სტუდენტური მოძრაობა "აუდიტორია 115" "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის მიზნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. როგორც მოძრაობა საკუთარ facebook გვერდზე განმარტავს, დღეს, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და დააკმაყოფილა სტუდენტური მოძრაობის წინადადება არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერის ინიციატივით კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, უქმდება სტუდენტური თვითმმართველობა. ხოლო, სტუდენტების ჩართულობა უნივერსიტეტის მართვის პროცესში, უზრუნველყოფილი იქნება იმგვარად, რომ დაცული იყოს სტუდენტებსა და სტუდენტურ ჯგუფებს შორის თანასწორობის პრინციპი.
"დღეიდან, 45 დღის განმავლობაში, ჩვენ უნდა შევაგროვოთ 30 000 ხელმოწერა, რათა საქართველოს პარლამენტმა განიხილოს კანონპროექტი.ჩვენ გვქონდა არაერთი დეპუტატისგან შემოთავაზება, რომ თავად გაუკეთებდნენ კანონპროექტს ინიცირებას, მაგრამ ჩვენ ამაზე უარი ვთქვით და ვარჩიეთ ხელმოწერების შეგროვება. გვინდა, კიდევ ერთხელ, ყველას დავანახოთ, თუ როგორი განწყობებია მოსახლეობაში და რამდენად ლეგიტიმურია ჩვენი მოთხოვნები",- ნათქვამია მოძრაობის მიერ გვრცელებულ განცხადებაში.