Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არ გამოვრიცხავ კერძო სადაზღვევო კომპანიების დაბრუნებას - სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვის მომავალზე

09 აგვისტო 2016
გახდება თუ არა საყოველთაო ჯანდაცვა უფრო მიზნობრივი? როგორ გაგრძელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაფართოება? გაიზრდება თუა რა პროგრამის ბიუჯეტი და გააგრძელებს თუ არა პროგრამის ადმინისტრირებას სოციალური მომსახურების სააგენტო? - ეს და ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვა კითხვები “ლიბერალმა” ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს დაუსვა

იქნებით თუ არა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში? 

არც მაშინ, 2012-ში, და არც ახლა პოლიტიკური გეგმები არ მაქვს. პოლიტიკური მოღვაწეობა ჩემი ინტერესი არაა. რასაც ახლა ვაკეთებ, ეს ჩემს პროფესიასთან უშუალო კავშირშია და ამით ვარ დაკავებული. ვაკეთებ იმას, რაც ჩემი პროფესიაა. 

 საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა - როგორ აფასებთ მას 4 წლის თავზე?

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2012 წლიდან, ჯერ კიდევ ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში იყო გაწერილი თავისი ბლოკებითა და ნაბიჯებით. ეს დოკუმენტი, შემდეგ უკვე გაჯერდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა გეგმით. ის გეგმა, რომელიც იყო გაწერილი საყოველთაო ჯანდაცვასთან მიმართებით, ცალსახად საკმაოდ მაღალი სიზუსტით შესრულდა. რაც შეეხება ზოგადად ჯანდაცვას - საყოველთაო ჯანდაცვის გეგმა შესრულდა და უნდა გაგრძელდეს. 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი მიზანი ფინანსური ტვირთის შემცირება იყო. დარგის ექსპერტები ხშირად ამბობენ, რომ დაფინანსების ამ მოდელმა სარგებელი ღარიბზე მეტად მდიდარს მოუტანა, ანუ მდიდარი ახლა ჯანდაცვზე ნაკლებს იხდის საკუთარი ჯიბიდან, ღარიბი კი - მეტს, განსაკუთრებით მედიკამენტებზე. მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის სერვისების დანახარჯების 2014 წლის კვლევის მიხედვით, უღარიბესი მოსახლეობა 2010-ში წამალზე 20,2 ლარს ხარჯავდა, 2014-ში კი ეს ხარჯი თითქმის ოთხი ლარით გაიზარდა. სწორედ ამიტომ ამ პროგრამას ხშირად “მდიდრების პროგრამასაც ეძახიან. 
 
მსოფლიო ბანკი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ სფეროში წამყვანი ინსტიტუციები და ჩვენი ახლო პარტნიორები არიან. ბოლო შეფასება სულ ახლახან იყო. იქ არაფერი წერია იმის შესახებ, რომ ფინანსური ტვირთი გაეზარდათ ღარიბებს და შეუმცირდათ მდიდრებს. იქ წერია, რომ საყოველთაობა ცალსახად სწორია და ერთადერთი სწორი გზაა, რომლითაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა უნდა განვითარდეს. ამ მოდელმა შვება უკლებლივ ყველას მისცა, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნახევარს, რომელიც 2013 წლამდე მთლიანად თავისი ჯიბიდან იხდიდა ჯანდაცვაზე ფულს. აქ ფინანსურ ტვირთზე არ იყო საუბარი. აქ იყო საუბარი მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე. ამ საკითხთან მიმართებით უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. როგორც ადრე უჭირდა, ახლაც ისევე უჭირს მედიკამენტების შეძენა, თუმცა საშუალო ფენას ის შედარებით გაუიოლდა. სამწუხაროდ, საყოველთაო ჯანდაცვაში ამბულატორიული მედიკამენტის კომპონენტი ვერ გავაჩინეთ და ეს ცალსახად ფინანსებთან არის დაკავშირებული. ყველა სხვა პარამეტრი - სერვისებთან წვდომა, თვითმკურნალობის შემცირება, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა და დადებითი დემოგრაფიული ბალანსი - პოზიტიურია. 

ზოგადად მიღებულია, რომ თუკი შემოგაქვს საყოველთაო ჯანდაცვა, მასზე უნდა დახარჯო ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%. აღმოსავლეთ ევროპაში ხარჯი 5%-იდან იწყება. დასავლეთში - 10-15%-დან. ამერიკაში 17%-დან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში ორნახევარჯერ გაიზარდა ჯანდაცვის დაფინანსება, მხოლოდ წელს მიაღწია მთლიან შიდაპროდუქტში ჯანდაცვის დანახარჯმა 2,5%-ს. წეღან ვახსენე, რომ უნდა იყოს 5%. რჩება ორი გამოწვევა - ფინანსური მდგრადობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ფინანსური მდგრადობით უნდა იქნეს მიღწეული ამბულატორიული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, განსაკუთრებით ღარიბი მოსახლეობისთვის. 

წამალს ყველა მიიღებს თუ მხოლოდ ღარიბები? 

საყურადღებოა დოკუმენტი, რომელიც ზევითაც ვახსენე -  2010 წლის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლისთვის, სადაც გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები. იქ წერია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის დანერგვის პირველი წლების შემდეგ აუცილებელია, ჩაერთოს მექანიზმები, რომელიც მოგვცემს შედეგს - იქ ერთი სლოგანიც აქვთ გამოყენებული - “მეტი ჯანდაცვა იმავე რესურსებით”, ანუ ხარჯეფექტური მოდელების გააქტიურება. მეტი შედეგები, მეტი სარგებელი იმავე ფინანსური რესურსებით - ეს არის ჩვენი ძირითადი სამუშაო გეგმა შარშანდლიდან მოყოლებული. ეს მოიცავს პირველადი ჯანდაცვის რეფორმას, სამედიცინო ხარისხის კონტროლს, მათ შორის მედიკამენტებს. ეს მოიცავს ჯანდაცვის სერვისების  ფასწარმოქნის ერთიანი სისტემის დანერგვას. ეს უახლოესი 4 წლის სამუშაო გეგმაა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ბიუჯეტში უნდა ჩავეტიოთ და კაპიკით მეტი არ დაიხარჯება. რა თქმა უნდა, ეს ამას არ ნიშნავს.

რას იტყვით მედიკამენტების შესახებ? 

არსებული პროგრამაც და მომავალი საყოველთაო ჯანდაცვაც, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 100%-ს მოიცავს აქცენტს ყველაზე ღარიბი მოსახლეობის საჭიროებებზე გააკეთებს. მედიკამენტი იქნება მათთვის, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება. შეიძლება სახელმწიფომ დაიწყოს სუბსიდირება, ფარმაცევტულ ინდუსტრიას დაუწესოს მოგების ზღვრები ან შექმნას ისეთი პოლიტიკა, რომლითაც გაზრდის კონკურენციას. ბაზარზე სხვა მოთამაშეები შემოვლენ და იაფიან მედიკამენტებს შემოიტანენ. აქ რისკი ხარისხია - უნდა შეიქმნას ხარიხის კონტროლის მწყობრი სისტემა. 


პროგრამის სუსტი ადმინისტრირება და ხარჯების არაეფექტური კონტროლი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან მიმართებით გამოთქმული შენიშვნებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.  დარგის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო პროგრამას არაჯეროვნად მართავს. 
საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” ერთ-ერთი უკანასკნელი კვლევის მიხედვით, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების რიცხვი 315%-ით გაიზარდა. ( 2012 წელს, პროგრამის ამოქმედებამდე 1000 სულ მოსახლეზე გადაუდებელ ოპერაციას 4 ადამიანი იკეთებდა, 2014-ში კი მოსახლეობის ამავე რაოდენობაზე გადაუდებელ ოპერაციას 15 კაცი იკეთებდა). ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე რას ფიქრობთ და როგორ გეგმავთ მათ გამოსწორებას ? 


ჯანდაცვის სამინისტრო მის მიერ მართული პროგრამების ადმინისტრირებაში (ჯანდაცვა და სოციალური) 1%-ზე ნაკლებს ხარჯავს. ადმინისტრაციული ხარჯი უკიდურესად დაბალია. შედარებისთვის არცერთი კერძო კომპანია არ დათანხმდება ადმინისტრირებაზე მთლიანი ბიუჯეტიდან 15%-ზე ნაკლების დახარჯვას. ახლა ავიღოთ ადმინისტრირების თვისობრივი ნაწილი. ხარჯი დაბალია, მაგრამ შესაძლოა ვერ ართმევდეს თავს საქმეს. იქნებ სოციალური მომსახურების საააგენტო ვერ აკეთებს სწორ ადმინისტრირებას?  - ისეთი განვითარებული ქვეყნის, როგორიც ამერიკაა, ჯანდაცვის სისტემა ყოველ წელს მიმართავს გამოძიების ფედერალურ ბიუროს და აუდიტის ჩატარებაში დახმარებას სთხოვს. ამერიკული კლინიკებიდან ამოიღეს ზედმეტად მოთხოვნილი თანხები - მილიონ ექვსასი ათასი. ანალოგიური თანამშრომლობა ჩვენც გვაქვს ფინანსურ სამსახურებთან. გაურგენტულება (ჩვეულებრივი შემთხვევის გადაუდებელ შემთხვევად “გადაქცევა”) ნებისმიერი ჯანდაცვის სისტემის პრობლემაა. მონიტორინგის სამსახურს აქვს ბერკეტები, განასხვაოს ხელოვნურად გაურგენტურებული შემთხვევები. 2013 წელს გამოგზავნილი ანგარიშებიდან დაახლოებით 30% გაურგენტულების მცდელობა იყო და იბლოკებოდა. ახლა სადავო შემთხვევები 3-5%-მდეა შემცირებული. ეს 1%-იანი ადმინისტრირების მექანიზმი იდეალური არაა, მაგრამ ეფექტურად მუშაობს. რახან მსოფლიო ბანკი ვახსენეთ, მათ ბოლო კვლევაში ნათქვამია, რომ დიახ, ეს ადმინისტრირება ადეკვატურია, თუმცა გაუმჯობესება სჭირდება. 

ანუ 315%-ით გაზრდილი გადაუდებელი შემთხვევების მიუხედავად, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ადმინისტრირება ეფექტურია?

300%-მდე გაზრდილი არაა. გადაუდებელი ამბულატორიული დახმარების სეგმენტი უჩვეულოდ დიდია და გამოწვეულია იმით, რომ ერთი შემთხვევის მართვას რამდენიმე ვიზიტი სჭირდება და სტატისტიკურად აღიქმება, როგორც სხვადასხვა ადამიანზე გაწეული სერვისი. 

ამბობენ, რომ განიხილება კერძო სადაზღვევო კომპანიების დაბრუნება, თუმცა თქვენი საუბრიდან გამომდინარე, როცა ფიქრობთ, რომ ადმინისტრირების ეს მექანიზმი (სოციალური მომსახურების სააგენტო) ეფექტურია, მაგრამ გაუმჯობესება სჭირდება, მაინტერესებს, როგორ უყურებთ კერძო სადაზღვევო კომპანიებთან  თანამშრომლობის პერსპექტივას? 

 
ნებისმიერი პროექტის ადმინისტრირებაში მიღებულია მესამე პირის ადმინისტრატორების ჩართულობა (კერძო სადაზღვევო კომპანიებს ვგულისხმობ). უფრო მეტიც, ჩვენ ვცდილობთ ფუნდამენტალური დოკუმენტებით ვიხელმძღვანელოთ, სადაც წერია, რომ პირველ ეტაპზე სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის იმპლემენტაციაზე უნდა იზრუნოს. შემდგომ ეტაპზე სახელმწიფომ უნდა შექმნას ხარჯეფექტური მოდელები (პირველ რიგში ხარისხის კონტროლი და ფასწარმოქმნა) და ამის შემდეგ შეუძლია ადმინისტრირებაში თავისი სეგმენტი შეამციროს და მეტი ადგილი დაუთმოს მესამე პირის ადმინისტრატორებს. ეს ის ლოგიკაა, რომელითაც მთელი მსოფლიო ხელმძღვანელობს. ჩვენ შორს არ ვართ ამ ლოგიკისგან. დიახ, მე ვუშვებ შესაძლებლობას (ასეა ჯანდაცვის პოლიტიკაში და ეკონომიკაში), რომ ასპარეზზე მესამე პირის ადმინისტრატორები გამოვიდნენ. 

ანუ პროგრამის ადმინისტრირებაში დაბრუნდებიან კერძო სადაზღვევო კომპანიები, ისე როგორც პროგრამის ამოქმედებამდე  იყო? 

კი, რა თქმა უნდა, და იმ დოკუმენტით ეს სცენარი გაწერილია. (2010 წლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მარგარეტ ჩენის დირექტორის მიერ შექმნილი.) 

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ 2016 წლის 16-28 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. 
მოსახლეობის 56% მზად არის სახელმწიფოსთან ერთად საკუთარ ჯანმრთელობაზე ფინანსური პასუხისმგებლობა გაიზიაროს. 61% ფიქრობს, რომ ადამიანებმა, ვისაც საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვთ, უფრო მეტი უნდა გადაიხადონ სამედიცინო დაზღვევაში და ამით ნაწილობრივ დააფინანსონ იმ ადამიანების სამედიცინო დაზღვევა, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს.  ხომ არ გეგმავთ პაკეტებში ცვლილებების შეტანას? 


საყოველთაო ჯანდაცვის არსებული სისტემა არის ასეთი: სახელმწიფომ შექმნა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის 100%-ით მოცვას ამა თუ იმ სახის სამედიცინო სერვისების მიწოდებით. ნახევარ-მილიონზე მეტი ადამიანი კერძო დაზღვევით სარგებლობს. სახელმწიფომ მათ ჯანდაცვაში ფულს არ იხდის, თუმცა მან იზრუნა ამ სეგმენტის შექმნაზე. მივდივართ ლოგიკამდე, რომ, თუ შენ კერძო დაზღვევა გაქვს, ეს ნიშნავს, რომ საშუალოზე მაღალი შემოსავალი გაქვს და სახელმწიფო გეხმარება იმ ვერტიკალური პროგრამებით, რომელსაც არ გიფარავს კერძო დაზღვევა, მაგრამ შენთვის საჭიროა. არის ზედდებული 150000, რომელსაც გამოვასწორებთ. შემოწმდება ეს სიები, განახლდება ბაზები. 


ვერტიკალური პროგრამების შესახებ მინდა გკითხოთ. ამ მიმართულებით ბევრი პრობლემაა. ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტი არ იზრდება, შესაბამისად, პრობლემაა ფასების ინფლაციის ფონზე მათთვის სხვადასხვა სერვისების შესყიდვა იმავე ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამასთან მიმართებითაც. 

ჯანდაცვის ბიუჯეტი პროპორციულად გაიზრდა, თუმცა, მართალია, ყველაზე მეტად გამოიხატა საყოველთაო ჯანდაცვაში, მაგრამ ვერტიკალური პროგრამების ბიუჯეტი არ გაყინულა, წესით ვერტიკალური და საყოველთაო პროგრამები ინტეგრირებული უნდა იყოს. ჩვენი შეხედულებით, შესაძლებელია ინფექციური, ტუბერკულიოზის მართვის  პროგრამების საყოველთაო ჯანდაცვასთან ინტეგრირება. თუმცა რამდენიმე პროგრამა ალბათ ვერტიკალური უნდა დარჩეს.  

როგორ შესრულდა სამედიცინო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული გეგმები. ინფექციური, რესპუბლიკური ...  
 
სამედიცინო ინფრასტრუქტურით მე უკმაყოფილო ვარ. იგივე რესპუბლიკურის რეკონსტრუქცია შეჩერდა. თუმცა გვაქვს პოზიტიური შედეგებიც. ერთ თვის წინანდელი მდგომარეობით მხოლოდ 2014, 2015 და 2016 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 45 ახალი კერძო კლინიკა გაიხსნა, სადაც სახელმწიფოს ფული არ ჩაუდია. მომავალი 2 თვის განმავლობაში 10-მდე ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნაა დაგეგმილი, რომელიც სხვადასხვა რეგიონში კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ჯანდაცვას თითოეული მოქალაქისთვის. როდესაც სამედიცინო ინფრასტრუქტურაზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია არ ვახსენო საჩხერის სამედიცინო ცენტრი, რომელსაც მინისტრობამდე ვხელმძღვანელობდი. ეს კლინიკა ქვეყნის მასშტაბით უნიკალურია. ფონდმა "ქართუმ" 2005 წლიდან დღემდე 100 მილიონ დოლარზე მეტი მოახმარა ამ კომპლექსს, რომელმაც ხარისხის უმაღლესი სტანდარტები დაამკვიდრა, გამოზარდა არაერთი პროფესიონალი, უფასოდ უმკურნალა და მკურნალობს ათობით ათას ადამიანს. ტექნოლოგიურად და კონცეპტუალურად საჩხერეში უკლებლივ ყველა პარამეტრი დღეს მოქმედი ამერიკული სტანდარტებითაა აღჭურვილი. მასში ჩადებულია განვითარების პერსპექტივაც. საჩხერის სამედიცინო ცენტრში შეიქმნა პირველი პრეცედენტი, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო საყოველთაო ჯანდაცვის კონცეფციას. რაც შეეხება სახელმწიფოს თანამონაწილეობას, შარშან დაიწყო სახელმწიფო კლინიკების გახსნის სერია. ახლა აგვისტო-სექტემბერში გვექნება ლენტეხი, ხარაგაული, დედოფლისწყარო, ზუგდიდის საუნივერსიტეტო კლინიკა და ვფიქრობ, რესპუბლიკურსა და ინფექციურშიც დაიწყება რეკონსტრუქცია.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^