Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაბრუნება წარსულში

02 აგვისტო 2016
ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი

დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავზე ვრწმუნდებით, რომ საქართველოს საზოგადოების ერთ ნაწილში კოლექტიური მეხსიერება თანდათან ქრება. საბჭოთა წარსულის გამოცდილება სულაც არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ ამომრჩეველს ანტიდასავლური დისკურსის მარგინალიზება მოეხდინა. პირიქით 8 ოქტომბერს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, სადაც პირველად ვიხილავთ კონკურენტუნარიან პარტიებს, რომელთა კამპანიებიც ჰომოფობიასა და სიძულვილის ენაზეა აგებული.

პოლიტიკოსები, რომლებიც არც აქამდე მიიჩნეოდნენ ლიბერალური დემოკრატიის მოტრფიალეებად, დღემდე საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრას სხვადასხვა ლოზუნგით ახერხებდნენ, ახლა კი საპარლამენტო არჩევნების წინ მათი მთავარი სამიზნე  უმცირესობები და NATO-ში ინტეგრაციის შესახებ საქართველოს გაცხადებული არჩევანია. საქმე ისაა, რომ საარჩევნო კამპანიის გააქტიურებამდე, აპრილში გამოქვეყნებული NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, 5%-იანი მხარდაჭერა აქვს „პატრიოტთა ალიანსს“, რომლის ლიდერთა განცხადებები ანტიდასავლური განწყობების, ძალადობის წახალისების, სიძულვილის ენის, ჰომოფობიისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ნაკრებს წარმოადგენს.

ანალოგიური განწყობის ელექტორატია „ქართული ოცნებიდან“ ახლად წამოსული თამაზ მეჭიაურის პარტიის სამიზნე, რომლის ჰომოფობიური განცხადებები ხშირადაა მედიის ყურადღების ცენტრში.

არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობას, ასევე სხვადასხვა ფობიით გამორჩეული გოგი თოფაძის „მრეწველები“.

ზემოთ აღნიშნული პარტიების მსგავსად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდის „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. იგი 30 ივნისს კონსტიტუციის მე-7 მუხლში შესწორების იდეით გამოვიდა. როგორც ბურჯანაძე აცხადებს, საჭიროა, საქართველომ უბლოკო სტატუსი გამოაცხადოს, ანუ ნებისმიერ სამხედრო ბლოკში, მათ შორის NATO-ში, გაწევრებაზე უარი თქვას.

ეს პარტიები რუსეთის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას არ მალავენ და ამასთან აცხადებენ, რომ „პროქართული“ ორიენტაცია აქვთ. ამომრჩეველს პრობლემების გადაწყვეტის კონსტრუქციულ გზებს კი არ სთავაზობენ, არამედ მათი განცხადებები გაჯერებულია სიძულვილით და ძალადობის წახალისებაზეა ორიენტირებული. პოპულისტური, რეაქციონერულ პატრიოტიზმზე დამყარებული პოლიტიკა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ფენომენი, ანალოგიური ტენდენცია ჩანს ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც, თუმცა მათგან განსხვავებით, საქართველოში ასეთმა ძალებმა ღია პოზიციონირება ბოლო წლებში დაიწყეს. საინტერესოა, საქართველოში რატომ დადგა, მათი იდეების სააშკარაოზე გამოტანის დრო? საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, რა საფრთხეებს შექმნის მათი აქტივობა? არის თუ არა საქართველოში ანტიდასავლური ძალებისა და განწყობის ზრდის პოტენციალი?

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ დირექტორი კობა თურმანიძე „ლიბერალთან“ საუბრისას ამ ძალებისა და მათი იდეების ღიად გამოჩენას ორ მიზეზს უკავშირებს. მისი თქმით, გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში პროპაგანდისა და ფულის შემოტანის შესაძლებლობები, ამასთან, რუსეთს მის პოტენციურ მხარდამჭერებთან მუშაობის მეტი საშუალება მიეცა.

კობა თურმანიძის შეფასებით, მეორე ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ რუსეთუმეობის მიმართ შედარებითმა გახსნილობამ საზოგადოებაში იმ სეგმენტის რაოდენობა გაზარდა, რომელიც რუსეთის მომხრეა. ამასთან, მარგინალიზება მოუხსნა პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პრორუსულები იყვნენ. ხელისუფლების შეცვლამდე ასეთი მოსაზრების, ან ლოზუნგის ღიად გამოთქმა მარგინალურ, შეიძლება ითქვას, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად მიიჩნეოდა. მათ აქტივობას  მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან შეიძლება, მკაცრი ზომები მოჰყოლოდა. „რთული შესაფასებელია, რამდენად კანონიერი ან უკანონო იყო ეს ქმედებები“, - აცხადებს კობა თურმანიძე, თუმცა დღეს ასეთი რამ ნაკლებად მოსალოდნელია.

„პარტიების ხელმძღვანელობაში, მოგვწონს თუ არა, რაციონალური ხალხია. ხედავენ, რომ ამ ტიპის ელექტორატი არსებობს, მათ ყოველთვის ასეთი იდეოლოგია და მოსაზრებები ჰქონდათ და ახლა რატომ დამალონ?!“ - აცხადებს კობა თურმანიძე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე ვარაუდობს, რომ ამ პარტიების დეკლარირებული პოზიცია რუსეთის გაძლიერებით და კრემლის მიმართ ევროპაში მიღებული არაადეკვატური ზომებით არის განპირობებული.

თუმცა „ლიბერალთან“ საუბრისას გიგი თევზაძემ პრორუსული („პროქართული“) ჯგუფების მხრიდან პოზიციის ღიად გამოხატვა დადებით მოვლენად შეაფასა, რადგან, მისი აზრით, ეს მათთან საჯაროდ დაპირისპირების საშუალებას იძლევა. „ვერ ექნებათ პოზიცია - მე რუსეთს არ ვუჭერ მხარს, მაგრამ...“ - ამბობს თევზაძე. ამიტომ, როგორც იგი აცხადებს, შეიძლება, პოზიტიურიც კი იყოს პარლამენტში მათი შესვლა, თუმცა მნიშვნელოვანია, იქ სხვა რომელი ძალები იქნებიან და ერთმანეთთან როგორი დამოკიდებულება ექნებათ.

 „ტრაგედია არ იქნება, თუკი დეკლარირებულად ანტიდასავლური ჯგუფები საპარლამენტო ტრიბუნას მოიპოვებენ. ამომრჩეველი თვითონვე დარწმუნდება, რომ რუსეთისგან ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს“, - ანალოგიური მოსაზრება აქვს კობა თურმანიძეს. 

ერთ-ერთ საპარლამენტო გამოსვლაში ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა პარლამენტში წარმოდგენილი ოპონენტი პარტიის დახასიათებისას, საფრანგეთის მაგალითი გაიხსენა.

„ლე პენივით ხართ - რამდენ ხმასაც მიიღებთ პირველ ტურში, იმდენივეს მიიღებთ მეორე ტურში. რაც უნდა წარმატებული გქონდეთ შედეგები პირველ ტურში, ფრანგი ულტრამემარჯვენეების შედეგების შესაბამისად, მეორე ტურში - გინდა მამა ლე პენის, გინდა შვილი ლე პენის მსგავსად - პოლიტიკური კეთროვანები ხართ. მეორე ტურში მიიღებთ იმდენივე ხმას, ან დაბალ პროცენტს“, - მიმართ მან ოპონენტებს.

მართლაც, 2015 წლის დეკემბერში პირველ ტურში კენჭისყრის შედეგად საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებზე ლე პენის „ეროვნულმა ფრონტმა“ პირველი ადგილი დაიკავა (28%), მაგრამ მეორე ტურში პარტიამ 13-ვე რეგიონში წააგო.

საქართველოში „პროქართული“ პარტიების (როგორც თავს უწოდებენ) მხარდამჭერთა ზრდის პოტენციალზე საუბრისას კობა თურმანიძე გამოკითხვების შედეგებს იშველიებს და აღნიშნავს, რომ დაახლოებით 10-15%-ს წარმოადგენს ელექტორატი, რომელიც რუსეთის მიმართ სულ ცოტა ნეიტრალურადაა განწყობილი. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უცნობია, ეს ხალხი პოლიტიკურად რამდენად აქტიურია; მართალია, ისინი რუსეთის მიმართ, გარკვეულწილად, სიმპათიით არიან განწყობილები, მაგრამ ძნელი სათქმელია, წავლენ თუ არა არჩევნებზე და მისცემენ თუ არა ხმას რომელიმე პარტიას.

„პროდასავლური პარტიებისთვის საბედნიეროდ, აღნიშნული პარტიები ერთმანეთსაც უწევენ კონკურენციას და ერთმანეთს ხმებს წაართმევენ“, - აღნიშნა კობა თურმანიძემ, თუმცა, მისივე თქმით, გამოკითხვებიდან ჩანს, რომ რუსეთის მომხრე ერთი პარტია მაინც შეძლებს ბარიერის გადალახვას, მაგრამ რთული სათქმელია, ბარიერს მიღმა რამდენად შორს წავა. ეს ასევე დამოკიდებულია, მეორე ფრონტზე როგორი კონკურენტები ეყოლებათ.

„თუ დეკლარირებულად პროდასავლურმა პარტიებმა ერთმანეთს ხმები წაართვეს, ამ დაქსაქსულობამ შეიძლება, ხელი შეუწყოს რუსეთის მომხრე პარტიების წარმატებას. ამიტომ მნიშვნელოვანია დასავლური პარტიების კონსოლიდაცია, რისი შანსიც მაინცდამაინც არ არის“, - აცხადებს თურმანიძე. 

გიგი თევზაძის შეფასებით, ამ პარტიების მხარდამჭერთა ზრდა საერთაშორისო პროცესებზეა დამოკიდებული - როგორ ხედავენ ძირითადი აქტორები საქართველოს.

„პრინციპში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველო როგორ მოიქცევა, არამედ - საქართველო და გარშემო ტერიტორიები რა დატვირთვას შეიძენს მსოფლიოში ძირითად მოთამაშეებს შორის. ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს ეკონომიკური განვითარებისთვის, შესაბამისად, შავ ზღვაზე კონკურენცია გაიზრდება და რუსეთმა, რაც არ უნდა იწვალოს, შავ ზღვას ნელ-ნელა კარგავს, მაგალითად, ბულგარეთში აშშ-ის ბაზა გაჩნდა და ა.შ. თუ NATO-ს ძალები შავი ზღვიდან საქართველოს დაიცავენ, რა თქმა უნდა, რუსეთის, როგორც რბილი, ასევე მკაცრი პოლიტიკის გავლენა საქართველოზე შესუსტდება. თუ დასავლეთი არ გაძლიერდება, რუსული გავლენა გაიზრდება და პარლამენტში პარტიები ამის მიხედვით იმოქმედებენ“, - აცხადებს გიგი თევზაძე.

მარგინალები მეინსთრიმში

ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაში ულტრამემარჯვენე პარტიები ყველაზე დიდ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენენ, მაგრამ ხმამაღალი განცხადებებით საზოგადოების ყურადღების მიპყრობას და მგრძნობიარე თემებზე დებატების გამოწვევას ახერხებენ.

ის, რაც დღეს მისაღებ ნორმად გვეჩვენება, 2000-იანი წლების დასაწყისში საყოველთაო დაგმობისა და კრიტიკის საგანი იყო. 2002 წელს (ხმების 16.86%-ის მიღების შედეგად) საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ეროვნული ფრონტის“ კანდიდატის, ჟან-მარი ლე პენის გასვლა შოკისმომგვრელი გამოდგა. „ეროვნული ფრონტის“ წინააღმდეგ ქუჩაში მშვიდობიანი მარშით მილიონზე მეტი ადამიანი გავიდა. ამ აქციაში მოქალაქეები ოჯახებით მონაწილეობდნენ. ლე პენის წარმატებას სხვადასხვა პარტია ერთობლივად აპროტესტებდა, პოლიტიკური აფილაციის მიუხედავად,  მათ გვერდით იდგნენ საზოგადოებრივი გაერთიანებები. მეორე ტურში მან არათუ წააგო არჩევნები, არამედ პირველსა და მეორე ტურს შორის თითქმის ვერ შეძლო მხარდამჭერთა დამატებით მობილიზება.

დღეს კი საფრანგეთს აქვს „პრივილეგია“, იყოს პირველი ევროპული ქვეყანა (დანიასთან ერთად), სადაც ევროპარლამენტის 2014 წლის არჩევნებში მყარად ევროსკეპტიკურმა, ანტიიმიგრაციულმა, ნაციონალისტურ-პოპულისტურმა პარტიამ გაიმარჯვა. საფრანგეთისთვის ევროპარლამენტში განკუთვნილი 73 მანდატიდან 24 „ეროვნულმა ფრონტმა“ მოიპოვა (ხმების 25%-ით პირველი ადგილი დაიკავა).

ახლა „ეროვნული ფრონტის“ წინააღმდეგ მასშტაბური, კონსოლიდირებული პროტესტი აღარ არსებობს, ის მიღებული, ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალაა.

ავსტრიაში ნაციონალისტური, ანტიიმიგრაციულად განწყობილი „თავისუფლების პარტია“ მოწინავე პოლიტიკურ გაერთიანებად არის წარმოდგენილი. მისმა კანდიდატმა, ნორბერტ ჰოფერმა წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 49.7%-ის მიღება მოახერხა (საბოლოოდ, ავსტრიის უმაღლესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი გაანულა და განმეორებით არჩევნებს შემოდგომაზე ელოდებიან), პარტიის, რომლის დევიზი ქართულად შეიძლება, ასე ითარგმნებოდეს: „ავსტრია უპირველეს ყოვლისა“, კამპანია ძირითადად, იმიგრანტებისთვის ბენეფიტების შემცირებაზე დააფუძნა.

„გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის“ (UKIP) გამარჯვება - ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე გამართულ რეფერენდუმში - ყველა ევროსკეპტიკური პარტიისთვის სტიმულს წარმოადგენს.

პოლიტიკური ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ლიბერალთან“ აღნიშნავს, რომ ევროპაში ულტრამემარჯვენეებისა და ევროსკეპტიკოსების გაძლიერება 2008 წლიდან გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე იწყება. ამას დაემატა ის, რომ ევროპაში არის მიგრაციის კრიზისი, ტერორიზმის გაძლიერებული საფრთხე, ეკონომიკური სტაგნაცია და სოციალური პრობლემები. როგორც აბაშიძე ამბობს, ევროპელებმა ადვილი გადაწყვეტილების მიმღები გზის ძიება დაიწყეს, რომელიც მათ ულტრამემარჯვენე პოპულისტებმა ევროსკეპტიკოსებმა შესთავაზეს.

„ეს პარტიები და მათი ლიდერები მომძლავრდნენ. მათ მთავარ ლოზუნგად აქვთ ისიც, რომ იყოს პირდაპირი დემოკრატია, ხალხმა თავად აირჩიოს ხელისუფალი და არა დაქირავებული ჩინოვნიკი. BREXIT და ევროსკეპტიკოსი პარტიები ევროკავშირს აიძულებენ, რომ თვითონ ბრიუსელმა სწრაფად მიიღოს რეფორმების გადაწყვეტილება. ზედმეტმა რეგულაციებმა ამ პარტიების განვითარებას და ევროკავშირის წინააღმდეგ მხარდამჭერთა მობილიზებას ბიძგი მისცა“, - აცხადებს გია აბაშიძე.

როგორც huffington post  წერს, თანამედროვე მემარჯვენე პარტიები, უმთავრესად, პოსტმატერიალისტურ ფენომენს წარმოადგენენ, იდენტობაზე აქცენტირების პოლიტიკას ემყარებიან და ყურადღებას სოციალურ-კულტურულ საკითხებზე ამახვილებენ. ეკონომიკური კრიზისის დროს ამ ტიპის პარტიებს ამომრჩევლისთვის გამოსავლის შეთავაზების ნაკლები შესაძლებლობა აქვთ. მათთვის ეკონომიკური ხედვა ძლიერ მხარეს არ წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა, დასავლეთ ევროპაში კვლევები აჩვენებს, რომ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუარესება ულტრამემარჯვენე პარტიათა მხარდამჭერების ზრდაზე დადებითად აისახება, ვინაიდან რიტორიკის დონეზე ისინი ამომრჩევლის მდგომარეობას ეხმაურებიან და ნაციონალიზმსა და შეუწყნარებლობას აღვივებენ.

რაც შეეხება საქართველოს, გიგი თევზაძის შეფასებით, იმის გამო, რომ  ქვეყანაში ერთიანი ნაციონალური იდენტობა ჯერ კიდევ არ არსებობს, ეს ჯგუფები ნაციონალურ იდენტობაში თავიანთი ადგილის დაკავებას ცდილობენ.

როგორც კობა თურმანიძე ამბობს, საყოველთაო ტენდენციასავითაა, რომ ულტრამემარჯვენეები ყველგან მოძლიერდნენ. მისი თქმით, თუ ქართულ საზოგადოებაში სამყაროზე ზოგად შეხედულებებსა და უმცირესობების, დემოკრატიული ღირებულებების მიმართ დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, საქართველოში არათუ საფრთხე არსებობს, გასაკვირიც კი არის, რომ ძლიერი ულტრამემარჯვენე მოძრაობა აქამდე არ შეიქმნა.

გიგი თევზაძის თქმით, საქართველოში ამ ძალების მარგინალურ ჯგუფად შეფასება სწორი არ იქნება.

„ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაბრუნება სურს, არანაირად არ არის მარგინალური, არამედ ისეთი თემაა, რომელზეც დღეს საქართველოში აქტიურად მსჯელობენ. საზოგადოებრივ ცნობიერებაში მათი მარგინალიზება არ ხდება. არის ხალხი, ვინც ამ პოზიციას იცავს. ესენი არიან პრორუსული ჯგუფები. მარგინალურია ის, რაზეც მასობრივად არ ვმსჯელობთ.  მაგრამ, პრორუსი ნამდვილად არ არის მარგინალური“, - გვეუბნება გიგი თევზაძე.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^