Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოზე შეყვარებული პიტერ სკინერი

11 აგვისტო 2016

“ერთი ბრიტანელი მწერლის იმეილს მოგცემ, რომელიც წლებია ამერიკაში ცხოვრობს და გიჟდება საქართველოზე. შენს ქვეყანაზე ერთი წიგნი უკვე დაწერილი აქვს, ახლა მეორეზე მუშაობს, დაეკონტაქტე და გაიცანი”, - მეუბნება ჩემი ბრაზილიელი ჯგუფელი ანა-კლარა და მერხზე ფურცელს მიტოვებს. Peter Skinner - წერია ფურცელზე გამოკვეთილი ასოებით. ქვეშ კი იმეილი და ტელეფონის ნომერია მითითებული. 

პიტერს იმავე საღამოს ვეკონტაქტები და კვირის ბოლოს შეხვედრაზე ვთანხმდებით. მწერალი შუაგულ მანჰეტენზე, ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან და ხალხმრავალ უბანში ცხოვრობს. ერთმანეთს საღამოს 5 საათზე IFC კინოთეატრთან ვხვდებით და ქუჩიდან გამოყოლილი საერთო გუგუნისა და ხმაურის ფონზე მის მომცრო, ოროთახიან ბინაში შევდივართ. დაჯერება მიჭირს, მაგრამ თავი ნამდვილ ქართულ ტრადიციულ ოჯახში მგონია. სუფრაზე “ვაჩნაძის” ფირმის ღვინო და იმერული ხაჭაპური,  კედელზე ყანწები, სამუშაო მაგიდაზე საქართველოს გადაშლილი რუკა, თაროებზე კი ქართული წიგნები მხვდება. ამერიკაში ჩამოსულს, თუ ქართული ლიტერატურა მოგენატრათ, სკინერი გათხოვებთ ილიას, აკაკის, ან ვაჟას ტომეულებს.

თავად პიტერმა საქართველოზე თავისი პირველი წიგნი 2014 წელს გამოსცა.

“GEORGIA – THE LAND BELLOW THE CAUCASUS” - ასე ჰქვია ავტორის 500-გვერდიან  წიგნს, სადაც საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, თემატური მასალის გარდა, მკითხველს უიშვიათესი ილუსტრაციების, გრაფიკებისა და რუკების გამოყენებით უყვება. პიტერს ყველაზე მნიშვნელოვნად სწორედ ვიზუალური მასალის არსებობა - გრაფიკები, ფოტოდოკუმენტები და რუკები მიაჩნია, რომელთა მოსაპოვებლად საკმაო ძალისხმევა დასჭირდა.

  

სულ ახლახან კი მეორე წიგნზე დაასრულა მუშაობა, რომელშიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ამბებს წარმოშობით ბელგიელი კარლა სერენა გვიყვება. კარლას მემუარები 1875-1881 წლების კავკასიაში მოგზაურობას ეძღვნება, რომელიც პიტერ სკინერის კომენტარებითაა გამდიდრებული. წიგნის სათაური ორიგინალში ასე ჟღერს -  “EXCURSIONS IN THE CAUCASUS FROM THE BLACK SEA TO THE Caspian Sea 1875-1881”. ორივე წიგნი ქართველი მკითხველისთვის საქართველოში გამოიგზავნა და “პროსპეროს” მაღაზიათა ქსელში იყიდება.

პიტერს ძალიან ახალისებს საუბარი საქართველოში მოგზაურობაზე, ქართულ ისტორიაზე, პოლიტიკურ სიტუაციასა და ქართველი კაცის ბუნებაზე.

“მოსაგონარი ბევრი მაქვს”, - ამბობს, ოდნავ პაუზას აკეთებს, ეღიმება და თხრობას აგრძელებს:

“ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე, მდინარიდან რამდენიმე მეტრის ზემოთ ერთი რესტორანია, პატარ-პატარა ფანჩატურებისგან შემდგარი, სადაც შენ თვალწინ მდინარეში დაჭერილ კალმახს მოგართმევენ. განსაკუთრებულია ქართული სამზარეულო, ღვინო, საუბრები სუფრასთან, ჯდომის მანერაც კი.

საერთოდ, გზად მიმავალმა ბევრი უცნაურობა შეიძლება შენიშნო. მაგალითად, ტრასის განაპირას გხვდება მარმარილოს შავი ფილა, ცენტრში ფოტოგრაფიითა და ოქროსფერი  წარწერით, რაც იმის ნიშანია, რომ სწორედ ამ ადგილის სიახლოვეს ადამიანი ავტოავარიაში დაიღუპა. ეს, რა თქმა უნდა, სევდის აღმძვრელია, მაგრამ მოწყენისთვის ბევრი დრო არ გრჩება, რადგან იქვე ხედავ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ბუნებაში თავის შესაქცევად გამოსულა.

კიდევ ერთი უცნაურობა ისაა, რომ, მაგალითად, დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, ხშირად გიწევს მანქანის გაჩერება და დალოდება, როდის ადგება პირდაპირ შუა ტრასაზე გაწოლილი ძროხა და როდის დაგითმობს გზას.  

ჩემი დაკვირვებით, 90-იანი წლების შემდეგ დაბადებული თაობის უმეტესმა ნაწილმა იცის ინგლისური ენა. ერთი შემთხვევა მახსენდება. უშგულში ასულს, ხანში შესული მასპინძელი ცოტათი უჟმურად დამხვდა. გამოლაპარაკება ვერ შევძელი, ინგლისურად არ საუბრობდა და არც თავისი ცხენი დამითმო. სამაგიეროდ, იქვე იდგა 8 წლის ბიჭი, რომელმაც თვითონ მოირბინა და გამართული ინგლისურით მითხრა, რომ ძალიან ჭკვიანი ცხენი ჰყავდა და მთელი დღე ჩემს განკარგულებაში შემეძლო მყოლოდა.

მესტიაშიც ვიყავი ასული, სადაც ერთი სკოლა ვნახე, რომლის მხოლოდ პირველი სართულია გაკეთებული. ერთი შეხედვით, შენობას, რომელიც ძველებური ესკიზებითაა გაფორმებული, წინა საუკუნეებში გადაჰყავხარ, თუმცა კლასები თანამედროვედაა მოწყობილი და კომპიუტერები დგას. მომეწონა რესტავრირებული კოშკებიც, რომელიც ვფიქრობ, დიდებული წამოწყებაა. მესტიის შემდეგ სამი დღით შატილში გავჩერდი. ჩემი მასპინძელი თბილისელი დიასახლისი იყო, რომელიც ზაფხულის არდადეგებს მთაში ატარებდა. სწორედ მის სახლში გავატარე რამდენიმე დღე. საოცარი ის იყო, რომ სახლს მთლიანად შენარჩუნებული ჰქონდა ძველებური, ტრადიციული სტილი, თუმცა სარდაფში ონკანიდან წამოსული ცხელი წყლით ვბანაობდი.

ყველაზე შთამბეჭდავად კი ჩეჩნეთისკენ ჩამდინარე მდინარე არღუნი მახსენდება. ამხელა სიმაღლიდან გავყურებდი მდინარეს და ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, რომ საქართველოს მთელი ისტორია იშლებოდა ჩემ თვალწინ, მთაში არსებული ადათ-წესებითა და მთელი თავისი სირთულეებით.

ბათუმზეც უნდა ვთქვა ერთი-ორი სიტყვა. ამ ქალაქის განვითარებით განოცოცხლება მთლიანად საქართველოს დაეტყო. ბათუმის ხსენებაზე მაშინვე აჭარული ხაჭაპურის გემო მახსენდება.

  

დასავლეთისკენ მიმავალი გზა კარგადაა გაკეთებული. თუმცა რაჭის სიღრმეში ძირითადად ხრეშიან ტრასაზე გვიწევს სიარული. გეზი ონისკენ გვაქვს აღებული. ვხედავ დაზიანებულ აბრას, რომელზეც მხოლოდ სამი ასო წერია. ეს იმის მანიშნებელია, რომ აქედან ონი - საქართველოს საუცხოო ქალაქი - იწყება. არ შემიძლია არ ვახსენო ონის სინაგოგა, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა. პრობლემა ისაა, რომ ამ რაიონში უკვე აღარ ცხოვრობს იმდენი ებრაელი, რომ სალოცავს უპატრონონ და იმაზეც იფიქრონ, როგორ დააინტერესონ ამ ძეგლით unesco. გამორჩეულია ონის მუზეუმი, რომელიც მიწისძვრის დროს სერიოზულად დაზიანდა, თუმცა დღესაც მოქმედია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მუზეუმი დღემდე ინახავს მსოფლიო დონის საგანძურს - შუასაუკუნეების დროინდელ ტანისამოსსა და წიგნებს. უსამართლობაა, რომ დასავლური მსოფლიოსთვის, ფაქტობრივად, უცნობია ამ საუცხოო განძის არსებობა. აქვე ჩემს გულის ტკივილსაც გაგანდობთ. რა აკლიათ ქართველებს იმისთვის, რომ თავიანთი კულტურა უფრო მეტად გააცნონ მსოფლიოს? ზოგადი მასალა, რომელიც საქართველოს შესახებ შეიძლება მოიძიო, ყველაზე ხშირად ქართული ეკლესიების შესახებ გვიყვება, რაც თავისთავად ქართული კულტურის ნაწილია. მომწონს ქუთაისის, მცხეთისა და თბილისის შავ-თეთრი ალბომები, მაგრამ პრობლემა ის გახლავთ, რომ ქართველები არ არიან კარგად გაწაფული თავიანთი ქვეყნის ზოგადი ისტორიული სურათის შექმნასა და მის საზღვრებს გარეთ გავრცელებაში. მაგალითად, თითქმის არ მოიპოვება წიგნები ქართული ციხე-სიმაგრეებისა და კოშკების შესახებ. საბედნიეროდ, “ქართლის ცხოვრების” თანამედროვე ინგლისური თარგმანი უკვე არსებობს, თუმცა ეს  წიგნიც ყველა მკითხველისთვის ხელმისაწვდომი არ არის. 

გამოვყოფდი გენიალურ ქართველ პროფესორს, ელგუჯა ხინთიბიძეს, რომელმაც ინგლისურ ენაზე მოამზადა ნაშრომები “ვეფხისტყაოსნის” შესახებ, თუმცა ინგლისურ ენაზე არცერთი მოგზაურის ჩანაწერი არ არსებობს. არ მოგვეპოვება დასავლური ანალიტიკა ისეთი ავტორებისა, როგორებიც არიან აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ყიფიანი და ბევრი სხვა,  რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

არავინ იცის საქართველოს ისტორია და ლიტერატურა სიღრმისეულად. მაგალითად, ცოტამ თუ იცის ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხია” ან  გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენა”, მისი ესეები, ჯავახიშვილის “კვაჭი კვაჭანტირაძე”, აბაშიძის “ლაშარელა”, ვინ  იცნობს გურამიშვილს, წერეთელს, ჭავჭავაძეს ან სუხიშვილების ქართულ ცეკვას.

არც ისაა ცნობილი, როგორ შეიჭრა რუსეთი საქართველოში 1801 წელს. რა მოხდა ამის შემდეგ, როგორ განვითარდა მოვლენები. მსოფლიოსთვის უცნობია, იმ დიდი და გმირული წინააღმდეგობის დეტალები, რომელსაც საქართველო  რუსეთს უწევდა. ჩვენ გვაქვს ორბელიანისა თუ ბაგრატიონების მიერ დანატოვარი მემუარები, ავიღოთ, თუნდაც ბაგრატიონების დინასტია. მაგრამ ცოტამ თუ იცის, მათ მიერ შემუშავებული კანონების, ან, მაგალითად, ვახტანგ მეექვსის მოღვაწეობის შესახებ; დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა თუ რუის-ურბნისის კრების დეტალების შესახებ. მე მოვიძიე და გავეცანი, როგორ გაწმინდა ქართული ეკლესია უღირსი საეკლესიო მოხელეებისგან დავით აღმაშენებელმა, როგორ ებრძოდა ეკლესიის შიგნით არსებულ ნეპოტიზმს. მაგრამ მხოლოდ მე და ერთეულები საკმარისი როდია. არცერთი მათგანი ინგლისურად გამოცემული არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ისტორია მსოფლიოსთვის ჯერ ისევ უცნობია და ის მსოფლიოს უცნობ კულტურათა რიცხვს მიეკუთვნება. სწორედ ამიტომაც არავინ იცის ამ განათლებული და მიმზიდველი ხალხის ისტორია”.

პიტერი თვითონაც შემთხვევით გადააწყდა ვინმე მერი სმიტის ნოველას ინგლისურ ენაზე, სადაც ავტორი ერთ-ერთ დიდებულ ხეობას აღწერდა. აღმოჩნდა, რომ ეს დიდებული ხეობა საქართველოა. მწერალს ასევე სრულიად შემთხვევით ჩაუვარდა ხელთ ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ჩანაწერები. ინგლისური თარგმანი დაახლოებით 49 გვერდი თუ იქნებოდა. ამ თარგმანში ამოიკითხა “მგზავრის წერილები” და როგორც თვითონ ამბობს, ასე გაიხსნა მისთვის სხვა სამყარო, გაიღო დარიალის ხეობის კარი.

“მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში წავედი. ახალგაზრდა თანამშრომელმა, მომიტანა ყველაფერი, რისი მოძიებაც შეძლო. წიგნი გადაშლილი არ მქონდა, რომ ვიღაცამ მკითხა, რისთვის მინდოდა ეს წიგნი. ვუპასუხე, რომ სურვილის მქონდა საქართველოს შესახებ წამეკითხა. სრულიად მოულოდნელად ჩემ სიახლოვეს წამოიმართა შავ მანტიაში გამოწყობილი მამაკაცი და მითხრა, რომ ქართველი იყო. ასე გავიცანი ვახტანგ კიზირია. საქართველოს უდიდესი პატრიოტი. კიზირიების ოჯახი აუცილებლად უნდა ვახსენო. ახლა უკვე ჩემი მეგობარი ვახტანგი, დოდონა კიზირიას ძმისშვილია. მოგეხსენებათ, რომ დოდონა კიზირია ინდიანას უნივერსიტეტის ქართველი პროფესორია. აქვე მადლობას ვუხდი ვახტანგის ბიძაშვილს ბესოსა და მის მეუღლე დორას, რომელთა დახმარებითაც მოვიარე საქართველოს ყველა კუთხე - ზღვისპირეთიდან, მაღალმთიან რაიონებამდე”.

პიტერის აზრით, საქართველოს სახელის ფარგლებს გარეთ გატანაში ყველაზე დიდი წვლილი ქართულ დიასპორას უნდა შეჰქონდეს.

“ქართულ დიასპორას, ვთქვათ, ამერიკაში მეტი ხელშეწყობა სჭირდება. ნიუ-იორკში არის ქართული ეკლესია, ცეკვის აკადემიაც, თუმცა ეს ძალიან ცოტაა ისეთი შტატისთვის, სადაც ამდენი გასართობი ადგილია. საჭიროა სხვადასხვა უნივერსიტეტში დიდი წარმომადგენლობა. სამწუხაროდ, ამერიკაში არ მოიძებნება არცერთი უნივერსიტეტი, სადაც ქართული ისწავლება. ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ბრუკლინში მოეწყო, გავიცანი ქართული დიასპორის წარმომადგენელი ლადო პაჭკუა, რომელმაც საუბარში აღნიშნა, რომ სიამოვნებით დაეხმარებოდა ჩემ მიერ წამოწყებულ საქმეს. თუმცა მწირი ფინანსური რესურსის გამო ვერ ახერხებს, დაეხმაროს უამრავ წამოწყებას, რომელიც ქართული კულტურის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციას შეუწყობდა ხელს. ვიცი, რომ ბრიტანეთში საქართველოს გაცილებით ძლიერი დიასპორა ჰყავს, რომლის ერთ-ერთი აქტიური წევრი “პროსპეროს” მაღაზიათა ქსელის მესაკუთრეა”.

პიტერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც აქტიურად აკვირდება და ამბობს, რომ თუ ქართველებს სიტუაციის შეცვლა გვინდა, ჩვენ თვითონ უნდა ვუბიძგოთ ადგილობრივ მთავრობას რეფორმებისკენ.

“ვფიქრობ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო წლები საკმაოდ რთული და დაძაბული იყო, თუმცა მე და არამხოლოდ მე მას დიდებულ მოდერნიზატორად მივიჩნევთ. გზები, ჯანდაცვა, პოლიცია, განათლება... ფაქტობრივად მან განაახლა და გამოაცოცხლა ყველა ის სფერო, რომელზეც ქვეყანა დგას.

მეჩვენება, რომ ივანიშვილის დანაპირები ახალი საქართველოს იდეის შესახებ არ არის გაანალიზებული და გააზრებული. არ არის ნათელი, თუ რა იგულისხმება ახალ საქართველოში. რასაც ჯერჯერობით ვიგებთ, მხოლოდ მასობრივი დაპატიმრებები, გამოძიებები და ურთიერთშორის საქმის გარჩევებია. არავინ იცის, რა მიზეზითაა პოლიტიკურად მოტივირებული ეს დაუსრულებელი გარჩევა. უფრო მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა კურსი აქვს აღებული ქვეყანას და როგორ აპირებს განვითარებას. თავის მხრივ რუსეთი, რომელიც ასე იბრძვის და ცდილობს ტერიტორიების მიტაცებას, ყველა ღონეს ხმარობს, რომ დაასუსტოს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი თავისი სამეზობლო. ამას ადასტურებს უკრაინაში მომხდარი ამბებიც. რუსეთს აქვს ამბიციები. ზოგიერთმა ხანშიშესულმა ადამიანმა შეიძლება იკითხოს - რატომ ვიბრძვით? ახალგაზრდები კი უპასუხებენ, რომ აუცილებლად უნდა წავიდნენ ევროპისკენ”. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^