Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სკოლა და საზოგადოება

29 აგვისტო 2016

სასკოლო განათლების სისტემის გაუმჯობესების ინიციატორი ხშირად სახელმწიფოა, თუმცა საზოგადოების როლი სასკოლო განათლების სისტემის განვითარების პროცესში ბუნდოვანია. რა ღირებულებებს, მიზნებსა და გამოწვევებს ეფუძნება სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობა; რა შემთხვევაშია ეს ურთიერთობა სასარგებლო და რა საზღვრები უნდა არსებობდეს მათი თანამშრომლობისას- სწორედ ამ და სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე  განათლების სფეროს წარმომადგენლებმა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI) მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდასთან იმსჯელეს. შეხვედრას განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია უძღვებოდა.

სკოლა, როგორც კოლექტიური საგანმანათლებლო ინსტიტუცია სახელმწიფომ შექმნა მაშინ, როდესაც თავად ამ სახელმწიფოს მართვაში საზოგადოების ფართო ფენები მონაწილეობას არ იღებდნენ, ამბობს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების სპეციალისტი გიორგი გახელაძე და განმარტავს, რომ ამიტომ კოლექტიური განათლების ეს ფორმა საზოგადოებისგან დისტანცირებული იყო. თუმცა დროთა განმავლობაში მანტრანსფორმაცია განიცადა: ისუფრო მეტად დაუახლოვდა საზოგადოებას, რითაც სასკოლო ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახადა.

გიორგი გახელაძის თქმით, რაც უფრო მჭიდროა სკოლისა და საზოგადოების  ურთიერთობა, მით ნაკლები კონფლიქტი და აცდენაა სკოლისა და საზოგადოების ინტერესებსა და მიზნებს შორის. ასეთი მჭიდრო ურთიერთობა კი სკოლას უკეთესობისაკენ ცვლის.

რას ეფუძნება ის ძირითადი პრინციპები, რომელთა დახმარებითაც სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობა იმგვარად შეიძლება წარიმართოს, რომ ორივე მხარის ინტერესი იყოს გათვალისწინებული? გახელაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა რაღაც მინიმუმის დადგენა, საბაზო ღირებულებებსა და მიზნებზე შეთანხმება: "თუკი ზოგადი განათლებისადმი საყოველთაო მოთხოვნებს ჩამოვაყალიბებთ, საჯარო სკოლების მიზნები მინიმალისტური გახდება. ჩემი აზრით, ეს იქნება სამოქალაქო იდენტობის ფორმირება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დამოუკიდებლად ცხოვრების სწავლება. დანარჩენს კი ის საზოგადოებრივი მრავალფეროვნება განსაზღვრავს, რომელშიც სკოლა ფუნქციონირებს".

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების თანახმად, საქართველოში ზოგადი განათლების სისტემის მიზანია:თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი ხელსაყრელი პირობების შექმნა; მოზარდისთვის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება,საჭირო ცოდნის მიცემა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება და მათი ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში დახმარება.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის მენეჯერი, თამარ მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ გარდა ამ ზოგადი, საერთო მიზნებისა,სასკოლო საზოგადოებას შეუძლია თავისი მიზნებისაკუთარი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე განსაზღვროს: "სკოლის დირექტორმა და სამეურვეო საბჭომ თამამად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, ვინაიდან სასკოლო დონეზე მიზნების განსაზღვრასა და მათ მისაღწევად გადაწყვეტილებების მიღებას მოაქვს პროგრესი".

თუმცა, მისი თქმით, სკოლისა და საზოგადოების მიზნები შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. პროგრესული მიზნები შეიძლება ჰქონდეს სკოლასაც (რომელიც გავლენას მოახდენს თემზე) და - თემსაც (რომელიც ასევე პოზიტიურ გავლენას იქონიებს სკოლაზე). ამის მაგალითად იმერეთის ერთ-ერთი სოფელი მოაქვს, სადაც თემში არსებულმა თვითორგანიზებულმა ჯგუფმა წარჩინებული მოსწავლეებისათვის უმაღლესი განათლების მისაღებად სწავლის დაფინანსება გადაწყვიტა.

"აღმჩნდა, რომ იმერეთის ამ ღარიბი თემიდან უმაღლეს სასწავლებელში თხუთმეტმა მოსწავლემ გააგრძელა სწავლა. ამ შემთხვევაში კონკრეტული თვითორგანიზებული ჯგუფის მიზანი უფრო პროგრესული იყო, ვიდრე სკოლის მიზანი, რამაც სკოლაზე დადებითი გავლენა იქონია".

თუმცა, მისი თქმით, ამგვარი თვითორგანიზებული ჯგუფების საქმიანობა წახალისებული არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, მათი გამოცდილება, როგორც პოზიტიური პრაქტიკა, სკოლებმა ერთმანეთს გააცნონ და გაუზიარონ.

რა შეიძლება იყოს სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობის მიზანი?  მოსიაშვილი ამბობს, რომ ამ ურთიერთობის მთავარი მიზანი ურთიერთგაძლიერებაა - სკოლა აძლიერებს საზოგადოებას და საზოგადოება აძლიერებს სკოლას.

მისი თქმით, მოსწავლე დროის მნიშვნელოვან ნაწილს სკოლის გარეთ ატარებს. სწორედ ამიტომ, როგორი იზოლირებულიც არ უნდა იყოს სკოლა, მის გარეთ არსებული საზოგადოება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სკოლაში მიმდინარე მოვლენებზე. საზოგადოებასთან თანამშრომლობით კი სკოლამ უნდა მოახერხოს მის სიახლოვეს არსებული სხვადასხვა ორგანიზაციები და ორგანიზებული ჯგუფები მის მხარდამჭერებად აქციოს, რათა ისინი ინდივიდუალური მიზნების მიღწევაში დაეხმარონ.

სკოლამ უნდა აღუზარდოს საზოგადოებას პროგრესული, განათლებული ადამიანი. საზოგადოებამ, თავის მხრივ, უნდა იზრუნოს სკოლის განვითარებაზე, ამბობს "თანამედროვე განათლების აკადემიის" დირექტორი, დავით ლიპარტელიანი და განმარტავს, რომ თუკი მოსწავლე მხოლოდ სასკოლო საზოგადოებაში ჩაიკეტება, ის ვერ განვითარდება. საზოგადოებასთან, სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების ადამიანებთან ურთიერთობა მოსწავლის თვალსაწიერს აფართოებს და ეხმარება მას, სკოლის დასრულების შემდგომ თავად გახდეს ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და იზრუნოს იმ ინსტიტუციაზე, რომელშიც გაიზარდა.

თუმცა იტალიური სკოლის "ცისკარის" პედაგოგი, ინგა თეთრაძე მიიჩნევს, რომ დღეს სკოლასა და საზოგადოებას შორის მსგავსი თანამშრომლობა არ არის.სკოლა და საზოგადოება ერთმანეთისგან გაყოფილია. მთავარ მიზეზად კი ღირებულებების სხვადასხვაობას ასახელებს. მისი თქმით, სკოლაში მასწავლებლები სწავლებისასისეთი ღირებულებებით ხელმძღვანელობენ, რაც ხშირ შემთხვევაში განსხვავდება იმ ღირებულებებისგან, რასაც მათ საზოგადოება სთავაზობს.

"ბავშვი ხდება გაორებული. ამიტომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდება სკოლაში და სკოლამ უნდა იცოდეს, რა ხდება საზოგადოებაში. დღეს სკოლა იზოლირებულია მშობლისგან. დილით, როცა მშობელი სკოლაში ტოვებს ბავშვს, სკოლის კარი იკეტება და ეს ურთიერთობაც წყდება. მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში მშობლებთან შეხვედრის დრო არის განსაზღვრული, ეს საკმარისი არაა.  მშობელი მეტად უნდა დაინტერესდეს სასკოლო ცხოვრებით და თავისი წვლილი უნდა შეიტანოს მის განვითარებაში",- ამბობს ინგა თეთრაძე და განმარტავს, რომ საქმეორ პრობლემასთან გვაქვს- პირველი, მშობლები დატვირთული რეჟიმის გამო უმეტესად ვერ ახერხებენ ბავშვის აღზრდაზე ზრუნვას და ამ საქმეს მთლიანად მასწავლებელს ანდობენ; მეორე - საზოგადოების მიზნები არ ემთხვევა სკოლის მიზნებს, რაც მოსწავლეს აბნევს.

ამდენად, საზოგადოების ჩართულობამ შესაძლოა გაამდიდროს სკოლის შესაძლებლობები. მაგრამ რა პრობლემები შეიძლება გაჩნდეს ამ ურთიერთობის ინტენსივობის გაზრდის შემთხვევაში? რა საზღვრები უნდა არსებობდეს ამ ურთიერთობაში? როგორ ორგანიზაციებთან შეუძლია სკოლას თანამშრომლობა?

მაგალითად, სახელმწიფო უზრუნველყოფს საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან, ხოლო კერძო სკოლის დამოუკიდებლობას- პოლიტიკური გაერთიანებებისგან.

მშობელი, მეგი კავთუაშვილი მიიჩნევს, რომსკოლა ორგანიზაციებთან თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან თანამშრომლობისას უნდა ითვალისწინებდეს ბავშვისა და მშობლის ინტერესებს. ამისათვის კი საჭიროა, მშობელი აქტიურად იყოს ჩართული სასკოლო ცხოვრებაში: "თუმცა რეალობა სხვაგვარია. მშობელი არასასურველი რგოლია საჯარო სკოლებში, ბევრი არაფერი ეკითხება. რასაც შესთავაზებენ, იმაზეც მადლობა უნდა თქვას, რადგან ეს ღარიბი სახელმწიფო რაღაცას მაინც აძლევს მის შვილს. დღეს მშობლების უმეტესობა ასე ფიქრობს, რაც, ცხადია, თავიდანვე უკარგავს მას მოტივაციას, რომ ბავშვის განათლების მიღების პროცესში ჩაერთოს. მიმაჩნია, რომ ინიციატივები სკოლიდანაც უნდა მოდიოდეს, რათა მშობლები მეტად დაინტერესდნენ. ამგვარი დამოკიდებულება სკოლებს შორის კონკურენციასაც გაზრდის".

მოსწავლე ერთდროულად არის სკოლისა და საზოგადოების ნაწილი. შესაბამისად, სკოლა კი არ ურთიერთობს საზოგადოებასთან, არამედ საზოგადოება სხვადასხვა ფორმით სკოლის ნაწილია.ამიტომ დისკუსიის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ერთმანეთისგან გაუცხოებახდება, რაც უარყოფითად აისახება ორივე მხარეზე.

დისკუსიის მონაწილეები თანხმდებიან, რომ სასკოლო საზოგადოებას  შესწევს უნარი, დაინახოს სკოლის ინდივიდუალური საჭიროებები და ზუსტად განსაზღვროს საზოგადოებასთან თანამშრომლობის ფორმები, რაც ამ საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარებათ. ამგვარად, საზოგადოება გააძლიერებს სკოლას, სკოლა კი დისტანცირებული აღარ იქნება საზოგადოებისგან.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^