Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური

14 ივნისი 2012

სამების საკათედრო ტაძარში ვგალობ, ცხრა წელია რაც პატრიაქის გუნდში ვარ. სამხედრო სამსახურში გაწვევის მიღებამდე ვიცოდი, რომ ჯარის ნაცვლად ალტერნატიული სამსახურის გავლის კონსტიტუციური უფლება მქონდა. იარაღის ხელში აღება, ან ე.წ. „შაგაობა" მიუღებელი არასდროს ყოფილა, თუმცა ჩავთვალე, რომ ჩემი ადგილი ტაძარში იყო და იქ უნდა მემსახურა".

 

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური ირაკლი შენგელიამ რამდენიმე კვირის წინ მოიხადა. 18 თვის მანძილზე, კვირაში მინიმუმ ხუთი დღის განმავლობაში  ირაკლი სამების საკათედრო ტაძარში მებაღედ მუშაობდა. სამუშაო დღე დილის 9 საათზე იწყებოდა და საღმოს 6-მდე გრძელდებოდა.

კანონი არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა  1997 წელს მიიღო, ადამინის უფლებების დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის  გათვალისწინებით სამხედრო ვალდებულების ალტერნატიული ფორმით მოხდის სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს.

ამ კანონის მიხედვით, მოქალაქეს, რომელიც სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის მოტივით სამხედრო სამსახურზე უარს ამბობს, ქვეყნის წინაშე მოვალეობის მოხდა არასამხედრო, ალტერნატიულ სამსახურში შეუძლია.

წვევამდელებს ალტერნატიული სამსახურის გავლა საავარიო, სამაშველო, სახანძრო სამსახურებში, სამოქალაქო დანიშნულების სარემონტო ობიექტებზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელ ორგანიზაციებში, კომუნალური და ჯანრმთელობის დაცვის დაწესებულებებში შეუძლიათ.

მოქალაქემ, რომელსაც სურს, რომ სამხედრო სამსახური ალტერნატიული ფორმით მოიხადოს, გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში თვითთმართველი ერთეულის გამწვევ კომისიას განცხადებით უნდა მიმართოს.

მოქალაქეთა არასამხედრო, შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის მუშაობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეული აკონტროლებს.

უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის ალტერნატიული სამსახურის ვადა 18 თვეა, უმაღლესი განათლების არმქონე წვევამდელებისთვის კი 2 წელი.

არასამხედრო, შრომით სამსახურში გაწვევის კომისიის მდივნის, სოსო ბარნაბიშვილის თქმით,  აღნიშნული კანონი აქტიურად 2004 წლიდან ამოქმედდა.

„როდესაც ახალგაზრდა გადაწყვეტს არასამხედრო, ალტერნატიული სამსახურის გავლას, მასზე პირველად დასკვნას სამხედრო კომისარიატი იძლევა. განყოფილება იძიებს ამ პიროვნების შესახებ არსებულ ინფორმაციას, ადგენს პირად საქმეს, წერს დახასიათებას; შემდგომ ამისა კომისია განიხილავს აღნიშნულ დოკუმენტს და იღებს გადაწყვეტილებას - ეკუთვნის თუ არა მოქალაქეს არასამხედრო ალტერნატიული სამსახურის მოხდის უფლება".

კომისია სხვადასხვა სამინისტროების, საკანონმდებლო ორგანოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, სხდომები კი წელიწადში ორჯერ - გაზაფხულისა და შემოდგომის გაწვევებისას იმართება.

კომისიის ერთ-ერთი წევრი, ჟურნალ „არსენალის" პასუხისმგებელი რედაქტორი თემურ ჩაჩანიძე ამბობს, რომ აღნიშნულ კომისიაში შემოსულ განცხადებებს,  სტატისტიკას, ალტერნატიული სამსახურის მოხდის ფორმებსა და ადგილებს განიხილავენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს,  რა არის არასამხედრო ალტერნატიული სამსახური. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანს შეუძლია სამშობლოს წინაშე ვალი საკუთარი რწმენის, სინდისის ან აღმსარებლობის გათვალისწინებით ალტერნატიული სამსახურით მოიხადოს. ეს არანაერად არ მოქმედებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. ეს არის სამსახური, რომელიც საზოგადოებას ადგება" - ამბობს თემურ ჩაჩანიძე.

სოსო ბარნაბიშვილის თქმით, საქართველოში ალტერნატიული სამსახურის პოპულარიზაცია არ ხდება: მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ კი იცის, რომ რომ ყველა ახალგაზრდას აქვს უფლება სამხედრო ვალდებულება როგორც იარაღით ხელში, ასევე უიარაღოდ მოიხადოს; ამასთანავე, კანონი ალტერნატიულ სამსახურ გავლილი მოქალაქეების ძალოვან უწყებებში დასაქმებას ზღუდავს, ამიტომ იქ მხოლოდ ის ადამიანები მიდიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ  არც მომავალში აიღებენ ხელში იარაღს.

„სირთულეს წარმოადგენს ამ სამსახურში გაწვეული ახალგაზრდების დასაქმებაც - მათი ხელფასი, სახელმწიფოში დაწესებული მინიმალური ანაზღაურება - 20 ლარია, არადა ეს ბიჭები კარგ საქმეს აკეთებენ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან მარტოხელა ადამიანებს ეხმარებიან, ეკლესია - მონასტრების მშენებლობებზე მუშაობენ; ამავდროულად იძენენ სხვადასხვა პროფესიებს და სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ, ხშირად იმავე დაწესებულებაში აგრძელებენ მუშაობას ", - ამბობს ბარნაბიშვილი.

„არსენალის" პასუხისმგებელი რედაქტორი თემურ ჩაჩანიძე 2008 წლის სამხედრო კონფლიქტს იხსენებს და ამბობს, რომ ალტერნატიული სამხედრო სამსახურში დასაქმებული ახალგაზრდები ჰოსპიტალში სანიტრებად მუშაობდნენ, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში შრომატევად და სასარგებლო საქმეს ასრულებდნენ.

სოსო ბარნაბიშვილის თქმით, არასამხედრო, შრომით სამსახურში გაწვევის კომისია მოქალაქეების რელიგიურ და ეთნიკურ კუთვნილებასაც ითვალისწინებს და სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის წვევამდელებს მათთვის მისაღებ ობიექტზე ამსახურებს.

დღეისათვის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში 700-მდე ადამიანი მსახურობს.  2008 წელს ალტერნატიულ სამსახურში 313 ადამიანი გაიწვიეს, 2009 -ში  418,  2010-ში - 346,  2011-ში  - 481, 2012 წლის საგაზაფხულო გაწვევისას კი 150. მთლიანობაში, 2012 წელს ალტერნატიულ სამსახურში გაწვეულთა რიცხვი 300-ს არ გადააჭარბებს.

„სახელმწიფოში წვევამდელთა რაოდენობა ამჟამად 25 ათასს ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 5 ათასს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაიწვევენ. ალტერნატიულ სამსახურში წელიწადში 400-მდე ადამიანი მიდის, ეს ბიჭები მომავლისთვის არიან საჭირო და მათი რესურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გამოვიყენოთ" - ამბობს ბარნაბიშვილი.

[video:http://www.youtube.com/watch?v=-JnPzvOZgj4]

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^