Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დუალური პროფესიული განათლება გერმანიაში და მისი დანერგვის პერსპექტივები საქართველოში

13 აგვისტო 2016

გერმანიის ეკონომიკა სწრაფად მზარდი და დინამიურია, რომელიც თავის მხრივ მოითხოვს კვალიფიციური კადრების არსებობას პროფესიებში. ამ მზარდ მოთხოვნებს განათლების სისტემამ, კერძოდ, პროფესიულმა განათლებამ უნდა უპასუხოს. ის ქვეყნები, რომელთაც სრული დატვირთვის მქონე სასკოლო მოდელის მქონე პროფესიული განათლება აქვთ, პრაქტიკაზე ორიენტაცია ნაკლებადა აქვთ გათვალსიწნებული სასწავლო გეგმებში.  ასეთ ქვეყნებში სრული პროფესიული სასკოლო განათლების ხარჯები ძალიან მაღალია სახელმწიფოსთვის, ხოლო ახალგაზრდობის დასაქმების მაჩვენებელი-დაბალი. 

გერმანული პროფესიული განათლების დუალური სისტემა გვთავაზობს პროფესიული განათლების სრულიად განსხვავებულ გზას, ვიდრე ეს ჩვენთვის აქამდე იყო ცნობილი. ეს მოდელი იძლევა პროფესიული განათლებიდან შრომის ბაზარზე გადასვლის საკმაოდ წარმატებულ შესაძლებლობას, რაც რამდენიმე სტრუქტურულ საფეხურს მოიცავს.

პროფესიული დუალური განათლება, როგორც მისი სახელი გვავარაუდებინებს, ორ მთავარ ადგილზე მიმდინარეობს, ერთი ადგილია პროფესიული საგანმათლებლო დაწესებულება, სადაც სტუდენტი პროფესიისათვის აუცილებელ თეორიულ ცოდნას იღებს, ხოლო მეორე ადგილია კომპანია/საწარმო, სადაც სტუდენტი პროფესიის დაუფლებისათვის საჭირო უნარებს ივითარებს. გერმანიაში, რომელიც დუალური პროფესიული განათლების სამშობლოდ ითვლება, საშუალოდ პროფესიული განათლების 40 % ხორციელდება სასწავლებელში, ხოლო 60 % კომპანიაში. ამგვარად პროფესიული დუალური განათლების ერთერთი მთავარი პრინციპი არის პრაქტიკაზე, კეთებაზე ორიენტირებულობა. თუმცა დუალური პროფესიული განათლება კიდევ უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება.

გერმანიაში ახალგაზრდა ზრდასრულების ნახევარზე მეტი განათლების მიღების გზად პროფესიულ განათლებას ირჩევს. პროფესიული განათლება საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს გერმანულ საზოგადოებაში და მიმზიდველობით ის წინ უსწრებს საუნივერსიტეტო განათლებას. მიმზიდველობის მთავარი საიდუმლო კი ერთია - ახალგაზრდების სწრაფი დასაქმება. ფაქტობრივად პირველივე დღიდან, როდესაც პროფესიული განათლების მსურველი პირველ კონტრაქტს აფორმებს საწარმოსთან, ის უკვე დასაქმებულია ამ საწარმოში. მისი ანაზღაურება, რომელსაც კანონი არეგულირებს, პირველ წელს  მართალია, მცირეა, მაგრამ სტუდენტს საშუალებას აძლევს, რომ შრომით, ხელფასითა და შემოსვალით მიღებული პირველი სიამოვნება გამოსცადოს. საუნივერსიტეტო განათლების დროს სტუდენტი, როგორც წესი, გამონაკლისების გარდა, არ იღებს სტიპენდიას. პირველი დაინტერესების მარცვალი და შესაბამისად პროფესიული განათლებით დაინტერესების პირველი საიდუმლოც ესაა. პროფესიული განათლების სტუდენტი უკვე დასაქმებულია და შემოსავალი აქვს, უმაღლესი განათლების სტუდენტმა მინიმუმ სამი წელი უნდა ისწავლოს, რათა პირველი შემოსავალი ჰქონდეს. ამგვარი მყისიერი ეფექტი ახალგაზრდებისთვის მომხიბვლელი და საინტერესოა. სტატისტიკის  მიხედვით დუალური პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 95 %.[1] ხოლო პროფესიული სტუდენტის შემოსავალი პირველ წელს საწარმოში საშუალოდ 795 ევროა. ეს შემოსავალი მზარდია ყოველწლიურად.

გერმანიაში 2,1 მილიონი დიდი, საშუალო და მცირე კომპანია და საწარმოა დარეგისტრირებული, მათგან 21 % ანუ დაახლოებით 438 000 საწარმო სთავაზობს დუალურ პროფესიულ განათლებას მსურველებს. ყოველწლიურად ნახევარი მილიონი მსურველი იწყებს დუალურ პროფესიულ განათლებას. მათ შორის 66 % რჩება იმ კომპანიაში დასაქმებული, სადაც გაიარა პროფესიული დუალური განათლება.

პროფესიულ განათლებას გერმანიაში მრავალწლიანი ტრადიცია და ისტორია აქვს, რომელიც სათავეს წინა საუკუნის დასაწყისში იღებს. დღეისათვის პროფესიულ განათლებას კოორდინაციას უწევს გერმანიის პროფესიული განათლების ფედერალური ინსტიტუტი, რომელიც ერთგვარი პარლამენტის პრინციპით მუშაობს. პროფესიული განათლების პარლამენტში წარმოდგენილია ოთხი თანაბარი უფლების მქონე მხარის წარმომადგენლობა: დამსაქმებლები, სოციალური პარტნიორები, ფედერალური მთავრობა და ადგილობრივი მთავრობა. ყველა მხარეს თანაბარი უფლება აქვს და შეთანმხება სხვადასხვა საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად, ახალი სტანდარტების შემქნა ან ძველის რევიზია, საკანონმდებლო ცვლილებები პროფესიული განათლების შესახებ, კომპანიის ტრენერთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები ან ახალი სამუშაო ადგილების მოძიება პროფესიული განათლების მსურველთათვის, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ყველა მხარე თანხმდება ცვლილებას.

მოტივაცია: სტუდენტის, კომპანიის, ხელისუფლების

პროფესიულ დუალურ განათლებაში მთავარი აქტორები არიან: სახელმწიფო, პროფესიული საგანამათლებლო დაწესებულება, კომპანია/საწარმო და სტუდენტი. ოთხივე მოქმედ მხარეს საკუთარი მოტივაცია აქვს იმისათვის, რომ ამ პროცესში იყოს ჩართული და მიიღოს საკუთარი სარგებელი. განვიხილოთ თოთეული მათგანის მოტივაციის მიზეზები:

პროფესიული განათლების სტუდენტთა მოტივაციის მთავარი მესიჯები სხვადასხვაგვარია:

მე მინდა, მქონდეს შემოსავალი; მე მინდა მქონდეს პრაქტიკული კვალიფიკაცია, რომელიც საჭიროა შრომის ბაზარზე; მე მინდა ვიმუშაო ისეთ სფეროში, რომელიც კეთებაზეა ორიენტირებული; მე მინდა გარანტირებული სამუშაო ადგილი შრომის ბაზარზე.

იმისათვის, რომ პროფესიული განათლება მიიღოს, სტუდენტობის მსურველს თავად უწევს ამ მიზნის მისაღწევად გარჯა და ადგილის ძებნა. კერძოდ, პირველ რიგში დუალური პროფესიული განათლების მიღების მსურველი ეძებს კომპანიას, რომელიც სთავაზობს პრაქტიკულ ტრენინგს კონკრეტულ პროფესიაში. ამის შემდეგ, სტუდენტობის მსურველი ეძებს და ირჩევს სკოლას, რომელიც შესაბამის თეორიულ  განათლებას აძლევს სტუდენტებს. სტუდენტობის მსურველი პირველ რიგში მიმართავს კომპანიას, რათა კონკურსის საფუძველზე მიიღოს ადგილი ტრენინგისათვის და შემდეგ მიმართავს სკოლას, რომ მიიღოს ადგილი სკოლაში თეორიული ნაწილის გასავლელად. ნათლად ჩანს, რომ განათლების მიღების მსურველ ახალგაზრდას თავად უწევს არაერთი წინააღდეგობის გადალახვა, რათა სასურველ პროფესიას დაეუფლოს. ამ ძნელ გზაზე სტუდეტის მთავარი მოტივაცია პერსპექტიული დასაქმებაა.

კომპანიის/საწარმოს მთავარი მოტივაცია არის ის, რომ თავად ზრდის პერსონალს, რომელიც გამოიმუშავებს კომპანიის წარმატებისათვის საჭირო პროდუქტს. ამგვარი მიდგომით კომპანიას აქვს გარანტია, რომ პერსონალი ზუსტად არის მორგებული კომპანიის საჭიროებებს, პროდუქტიულია და წვლილი შეაქვს კომპანიის წარმატებაში. დანახარჯი თითოეულ სტუდენტზე სწავლების პირველ წელს უფრო მაღალია, ვიდრე სტუდენტის მიერ გამომუშავებული პროდუქტი, მაგრამ მეორე და მესამე წელს, როდესაც სტუდენტი დაუფლებულია პროფესიისათვის საჭირო უნარებსა და აქვს შესაბამისი ცოდნა, მის მიერ გამომუშავებული პროდუქტის ღირებულება იზრდება და საბოლოო ჯამში მოგება მოაქვს საწარმოსათვის. სახელმწიფო არ აფინანსებს სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებას კომპანიაში. ამ ხარჯებს მთლიანად საწარმო იღებს თავის თავზე.

პროდუქტიული პერსონალის ფასი ყველა საწარმოსთვის ცხადია. საწარმოები ასევე ყურადღებით ისმენენ ახალგაზრდა კადრების ინოვაციურ შეთავაზებებს და საჭიროებისამებრ ითვალისწინებენ პრაქტიკაში. ინოვაციური და ახალი იდეები არა მარტო მისაღები, სასურველიცაა, რათა კომპანია უფრო წარმატებული გახდეს, ვიდრე იყო უწინ. ახალგაზრდა კადრები ერთგვარი სიახლეების შემოტანის შანსია კომპანიებისთვის. რა თქმა უნდა არსებული და ტრადიციული ცოდნა ხელშეუხებელი რჩება, რათა კომპანიაში მომუშავე პერსონალის მოტივაცია შენარჩუნდეს და შესაბამისად დაფასებული იყოს.  იმ საწარმოებს, რომლებიც ჩართული არიან დუალურ პროფესიულ განათლებაში, უფლება აქვთ, იყვნენ პროფესიული განათლების პოლიტიკის ნაწილი. მაგალითად მათთან თანამშრომლობით ხდება ახალი სტანდარტების შემუშავება, ისინი მონაწილეობას იღებენ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა გამოცდებში და აფასებენ სტუდენტებს. მათთან თანამშრომლობს სახელმწიფო პროფესიული განათლების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში. ამის გარდა საწარმოებისა და კომპანიებისათვის საზოგადოებრივი პრესტიჟის მაჩვენებლია, რომ ისინი პროფესიული განათლების პრაქტიკულ ნაწილს უზრუნველყოფენ. პროფესიული განათლების უზრუნველყოფით იზრდება მათი ცნობადობა, პრესტიჟი, შემოსავალი.

მესამე მთავარ აქტორს, სახელმწიფოს აქვს მარეგულირებელის როლი დუალურ პროფესიულ განათლებაში და ასევე თავისი მოტივაცია, თუ რატომ უწყობს ხელს ამ პროცესს. ეკონომიკური განვითარებისთვის სახელმწიფოს ესაჭიროება მაღალკვალიფიციური კადრები, ახალგაზრდების დასაქმებით და შესაბამისი გადასახადების მიღებით სახელმწიფო ძლიერდება და იზრდება საზოგადოებრივი კეთილდღეობა. სახელმწოფო პასუხისმგებელია დაინტერესებულ მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევით. ის ასევე სრულიად აფინანსებს სტუდენტების თეორიული განათლების მიღებას პროფესიულ საგანამათებლო დაწესებულებებში. სახელმწიფო პასუხისმგებელია განათლების გამტრობაზე, რათა არ არსეობდეს საგანმანათლებლო ჩიხები და პროფესიული განათლებიდან უმაღლეს განათლებაში გადასვლის შესაძლებლობა ღია იყოს მსურველებისათვის. სახელმწიფო ასევე ახორციელებს პროფესიული დუალური განათლების მონიტორინგსა და ხარისხის შემოწმებას მისი ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით.

პროფესიული დუალური განათლების პრესტიჟზე განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს სტუდენტთა დამამთავრებელი გამოცდების დამოუკიდებლობა და გამჭვირვალეობა.  გამოცდებს იბარებს ერთის მხრივ პროფესიული საგანამათლებლო დაწესებულება, ხოლო მეორე მხრივ ე.წ. ხელოსანთან გაერთიანებები, რომელიც წარმოადგენს დარგის, მიმართულების მიხედვით გაერთიანებულ საწარმოთა კავშირებს. გამოცდები ტარდება ქვეყანაში არსებული ეროვნული სტანდარტის მიხედვით, არ აქვს მნიშვნელობა, სად მიიღო პროფესიული განათლება სტუდენტმა, შეფასების სტანდარტი მთელი გერმანიის მასშტაბით ერთნაირია. ეს საკითხი იმიტომ არის განსაკუთრებით ყურადღების ღირსი, რომ ზოგადი განათლების პოლიტიკა ყველა მხარეს (სულ 16 მხარეა გერმანიაში) საკუთარი აქვს, ხოლო პროფესიული განათლებისთვის ქვეყანაში ერთიანი სტანდარტები მოქმედებს.

პროფესიული განათლების დუალური სისტემის გადამწყვეტი ნიშან-თვისებები გერმანიის განათლების ფედერალურმა კომისიამ 6 „ძირითად პრინციპად“ ჩამოაყალიბა (შდრ. „გერმანიის ფედერალური მთავრობის სტრატეგიული დოკუმენტი პროფესიული განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ერთ ხელში“, გერმანიის ბუნდესტაგი, საგამოცემო საქმე 17/14352, 05.07.2013).

1.            თანამშრომლობა სახელმწიფოს, ბიზნესის სექტორსა და სოციალურ პარტნიორებს შორის

პროფესიულ განათლებაზე პასუხისმგებელი ყველა მხარე თანასწორუფლებიანია და თანამშრომლობს: სახელმწიფო უზურნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო სკოლების დაფინანსებას, მასწავლებლების მომზადებას და სტუდენტებისათვის თეორიული განათლების მიღებას. ბიზნეს სექტორი უზურნველყოფს სტუდენტებისათვის პრაქტიკული სწავლების დაფინანსებას და კომპანიის ტრენერების მომზადებას. სოციალური პარტნიორები იცავენ ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესებს. დუალური პროფესიული განათლება არის სისტემა, რომელიც ერთ მაგიდასთან სვამს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს, რათა მათ ქვეყნის ეკონომიური წინსვლისათვის საჭირო ღონისძიებები ერთად დაგეგმონ და შემდგომ განახორციელონ.

ცალკეულ სფეროებში სახელმწიფო დამატებით  განსაკუთრებულ როლს თამაშობს. მაგალითად, მოზარდი-ახალგაზრდობისა და  სამუშაოს მაძიებელთა დასაქმება ან განათლების მიღებაში მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი საჯარო ამოცანა. სახელმწიფო ეხმარება  მათ როგორც სამუშაოს მოძებნაში, ასევე შრომის ბაზრისათვის საჭირო კომპეტენციების ამაღლებაში. ზრდასრულთა განათლების ეს ფორმა, რომელიც გულისხმობს ნაკლული კომპეტენციების განვითარებას და არა სრული სახელობო განათლების მიცემას, პროფესიული განათლების მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

2.            სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება

სტუდენტი სწავლის განმავლობაში საშუალოდ 60 % ს ატარებს საწარმოში/კომპანიაში და ადგილზე შეისწავლის პროფესიას კომპანიის ტრენერის ზედამხედველობის ქვეშ. პროფესიული განათლების დუალური სწავლების საფუძველია სასწავლო გეგმა, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს. სასწავლო გეგმაში გაწერილია, რა უნდა შეისწავლოს სტუდენტმა სასწავლებელში და რა უნარები უნდა განივითაროს მან საწარმოში.

კომპანიაში სწავლებისას სტუდენტი ეუფლება პროფესიას ავთენტურ სამუშაო გარემოში, სადაც მას  ეხმარება კომპანიის ტრენერი, ასევე კომპანიის სხვა კოლეგები და სპეციალისტები. ამგვარად სტუდენტი ნაბიჯ-ნაბიჯ ეუფლება სულ უფრო რთულ და კომპლექსურ ამოცანებს.

3.            გამტარობა და თანასწორობა   

პროფესიული განათლებიდან უმაღლეს განათლებაში გამტარობა ერთერთი უმთავრესი მახასიათებელია დუალური პროფესიული განათლების - განსაკუთრებით კი განათლების სხვადასხვა საფეხურებს შორის გადასვლის შესაძლებლობის გამარტივება, შანსების თანასწორობა და პროფესიული განვითარების გამჭვირვალე გზები. განათლების ცალკეულ საფეხურებს შორის ჩიხების გარეშე   დაკავშირება აუცილებლად უნდა იყოს შესაძლებელი, რათა პროფესიულმა განათლებამ არ დაკარგოს მიმზიდველობა და არ ჩამორჩეს დროის მოთხოვნებს.

მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი განათლების გამტარობისთვის არის, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა საშუალო განათლების ატესტატის გარეშე,  ასევე შეძენილი პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციის სახელმწიფოს მიერ  აღიარების უზრუნველყოფა.

4.            ეროვნული სტანდარტები

პროფესიული განათლების კანონი და სხვა კანონქვემდებარე აქტები განსაზღვრავენ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს დუალურ პროფესიულ განათლებას. ერთიანი პროფესიული და საგამოცდო სტანდარტები მთელ ქვეყანაში უზრუნველყოფენ პროფესიული განათლების თანაბარ ხარისხს და დასაქმების შესაძლებლობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვინაიდან ეროვნული სტანდარტები შემუშავებულია სახელმწიფოს, ბიზნესის სექტორსა და სოციალურ პარტნიორებს შორის შეთანხმებით, ამიტომ მას ფართო საზოგადოებრივი აღიარება აქვს. ბიზნეს სექტორი და სოციალური პარტნიორები სასწავლებლებთან ერთად ჩართულები არიან  საგამოცდო პროცესებში.

ჩამოყალიბებულია არაფორმალური და ინფორმალური განათლების აღიარების  სისტემა, რომელიც ამგვარი სწავლებით შეძენილი ცოდნისა და კომპეტენციის შეფასებასა და აღიარებას უზრუნველყოფს.

5.            პროფესიული განათლების კვალიფიციური კადრები

დუალური განათლების ორი უმნიშვნელოვანესი ფიგურა არის: მასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და კომპანიის ტრენერი საწარმოში.

პროფესიული მასწავლებლის მომზადებაზე უნივერსიტეტები არიან პასუხისმგებლები. კომპანიის ტრენერები პროფესიული განათლების მიღების შემდეგ გადიან სპეციალურ გადამზადების კურსს და  ამგვარად მოიპოვებენ კომპანიის ტრენერის უფლებას.  ორივე პროფესიის წარმომადგენლებისათვის მნიშვნელოვანია მდიდარი და მრავალფეროვანი პედაგოგიური და დიდაქტიკური უნარების ფლობა. მხოლოდ ასეა შესაძლებელი სასწავლო პროცესების სტიმულირება, ინდივიდუალური სასწავლო სტრატეგიების შემუშავების ხელშეწყობა და სტუდენტების მიერ კომპეტენციის განვითარება.

დუალურ პროფესიულ განათლებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს პროფესიული საგანამთლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი და კომპანიის/საწარმოს ხელმძღვანელი.  პროფესიული მასწავლებლების მოსამზადებელი პროგრამების სამართლებრივი საფუძვლები განსაზღვრულია კანონით; მასწავლებელთა სწავლება მიმდინარეობს ორ სტადიად. პირველი ეტაპი მოიცავს თეორიულ საუნივერსიტეტო სწავლებას, ხოლო მეორე სტადია კი ითვალისწინებს პრაქტიკული სწავლების გავლას ე.წ. რეფერენდარიატის, ანუ სასწავლებელში პრაქტიკული პედაგოგიური კურსის კუთხით.

6.            პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის კვლევა

შრომის ბაზრის კვლევა აუცილებელი საფუძველია იმისათვის, რათა პროფესიულმა განათლებამ დროულად უპასუხოს  ტექნიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების პროცესს. კვლევის მიზანია გამოავლინოს არსებული და სამომავლოდ საჭირო პროფესიები, დეფიციტები და პრეფიციტები შრომის ბაზარზე. კვლევის შედეგების მიხედვით მზადდება პროფესიულ საგანმანათლებლო სფეროში გადაწყვეტილებების მიღება და შემდგომ გატარება. კვლევის შედეგები აისახება სახელმწიფოს, ბიზნესის სექტორსა და სოციალურ პარტნიორებს შორის წარმოებულ დიალოგში. ამგვარად, შრომის ბაზრის კვლევა კონსტრუქციული წვლილია პროფესიული განათლების დარგის შემდგომ განვითარებაში.

სხვადასხვა ქვეყანაში დუალური განათლების დანერგვა დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ რეალობაზე.  ეროვნული სტრუქტურები, წინაპირობები და ტრადიციები ყოველთვის საფუძველია დუალური პროფესიული განათლების კომპონენტების წარმატებით დასანერგად.  შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გაანალიზებული და გათვალისწინებული იყოს ის წინარე გამოცდილება, რაც პროფესიულ განათლებაში უკვე არსებობს.

წერილის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ დუალური განათლების დანერგვის გზებზე, შესაძლო წინააღმდეგობებზე, საკანონმდებლო პაკეტსა და სტრატეგიულ გეგმაზე, რომელიც გაითვალისწინებს მასწავლებელთა მომზადებასა და განვითარებას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის მომზადებას დუალური განათლების დასანერგად, კომპანიის ტრენერის სტანდარტებსა და მომზადებას, ასევე პროფესიული სტანდარტების რევიზიასა და საგამოცდო რეგულაციებს.

ავტორის შესახებ: ნინო ელბაქიძე: სახელმწიფო პროგრამის მენეჯერი: პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების მაგისტრი, ამჟამად საერთაშორისო პროფესიული განათლების პროგრამის მონაწილე მაგდებურგის უნივერსიტეტში, გერმანიის პროფესიული განათლების ფედერალური ინსტიტუტის სტაჟიორი.

 

[1] ყველა სტატისტიკური მონაცემი აღებულია გერმანიის პროფესიული განათლების ფედერალური ინსტიტუტის ექსპერტების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან, ასევე ვებგვერდზე:www.bibb.de

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^