თითქმის 2 კვირაა შეიარაღებულ ამბოხებულთა ჯგუფი ერევანში პოლიციის განყოფილებას იკავებს. პირველი ტყვეები - პოლიციის თანამშრომლები გაათავისუფლეს, თუმცა შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადა აიყვანეს ტყვედ, რომლებმაც გავრცელებული ცნობით, პოლიციის შენობას თავი უკვე დააღწიეს. დროდადრო ახლდება სროლები, ორივე მხარეს არიან დაჭრილები. გუშინ კი ერთი პოლიციელი მოკლეს. „სასუნელ მამაცებად“ წოდებული (სომხური ხალხური ეპოსის - „დავით სასუნელი“ - ალუზია) ამბოხებულების მოთხოვნების ნაწილი დამფუძნებელი პარლამენტის ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლება და პრეზიდენტ სარგსიანის გადადგომაა. სომხეთის ხელისუფლება ჯერჯერობით პოზიციებს არ თმობს და ამბოხებულთა მხარდამჭერ, მზარდ საპროტესტო ტალღას დარბევებით უპირისპირდება.
სომხეთში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარის გაკეთება მემარცხენე აქტივისტს, არტურ პეტროსიანს ვთხოვე.
შეგიძლია გვითხრა, ვინ არის ჟირაირ სეფილიანი და როგორ დაიწყო ის, რაც ახლა ერევანში ხდება?
ჟირაირ სეფილიანი ლიბანელი სომეხია, რომელიც თავის დროზე ყარაბაღის ომში მონაწილეობდა და ასევე ლიბანის სამოქალაქო ომის მონაწილეცაა. სომხეთში ის ორჯერ იჯდა ციხეში - ერთხელ ქოჩარიანის დროს 2006 წელს, როცა მან ომის ვეტერანებს მოუწოდა გაერთიანებულიყვნენ ქოჩარიანის კორუმპირებული და ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ. ის ორ წელიწადში გამოუშვეს. საერთოდაც ის მემარცხენედ განწყობილი ნაციონალისტია, რომელიც მიიჩნევს, რომ სომხებს შორის თანასწორობა უნდა იყოს, რომ აზერბაიჯანს გოჯი მიწაც არ უნდა დავუთმოთ და ლამისაა ნახიჩევანიც უნდა შემოვიერთოთ. ადამიანები, რომლებსაც ის მოსწონთ, ომგამოვლილი ხალხია, ომის ვეტერანები. თავად მან ვერ შეძლო პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბება და უფრო საველე მეთაურად დარჩა.
ორი თვის წინ სეფილიანი ისევ დაიჭირეს იმ მიზეზით, რომ თითქოსდა ის ხელისუფლების დასამხობად რაღაც დაჯგუფებას აყალიბებდა. მაგრამ რეალურად ასე არ ყოფილა, ფაქტები გააყალბეს. საერთოდ სომხეთში 2008 წლის 1 მარტის შემდეგ, როცა აქციის დარბევისას 10 ადამიანი მოკლეს, სულ უფრო მწიფდებოდა აზრი, რომ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია. იყო სხვადასხვა მოძრაობა და პარტია, მაგ. სომხეთის ნაციონალური კონგრესი, პარტია მემკვიდრეობა, რომლებიც ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას, მაგრამ ეს არ გამოდიოდა. რადგან ხელისუფლება ყოველთვის იყენებდა ძალას. შესაბამისად, გაჩნდა აზრი, რომ ძალას მხოლოდ ძალით შეიძლება დაუპირისპირდე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჟირაირ სეფილიანი ძალის გამოყენების წინააღმდეგი იყო და ის აჩერებდა რადიკალურად განწყობილ ვეტერანებს. ამჟამად მიმდინარე მოვლენებამდე 6 თვით ადრე ხელისუფლებამ ასევე დააპატიმრა გაურკვეველი დაჯგუფების წევრები, რომლებიც, მათი თქმით, ასევე აპირებდნენ ხელისუფლების დამხობას. დააპატიმრეს დაახლოებით 60 ადამიანი, მათ შორის არტურ ვართანიანი, რომელიც, როგორც ამბობენ, სირიის ომის მონაწილეა და იქ სომხურ სოფელს იცავდა. იქიდან დაბრუნებულს კი გადაწყვეტილი ჰქონდა ტერაქტის მოწყობა და პრეზიდენტის თვითმფრინავის აფეთქება. ანუ ხელისუფლება მუდმივად გამოგონილი მიზეზებით აპატიმრებს ადამიანებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბოლო მოვლენებიც ხელისუფლების კისერზეა.
სეფილიანის გათავისუფლების მოთხოვნით ადამიანების ჯგუფი იკავებს პოლიციის განყოფილებას და ტყვედ აჰყავს პოლიციელები. ვინ არიან ეს ადამიანები, რამდენად ერთგვაროვანია ეს ჯგუფი?
ეს ძირითადად ომის ვეტერანები, ყოფილი სამხედროები არიან, მათ შორის ერთი მხატვარიცაა. რომელიც წინა დღეებში პოლიციას ჩაჰბარდა, რადგან დაჭრილი იყო. იქ ასევე არის მასაჟისტი ბარსელონადან, რომელიც ადრე ევროპაში ემიგრირდა.
ამ ამბებამდე სეფილიანის ჯგუფმა დააფუძნა მოძრაობა „დამფუძნებელი პარლამენტი“. 30 ადამიანი ირჩევს რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებმაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ძალაუფლება უნდა აიღონ. მაგრამ ეს მოძრაობა არაპოპულარული და მარგინალურიც კი იყო, მემკვიდრეობისგან ან სომხეთის ნაციონალური კონგრესისგან განსხვავებით. დამფუძნებელმა პარლამენტმა 2015 წელს წამოიწყო მოძრაობა სახელწოდებით: „გენოციდის 100 წლისთავი რეჟიმის გარეშე“. მათ ორგანიზება გაუკეთეს ავტომარშს ყარაბაღის მიმართულებით, იმ მოწოდებით, რომ გენოციდის 100 წლისთავს რეჟიმის გარეშე უნდა შეხვედროდნენ. თუმცა ისინი ყარაბახში არ შეუშვეს, დაარბიეს და სცემეს.
როგორც ვხედავთ, ამბოხებულების მხარდასაჭერად ადამიანები ქუჩაში გამოდიან, აქციები ყოველდღე იმართება. გვითხარი, როგორია ამ აქციების კლასობრივი კომპოზიცია, ვინ მონაწილეობს მასში და რა მოთხოვნები აქვთ მათ?
ძირითადად ესაა ნაციონალისტურად განწყობილი საშუალო კლასის წარმომადგენელი ახალგაზრდები, სტუდენტები, ოფისის თანამშრომლები, არიან უფროსი თაობის ადაიანებიც. ასევე მრავლად არიან ისინიც, ვინც არ ეთანხმება ამბოხებულთა ბრძოლის მეთოდებს, მაგრამ იზიარებს მათ მოთხოვნებს. მოთხოვნები კი შემდეგია:
პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის გადადგომა;
პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება (ასეთი კი, სეფილიანის გარდა, სულ მცირე 20 ადამიანი მაინცაა. მათ შორის 2013 წელს დაპატიმრებული შანთ ჰარუთუნიანი);
და კოალიციური ნდობის მთავრობის შექმნა.
უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი - ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, არსებობს, ე.წ. ლავროვის გეგმა, რომლის მიხედვითაც სომხეთმა უნდა დათმოს 5 რაიონი, რომლებიც ყარაბახის ომის დროს ჩაიგდო ხელში. თავიდან ეს იყო ბუფერული ზონა ყარაბახის ირგვლივ და ამ ტერიტორიების დაკავება დროებითი უნდა ყოფილიყო, თუმცა დროთა განმავლობაში სომხეთმა აღარ დათმო ეს ტერიტორიები. ლავროვის გეგმა ითვალისწინებს, რომ სომხეთმა ამ ხუთი რაიონის დათმობის შემდეგ კიდევ დარჩენილი ორი რაიონიც უნდა დათმოს და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ყარაბახის სტატუსზე. სარგსიანის მხრიდან ასეთ მოლაპარაკებებში დათმობებზე წასვლა ვეტერანების მხრიდან ღალატად აღიქმება. სომხეთში ამ ტიპის დათმობებისთვის არავინაა მზად. ალიევის აზერბაიჯანთან დათმობებზე წასვლის წინააღმდეგ ლიბერალებიც კი გამოდიან. მეც ვფიქრობ, რომ ამჟამინდელ აზერბაიჯანთან დათმობებზე წასვლა უაზრობაა, რადგან თავად ისინი არანაირი დათმობისთვის მზად არ არიან. ამიტომ სანამ იქ და აქ ცვლილებები არ მოხდება, მოლაპარაკებები აზრსმოკლებული მგონია.
შენ, მემარცხენე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენელი, მონაწილეობ ამ აქციებში. როგორ ფიქრობ, თუკი ნაციონალისტების პოპულარობა გაიზრდება ამ მოვლენების ფონზე და ისინი შეძლებენ სადავეების ხელში აღებას, საკუთარ დღის წესრიგში გაითვალისწინებენ სხვა პოლიტიკურ პროექტებს, შესაძლებელია იქნება თუ არა მათი მხრიდან დათმობები? თუ მაინც ეცდებიან, მთლიანად მიითვისონ პოლიტიკური სივრცე, როგორც ეს ხშირად ხდება?
რთულია იმის თქმა, რომ მათ აქვთ რამენაირი მკაფიო პოლიტიკური პროექტი. ისინი შეიარაღებული ამბოხებულები არიან, თუმცა არ არიან ავტორიტარული ნაციონალისტები. თუმცა ბოლომდე ძნელია იმის გაგება, რა სურთ მათ. ისინი არ იღებენ არცერთ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერებს და ამბობენ, რომ ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული საჯაროდ, ქუჩაში. ასევე უნდა ითქვას, რომ ბევრი მათგანი აქტიურად მონაწილეობდა აქციებში თეღუტის სპილენძ-მოლიბდენის საბადოს პრივატიზების წინააღმდეგ. ჩემი წარმოდგენით მათი იდეალი ისრაელი ან შვეიცარიაა. მე დავსწრებივარ ავეტისიანის, ყოფილი სამხედროს, ამჟამად ერთ-ერთი ამბოხებულის ლექციას, რომელშიც ის საუბრობდა არმიის რეფორმირების აუცილებლობაზე ისრაელის ან შვეიცარიის გამოცდილებების გათვალისწინებით. ასევე შეიძლება ვთქვათ, რომ ისინი ანტიკლერიკალები არიან და ეკლესიაც თავის მხრივ ღიად აკრიტიკებს სეფილიანსა და მის მომხრეებს. მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია მე-4-ე რესპუბლიკის შექმნა. პირველში იგულისხმება 1918 წლის რესპუბლიკა, მეორეში - საბჭოთა პერიოდი, მესამეში - საბჭოთა კავშირის შემდგომი პერიოდი, რომელიც ვერ შედგა, ჩავარდა. და ახლა საჭიროა შეიქმნას მეოთხე რესპუბლიკა. რაც შეეხება თანამშრომლობას, აქამდე მათთან ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ მათი რადიკალური ნაციონალისტური იდეები და პათოსი არ იმსახურებდა ჩემს სიმპათიას.
ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას, რომ ამა წლის აპრილის ოთხდღიან ომამდე სიტუაცია სხვანაირი იყო - შეიარაღებული გზით ხელისუფლების დამხობის ნებისმიერ მოწოდებებს ხალხის უკმაყოფილება მოჰყვებოდა. ისინი ამბობდნენ, რომ მათ ჰყავთ კორუმპირებული მთავრობა, არსებობს სოციალური უთანასწორობა და ეკონომიკური პრობლემებიც, მაგრამ მათი არმია რეგიონში ყველაზე ძლიერია და რადგან არსებობს ომის საფრთხე, ყველაფერი უნდა იღონონ, რომ არმია კიდევ უფრო გაძლიერდეს და ყარაბახი იყოს დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ჯარში ხშირი იყო მკვლელობები და თვითმკვლელობები, მას არავინ აკრიტიკებდა. არმია წმინდა იყო. 4 დღიანმა ომმა კი ეს მითი გააშიშვლა, აღმოჩნდა, რომ შეიარაღება 80-იანი წლებისაა, აღმოჩნდა, რომ ტანკებს საწვავი არ ესხა, რადგან მას იპარავდნენ, აღმოჩნდა, რომ ტყვიებიც არ იყო საკმარისი. ხალხი მიხვდა, რომ არმიასაც და ომსაც ხელისუფლება საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. ამდენად, ომმა დიდი როლი ითამაშა ხელისუფლებისადმი ამჟამინდელი უარყოფითი განწყობის შექმნაში.
როგორც ვიცით, ხელისუფლებამ ამბოხებულებს ულტიმატუმი წაუყენა. როგორ ფიქრობ, დაიცავს ის ბოლომდე საკუთარ პოზიციას და, მეორე მხრივ, სანამდე შეიძლება გაძლონ ამბოხებულებმა და მათმა მხარდამჭერმა საზოგადოებრივმა პროტესტმა?
გუშინდელი სასტიკი დარბევის შემდეგ ხელისუფლებას ეგონა, რომ არავინ გამოვიდოდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვიდა და ბაგრამიანის პროსპექტი გადაკეტა. იყო თავის დაწვის მცდელობებიც პროტესტის მონაწილეთა მხრიდან. ასევე მოკლეს პოლიციელი, რომელიც მანქანაში იჯდა. არის ვერსია, რომ ხელისუფლებამ თავად მოაწყო პოლიციელის მკვლელობა, რათა საბაბი ჰქონდეს სპეცოპერაციის დასაწყებად. სხვანაირად გაუგებარია, რატომ უნდა ესროლათ ამბოხებულებს მანქანაში მჯდომი ადამიანისთვის, რომელიც მუსიკას უსმენდა. საპროტესტო აქციები ჯერჯერობით სტიქიურია. აქციებზე ჯერ პოლიტიკური ტექსტებიც კი არ მოგვისმენია. ხელისუფლებამ შტურმის გადაწყვეტილებაც რომ მიიღოს და მოკლას ამბოხებულები, ამით არაფერი დამთავრდება. სიტუაცია მაინც დაძაბული დარჩება და რთულია იმის თქმა, რით დამთავრდება ყველაფერი.