Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩემი საზაფხულო არდადეგები

18 აგვისტო 2016

ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა. სხვისას არ ჰგავდა. არც გამხმარ პურს ვჭამდით და არც შოკოლადის კარაქიანს. არ იყო ეს უკიდურესი სიღარიბე და რა გასაკვირია, რომ არც სიმდიდრე არ იყო. არც მწუხარება და არც სიხარული. არც ტყვეობა და არც თავისუფლება. სადღაც შუაში ვიყავით გაჩხერილები მამიდაშვილების გამონაცვალი შარვლებით, შარვლებში ნაკლეიკებით და რუმინეთიდან ბიცოლაჩვენის ჩამოტანილ რეზინებს ვღეჭავდით და ვბერავდით, მაგრამ, ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ამოვარდნა გვეგულებოდა იმ დროს - საზაფხულო არდადეგები. განა რამე იცვლებოდა კალენდარში რიცხვების გარდა. იგივე ხიდი იდგა და მდინარეში იმავე ხიდიდან ვხტებოდით. იგივე მდინარე ჩამოდიოდა. იგივე ღობეები, იგივე ლოგინები და იგივე სიზმრები. და წვიმის ხმა ოჭვათოში - ძალიან იგივე. მაგრამ ზაფხულის არდადეგებს მაინც საგანგებო სუნთქვით ვხვდებოდით, რადგან ეს შეუმჩნეველი ოცნება იყო ნამდვილ არდადეგებზე. მოგზაურობებითა და თავგადასავლებით სავსე არდადეგებზე. სიახლეებითა და გაკვირვებით სავსე არდადეგებზე. და გვიხაროდა, რადგან ვიცოდით ან უფრო ზუსტად: ვგრძნობდით, რომ ზაფხულის არდადეგები გულისხმობდა სხვა ამბებს, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ ვერასოდეს მოხდებოდა. ამ უცხო ტვირთით მოვედით ჩვენ. სხვა ვერ გაიგებს ამ სიმძიმეს და სიმსუბუქეს. გაუგებარ სიხარულს. შეიძლება, ბოლომდე ჩვენც ვერ გავიგოთ ჩვენი ნელ-თბილი ბავშვობა, დიდი ამოვარდნით, დიდი სიცხით - საზაფხულო არდადეგებით.

და კიდევ ერთი - ზაფხულში წიგნები უნდა გვეკითხა. ამ საქმის დროდ მიიჩნეოდა.

კარგ ამინდებში ეზოში ზეწარს დამიგებდნენ და ვწვებოდი. წიგნი უნდა წამეკითხა. ცაზე ღრუბლების მეზობლის ცხვირებისთვის მიმსგავსება მალე გბეზრდება. წიგნის ყდაზე ჭიანჭველების წვალებაც. ხან ცაში თვითმფრინავის ხმა ისმის. ზუილი. თითქოს ღრუბლების თავის ტკივილის ხმა. ამ დროს ეგ არის, რომ ხმა ერთი მხრიდან ისმის და თვითმფრინავი სხვაგანაა. ძნელია თვალის მოკვრა. გამოცვივდებიან მეზობლები: ტრანტალიოტი, ტრანტალიოტი და რა გასაკვირია, ვერც ეგენი ხედავენ. მე ეს ხმა მგონია ყველაზე მისტიკური აქამდე ყურმოკრულთაგან. მინიშნებების ძნელად მჯერა, თორემ ვიტყოდი: რაღაცის კარნახი, გამოუცნობის. წუხელ შუაღამემდე ფანჯარასთან ვიჯექი და ამ ხმაზე ვფიქრობდი. აქ არასდროს გამიგონია. ეტყობა, სხვა ხმები ფარავს.

სხვა არის ათასჯერ გადაკითხული ბიბლიოთეკის ოთახში ათასმეერთედ შესვლა. წიგნების ძველ კარადას ხის მტარვალ მწერთა შესამუსრად ძნელად შესამჩნევ ხვრელებში ნავთი აქვს ჩაწვეთებული. შესაბამისად, მძაფრი სუნი იგრძნობა. ეს ნონას წესია. გადმოიღებ, შეიძლება წაკითხული გაქვს, მაგრამ ძველი ნივთი სხვა რამესაც ნიშნავს. ხან უფრო მეტს, ვიდრე ის წიგნია. მინაწერები - პატრიოტული, სამიჯნურო თუ სულაც საყოფაცხოვრებო. არც კი ვიცით, ვისი. მაგალითად, ვკითხულობთ რომანს „სამამულო ომზე“. თითქმის ყველა გვერდზე არის სხვადასხვაფერი მელნით მიწერილი „სიკვტილი ფაშისტ ოკუპანტებს“ /ბიკენტი, 1967. ან ელიჩკა 1970. თან ყველგან „სიკვ-ტ-ილი“. ეს უკანასკნელი კი „გურული კოინეს“ ნიშანია და ყველაფერი ცხადია, მაგრამ თვითონ სურვილი, რომ სხვადასხვა ადამიანს ასე ხმაშეწყობით დაედასტურებინა ანტიფაშისტური განწყობა, დიდად გასაგები ამბავი ნაღდად არ არის. ეგებ, უბრალოდ თავის გართობის უცნაური ხერხი იყო; ეგებ, საბჭოთა მკითხველის თვითნაკარნახევი ვალი. ჰო, რომანი ეკუთვნის ელიზბარ მაისურაძეს, სახელი მისი - „სევასტოპოლის დღეები“. ზოგან შენიშნავთ - „მე ამან და ამან ვითხოვე ეს წიგნი და მომეწონა“ ან „წავიკითხე პატივცემული შაქროს რჩევით ეს რომანი და ძალიან კარგია“. ვანო ურჯუმელაშვილის „ფერისცვალება“. ნახევრადსატრფიალო ჟანრის. რაღაც ამბები ვითარდება პარტიული წინსვლის პარალელურად - კლასიკური ინტრიგები, ცოტა ცრემლი და ცოტაც სექსი რომ უნდა იყოს და იმის მაგივრად ჩახუტებაა. მაგრად ჩახუტება. ჰოდა, მანდ არის თუ არის, რაგინდარა ხასიათის, ციტატა თუ ორიგინალი - „საიდუმლო ბარათო, გითხრეს ექმენ მარადო“, „გამიცრუა ამ ყმაწვილმა იმედები, არადა, თავიდან გულისხმიერი ჩანდა“, „გადავიკითხე ფურცლები, გული მწველ ცეცხლზე ეკიდა, დამეწვა, არ ჩანს ნაცარიც, არც წვიმა მოდის ზეციდან“, „მე არ მეგონა, თუ მანონის ამბავზე უფრო საინტერესო წიგნს წავიკითხავდი“ და უცებ, იმავე გვერდზე - ქვეშმიწერით გამრავლების მეთოდით რაღაც ციფრებს ანგარიშობენ. ეს უკვე ფანქრითაა, სხვათა შორის, დანარჩენი მელნით იყო. მელნითვე იყო ერთი წარწერა, რომელიც ამირანს სამჯერ შეეჩეხა „ეთერიანის“ ფურცვლისას - „შენ კი იბრალებდი ჩემ სიყვარულს, მაგრამ ანას სახელით ეშმა გამოგეცხადა და გამოგცადა. მე წავალ და შენ ინანებ. 1953 წელი“ და წიგნის ბოლოს, სადღაც მურმანის ეკალთან მიწერილი მოულოდნელი წინადადება - „ერთი კონა კლიავი ეყოფა“. რას ეყოფა? ლობიოს, ცერცვს? ვინ იცის. არავინ.

ჩვენი საზაფხულო არდადეგები. ნელ-თბილი ბავშობიდან ამოვარდნა. იმავე წიგნების მეასედ მიგნებით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^