშვნეტს. პურიც აქაა და სანახაობაც. საყვარლებსა და ცოლებს შორის გრაფიკით მოშლიგინე კაცების კავშირი, მოღალატე ქალების ეროვნული სადამსჯელო რაზმის ოფიცრები, მრუში ცოლების მამხილებელთა საძმო, ზნეობის სარანგთა ერთობა და „უხუცესთა საბჭო“ სამარცხვინო ბოძზე აკრავს მაგდა პაპიძეს, ცხენის კუდზე გამობმით ემუქრება და ბოზს უწოდებს ქმრის ღალატის გამო. საყვარელი ჰყავდა? ოცნებისა და ფანტაზიის სახრავი ძვალი მიუგდეს მიზოგინთა ნახირს.
სისტემური სექსიზმის კიდევ ერთი მაგალითი ისაა, რომ მაგდას წაუშალეს ფეისბუქზე განთავსებული „სექსუალური“ და „ვულგარული" ფოტოები და მხოლოდ ქმარ-შვილთან ერთად გადაღებული სურათების მთელი „პლეადა“ ჩამოუწიკწიკეს კედელზე. ბრალდებულის ახლობლებმა ქედი მოიხარეს ამ პატრიარქალური ბოდვის წინაშე: „მხოლოდ თავისი გაჩაჩხული ფეხები გამოუმზეურებია ქალბატონს!“. მაგდას არაფერი აქვს საბოდიშო; პატიება არ უნდა შესთხოვოს მიზოგინიით გონდაბინდულ ფარას იმის გამო, რომ ოჯახის ფოტოები არ გამოუმზეურებია. არც არავის წინაშე არ უნდა იმართლოს თავი. არ მახსოვს, ასეთი გააფთრებით გადაექოთებინოს სანთლის დამჭერ საზოგადოებას ცოლის მკვლელი კაცის პირადი გვერდი და დაეთვალოს, რამდენ ფოტოზე იყო აღბეჭდილი მისი მსხვერპლი. ამ სექსისტური მორევიდან ამობრწყინდება მავანი ინწელექწუალი ალფა-მამრი, ქონში პრივილეგიებგადაზელილი კოკროჭინა და მოზეიმე უმეცრებით განაცხადებს: „რა შუაშია აქ სქესი? რატომ ეძებთ ყველგან ქალის ჩაგვრასა და პატრიარქატს?“ არადა, მიზეზი ისედაც მარტივია: მაგდა ქალია.
თურმე, მაგდა „კევს იცოხნებოდა“ პროცესზე და ამიტომაც, საზიზღარი არსებაა. სამაგიეროდ, არავის ადარდებს, ცოლის მკვლელი კევს აღლაჭუნებს, ნაძვის ფესვს ღეჭავს, თუ გოფრირებულ რკინას ღრღნის. მაგდას დეკოლტე ეცვა პროცესზე, პომადა წაუსვამს, თმა შეუღებავს და თქვენ წარმოიდგინეთ, დაუვარცხნია კიდეც! ზნეობის დამცველ ერს არ ანაღვლებს, ცოლის მკვლელს გულამოჭრილი მაისური აცვია, გრძელტოტებიანი შარვალი, ფარაჯა, ბიკინი, თუ ტომარა აქვს ჩამომხობილი თავზე; პომადა წაისვა, თუ ღორის ქონი; საგულდაგულოდ აქვს დავარცხნილი თმა, თუ აწეწილი. თურმე, დიაბეტით დაავადებული მაგდა გასუქებულა და უფრო მეტს ჭამს! ცოლის მკვლელს კაციშვილი არ უთვლის ლუკმას და არც მისი წონისა და გაბარიტების კონტროლით არაა დაკავებული. აბა, რა ქნას ქალისაგან შერცხვენილ-ლაფდასხმულმა?! აღარც ჭამოს?! კარგად უნდა იკვებოს, რათა სასჯელს გაუძლოს, ცხოვრება განაგრძოს და განსაცდელი გადაიტანოს. ღმერთმა უნდა დალოცოს და ჩამოირეცხოს ის ჩირქი, ახურუშებულმა და აღვირახსნილმა დედაკაცმა რომ მოსცხო. სამაგიეროდ, ბრალდებულმა ქალმა თავიც კი არ უნდა იმართლოს. რად უნდა სიცოცხლე?! აი, კაცმა გამალებით უნდა ამტკიცოს, რომ ცოლმა გაამწარა, - გაშორდა და „გაუბოზდა“. ბრალდებულმა მაგდამ ვენები უნდა დაიფლითოს იმის მტკიცებით, რომ იდეალური, მზრუნველი დედა იყო, წინსაფრითა და ლანგრით დარბოდა წინ და უკან, კერძებს უმზადებდა ოჯახს და ქმარს ემსახურებოდა. არავის აინტერესებს, როგორი მეუღლე იყო მკვლელი კაცი, პლედი ხომ არ წაუფარებია დაღლილი ცოლისთვის, ლანგრით ხომ არ მიურთმევია ვახშამი, ან ფეხები თუ დაჰბანა; ხონჩით დარბოდა, წინსაფრით, თუ კალაშნიკოვით. „თურმე, მაგდას ლაინერი და თვალის ფანქარი მოუთხოვია! წარმოგიდგენიათ?! რა ელაინერებოდა?!“ სამაგიეროდ, აღშფოთებულ-აფუთფუთებული ეს მასა თავის დღეში არ დაინტერესდება, მკვლელმა კაცმა ლაინერი მოითხოვა, კანაფი, განდონი, თუ გასაბერი ქალი. მიზეზი? მაგდა ქალია.
„მაგდას სასტიკად არ უნდოდა შვილი. დიაბეტი მაქვს და ერთის გაჩენას სიცოცხლე შევწირე, ქუჩაში ორსულსაც რომ ვხედავ, ეკლები მაყრის, ცუდად ვხდები, იმხელა ტრავმა დამიტოვა ორსულობამო, - ასე ამბობდა მაგდა, რომელმაც ომარის დაუკითხავად აბორტიც გაიკეთა."-აცხადებს მოწმე. კომენტარებში კი წერენ: „აი, ვერ გამიგია, ქმარშვილმოკლულმა ქალმა როგორ უნდა იცხოვროს მშვიდად????“; „ეს ნორმალურია??????? რა მშვიდაად???? რომელ ოჯახს????????? სადაააა ოჯახი?????????????“; „შვილმკვდარი დედა მშვიდად და გადასარევად რომ გააგრძელებს ცხოვრებას!!!...აღარაფერია საკვირველი თქვენგან!“... „უწესო“ ცოლის მკვლელმა მშვიდად უნდა განაგრძოს ცხოვრება, ღვთის შეწევნითა და მეოხებით შეინანოს და გადაიტანოს განსაცდელი. დროებით მონასტერსაც თუ შეაფარებს თავს, ხომ მთლად კარგი! აი ქალმა კი ცოცხლად უნდა დაიმარხოს თავი. „პირუთვნელ“ მოწმეს ავიწყდება, რომ ადამიანი განისჯება არა იმის გამო, რომ შვილი არ უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ დანაშაული ჩაიდინა. ბავშვის გაჩენაზე უარის თქმა არავითარ „ბალასტს" არ ჰმატებს ბრალს და არც სასჯელს ამძიმებს. რატომაა გასაკვირი, რომ მტანჯველი ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ, დიაბეტით დაავადებულ, ფუნქციებმოშლილ, ჯანმრთელობაშერყეულ მაგდას არ სურდა კიდევ ერთი შვილი და ფეხმძიმე ქალის დანახვისას განცდილი წამება და ტრავმა აგონდებოდა? სმენიათ კი რამე პრენატალურ და პოსტნატალურ დეპრესიაზე პატრიარქატ-მიზოგინიის სასახლის კარის მართლმადიდებელ ფსიქოლოგ-ფსიქიატრებსა და ორღობის ჭორიკანა მეზობლებს? ან ის იციან, რომ დიაბეტი ორგანიზმს სპობს, გართულების შემთხვევაში კი სიბრმავეს იწვევს და კლავს კიდეც ადამიანს? ეს მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ბრალდებული მამრობითი სქესისაა. ამაოდ ნუ გვექნება იმის იმედი, რომ ადეკვატურად შეაფასებენ ქალის ფსიქიკის მდგომარეობას. რას ნიშნავს „ქმრის დაუკითხავად გაიკეთა აბორტი“? მისგან უნდა აეღო ნებართვა? ცხადია! ქალი უნდა იყოს წიწილმრავალი კრუხი სახელმწიფოს, ოჯახისა და ეკლესიის სამსახურში; შვილი უნდა აღუზარდოს სამშობლოს და პირწმინდად მოიხადოს თავისი ბიოლოგიურ-სოციალურ-რელიგიური ვალი. დაე, მოესპოს ორგანიზმი! მაინც უნდა გააჩინოს! დაე, ტანჯვით შვას (ღმერთმა დასწყევლა ასე ქალის მოდგმა)! შვილს ძუძუ აღარ უნდა, ქმარს - ვაგინა და ბარემ, მოკვდეს! „რატომღაც“ მოწმეს „გამორჩა“, რომ მოსიყვარულე, გადასარევმა, თბილმა და ჯიგარმა ქმარმა მაგდა სცემა აბორტის გაკეთებისა და სვირინგების დახატვის გამო. ეს პატრიარქალური ბოდვა იმისთვისაა საჭირო, რომ საზოგადოება დაარწმუნონ, - მაგდა იყო უზნეო ქალი, თავს არიდებდა წმინდა მოვალეობას - ბავშვის გაჩენას და ამიტომაც, უფრო მკაცრ სასჯელს იმსახურებს, ვიდრე - სხვა შემთხვევაში. „გათხოვილი ქალი რომ სხვა კაცს აუშვერს ფეხებს, ყველაფერს იკადრებს". მთელი ერი და პრესა დადგა ფეხზე პატიმრის „გარყვნილების“ „კოეფიციენტის“ დასადგენად. მიზეზი? მაგდა ქალია.
„მაგდა პაპიძე ვიდეოებს უყურებდა ეშმაკების შესახებ.“; „მაგდა იყო ერთ-ერთი რელიგიური სექტის წევრი და სწორედ მას შესწირა მსხვერპლად ქმარ-შვილი“. უუუუუუ! მოვიდა ბუა, სატანა, დემონი, ლილითი, იამამბა, ეშმა, ლუციფერი, კიკიმორა, ვოლანდი, მეფისტოფელი... ორღობეში მოკალათებულმა ბრბომ სალემის პროცესი გააჩაღა და ინკვიზიციური სულისკვეთებით გამოაცხადა ალქაჯებსა და კუდიანებზე ნადირობა. კიდევ კარგი, ჟღალთმიანი არაა ბრალდებული, თორემ მოგიზგიზე კოცონზე დაწვავდა მისნობასთან მებრძოლ ერთსულოვან მამულიშვილთა ლაშქარი. მედიას ისე ხიბლავს მაგდა პაპიძის გრძნეულად და ბულგაკოვის მარგარიტად წარმოჩენა (მათი სახელებიც „საეჭვოდ“ ჰგავს ერთმანეთს), ისე შევიდა ეშხში, ერი დაგეშა. პარანოიით ტვინდაბნელებული ბრბო აფრიალებდა „ეშმაკების“ შესახებ ნანახ ვიდეოებს. იქნებ, მაგდა სისხლის აბაზანას იღებდა ღამღამობით, ცოცხზე გადამჯდარი დაფრინავდა, აზაზელოს მალამოს ისვამდა, ბავშვების სისხლით საზრდოობდა, ლუციფერზე იყო ჯვარდაწერილი, ლილითივით, გველი შემოეხვია ტანზე, ვოლანდს ემესიჯებოდა ხოლმე სკაიპით და სინამდვილეში, გრეთელენი ერქვა; ანტიქრისტესაგან იყო ორსულად და აბორტებს იკეთებდა; სატანის მეჯლისზე, დედიშობილა იდგა ჭინკების წინაშე; კოცონის ხარბმა ალმა შთანთქა მეჩვიდმეტე საუკუნეში გაჩაღებულ სალემის პროცესზე, მაგრამ სასწაულებრივად აღსდგა ფერფლიდან. ბოლოს, მაგდა ცოცხს მოაჯდება და გაფრინდება... მედია და სასამართლო წარმოგიდგენთ: „ახალგაზრდა მაგდას ვნებანი: Gruzian Horror Story, ანუ ალქაჯებზე ნადირობა ივერიულ-სალემურად“.
რატომ ,,საკუთარი ოთახი“? რატომ ვირჯინია ვულფი? და რატომ მაგდა?
„ერთ-ერთ სურათზე ვირჯინია ვულფის წიგნს კითხულობს. მნიშვნელობა არა აქვს, მოკლა თუ არა. ყველა ვარიანტში ფსიქოპა ტ კაა!“-წერს ფსიქო(ტ)ანალიზის „მხეცი“, ვინმე მარი, და „დიაგნოზს“ უსვამს ბრალდებულს. ავტომიზოგინიით შეპყრობილი ეს თინეიჯერი, რომელსაც ვულფის სახელი სმენია, ფემინისტური კლასიკის სიყვარულის გამო ასამართლებს მაგდას. რატომ უნდა ეწაფებოდეს ოჯახის დედა და გათხოვილი ქალი ფემინისტი ვირჯინია ვულფის წიგნებს?! მხოლოდ „სამზარეულოს წიგნი“, „რეცეპტების კრებული“, და „მზითვის წიგნი“ უნდა ეწყოს მის მაგიდაზე! ვირჯინია ვულფი, თავის უკვდავ ფემინისტურ ესეში, „საკუთარი ოთახი“, ქალებს მოუწოდებდა, არ დაჰმორჩილებოდნენ მოძალადე ქმრებს, თავად გაეკაფათ გზა, მოეპოვებინათ ეკონომიკური ემანსიპაცია და თავი ერჩინათ, რათა ფინანსურად დამოკიდებულნი არ ყოფილიყვნენ დესპოტ კაცებზე. მწერლის აზრით, ქალს უნდა გააჩნდეს საკუთარი ოთახი და კარზე მორგებული მყარი საკეტი, რათა განმარტოვდეს, კითხვას მიჰყოს ხელი, წერა დაიწყოს და ინტელექტუალური განვითარების გზას დაადგეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერასოდეს დაამსხვრევს ოჯახური მონობის ბორკილებს. როგორც მაგდას საქმის გასაჯაროებული მასალებიდან გაირკვა, „ოდესღაც, მაგდა უჯერებდა ქმარს, იყო მორჩილი და თვინიერი ცოლი“. აი, მერე კი „აიშვა“; არად აგდებდა ოჯახის „თავისა“ და „ბატონ-პატრონის“ სიტყვას, მუშაობდა და 300 ლარის გამო ღამეს ათევდა სამსახურში. ამ დეტალს ზიზღით აფრიალებს ქალთმოძულეთა დუჟმორეული ბრბო: „ღამღამობით მარტო როგორ ტოვებდა ბავშვს ფულის გულისთვის?!“. თურმე, მოძალადე და მესაკუთრე ქმარიც უნდა აეტანა და ეკონომიკური მონობაც. „მაგდას მუშაობის გამო ოჯახი ენგრეოდათ!“ გამოსავალი? განქორწინება, რასაც ითხოვდა ბრალდებული, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა ქმარი.
მიზოგინთა ჯოგის ყბასა და ხელში გასვრილ-მოთხვრილი ეს 300 ლარი ცხადზე უცხადესი ნიშანია იმ ერთი ბეწო თავისუფლებისა და იოტის ოდენა ეკონომიკური დამოუკიდებლობისა, რომლის მოპოვებასაც ესწრაფვოდა ქმრისაგან დატერორებული, აკრძალვების მარწუხებში მომწყვდეული, ჩაგრული და ძალადობის მსხვერპლი მაგდა; მაგდა, ქალი, შვილის გაჩენას რომ აიძულებდნენ (მძიმე დაავადების მიუხედავად), მუშაობას უშლიდნენ, აბორტის გაკეთებისა და სვირინგების დახატვის გამო სცემდნენ, წამდაუწუმ ახსენებდნენ „მოვალეობებს“, ჭორიკანა მეზობლები ლუპით უმზერდნენ მის სარეცელსა და თეთრეულს, კარის საკეტიდან უჭვრიტინებდნენ, სანთელი ეჭირათ მის საძინებელში და არ აცლიდნენ ვირჯინია ვულფისგან დატოვებული ფემინისტური ანდერძის კითხვას.
აი, ესაა ის საკუთარი ოთახი, საუბედუროდ, არასოდეს რომ არ ჰქონია მაგდას. არასოდეს.
დრამის დასასრული