Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საჭიროებს თუ არა ქორწინების ცნება სარეფერენდუმო განსაზღვრებას

09 აგვისტო 2016

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასულ კვირას პრეზიდენტს სარეფერენდუმო ინიციატივა გადასცა. პრეზიდენტს 30 დღე აქვს რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?"

რეფერენდუმზე გასატანი კითხვა საკმაოდ საკამათოა, რადგან იგი მრავალმხრივია და სხვადასხვა კითხვას აჩენს. პირველი, ხომ არ მოდის რეფერენდუმის კითხვის შინაარსი კონსტიტუციასთან და ადამიანის ძირითად უფლებებთან შეუსაბამობაში? მეორე, შეიძლება თუ არა მისი დანიშვნა ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით? და მესამე - რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულ რეფერენდუმს. არგუმენტები ამ საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ მრავალია.

უპირველესი კითხვა,  რა თქმა უნდა, რეფერენდუმის საკითხის შინაარსობრივ მხარეს შეეხება. ხშირად მესმის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარეფერენდუმოდ დასმული საკითხი არღვევს ადამიანის უფლებათა სტანდარტს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია პასუხი ამ კითხვაზე.  ადამიანის უფლებათა სტანდარტზე საუბრისას ვითვალისწინებთ რა იმას, რომ საქართველო ევროპის საბჭოს წევრი და ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ხელმომწერი ქვეყანაა, უპირველესად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი და მისი პრეცედენტული პრაქტიკა  წარმოგვიდგენია. სტანდარტის დადგენისას ასევე მნიშვნელოვანია დასავლურ ქვეყნებში დამკვიდრებული სამართლებრივი მიდგომები, რაც ერთნაირი სქესის მქონე ადამიანების ქორწინების შესახებ არის მიღებული. ამ მხრივ აქტუალურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ბოლო, 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება (AZ 40183/07) ერთნაირსქესიანთა ქორწინების თაობაზე. სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქეების სარჩელთან დაკავშირებით განმარტა, რომ ქორწინება, რომელსაც ევროპული კონვენციის მე-12 მუხლი იცავს, არ გულისხმობს ერთნაირსექსიანთა ქორწინებას. კონვენცია, მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ქორწინებას ცნობს ქორწინებად. მან აღნიშნა, რომ კონვენციის ხელმომწერი ქვეყნები არ არიან ვალდებულნი ერთნაირსქესიანთა თანაცხოვრება ტრადიციულ ქორწინებას გაუთანაბრონ. ამასთან, მანამდეც ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ცალსახად მიუთითებს, რომ საკითხი სახელმწიფოს ფართო მიხედულების სფეროში ექცევა (ე.წ. Margin of appreciation).

მსგავსი ხედვა ჩამოაყალიბა გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ  2002 წლის 17 ივლისისა და 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებაში. სასამართლოს აზრით, გერმანიის კონსტიტუციის მე-6 მუხლში მხოლოდ ტრადიციული, კერძოდ  კი ქალისა და მამაკაცის მონოგამიური კავშირი მოიაზრება.

განმარტება საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით დაცული ქორწინებისა და ოჯახის შესახებაც არსებობს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2008 წლის 23 ივლისის გადაწვეტილებაში (N 2/2/425) opita dictum განმარტა კონსიტუციის 36-ე მუხლით დაცული ქორწინებისა და ოჯახის ცნება როგორც კონსტიტუციურ დონეზე დაცული და განმტკიცებული ტრადიციული და საზოგადოებისათვის სასიცოცხლო ეთიკური და ეგზისტენციალური მნიშვნელობის ინსტიტუტები და ფასეულობები“.

ცალსახაა, რომ ადამიანის უფლებათა სტანდარტი სავალდებულოდ არ ადგენს, რომ  ერთნაირსქესიანი წყვილების თანაცხოვრებას ეწოდოს ქორწინება და ოჯახი. მაგრამ ერთნაირსქესიანი წყვილები, თანაცხოვრების შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყვნენ გარანტირებული კონკრეტული უფლებებით.

ვერავინ უარყოფს, რომ ერთნაირი სქესის მქონე წყვილები ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და ისინი ერთად ცხოვრობენ. შეუძლებელია სამართალმა უარყოს მსგავსი რეალობა, პირიქით, მან უნდა შეძლოს ასეთი ურთიერთობები სამართლებრივი რეგულაციების სფეროში მოაქციოს.  

ასეთი ფორმა შესაძლოა იყოს მათი პარტნიორობის „სამოქალაქო რეგისტრაცია“. ასეთი პრაქტიკა საკმაოდ ფართოდაა დამკვიდრებული ევროპაში. პარტნიორობის „სამოქალაქო რეგისტრაციის“ შემდეგ ისინი იძენენ სხვადასხვა უფლებას, როგორიცაა, მაგალითად, მემკვიდრეობის უფლება, უფლება არ მისცეს ჩვენება დარეგისტრირებული პარტნიორის წინააღმდეგ, უფლება მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუკი იგი კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებაუნარიანი არ არის, უფლება საგადასახადო შეღავათებზე და სხვა. მსგავსი ფორმა მისაღები და აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებისათვის. საზოგადოებაში არცერთი უმცირესობა არ უნდა იყოს სამართლებრივად დაუცველი. თუმცა იმისათვის, რომ ჰომოურთიერთობები რეალურად და სამართლებრივად იყოს დაცული, ამის წინაპირობას ქორწინება და ოჯახის სახელის დარქმევა არ წარმოადგენს. შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით, თუკი „სამოქალაქო, დარეგისტრირებულ პარტნიორობას“ კანონმდებლობა უზრუნველყოფს, მისი სახელწოდება ქორწინება იქნება თუ რეგისტრირებული პარტნიორობა აბსოლუტურად უმნიშვნელოა. დღეს საქართველოში ასეთი კანონი, სამწუხაროდ, არ არსებობს. შესაბამისად აღნიშნული რეფერენდუმის შედეგი ვერც დადებითად და ვერც უარყოფითად ვერ იმოქმედებს მომავალში ასეთი კანონის მიღება-არმიღებაზე. ამიტომაც, რეფერენდუმზე დასმული ქორწინების ცნების განსაზღვრება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ შეზღუდავს ადამიანის (კერძოდ კი ერთნაირსქესიანთა თანაცხოვრების) უფლებას.

არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც არის დამკვიდრებული პრინციპი, რომ რეფერენდუმი არ უნდა ჩატარდეს ისეთ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა შეზღუდოს ადამიანის უფლებები. თუმცა, აღნიშნული  საკითხის რეფერენდუმზე დაყენება საკმაოდ ხშირია, 2009 წელს იგი ჩატარდა ლიტვაში, 2012 წელს სლოვენიაში, 2013 წელს ხორვატიაში, 2015 წელს კი რუმინეთში, სლოვაკეთსა და ირლანდიაში. რეზონანსი აქამდე ევროპაში ჩატარებულ, სარაფერენდუმო საკითხებს შორის მოჰყვა არა ამ ქვეყნებში ჩატარებულ რეფერენდუმებს ქორწინების შესახებ, არამედ შვეიცარიაში ჩატარებულ იმ  რეფერენდუმს, რომლის კითხვაც შვეიცარიაში მინარეთების მშენებლობის ნებართვას შეეხებოდა.

მატერიალურ-სამართლებრივი არგუმენტებიდან, დღეს არსებული სამართლებრივი რეალობიდან და მომავალში შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი არ ზღუდავს და ვერც მომავალში შეზღუდავს ერთნაირსქესიან წყვილთა თანაცხოვრებას.

მეორე, რეფერენდუმის დანიშვნის ფორმალურ-სამართლებრივი საკითხთან დაკავშირებით არსებული კითხვა არ არის საფუძველს მოკლებული. იგი მდგომარეობს შემდეგში: თუ რამდენადაა შესაძლებელი რეფერენდუმის შედეგების საქართველოს კონსტიტუციაში ასახვა. მართალია, სარეფერენდუმო შეკითხვა პირდაპირ არ გულისხმობს კონსტიტუციაში ან კანონში ცვლილების შეტანას, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა („რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით) ავალდებულებს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, რომ მან მოქმედი ნორმატიული აქტები ერთი თვის ვადაში შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს რეფერენდუმის შედეგებთან. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი კი ადგენს, რომ ნორმატიული აქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რეფერენდუმის შედეგებს. საქართველოს კონსტიტუცია კი, მართალია,  ყველაზე მაღლა მდგომი, მაგრამ  ნორმატიული აქტია.

თუკი ერთი მხრივ ცალსახაა, რომ რეფერენდუმის შედეგები უნდა აისახოს საქართველოს კონსტიტუციაში. მეორე მხრივ, არსებობს იურისტების მიერ გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ არ ადგენს კონსტიტუციაში  ცვლილებების შეტანას რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე. კონსტიტუციის მერვე თავი არ განიხილავს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, თუმცა არც კრძალავს მას. კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია და იგი გადმოცემის განსაკუთრებული მანერითა და აბსტრაქტულობით გამოირჩევა. მასთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ყველა სამართლებრივი აქტი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასში ყველაფერი პირდაპირ უნდა იყოს გაწერილი.

ვფიქრობ ამ შემთხვევაში, თუკი ორგანული კანონის ნორმა არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მაგრამ იგი მასში პირდაპირ არ არის გაწერილი, კონსტიტუციის შესაბამისად უნდა ჩავთვალოთ. შესაბამისად, აღნიშნულ რეფერენდუმის დანიშვნას  ფორმალურ-სამართლებრივად პრობლემა არა აქვს.

დაბოლოს, რა შედეგს მოუტანს რეფერენდუმის ჩატარება ქართულ საზოგადოეობას? სამართალი, როგორც ასეთი, ვერ იქნება განყენებული საზოგადოებრივი მოვლენებისაგან. პირიქით, იგი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგას. ამიტომ მოვლენათა მხოლოდ სამართლებრივი შეფასება არ არის საკმარისი თუნდაც წმინდა სამართლებრივ გადაწყვეტილებათა მისაღებად. ამიტომ რეფერენდუმის ჩატარებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი სამართლებრივ (მატერიალური და ფორმალური თვალსაზრისით) ჩარჩოებში ჯდება, არ არის საკმარისი მხოლოდ სამართლებრივი ანალიზი, იგი მრავალმხრივად უნდა შეფასდეს.

მაგონდება 2005 წლის გაზაფხული, როცა პოტსდამის უნივერსიტეტთან არსებულ ადამიანის უფლებათა კვლევით ცენტრში ვმუშაობდი. მაშინ გერმანიის პრეზიდენტს უნდა გადაეწყვიტა, დაედო თუ არა ვეტო გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე „საჰაერო უსაფრთხოების შესახებ“. რეგულაცია საზოგადოებაში ცხარე დებატების საგანი იყო.  ასეთ სადავო საკითხებზე პრეზიდენტი ჰორსთ ქოლერი დასკვნას ტრადიციულად ავტორიტეტულ კვლევით ინსტიტუტებს უკვეთავდა. მაშინ, როგორც დოქტორანტსა და მკვლევარს პატივი მერგო, მონაწილეობა მიმეღო ინსტიტუტის შიდა დისკუსიებში, რომელიც პოლიტოლოგი, სოციოლოგი, ფილოსოფოსი და იურისტი მკვლევრებისგან შედგებოდა. როგორ დაიგეგმა, დასაბუთდა და შედგა დასკვნა, ჩემთვის მაგალითია იმისა, რომ ადამიანის უფლებები არ არის წმინდა სამართლებრივი კატეგორია. იგი სრულიად სინთეზური ცნებაა და მხოლოდ კომპლექსურად, სხვადასხვა მეცნიერების მიერ ერთობლივად უნდა იქნეს განხილული. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მთელი ეს სიკეთე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, არის ასევე საფრთხის მატარებელი. რადგან იგი ხშირად ბოროტად არის გამოყენებული სახელმწიფოების, პოლიტიკური მხარეების ან სხვა ინსტიტუციების მიერ. იგი ხშირად ვაჭრობის წარმატებულ ვალუტას წარმოადგენს.

საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე კვირა აქვს გადაწვეტილების მისაღებად, დანიშნოს თუ არა რეფერენდუმი ქორწინების ცნების სარეფერენდუმო განსაზღვრებასთან დაკავშირებით. მან გადაწვეტილების მიღებამდე რამდენიმე კითხვას უნდა გასცეს პასუხი.

აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას, მართალია, არა აქვს სამართლებრივი პრობლემა, მაგრამ თვით მისი ჩატარების ფაქტი კიდევ უფრო დიდ ბზარს გააჩენს ქართულ საზოგადოებაში, გარიყავს სექსუალურ უმცირესობას, გამოიწვევს მათდამი  სიძულვილის ტირაჟირებას და ჰომოფობიის გაძლიერებას. ამიტომაც ვერ ვხედავ ლეგიტიმურ მიზანს იმისა, თუ რატომ უნდა მოჰყვეს არაფრის მომტან რეფერენდუმს საზოგადოების გახლეჩა და პოლარიზება.

თუკი ჩვენი კონსტიტუცია და საერთაშორისო სტანდარტები ქალისა და მამაკაცის ერთობას განიხილავს ოჯახად, რატომ უნდა ვამტკიცოთ კიდევ ერთხელ იგივე? თუკი რეფერენდუმის შედეგები მაინც არაფერს შეცვლის, ხელოვნურად რატომ დაიძაბოს კიდევ ერთხელ ურთიერთობები ისედაც პოლარიზებულ ქართულ საზოგადოებაში?

რეფერენდუმი არის კონსტიტუციურად გამყარებული ინსტიტუტი, რომელიც მხოლოდ მაშინ უნდა იქნეს გამოყენებული, როცა მისი ჩატარების აუცილებლობა არსებობს. დღეს კი მისი ჩატარების აუცილებლობა საქართველოში არ არსებობს, რადგან პირველი: საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერი იცავს სწორედაც ტრადიციულ ქორწინებას; მეორე: საქართველოს როგორც ევროპული კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოს არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, რომ მან ერთნაირი სქესის წარმომადგენელთა პარტნიორობას  ქორწინება და ოჯახი უწოდოს; მესამე: რეფერენდუმს სამართლებრივად არ მოჰყვება არანაირი შედეგი. იგი არც დაამძიმებს და არც გააუმჯობესებს ადამიანთა რომელიმე ჯგუფის უფლებებს და ვერ ვერცერთ არსებულ სოციალურ პრობლემას გადაჭრის.

ანა ფირცხალაშვილი,

სამართლის დოქტორი, პროფესორი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^