Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპატრიარქოსთვის "მიჩენილი" სახელმწიფო მიწები

05 აგვისტო 2016

ამა თუ იმ ინსტიტუციისთვის მართვაში გადაცემული, ანუ, ე.წ. "მიჩენილი" 873.4686 ჰა ტერიტორიიდან 99,98% საქართველოს საპატრიარქოსთვისაა გამოყოფილი.

ამის შესახებ არასამთვარობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“  პროექტის - „სატყეო მიწების მმართველობის გაუმჯობესება საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში ჩატარებული კვლევაში ვკითხულობთ.

კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები სატყეო მმართველობის ხარისხსა და სატყეო სექტორის კანონმდებლობასთან მიმართებაში. კვლევის მთავარი მიზანი იყო სატყეო მიწათსარგებლობის კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ  „ტყის კოდექსით“  დაშვებულია მართვის  სახე - „მიჩენა“ , რაც ნიშნავს, რომ ტყისა და სატყეო მიწების ნაწილი გარკვეული ვადითა და პირობებით  გადაეცემა  რომელიმე ინსტიტუციას.  2010 წლამდე მიჩენის საკითხები პრეზიდენტის  ბრძანებულებით რეგულირდებოდა, სადაც არ იყო დაკონკრეტებული, რომელ ინსტიტუციებს გადაეცემოდა ტერიტორია.  2010 წლიდან მთავრობის დადგენილებით ამ ფორმით ტყის მართვა სახელმწიფოებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე შეუძლია საქართველოს საპატრიარქოს ან სახელმწიფო დაწესებულებას (შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო).

„მიჩენა“ შეიძლება განხორიციელდეს ორი მიზნით:  მოქმედი საეკლესიო და სამონასტრო კომპლექსების მიმდებარე ტერიტორიაზე ბუნებრივ საზღვრებში 20 ჰექტრამდე ფართობზე თვითმყოფადი ბუნების შენარჩუნებისა და მომლოცველებისათვის მშვიდი გარემო პირობების შექმნის; ან სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

„მიჩენილი უბნის ტერიტორიაზე შეიძლება შეიზღუდოს ან მთლიანად აიკრძალოს ტყით სარგებლობა და მოქალაქეთა ტყეში ყოფნა“.

სახელმწიფო ტყის ტერიტორიებიდან მიჩენილია 65 ტერიტორია, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა გადაცემულია საპატრიარქოსთვის. 15 მიჩენილი დაცული ტერიტორიიდან დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ 14 საქართველოს საპატრიარქოსთვისაა გადაცემული (256 ჰა), ხოლო ერთი საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის - 0.349 ჰა.

ერთი მიჩენილი ტერიტორია, 0.225 ჰა, საპატრიარქოს აჭარის სატყეო სააგენტომ გადასცა.

საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვის ქვეშ მყოფი „ტყის ფონდიდან“ 49 ტერიტორიაა მიჩენილი. აქედან 48 ასევე საპატრიარქოსთვისაა გადაცემული, ხოლო 1 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის - 0.1 ჰა (გადაცემა მოხდა 2010 წლამდე).

როგორც კვლევიდან ირკვევა, არცერთ სხვა კონფესიას არ აქვს მსგავს მმართველობაში გადაცემული ტერიტორია, რისი მოთხოვნის უფლებაც არსებული კანონმდებლობით მათ არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ საპატრიარქოსთან კონკორდატი 2002 წელს გააფორმა, თუმცა  ტყის მართვასთან დაკავშირებული პრივილეგია,  ჯერ კიდევ 1999 წლიდან  აქვს.

„მწვანე ალტერნატივა“ კლევაში აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სატყეო მიწების  20 წლის ვადით  გადაცემა, რადგან მიზნად ხშირ შემთხვევაში ეკლესიების მშენებლობა სახელდება. საპატრიარქოსთვის გადაცემული ტერიტორია არ უნდა აღემატებოდეს 20 ჰა-ს, თუმცა როგორც კვლევიდან ჩანს რეალური სურათი სულ სხვაგვარია. მაგ:

თელავი -194.4 ჰა;

ახმეტა-259 ჰა;

ყვარელი-92.5 ჰა;

დედოფლისწყარო, სიღნაღი- 279 ჰა;

ვაშლოვანის დაცული ტერიტორია- 180 ჰა.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ამ პროცესში საერთოდ არ არიან ჩართულნი მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, რომ იზღუდება მათი უფლებები.

„საპარტიარქოსთვის ტყეების გადაცემის მიზანშეწონილობა და ფორმა ძალზე კომპლექსური საკითხია და, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სპეციალისტების გარდა, ისტორიკოსების, იურისტებისა და კონსტიტუციონალისტების სპეციალური მსჯელობისა და ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს“.

ასევე შესაძლებელია „სახელმწიფო ტყის ფონდით” სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა, რაც 2010 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობის სპეციალური დადგენილებითაა რეგულირებული  განსაკუთრებულ შემთხვევაში, როგორიცაა ჰიდროკვანძების,  მილსადენების, გზებისა და სხვათა დაპროექტება, ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისათვის  და ა.შ. ამ საქმიანობებისთვის  დღევანდელი კანონმდებლობით საჭირო არაა გარემოზე ზემოქმედების შეფასება. მსგავსი რეგულაცია მოქმედებს მაშინაც, თუკი შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღება. მსგავს კონტექსტშია მოქცეული დარიალჰესის პროექტი, რომელის ნაწილიც  ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს.

განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია ტყის ამორიცხვა „სახელმწიფო ტყის ფონდიდან“.

1999-2011 წლებში ამოირიცხა 44272,79885 ჰა ფართობი (ამ ფართობში შედის დაცულ ტერიტორიებზე გადაცემული, ასევე თბილისის მერიაზე გაცემული ფართობები). 2011-2015 წლებში -1781.29 ჰა.

„დაცული ტერიტორიის მართვისას ხშირად ხდება სამეურნეო ტყის მართვის რეგულაციებისა და პრინციპების გამოყენება, რაც დაცული ტერიტორიების ღირებულებისა და მნიშვნელობის დევალვაციას იწვევს“, - ნათქვამია კვლევაში.

„მწვანე ალტერნატივის“ ინფორმაციით, კონკრეტული ტერიტორიების „სატყეო ფონდიდან“ ამოღება მოხდა ისეთი მიზეზით, როგორიცაა: „ბანას ტიპის ტაძრის აშენება და მისი ინფრასტრუქტურის მოწყობა“-4.8 ჰა.

აღნიშნული კვლევა განხორციელდა  არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ მიერ, სადაც განხილულია სატყეო სექტორთან დაკავშირებული მთელი რიგი  კანონდარღვევები.

კვლევა დაფინანსებულია EU NGO პროექტის - „გარემოსდაცვით მმართველობის გაუმჯობესება არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდის გზით“- ფინანსური მხარდაჭერით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^