Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიციის გულგრილობა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე - რას ჰყვებიან იურისტები

28 ივლისი 2016

პოლიციის გულგრილობა, საგამოძიებო ორგანოების არაეფექტური მუშაობა და შეუსაბამო სისხლის სამართლებრივი მუხლების გამოყენება ოჯახში ძალადობის საქმეებზე - თბილისის ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება  გააცნეს იმის შესახებ, თუ რა ხარვეზებია და როგორ ხდება სამართალწარმოება ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევებზე.

თამარ ლუკავა ადამიანის უფლებათა სახლის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის კოორდინატორია. ამჟამად, იურისტს ოჯახში ძალადობის სამი საქმე აქვს წარმოებაში, რომელიც მიმდინარე თვეში მოხდა. სამივე შემთხვევა მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. იურისტმა დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს სამართალწარმოება.

პირველი შემთხვევა თეთრიწყაროში მომხდარ ფაქტს ეხება. მამაკაცმა ცოლს სასტიკად სცემა და შემდეგ ყურები დააჭრა. უმძიმესი დაზიანებებით ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როდესაც მედიის საშუალებით ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, გადავწყვიტეთ დაზარალებულისთვის სამართლებრივი დახმარება  გაგვეწია. სამწუხაროდ, მას არ აღმოჩნდა არც ახლობელი, არც ნათესავი ან გულშემატკივარი, რომლის დახმარებითაც შევძლებდით  ამ ქალისთვის ხმის მიწვდენას. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შევძელით მასთან  რეანიმაციაში შესვლა. შეხვედრისას აღმოჩნდა, რომ  არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა გამოძიება დაწყებული და -  რა მუხლით. პირველ რიგში, ის არ იყო ცნობილი დაზარალებულად, არ ჰქონდა ჩატარებული ექსპერტიზა. მივმართეთ პროკურატურას, მოვითხოვეთ  ექსპერტიზა და  დაზარალებულად ცნობა. ასევე  მოვითხოვეთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. გავარკვიეთ, რომ გამოძიება დაწყებული იყო ცემის მუხლით. ჩვენი ჩარევის შედეგად მუხლი გადაკვალიფიცირდა - ახლა გამოძიება წამებისა  და ოჯახში ძალადობის მუხლით მიმდინარეობს .

შემდეგ უკვე გაჩნდა მისი თავშესაფრით უზრუნველყოფის პრობლემა. მკურნალობის შემდეგ მას არსად ჰქონდა წასასვლელი. ქმარი დაკავებული იყო, თუმცა  ქმრის დები და ნათესავები ემუქრებოდნენ. ქალი დაკითხულიც კი არ ყოფილა. თბილისის თავშესაფარში ადგილი არ იყო. რამდენიმე დღით ის დედათა მონასტერმა შეიფარა. მოგვიანებით, მსხვერპლის სტატუსის მიღების შემდეგ თავშესაფარშიც  გაჩნდა ადგილი. ქვემო ქართლში ასეთი თავშესაფარი არ არსებობს. ამჟამად მას საფრთხე არ ემუქრება. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. გამომძიებელმა ჩემთან საუბარში თქვა, რომ  ასეთი ნაცემი ქალი კი არა, კაციც კი არ უნახავს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მას ესაჭიროება რეაბილიტაცია. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ აუცილებლად მოვითხოვთ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. პრობლემა იყო ასევე სამედიცინო ხარჯების დაფარვა. მას არავინ ჰყავს. ამიტომ მივმართეთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს და ოპერაციის ხარჯები მან დაფარა. ახლა ველოდებით წინასასამართლო სხდომას“.

მეორე შემთხვევა, რომლის შესახებაც იურისტმა ისაუბრა, ქვემო ქართლში რამდენიმე კვირის წინ მოხდა. 16 წლის ორსული გოგონა მეზობლად მცხოვრებმა ქმრის ნათესავმა, 47 წლის კაცმა გააუპატიურა.

მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე დაიკითხა და  დანაშაულიც კი აღიარა, პასუხისგებაში დღემდე მიცემული არ არის. საგამოძიებო ორგანოებს ამ დრომდე არ დაუკითხავთ  მოწმეები. გამომძიებელმა გვითხრა, რომ დაჩქარებული წესით მოითხოვა ექსპერტიზა, თუმცა ექსპერტიზის პასუხები ჯერ კიდევ არ არის. რაც იძლევა იმ ეჭვის საფუძველს, რომ ექსპერტიზა დაჩქარებული წესით არ მოუთხოვია. არსებობს საშიშროება, რომ დამნაშავე, სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, მიიმალოს. როგორც ოჯახის წევრებმა გვითხრეს, დამნაშავე შორიდან უთვლის მათ, რომ სამართალდამცავ ორგანოში ახლობლები ჰყავს და მას მაინც არ დასჯიან.

გოგონას მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს. მან რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა. ოჯახის წევრები დახმარებას ცდილობენ. ოჯახმა არ იცის ქართული ენა, რაც აფერხებს მათთვის ინფორმაციის მიწოდებას. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა თარჯიმნის პოვნაც, რომელიც გოგონას ფსიქოლოგთან ურთიერთობაში დაეხმარებოდა.

მესამე საქმე, რომლის სამართლებრივ  დეტალებზეც იურისტებმა ისაუბრეს, ფონიჭალში 20 წლის გოგონას მკვლელობას ეხება. ის საკუთარმა მეუღლემ მცირეწლოვანი ძმისა და ბებიის თანდასწრებით მოკლა.

საქმე აღძრული იყო განზრახ მკვლელობის მუხლით და  არ იყო დამატებული ოჯახში ძალადობის მუხლი. დანაშული მოხდა გარდაცვლილი გოგონას მცირეწლოვანი ძმის თვალწინ. სწორედ ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, გადაკვალიფიცირდეს მუხლი და დამამძიმებელი გარემოებაც დაემატოს.  ოჯახში წევრები ამბობენ, რომ ბავშვი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს და გამოასწრო მოძალადეს. თუმცა ამ ფაქტის შესწავლით გამოძიება არც კი დაინტერესებულა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე გოგონამ დარეკა პოლიციაში და დახმარება ითხოვა. რადგან მოძალადე მისული იყო მათთან სახლში და ცემდა როგორც ამ გოგოს, ისე მის ბებიას. პოლიციის თანამშრომლებმა არაფერი გააკეთეს. ამბობენ, რომ ქმარს ხელწერილი დააწერინეს, თუმცა ამის დამადასტურებელი ვერაფერი ვიპოვეთ.  დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი მისი ოჯახის წევრები, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი სახეზეა, დანაშაული მოხდა, გარდაცვლილია ადამიანი და ბრალდებული პასუხისგებაშია მიცემული. ჩვენ ვაპროტესტებთ იმასაც, რომ პოლიციის მხრიდან არ იყოს მყისიერი რეაგირება და რა თქმა უნდა, გენინსპექციიდან  მოვითხოვთ იმ პოლიციელების დასჯას, რომლებმაც სამსახურეობრივი გულგრილობის გამო ფაქტობრივად ხელი შეუწყვეს დანაშაულს“.

როგორც იურისტებმა აღნიშნეს, ძირითადი პრობლემა, რომელსაც  ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მუშაობისას აწყდებიან, არის ის, რომ მსხვერპლს არ აქვს შეგრძნება, რომ მას ვინმე იცავს და რომ მიმართვის შემთხვევაში პოლიცია არ  დაიცავს და ის უფრო მძიმე დანაშაულის მსხვერპლი გახდება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსმა თამარ ავალიანმა ოჯახში ძალადობის საკითხებზე საუბრისას რამდენიმე ძირითადი სირთულე გამოყო. როგორც ის ამბობს, საკანონმდებლო ბაზა მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია.  არსებობს კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, ასევე გენდერული თანასწორობის შესახებ და ანტიდისკრიმინაციული კანონი. სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის კონკრეტული მუხლები, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხება, თუმცა სტამბოლის კონვენცია რატიფიცირებული ჯერ კიდევ არ არის.

„ჩვენ მიერ წარმოებული საქმეებიდან იკვეთება, რომ მთავარი პრობლემა  სამართალდამცავი ორგანოების გულგრილი დამოკიდებულება, არაადეკვატური მიდგომა და რეაგირებაა იმ შემთხვევებზე, რომელიც ოჯახში ძალადობას  და ფემიციდს ეხება. არაეფექტურად იყენებენ სამართლებრივ მექანიზმებს. პოლიციის მხრიდან არ ხდება საფრთხის სათანადო შეფასება. ეს მნიშვნელოვანია პრობლემაა, რასაც  ჩვენ პრაქტიკაში ვხედავთ “,- ამბობს თამარ ავალიანი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები  პროექტის - „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“ - ფარგლებში ქვემო ქართლსა და კახეთში უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^