ისინი ქალაქის ხელისუფალთაგან თბილისის გარემოს, კულტურული მემკვიდრეობისა თუ ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვას მოითხოვენ, კანონების ხარვეზებზე საუბრობენ, კონკრეტულ პროექტებს ქუჩაში, საკრებულოში, სასამართლოში, პარლამენტში, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სივრცეში აპროტესტებენ. მათ „ანგარიშზე“ არაერთი პეტიცია, ქუჩის აქცია, კონცერტი, დარგული ხეები, პოლიციასთან სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირება და რამდენიმე დაკავების ფაქტია. არის „მოგებული“ და „წაგებული“ საქმეები.
„ქალაქის გასამწვანებლად“ მოქალაქეთა ერთი ჯგუფის ინიციატივა საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2013 წლის ზაფხულში მოექცა. Fაცეებოოკ-ზე გაჩნდა გვერდი -„პარტიზანული მებაღეობა თბილისში”, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებელს ატყობინებდა, რომ თბილისის სხვადასხვა უბანში ხეების დარგვა იგეგმებოდა, ჩუმად, არაორგანიზებულად, უბრალო ინიციატივით. გამოხმაურება დიდი იყო, ზოგი მათ დარგვისთვის კარგ ადგილებს სთავაზობდა, ზოგიც აქციებზე ნიჩბებითა და წყლით სავსე ბოთლებით მიდიოდა.
როგორც ახლა ამ არაოფიციალურ მოძრაობაში გაერთიანებული ადამიანები ამბობენ, მაშინ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ხალისით დაწყებული საქმე ქალაქის ყველაზე დიდი პარკის დასაცავად სამწლიან ბრძოლასა და სამართლებრივი, საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებების მოთხოვნაში გადაიზრდებოდა, რომ „მწვანე სივრცეების დაცვა ფიზიკურად მოუწევდათ“. პირველი ხმაურიანი „ობიექტი“ კუს ტბის ფერდობზე ე.წ. „ციყვების“ ტერიტორია იყო. მისი ნაწილი ჯერ გასხვისდა, შემდეგ მერია-საკრებულომ ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი, ანუ დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტატუსი დაუქვეითა და სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე, რესტორნისა და საბანკეტო დარბაზის მშენებლობა დაუშვა. პროექტს მოქალაქეები, პარტიზანი მებაღეები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ მშენებლობისთვის ხელის შეშლის გამო რამდენიმე მჯდომარე აქტივისტი პოლიციამ ტერიტორიიდან ძალით გაიყვანა. შემოღობილი ადგილი მოსწორდა, ნერგები ამოიღეს, მშენებლობა გაგრძელდა. საქმე წაგებულად ჩაითვალა, მაგრამ „პარტიზანები“ ფიქრობენ, რომ ეს პირველი სერიოზული გაკვეთილი იყო, რომელიც ისწავლეს. „მთავარია, ბევრნი ვიყოთ“, - ამბობდა ამის შემდეგ ნატა ფერაძე, ერთ-ერთი პარტიზანი მებაღე.
იმავე ცხელ და „მწვანე“ ზაფხულს სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტი“ გამოჩნდა. 2013 წლის 20 ივლისს მათ პირველი აქცია გამართეს - „არა რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკას!“. აქციის მონაწილე და ორგანიზატორი ახალგაზრდები ამბობდნენ, რომ ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების პოლიტიკა მდგრადი განვითარების პრინციპებს არ ეყრდნობა, რომ ქვეყანამ არც კი იცის, ზუსტად რა რაოდენობის ენერგია სჭირდება, რომ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა სტიქიურია; გაუაზრებელი და შეუსწავლელია გარემოზე მათი მავნე ზემოქმედება. „ბუნებას ისეთი საფრთხე ემუქრება, რომ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს, მერე ამის გამოსწორება შეუძლებელი იქნება“, - ამბობდა ნიკა წიქარიძე, მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი.
პროექტ "პანორამა თბილისის" მოწინააღმდეგეები 2015 წელს, სოლოლაკის ქედთან: SOS თბილისი! ქალაქი საფრთხეშია.
ფოტო: ეკა მაღალდაძე
აქციის მონაწილეები მიუთითებდნენ, რომ ახალი ხელისუფლება ძველის პოლიტიკას განაგრძობდა, შეუსწავლელად, „ინვესტორის ინტერესს ბრმადაყოლილი“ გასცემდა ნებართვებს ენერგო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ყაზბეგში, სვანეთსა თუ აჭარაში.
სექტემბერში ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული პროტესტი განახლდა. სოფელ ხაიშში პროექტის საჯარო განხილვა მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ჩაიშალა. „არა ხუდონჰესს“ - ამ მოწოდების აქციები კი შემოდგომაზე სვანეთის გარდა, დედაქალაქშიც არაერთხელ გაიმართა, უმეტესად სწორედ „მწვანე მუშტის“ ორგანიზებით.
ამავე დროს „პარტიზანი მებაღეები“ ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტს იწუნებდნენ. თბილისის გამწვანების სამსახურის უფროსს სთხოვდნენ, პარკის შუაგულში ხეების ფორმის „პლასტმასის ჩანჩქერები“ პროექტიდან ამოეღოთ, მაგრამ ამასობაში შეიტყვეს, რომ პარკის სიღრმეში, ყოფილი რესტორნის, „ბუდაპეშტის“ ადგილას სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა იგეგმებოდა. ტერიტორია უკვე შემოღობილი იყო, საძირკვლისთვის მიწის ნაწილიც - უკვე რამდენიმე მეტრის სიღრმეზე ამოთხრილი. მანამდე არსებული „მწვანე პროტესტი“ ვაკის პარკის შემთხვევამ სხვა განზომილებაში გადაიყვანა.
საჯარო განხილვის მოთხოვნები, დისკუსიები საკრებულოში, შეხვედრები მერიაში, აქციები პარკში, საკრებულოსა თუ მერიასთან. „ქალაქის მერია ქალაქის მტერია“ და სხვა სლოგანები, ათობით სტატია, სიუჟეტი. იანვარში „პარტიზანები“ უკვე პარკში მისულ ბულდოზერებს დაუპირისპირდნენ. სამშენებლო სამუშაოების დაწყებას შემოღობილ ტერიტორიაზე, თხრილთან, რამდენჯერმე შეუშალეს ხელი. 24 იანვარს კი პარკში პირველად დარჩნენ მთელი ღამით. მალე კარავიც გაშალეს და თითქმის 7 თვის განმავლობაში მორიგეობდნენ, რომ მოსალოდნელი სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, მობილიზაცია გამოეცხადებინათ და ტექნიკისთვის ისევ შეეშალათ ხელი.
ზაფხულში, როცა მორიგეობა შეწყვიტეს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად პარტიზან მებაღეებსა და რამდენიმე მოქალაქეს უკვე ჰქონდა სასამართლოში საქმე შეტანილი. ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება 2 წლის შემდეგ, 2016 წლის მარტში მიიღო. განმარტა, რომ თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა სარეკრეაციო სივრცეში სასტუმროს აშენების გამონაკლისი დაუსაბუთებლად დაუშვეს, ამიტომ გაუქმებულად ჩაითვალა ე.წ. სპეციალური ზონალური შეთანხმებაც და მშენებლობის ნებართვაც. საკითხი განსახილველად და თავიდან გადასაწყვეტად თბილისის მერიას დაუბრუნდა, თუმცა გადაწყვეტილების შესახებ ჯერ ცნობილი არაფერია.
აქტივისტები ფიქრობენ, რომ სწორედ გარემოსდაცვითი მოძრაობების გაძლიერება-გააქტიურების გავლენად და დამსახურებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისას მერობის კანდიდატების დაპირებები არნახულად „მწვანე“ იყო. „გამწვანების“ პერსპექტივა ლამის „დასაქმების“ პერსპექტივას უტოლდებოდა, განსაკუთრებით, მმართველი პარტიის კანდიდატის კამპანიაში.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, გადაწყვეტილებების მიღებაში სპეციალისტების ჩართვა და საერთოდაც, მილიონი ხის დარგვა - გამარჯვებული მერის მთავარი დაპირებები იყო.
სამოქალაქო მოძრაობების გაერთიანების "ერთად" აქცია პერფორმანსი. თბილის. 27 თებერვალი 2016. ფოტო: ლევან ხერხეულიძე
პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე ამბობს, რომ „მწვანე დაპირებების“ სიმრავლე სწორედ იმან გამოიწვია, რომ ეს თემა ცხელი და აქტუალური გახდა. პოლიტიკოსები ხვდებოდნენ, რომ ეს იყო საზოგადოების მოთხოვნა. ფიქრობს, რომ მოახერხეს ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბებულიყვნენ. მით უმეტეს, რომ შარშან, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ 25-მდე ორგანიზაცია, სამოქალაქო მოძრაობა თუ საინიციატივო ჯგუფი გაერთიანდა და ქალაქის კულტურული მემკვიდრეობისა თუ საჯარო სივრცეების დასაცავად აქციებს სწორედ „ერთად“ სახელით მართავენ. თუმცა დამოკიდებულება მათ მიმართ არაერთგვაროვანია, ზოგი არასერიოზულად უყურებს, ზოგი პოლიტიკურად მართულ ძალად მიიჩნევს, ზოგიც - უცხოური გრანტისმაძიებელთა გაერთიანებად.
„ჩვენ ვიპოვეთ საერთო ენა, გვქონდა ერთობლივი აქციები. პროცესი არ არის მარტივი. სრულიად განსხვავებული გამოცდილების ადამიანების გაერთიანებას დრო და ძალისხმევა სჭირდება. ცალ-ცალკე გაცილებით ნაკლებ შედეგს ვაღწევთ. არაფორმალური გაერთიანება „ერთად“ იმედი მაქვს, მოახერხებს, სერიოზულ გადაწყვეტილებებზე იქონიოს გავლენა და კიდევ მეტ მსურველს გააერთიანებს“, - ამბობს ნატა ფერაძე.
თუმცა გარემოსდაცვითი, ურბანული აქტივიზმის ყველაზე გახმაურებული და შეიძლება ითქვას, წარმატებული მაგალითი (თუ 25-30 წლის წინანდელ მწვანე მოძრაობაზე არ ვისაუბრებთ, რომელიც „ხუდონჰესისა“ და ტრანსკავკასიური რკინიგზის მშენებლობის საწინააღმდეგოდ დაიწყო) რამდენიმე წლით ადრე გუდიაშვილის სკვერის დასაცავად დაწყებული პროტესტი და მოძრაობა „გაამაგრე გუდიაშვილი“ იყო. ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარი“ და სხვა მოქალაქეები მოედანზე ისტორიული შენობების თანამედროვე შუშის კონსტრუქციებით ჩანაცვლებას ეწინააღმდეგებოდნენ. გარკვეული პერიოდულობით იკრიბებოდნენ სკვერში, აწყობდნენ კონცერტებს, გამოფენა-გაყიდვებს, ზოგჯერ კი მშენებლობის დაწყებას ფიზიკურადაც აფერხებდნენ.
„ჰამქრის“ წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ ეს „რადიკალური ზომების“ აუცილებლობის პირველი შემთხვევა იყო. მეორე ასეთ საქმედ, რომლისთვისაც შესაძლოა, არალეგალური, კანონის ფარგლებიდან გამოსული ქმედებები გახდეს საჭირო, ელისაშვილს „პანორამა თბილისის“ პროექტი მიაჩნია.
„თანაინვესტირების ფონდის“ მიერ 2 წლის წინ წარმოდგენილი პროექტი ერეკლე მეფის მოედანზე, თავისუფლების მოედანზე, სოლოლაკის მაღლობსა და ბაღებში მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობას ითვალისწინებს. ობიექტები ერთმანეთს საბაგირო გზებით უნდა დაუკავშირდეს. პროექტს გამოქვეყნების დღიდანვე პროტესტი მოჰყვა. ის ქალაქის ისტორიული ზონისთვის მიუღებლად მიაჩნიათ გარემოსდამცველებს, ურბანისტებისა და ხელოვნებათმცოდნეების ნაწილს. სწორედ „პანორამა“ და მირზა შაფის ქუჩის განვითარების ახალი პროექტი იყო სწორედ ერთ-ერთი გარდამტეხი, რამაც ამ სფეროში მომუშავე ჯგუფების გაერთიანება გამოიწვია.
თუმცა სოციოლოგ ლია წულაძეს მიაჩნია, რომ ამ კოალიციის შემადგენლობა მაინც ერთგვაროვანია და სწორედ ამიტომ უჭირთ მათ პოლიტიკასა თუ საზოგადოებრივ განწყობებზე გავლენის მოხდენა. კვლევითი პროექტის „შOშ თბილისი: გარემოსდაცვითი სამოქალაქო მონაწილეობის გამოწვევები საქართველოში“ შედეგების მიხედვით, წულაძე ამბობს, რომ „მწვანე აქტივიზმი“, როგორც სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი სახე, გარკვეულწილად, იმავე პრობლემების წინაშე დგას, რის წინაშეც, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოება, თუმცა არის სპეციფიკური ბარიერებიც.
მკვლევრები რამდენიმე წლის განმავლობაში ორ გარემოსდაცვით საპროტესტო კამპანიას - „დაიცავი ვაკის პარკი“ და „პაNOრამა“ აკვირდებოდნენ. ეს ორი შემთხვევა მათთვის სხვადასხვა ხელისუფლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იყო, რომლებსაც საკითხზე, პოლიტიკის ცვლილებაზე ორიენტირებული, ხანგრძლივი პროტესტი მოჰყვა.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ თუკი არსებული კანონმდებლობა უმეტეს შემთხვევაში იძლევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართვის გარანტიებს, პრაქტიკაში ამისთვის ხშირად არც ხელისუფლების წარმომადგენლები არიან მზად და არც საზოგადოებისა. ამ შემთხვევაში, გარემოსდამცველების წინაშეც იგივე პრობლემებია, რაც, ზოგადად, სამოქალაქო აქტივისტების.
„მოქალაქეს არ სჯერა, რომ შეუძლია, შეეწინააღმდეგოს და ამას მოჰყვეს რეალური შედეგი“, - ამბობს ლია წულაძე და დასძენს, რომ სამოქალაქო აქტივიზმს „პასუხისმგებლობის დიფუზიის“ ფენომენი განსაკუთრებით უშლის ხელს, როცა კონკრეტული ადამიანები ფიქრობენ, რომ „ერთი ადამიანის მისვლა-არმისვლით“ არაფერი შეიცვლება, მით უმეტეს, თუ ასობით სხვა აპირებს აქციაზე მისვლას.
„მწვანე აქტივისტები ყველაზე მეტად სწორედ საზოგადოების მობილიზაციის მნიშვნელობასა და სირთულეზე წუხან, ამ სირთულის მიზეზი კი დაბალი სოციალური პასუხისმგებლობაა, ამ პასუხისმგებლობის დიფუზია და სოციალური ნიჰილიზმის მდგომარეობა. როცა მძიმე სოციო-ეკონომიკური პირობების გამო, ადამიანებს იმწუთიერი მატერიალური საჭიროებების დაკმაყოფილება მიაჩნიათ უფრო პრიორიტეტულად. ამ დროს მეორეხარისხოვანი ხდება ისეთი ღირებულებები, როგორებიცაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ტოლერანტობა და სხვა. ძნელია, სამოქალაქო კულტურის განვითარების მაღალ დონეზე ისაუბრო ამ დროს, ან ელოდე, რომ ის განვითარდება, მით უმეტეს არც ისე შორს საბჭოთა წარსულისგან“, - ამბობს სოციოლოგი.
პოლიტისასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები ვაკის პარკში 7 თვის განმავლობაში მორიგეობდნენ.
კარავი ჰქონდათ გაშლილი, აწყობდნენ სხვადასხვა ღონისძიებას ერთი სლოგანით: "დაიკავე ვაკის პარკი". ფოტო: ეკა მაღალდაძე
მკვლევრის აზრით, თუნდაც სამოქალაქო მოძრაობებისა და ორგანიზაციების გაერთიანება - „ერთად“ შეიძლება ვერ იყოს წარმატებული, სანამ მასში განსხვავებულ თემებზე მომუშავე ჯგუფები არ გაწევრიანდებიან, არა მხოლოდ „თემატურად და იდეურად მწვანე“ ჯგუფები.
„თუკი სხვადასხვა საკითხით დაინტერესებული ჯგუფები გაერთიანდებიან, საზოგადოების ყურადღებას მეტად მიიპყრობენ. თუ იქ იქნება გარემოს დაცვის, გენდერული თანასწორობის, განათლების რეფორმისა თუ სხვა საკითხები, ამით მათი წარმატების შესაძლებლობა გაიზრდება“, - ფიქრობს წულაძე.
თუმცა ამ ეტაპზე მთავარ დაბრკოლებად მკვლევარს მაინც ხელისუფლების მხრიდან მწვანე აქტივისტების პოლიტიზების მცდელობა მიაჩნია.
„აქტივისტების პოლიტიზება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მოსახერხებელია იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს აქტივიზმის კიდევ უფრო გაძლიერებას და გადაწყვეტილების პროცესში მეტ ჩართულობას.
მთავრობამ შეიძლება მუდმივად იმეოროს, რომ მწვანე აქტივისტები პოლიტიზებული ძალაა, ახლანდელმა ხელისუფლებამ მათ „ნაცმოძრაობის სატელიტები“ უწოდოს, წინა ხელისუფლების წევრებმაც პოლიტიკურად მართულები უძახონ. იმის მიხედვით, როდის რას აპროტესტებენ, ხან ერთ პოლიტიკურ ძალასთან ხდება მათი ასოცირება და ხან მეორესთან. ეს უთუოდ აისახება საზოგადოების დამოკიდებულებაზეც, რაც ძალიან უშლით ხელს. რაც უფრო ფართოდ გავრცელდება ეს დისკურსი საზოგადოებაში და მეტი ადამიანი იფიქრებს, რომ პროცესი პოლიტიკურად მართულია, მით ნაკლები შეეცდება მათთან აფილირებას, მათ მოძრაობაში ჩართვას. ეს ხომ ცხადია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკური იარლიყის მოშორება და ამ პოლიტიზებისგან გათავისუფლება. ეს ძალიან რთულია, მაგრამ - აუცილებელი, სხვანაირად ძალიან ძნელი იქნება, პოლიტიკის ცვლილებაზე ორიენტირებული, მაგრამ არაპოლიტიკური აქტივიზმი იყოს წარმატებული“, - ამბობს ლია წულაძე და განსხვავებული კომპეტენციის, ექსპერტული ცოდნის ადამიანების შემოკრების აუცილებლობაზე საუბრობს, კულტურული მემკვიდრეობა იქნება ეს, ურბანისტიკა, თუ ბიომრავალფეროვნება.
ნატა ფერაძე იზიარებს შეხედულებას, რომ მათი საქმიანობა ვერაფრით ვერ იქნება აპოლიტიკური, როგორც ამას თავდაპირველად ამბობდნენ: როცა ისინი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შეცვლას ან მიღებას მოითხოვენ და მათი აქტივობაც არის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობა - მათი აქტივობა პოლიტიკურია.
„მაგრამ ჩვენ არც ერთი კონკრეტული პარტიის მხარდამჭერები არ ვართ. წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ რომ წავედით, ოცნების მხარდამჭერებად მოგვნათლეს, ახლა რომ ვეწინააღმდეგებით ზოგიერთ პროექტს, ნაცმოძრაობის სატელიტებს გვიწოდებენ. ჩვენ ფაქტებს ვებრძვით და მათი გამოსწორება გვინდა, რომელი პოლიტიკური ძალაც უნდა იყოს სათავეებთან და რომელთანაც უნდა გვიწევდეს დაპირისპირება“ - თუმცა ამავე დროს ნატა აღნიშნავს, რომ სულაც არ უნდა, მათ აქტივობას „ბრძოლა“ ერქვას.
„გვინდა ეს იყოს დახმარების შეთავაზება, დახმარება, როგორ გამოსწორდეს ესა თუ ის პოლიტიკური შეცდომა. ჩვენი მიზანი ესაა. გვინდა, ვიქონიოთ პოლიტიკაზე გავლენა ისე, რომ არ მივეკუთვნებოდეთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას“. - ამბობს ნატა ფერაძე.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის გარემოსდაცვითი პროექტების ხელმძღვანელი თამარ ანთიძე ამბობს, რომ სწორედ „მწვანე პოლიტიკით“ დაინტერესებული ჯგუფების დასაახლოებლად და ერთმანეთთან დასაკავშირებლად შეიქმნა ფონდის პროექტი „მწვანე აკადემია“.
„ჩვენ შევკრიბეთ ადამიანები, რომლებიც ერთ სამოქალაქო პოზიციაზე დგანან, მაგრამ ამაში ცხადად თვითონაც არ არიან დარწმუნებულნი. რეგიონში არსებულ ამ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს უამრავი საერთო აქვთ, არის ძალიან ბევრი თემა, რომლებზეც ერთობლივად მუშაობაა შესაძლებელი. აკადემიის მონაწილეები ასეთ თემებად სოციალური სამართლიანობის, გარემოს დაცვის, გენდერულ, შრომითი უფლებების საკითხებს მიიჩნევენ. მათ აკლდათ სივრცე, სადაც შეძლებდნენ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას და სამომავლო სტრატეგიების შეჯერებას. სწორედ რომ „მწვანე პოლიტიკა“ უყურებს ამ საკითხებს ჰოლისტიკური მიდგომით, ცდილობს ამ პრობლემების ახსნას მათი სისტემური ხასიათით და მათი გადაჭრის გზადაც ერთიან ბრძოლას ხედავს, „მწვანე პოლიტიკის“ იდეა ამ მხრივ ძალიან მარტივია“ - ამბობს ანთიძე.
მისი თქმით, რეგიონის, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის, ქვეყნებს ამ მხრივ ბევრი საერთო აქვთ. თუმცა პოლიტიკურმა პროცესებმა და განვითარების განსხვავებულმა გზებმა ამ ქვეყნებში სამოქალაქო აქტივიზმისთვის სივრცე განსხვავებული მოცულობით დატოვეს. თუკი აზერბაიჯანის მდგომარეობა ამ მხრივ უიმედოა, სომხეთში მწვანე აქტივისტები ცოტა იმედგაცრუებულები არიან, მაგრამ პროცესებზე დაკვირვება და შედარება მაინც საინტერესოა.
პოლიტიკის ანალიტიკოსი, არასამთავრობო „პოლიტიკური დისკურსის“ წარმომადგენელი ვაჰრამ სოღომონიანი ამბობს, რომ „მწვანე აქტივიზმი“ სომხეთში 6-7 წლის წინ გააქტიურდა, თუმცა ახლა ის ერთგვარ კრიზისშია, რადგან აქტივისტებმა ვერ მოახერხეს, თავიანთი მოთხოვნები პოლიტიკურად ექციათ.
„თუკი თავიდან მაშტოცის პარკის დასაცავად იყო ძალიან დიდი მუხტი, მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს ერთ-ერთი იყო იმ საჯარო სივრცეთაგან, რომელიც საჯარო საკუთრებაა, რომ ეს საზოგადოებას ეკუთვნის და არა ხელისუფლებას. ამან იქონია გავლენა პოლიტიკურ ნარატივზეც. ქალაქის მერმა ერთ-ერთი ბაღის გახსნისას თქვა, რომ ისინი უბრუნებდნენ ხალხს მათ საკუთრებას, თუმცა მოძრაობა პოლიტიკურად ვერ იქცა. როდესაც პრეზიდენტი მაშტოცის პარკში მივიდა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე და მთავრობის გეგმების ცვლილების შესახებ აცნობა, პარკის დამცველებმა მიიჩნიეს, რომ საქმე ამით დამთავრდა და აღარ მოუთხოვიათ კორუმპირებული ჩინოვნიკების დასჯა“, - ამბობს სოღომონიანი.
"საჯარო სივრცე - საჯარო საკუთრებაა და არა ხელისუფლების" - ამგვარი აღქმა მაშტოცის პარკის დასაცავი აქციების შემდეგ
გაძლიერდა სომხეთშიც. ფოტო: ჰაიკ ბიანჯიანი
მისი თქმით, ამ შემთხვევისგან განსხვავდებოდა ტრანსპორტის საფასურის გაძვირების ამბავი, როდესაც პროტესტის შედეგად ტარიფი იგივე დარჩა, მაგრამ ახალგაზრდები რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგოდ მოითხოვდნენ მერიის მაღალჩინოსნების გადაყენებას. მოგვიანებით ახალგაზრდების პროტესტი სხვა სოციალურმა საკითხებმა მოიცვა - სოციალური უსამართლობა, კორუფცია, 40%-იანი უმუშევრობა, სიღარიბე.
სოღომონიანის აზრით, თუკი თავიდან `მწვანე აქტივიზმს~ სომხეთში ძალიან პოზიტიური დინამიკა ჰქონდა, ის ახლა, გარკვეულწილად, შეფერხებულია, ლიბერალური თუ კონსერვატიული პარტიები ცდილობენ ამ ახალგაზრდების გადაბირებას და გასაგებია, რომ ისინი თავიანთ მემარცხენე იდეებს იმ პარტიებში ვერ გაატარებენ.
გეზი პარკის დაცვა გახდა სერიოზული სოციალური პროტესტის დასაწყისიც თურქეთში 2013 წელს. გამოკვეთილი ლიდერის გარეშე, ტაქსიმის მოედნისა და პარკის დასაცავად დაწყებულმა აქციებმა ფართო სამოქალაქო მოძრაობის სახე მიიღო. პოლიციის მხრიდან აქციის დაშლის შემდეგ საპროტესტო აქციებმა 10-მდე ქალაქი მოიცვა. 11 ადამიანი დაიღუპა, 8 000-ზე მეტი დაშავდა. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ხელისუფლების ავტორიტარიზმის შეზღუდვა აქციების მონაწილეთა მთავარ მოთხოვნებად იქცა.
სტამბოლის ცენტრში გეზი პარკის დასაცავად დაწყებული აქციები 2013 წელს ფართო სამოქალაქო მოძრაობაში გადაიზარდა.
სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე გაერთიანება „მწვანე მუშტის“ წევრი და „მწვანე აკადემიის“ ერთ-ერთი მონაწილეა. მისთვის და მისი თანამოაზრეებისთვის „მწვანეობა“ მხოლოდ მწვანე საფარის დაცვა არ არის და ამბობს, რომ ევროპული მოძრაობების მსგავსად, მხოლოდ განსხვავებული, თუმცა მემარცხენე ჯგუფების ერთიანობით არის შესაძლებელი „მწვანე დემოკრატიის“ მიღწევა თუ არა, მასთან მიახლოება მაინც.
„მწვანეობის თვალთახდვის არეალში ხვდება სხვა თემებიც: სოციალური სამართლიანობა, პირდაპირი დემოკრატია, მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერა, მილიტარისტული ხარჯის შემცირება. ჩვენ ვამბობთ, რომ „მწვანეობას“ აქვს რამდენიმე ძირითადი ღირებულება, რომელთა შორისაც იერარქია არ არსებობს. ვამბობთ, რომ ეკოლოგიაზე მნიშვნელოვანი არაა ქალთა საკითხები და არც პირიქით, რომ სოციალური სამართლიანობა მდგრად განვითარებაზე მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ არც პირიქით. ეს ღირებულებები ჩვენი მოძრაობისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია”, - ამბობს ლორთქიფანიძე.
„მწვანე მუშტს“ სხვა ქართული „მწვანე“ ჯგუფებისგან წითელი შეფერილობა გამოარჩევს. თუმცა 70-იან წლებში ევროპაში გააქტიურებულ მემარცხენე მოძრაობების მსგავსად, რომლებსაც არ სურდათ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან, უკვე კარგად დამკვიდრებულ, კორუმპირებულ მუშათა, სოციალისტურ პარტიებთან ასოცირება, არც მათ სურთ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან დაკავშირება, მაგრამ სხვადასხვა აქტივისტური ჯგუფის გაერთიანებას აუცილებლობად მიიჩნევენ - ფემინისტები იქნებიან, მუშათა უფლებებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის დამცველები.
„სომხეთსა და საქართველოშიც ფიქრობენ, რომ გარემოს დაცვა პოსტმატერიალისტური საკითხია და მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გადაწყდეს, რაც ელემენტარული მოთხოვნები დაკმაყოფილდება. მანამდე კი მზად არიან, სრულად ამოწურონ რესურსები, გაანადგურონ სასიცოცხლო სივრცე, მაგრამ ეს ადამიანების ბრალი ხომ არ არის. ეს იმ სოციალური უთანასწორობის ბრალია, რომელიც ამ საზოგადოებებშია შექმნილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ „მწვანეობა“ არაა პოსტმატერიალისტური საკითხი, რომ ეს დღევანდელი და ძალიან მატერიალისტური საკითხია. ეს უკავშირდება სწორედ სოციალური სამართლიანობის თემას და მისი მომავლისთვის გადადება და შემონახვა დამღუპველია ამ საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ შეუქცევად პროცესებთან გვაქვს საქმე, რომელიც ამ რესურსს არათუ ამოწურავს, არამედ უსამართლოდ ანაწილებს“, - ამბობს ლორთქიფანიძე და დასძენს, რომ სწორედ ამიტომ „მწვანე მუშტი“ მხარს უჭერს ხოლმე მუშათა გაფიცვებს, გარემოსდამცველთა აქციებს, ეწინააღმდეგება ენერგოპოლიტიკას, თუ აპროტესტებს საყდრისის მაღაროს განადგურებას.
მისი აზრით, ამ ჯგუფებში ჯერ მხოლოდ ერთიანობის აღქმა არსებობს და არა საბოლოო ერთიანობა, მაგრამ ამ სოციალური კაპიტალის გაზრდა და საერთოს გამონახვა შესაძლებელია, განსხვავებების მიუხედავად.
„სოლიდარობა ამ ცალ-ცალკე ნათქვამ სიტყვებს გაცილებით უფრო დიდ ძალას აძლევს, ვიდრე მაშინ აქვთ, როცა გათიშულად მოქმედებენ. ჩვენი მოწინააღმდეგეები - ნაციონალისტები, შოვინისტები, სხვადასხვა რეგრესული ძალა ძალიან ორგანიზებულები არიან. მათ აქვთ ტელევიზიები, ფული, გავლენა, ინტრიგების ხლართვის დიდი გამოცდილება და როცა ისინი ასე მობილიზებულები იბრძვიან ჩვენი - ერთმანეთთან თეორიულ დისკუსიებში ჩართული პატარა ჯგუფების წინააღმდეგ, ჩვენ ორმაგად უფრო სუსტად ვჩანვართ ხოლმე, ამიტომ თეორიული აზრთა სხვადასხვაობა უნდა გავაგრძელოთ აკადემიურ სივრცეში, სამოქალაქო სივრცეში კი ერთიანი პოზიციით გამოვიდეთ. კრიტიკულ სიტუაციებში ასეც ხდება ხოლმე. როცა ტყიბულს უჭირს, ამბიციები უკან იწევს. ყველა კარგად დგას ახალგაზრდა მწვანეების ტენტის ქვეშ, ისინიც, ვინც მათ მანამდე აკრიტიკებდა. ყველა კარგად საუბრობს ვიღაცის ნათხოვარ მიკროფონში და ა.შ. იმედია, ჩვენც მეტს ვისწავლით”, - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.
რაც შეეხება „პოლიტიკურ აქტივიზმს“, ლორთქიფანიძეც ამბობს, რომ „მწვანე მუშტისთვის“ მისაღები ტერმინიც „აპარტიულია“ და არა აპოლიტიკური.
„დიახ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მიზნები: როცა მოითხოვ, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მდგრადი განვითარების სტრატეგია, ეს ნიშნავს, რომ თავდაყირა უნდა დადგეს დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკა; როცა მოითხოვ შრომის ინსპექციის რეალური მექანიზმის შექმნას, ეს ნიშნავს, რომ შრომის პოლიტიკის პრიორიტეტებს 100%-ით უნდა გადახედოს სახელმწიფომ; როცა მოითხოვ განათლების ხარისხის კონტროლს გარე რეფერირების გზით, ესეც საფუძველს აცლის განათლების სამინისტროსა თუ კომიტეტის მუშაობის ძირითად მიმართულებებს. ასე რომ, ჩვენი მოთხოვნები პოლიტიკურია, მაგრამ არა პარტიული. არ გვსურს პოლიტიკურ პარტიებთან კავშირი იმიტომ, რატომაც მწვანეებს არ სურდათ, წითლებთან ერთად გამოსულიყვნენ არჩევნებში 1970-80-იან წლების ევროპაში. დღევანდელი პარტიები უკვე კარგად ჩამოყალიბებული პოლიტიკური კლასის ნაწილია. ამ კლასს აქვს თავისი წესები და პოლიტიკური კულტურა, მათ არ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ბიზნესი დარეგულირდეს; არ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება „მწვანეობა“ სხვა თემებსაც უკავშირდებოდეს, არ წარმოუდგენიათ ის, რომ ანტისექსისტური განწყობები ჰქონდეს რომელიმე მოძრაობას, რომ რელიგიური საკითხებით არ უნდა მოხდეს მანიპულირება. შესაბამისად, მათთან თანამშრომლობა ვერ შედგება. ბინძური, ფესვგამდგარი პოლიტიკური სისტემის მიმართ გვაქვს ძალიან რადიკალური პოზიცია.