Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოზურგეთის გზის პარკი: ბრძოლა სივრცისა და გადაადგილების უფლებისთვის

15 აგვისტო 2016

მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბეგლარ სიორიძემ, განაცხადა, რომ ქალაქის  ცენტრალურ ნაწილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შედეგად ქალაქის იერსახე შეიცვლება, საგზაო მოძრაობა კი ბევრად უსაფრთხო და თავისუფალი გახდება.  ოზურგეთის მერის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია, რომელსაც შპს „გზამშენი 18“ ქალაქ ოზურგეთში ახორციელებს, მომავალში კი დაგეგმილია სანიაღვრე არხების გაყვანის სამუშაოები, პარკის მიმდებარედ. აღნიშნული ინფორმაცია ოზურგეთის საზოგადოებისა და  საკრებულო წევრების ნაწილისთვის მეხის გავარდნის ტოლფასი იყო და მათი აღშფოთება მოჰყვა. მართალია, ოზურგეთელები მშენებლობას მიესალმებიან, მაგრამ მათთვის გაუგებარია, თუ რას ემსახურება ქალაქის ცენტრში არსებული პარკის შუაზე გახლეჩა და იქ ახალი გზის გაყვანა მაშინ, როცა ამისთვის ისედაც მწირი ბიუჯეტიდან ასი ათასობით ლარი გამოიყოფა. მოქალაქეებს აინტერესებთ, ვინ იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული? რა კვლევის საფუძველზე მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება? იყო თუ არა ახალი გზის მონაკვეთის აუცილებლობა  შესწავლილი? იყო თუ არა  საკრებულო ინფორმირებული?  ერთ კვირაზე მეტია, ადგილობრივი (და არა მარტო ადგილობრივი) ორგანიზაციები ამ კითხვებზე პასუხის ძიების პროცესში არიან.

პარკის შუაში გზის გაყვანით, ქალაქის იერსახე შეიცლება, თუმცა, სამწუხაროდ, გაუარესებისკენ. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები საავტომობილო მოძრაობაის განტვირთაზე, ქალაქის საცობებისგან გათავისუფლებასა და საგზაო უსაფრთხოების პრობლემის მოწესრიგებაზე საუბრობენ, ადგილობრივი მოსახლეობა კი აცხადებს, რომ ოზურგეთს ნაკლებად აწუხებს საცობების პრობლემა. სტატიის მიზანია, აღნიშნული გადაწყვეტილების ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების კუთხით შეფასება და ახალი გზის ეკონიმიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის შეფასება ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე.  

მერიის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საავტომობილო გზის ტექნიკური ნაწილი, კერძოდ გრძივი პროფილი და საგზაო სამოსის კონსტრუქცია შეესაბამება საქართველოში მოქმედ სტანდარტებს, რომელიც ჯერ კიდევ 1985 წელს დამტკიცდა და დოკუმენტში არ არის წარმოდგენილი ნაკადების ინტენსივობა საპროექტო ტერიტორიაზე.  როგორც რუკიდან ჩანს, აპოლონ წულაძის ქუჩა უერთდება გმირთა მოედანს, გაზრდილი ინტენსივობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით გმირთა მოედანს დაემატება ახალი კრიტიკული წერტილი, რაც შეაფერხებს მოძრაობას. შესაბამისად, საჭირო გახდება მოედანზე სავალი ნაწილისა და უსაფრთხოების კუნძულების კორექტირება. ამიტომ, აშკარაა, რომ აღნიშნული გზა მოძრაობის განტვირთვას ხელს არ შეუწყობს.

საერთაშორისოდ აღიარებული ამერიკული ორგანიზაციის ქალაქის ტრანსპორტის სამსახურების ეროვნულმა ასოციაციამ (NACTO)  რამდენიმე წლის წინ ქუჩების დიზაინისა და  სტანდარტების სახელმძღვანელო მოამზადდა. დოკუმენტს აქტიურად იყენებენ ქუჩების, უბნებისა და საავტომობილო გზების, მწვანე საფარის, ველობილიკების, ტროტუარებისა და პარკინგის ადგილების  დაგეგმვისას. ასევე ჩამოყალიბებულია ახალი ქუჩების დაგეგმვის ან ძველის რეკონსტრუქციის დროს ის ძირითადი პარამეტრები და მიდგომები, რაც მნიშვნელოვანია ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების დაცვის, კომფორტულად გადაადგილებისა და ქუჩების ერთმანეთთან კარგად დაკავშირების მიზნით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნებისმიერი ქუჩის დაგეგმვისას, უნდა გამოვიდეთ შემდეგი პრიორიტეტებით: ქვეითები, ველოსიპედისტები, მძღოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები. 

ნებისმიერი ქუჩის გადაკეთება პირველ რიგში უნდა უზრუნველყოფდეს გზის ყველა მომხმარებლის  - ქვეითის, მძღოლის უსაფრთხოდ გადაადგილებას და, ბუნებრივია, დამატებითი, ახალი კვანძის, გზაჯვარედინების, ზებრების აუცილებლობას წარმოშობს. ავტომანქანების ახალი ნაკადი გაართულებს პარკის ერთი ნაწილიდან მეორეში გადასვლას ქვეითებისთვის,  განსაკუთრებით გაუჭირდებათ მოხუცებსა და ბავშვებს, რომლებიც პარკის ყველაზე აქტიური მომხმარებლები არიან. მოძრაობის ინტესივობიდან გამომდინარე,  უფრო მეტად მოიმატებს საგზაო სატრანსპორტო შეჯახების რისკი. ახალი გზის ასეთი სახით და ასეთ ადგილას მოწყობა, პირიქით გამოიწვევს მანქანების დამატებითი, ახალი ნაკადის მოზიდვას, რაც კიდევ უფრო გაზრდის საცობების, პარკირების პრობლემას ქალაქის ცენტრში.  ყველა საერთაშორისო სტანდარტით, მაქსიმალური სიჩქარე ცენტრალურ, ხალხმრავალ ადგილებში 30-40 კმ/სთ არ უნდა აღემატებოდეს და აუცილებელია ტრანსპორტის ნაკადის მაქსიმალურად აღნიშნული ადგილებიდან განრიდების პოლიტიკის წარმართვა.  ამ შემთხვევაში, პირიქით ხდება და ეს ყოველივე კიდევ უფრო გაართულებს გადაადგილებას გზის ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის, მძოღლებისთვის.

ქალაქის ქუჩა სატრანსპორტო არტერიასთან ერთად  არის საზოგადოებრივი სივრცის ნაწილი, რომელიც ავტომანქანების გადაადგილებასთან ერთად სხვა მნიშვნელოვან როლსაც თამაშობს ქალაქის ცხოვრებაში და მას ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური დატვირთვაც აქვს. ეს არის პარკი ქალაქის ცენტრში, რომელსაც მოსახლეობა  აქტიურად იყენებს დასასვენებლად და სხვა მიზნებისთვის - აღნიშნულ პარკში განლაგებულია ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის მაღაზია და საზოგადოების თავშეყრის, შეხვედრების ადგილიც არის. ეჭვგარეშეა, რომ გზის გაყვანის შემთხვევაში, პარკი დაკარგავს მიმზიდველობას და იქ განლაგებულ წიგნის მაღაზიასა სხვა ობიექტებთან მისვლა კიდევ უფრო გართულდება. ამასთან  გაიზრდება ჰაერის დაბინძურების ხარისხი. საქართველოში დროა დაინგრეს მითი, თითქოს ახალი გზა, რა საფასურიც არ დაჯდეს, ავტომატურად გამოიწვევს ტრანსპორტსა და გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას . 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, საცობებისა და ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები უკავშირდება არა გზების ნაკლებობას ან სივიწროვეს, არამედ სატრანსპორტო მოძრაობის არასწორ და მოძველებულ სქემას,  არ ხდება ტრანსპორტის, ქვეითების  ნაკადების შესწავლა. აღნიშნულს ემატება, საგზაო ნიშნების, ზებრა გადასასვლელების ნაკლებობა, ქაოტური პარკინგი, ფაქტობრივად არარსებობა, და მოძრაობის წესების დარღვევაზე აღსრულების ნაკლებობა. ადგილობრივ ხელისუფლებას, თუ სურს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა, პირველ რიგში, მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს ავტომანქანების შესვლა ისედაც გადატვირთულ ცენტრალულ ზონაში და გადაამისამართოს სხვა პარალელური ქუჩებისკენ, მოეწყოს ახალი საპარკინგე ადგილები ცენტრალურ ნაწილთან მისასვლელ ადგილებში და მაქსიმალურად წაახალისოს ცენტრში, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით, ველოსიპიდითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება.

„9 აპრილის პარკს“ აქვს სოციალური და ეკოლოგიური დატვირთვა და ახალი გზა ამ მნიშვნელოვანი ფუნქციების დაკარგვას გამოიწვევს.  პარკის გასწვრის  მიმდებარე ქუჩებში არსებული უსაფრთხოების პრობლემების  მოგვარებას უფრო მეტი ზებრის, შუქნიშნის, საავტომობილო გზის შევიწროებითა და მწვანე საფარის გაზრდით ახდენენ. „9 აპრილის პარკის“ ორივე მხარეს არსებული აპოლონ წულაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩები „9 აპრილის პარკთან“ ერთად არის ქალაქის გული, მჭიდროდ დასახლებული, სხვადასხვა დანიშნულების ოფისებით. თუ ოზურგეთს არ სურს, დაკარგოს ეს გული, არ უნდა დაუშვას პარკის გახლეჩა და პირიქით, ორივე ქუჩის მხარეს მოაწყოს უფრო მეტი ქვეითთა გადასასვლელი, შუქნიშანი და უსაფრთხოების კუნძული. ქალაქის ხელმძღვანელობის ვალდებულებაა, უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილება და საზოგადოებრივი სივრცეების გაფართოება. მათ არავითარი ვალდებულება  არ აუღიათ ავტომანქანების წინაშე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^