Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამცხე-ჯავახეთის უჩინარი მეჩეთები

05 სექტემბერი 2016

ქართული მეჩეთების ისტორია, სავარაუდოდ, საქართველოში ისლამის გავრცელებასთან ერთად იწყება. პირველად ეს არაბობის პერიოდში (მერვე საუკუნეში) მოხდა.  თუმცა ამ პერიოდის ისლამური არქიტექტურა შემორჩენილი არ არის. უფრო ფართო ისლამის გავრცელება საქართველოში მეთექვსმეტე საუკუნიდან იწყება. შესაბამისად, მეჩეთებიც იმ ტერიტორიაზე იგება, სადაც მუსლიმ მოსახლეობას სჭირდება. საქართველოში ისლამური არქიტექტურა ადგილობრივ კულტურულ, მხატვრულ, არქიტექტურულ  ჩარჩოებში ჯდება.  ერგება კონკრეტულ ლოკაციას, თუმცა აუცილებლად ითვალისწინებს მეჩეთისთვის სახასიათო კანონიკურ ნორმებს, რაც ისლამური სამყაროს მეჩეთებს ახასიათებს.  

ამ ფორმირების კარგი მაგალითია ხის აჭარული ჯამეები (მსგავს ჯამეებს თურქეთის გარკვეულ არეალშიც შეხვდებით). ვინაიდან აჭარაში სამშენებლო მასალა ძირითადად ხე იყო, მეჩეთების ასაშენებლადაც ეს მასალა გამოიყენებოდა. გარეგნული ფორმებით, ექსტერიერით რთულია საცხოვრებლებისაგან მათი გარჩევა. სადაა და მთიან ლანდშაფტში კარგად ეწერება. ეს მას არქიტექტურულ და მხატვრულ ღირებულებებს ჰმატებს. ექსტერიერისგან განსხვავებით, შიდა სივრცე დატვირთულია ხეზე კვეთის ნიმუშებით, რაც ქართული ორნამენტის გავლენაა.  

დღეს აჭარაში ცხოვრობს მუსლიმი მოსახლეობა და მეჩეთების ნაწილი მოქმედია, რაც განაპირობებს იმას, რომ მეჩეთებს შეძლებისდაგვარად ადგილობრივები უვლიან. ამასთან, ყველა მეჩეთი აღნუსხულია და ცნობილია მათი რაოდენობაც.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, აქ აჭარისგან განსხვავებით გაცილებით ძმიმე მდგომარეობაა. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ისტორიული კონტექსტი, რამაც მათი ბედი განსაზღვრა.

სოფ. ხარჯამის მეჩეთი

სამცხე-ჯავახეთში მეჩეთები  ადგილობრივი მესხების მიერ ან მათი დაკვეთითაა აშენებული. როგორც ვიცით, 1944 წელს სტალინმა მესხები  შუა აზიაში გადაასახლა, როგორც საბჭოთა კავშირის მტრები. ამავე ტერიტორიაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არამუსლიმი მოსახლეობა ჩაასახლა. უამრავი სოფელი გაუკაცრიელდა. ყველა იმ სოფელში, სადაც მუსლიმი მესხები ცხოვრობდნენ, რა თქმა უნდა, არსებობდა საკულტო ნაგებობებიც. საბჭოთა კავშირში ეს მეჩეთები გადაკეთდა კლუბებად, საწყობებად.  ხშირ შემთხვევაში შენარჩუნდა ხის შიდა ჭერი, შიდა გუმბათი, რომელიც ხეზე კვეთის ნიმუშებითაა დამშვენებული.

სოფ. ზიკილიას ჯამე, გუმბათი

საბჭოთა იდეოლოგია უარყოფდა რელიგიებს. შესაბამისად, ყველა საკულტო ძეგლი, განურჩევლად კონფესიისა, თანაბარ მდგომარეობაში იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც სიტუაცია შეიცვალა, შეიცალა მათი მდგომარეობაც. სამცხე-ჯავახეთში, აჭარისგან განსხვავებით, აღარ ცხოვრობდნენ მუსლიმები და ჯამეებიც არავის სჭირდებოდა.  ამიტომ, მათი სტატუსი არ შეცვლილა: კლუბი, ბოსელი, საწყობი ან უბრალოდ უფუნქციოდ დარჩა.

როგორც ზემოთ ითქვა, მეჩეთები, ხშირ შემთხვევაში, მძიმე მდგომარეობაშია. ამ სიმძიმეს, პირველ რიგში, განაპირობებს არაინფორმირებულობა. ამ სოფლების მოსახლეობამ  რიგ შემთხვევებში  არც კი იცის, რომ სოფელში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ხშირად ეს არ იცის ადგილობრივმა ხელისუფლებამაც. იგი მიჩნეულია, როგორც მხოლოდ ძალადობრივი პოლიტიკის შედეგი და არ განიხილება საერთო კულტურულ-ისტორიულ კონტექსტში.  მეჩეთების ნაწილის გადარჩენა მაინც სოფლის დამსახურებაა. მაგ: ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. ქიქინეთის მეჩეთის სახურავი ადგილობრივმა სომეხმა და ქრისტიანმა მოსახლეობამ გადახურა.

2012 წელს სამცხე-ჯავახეთში ჯამეების გარკვეულ რაოდენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სააღრიცხვო ბარათებში ისინი მოხსენებულია, როგორც ოსმალური არქიტექტურის ნიმუშები. თუმცა მაშინ, როცა რეალურად უცნობია მათი რაოდენობა, შესაბამისად, არაა სათანადოდ შესწავლილი, არაა გამოკვლეული მათი ორნამენტი, რომელიც ხშირად იმეორებს ქართულ საეკლესიო ორნამენტს, უცნობია, რა დასკვნას ეფუძნება მათი მხოლოდ ოსმალური არქიტექტურის ჭრილში განხილვა, რაც ნაციონალისტური რიტორიკის გავლენას უფრო წააგავს.

სოფ. ხარჯამის მეჩეთი

ამასთან უცნობია, თუ რა პრინციპით მოხდა ძეგლების შერჩევა, რომელს უნდა მინიჭებოდა ძეგლის სტატუსი და რომელს - არა. მაგ: სოფელ ოთას ჯამეს არ აქვს ძეგლის სტატუსი, თუმცა იგი თავისი მხატვრული იერსახით ნამდვილად არ ჩამორჩება ამ სტატუსის მქონე ძეგლებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ის განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაშია.

საფიქრებელია, რომ სამცხე-ჯავახეთის მეჩეთებზე 2012 წელს სტატუსის მიწერა უბრალოდ ფორმალური მხარეა და ამით ისინი არანაირ პრივილეგიებს არ ფლობენ უსტატუსოებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობები საკმაოდ მასიური ქვისაა და მყარად დგანან, მეჩეთების უმეტესობას არ აქვს სახურავი, რაც ნიშნავს იმას, რომ შიდა ჭერი, ხის გუმბათი ან ჩამოქცეულია, ან ეს საფრთხე ემუქრება. ხე მყიფე მასალაა, დიდი ხნის განმავლობაში ვერ უძლებს წვიმასა და თოვლს.

ახალციხემდე ცენტრალური გზიდან საკმაოდ ახლოსაა  სოფელი ფერსა და ზიკილია. ორივე სოფლის მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ისინიც საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. ზიკილიას ჯამეს არ აქვს სახურავის ნაწილი.

სოფ. ფერსას ჯამე

ადგილობრივი მცხოვრები გვიყვებოდა, რომ სოფლების, მუგარეთისა და გიორგიწმინდას მეჩეთები რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს. თუმცა წელს ზუსტად ვერ ასახელებს. ამასთან ამბობს, რომ მუგარეთის მეჩეთის ქვები რაბათის რეაბილიტაციისთვის გამოიყენეს.  ორივე მეჩეთს 2012 წლიდან ძეგლის სტატუსი აქვს. სავარაუდოა, რომ უკვე დანგრეულ მეჩეთებს არ მიანიჭებდნენ ძეგლის სტატუსს, ანუ ისინი ამის შემდეგ დაანგრიეს.

ზემოთ ნახსენები სოფლების მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ აქ ძეგლების მონიტორინგზე სახელმწიფო სტრუქტურებიდან არავინ მოსულა. მათი თქმით, ჯამეებით იშვიათად ინტერესდებიან.

არქიტექტურა საიმედო ისტორიული „დოკუმენტია“, რომელიც ყველაზე კარგად ინახავს ამბავს და ასახავს გარკვეული პერიოდის კულტურულ და სოციალურ მდგომარეობას. მხატვრული, არქიტექტურული  თუ სამეცნიერო ღირებულებაც რომ დავუკარგოთ მესხურ მეჩეთებს, ისინი მაინც დარჩებიან უკვე თითქმის გამქრალი მესხური ამბისა და კულტურის ნაწილად. თუმცა, ამ ფაქტს ისევე „წარმატებით“ შეიძლება გავექცეთ, როგორც აქამდე გავურბოდით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^