თბილისში, ყაზბეგის გამზირის 24-ში ხეების მოჭრა მოქალაქეებმა სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს: ქუჩის აქციები, კარავი ქალაქის მერიის შენობასთან, შიმშილობა, პეტიცია, მიმართვა პროკურატურას.
ხმაური ყაზბეგის გამზირზე 17 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხეების ჭრის ვიდეომასალა გაავრცელეს. მათი თქმით, ამ ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანია “ორბი ჯგუფი” 42-სართულიან შენობას აშენებს და ხეების ჭრაც ამისთვის დაიწყეს. პარტიზანმა მებაღეებმა საღი ხეების მოჭრა გააპროტესტეს. მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა კი განაცხადა, რომ მათგან კომპანიამ 68 დაავადებული ხის მოჭრის ნებართვა ითხოვა. სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის თქმით, მათ 45 დაავადებული, ამორტიზებული და ზეხმელი ხის მოჭრისა და 5 ხის გადარგვის უფლება გასცეს. პარტიზანმა მებაღეებმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და თბილისის მერიამ პროკურატურას მიმართეს, მოთხოვნით, გამოიძიონ რამდენად კანონიერად მოიჭრა ხეები. თუმცა 19 აგვისტოს შემდეგ არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება. უცნობია ისიც, იყო თუ არა დაავადებული ის ხეები, რომლებზეც ასეთი დასკვნა შპს “ფორესთ კონსალტინგმა” გასცა.
თბილისის მერიასთან პარტიზანების კარავი ისევ გაშლილია. მათი გეგმების შესახებ “ლიბერალი” ნატა ფერაძეს ესაუბრა:
რა მიზანი აქვს პარტიზანების კარავს, რას ელოდებით?
კარავი დგას, პასიური რეჟიმის მორიგეობა გვაქვს. ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა დააანონსა შეხვედრები, რომელშიც თითქოს მონაწილეობა შემოგვთავაზეს, მაგრამ ეს ყველაფერი აბსოლუტურად ფასადურია და ჩვენ, პარტიზანმა მებაღეებმა, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის”, “მწვანე ალტერნატივამ” და “ტფილისის ჰამქარმა” გავავრცელეთ საჯარო წერილი და მერიასაც ვაცნობეთ, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ესაა სრულებით სხვა ფორმატი და არა ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით.
ჩვენ პარტიზანული მებაღეობის ფეისბუქის გვერდზე წერილი მოგვივიდა, რომელშიც ითხოვდნენ, გვეთქვა, ვინ დაესწრებოდა ამ შეხვედრას. მივწერეთ 5 ადამიანის სახელი და გვარი, რადგან ბევრი თემა იყო გასავლელი და ყველა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ისაუბრებდა. მეორე დილით სასამართლოში მერიის წინ კარვის გაშლის დასაშვებობის შესახებ მივიღეთ პასუხი, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა ყოფილიყო წარმომადგენელი და ესეც მეილით უნდა დადასტურებულიყო. მივწერე, რომ ეს ადამიანი მე ვიქნებოდი, მაგრამ მეილით დადასტურებას ახლა ვერ მოვახერხებდი. სასამართლოს დასრულების შემდეგ წავედით მერიაში და გვინდოდა შეხვედრაზე დასწრება, თუმცა აღმოჩნდა, რომ იქ არავინ შეგვიშვა.
შეხვედრას არ ესწრებოდა არც ერთი ადამიანი მათგან, ვინც მიმდინარე პროცესებს აპროტესტებდა, არც “მწვანე მუშტი”, არც ლაშა ჩხარტიშვილი. მიიწვიეს მხოლოდ ერეკლე ურუშაძე, ისიც როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელი. ისიც პარტიზანების სოლიდარობის ნიშნად არ დაესწრო ამ შეხვედრას. გამოვიდა, რომ იქ აბსოლუტურად სხვა ხალხი იყო.
რა მოთხოვნით მიმართეთ პროკურატურას?
პროკურატურას ცალ-ცალკე მივმართეთ ჩვენ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ამბობენ, რომ გამოძიება დაიწყო, მაგრამ არანაირი პასუხი ჯერ არ მიგვიღია. 19 აგვისტოდან უკვე საკმაო დროა გასული, თუმცა ვაპირებთ კიდევ ორი კვირა მაინც დავიცადოთ.
გარდა ამისა, ჩვენ გვინდოდა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაგვეტარებინა და შეგვემოწმებინა, იყო თუ არა საღი ის ხეები, რომლებიც მოიჭრა.
ვიცით, რომ 45 ხეზე გაიცა მოჭრის ნებართვა. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს პრეტენზია ვერხვებზე, რომლებიც დიდი ალბათობით მართლა მოსაჭრელი იქნებოდა. მაგრამ იქ იყო კედრები და ვერცხლისფერი ნაძვებიც. ტოტები გამოვიტანეთ და ვისაც ვაჩვენეთ, ყველამ თქვა, რომ ერთი-ორი პარაზიტიც რომ ჰყოლოდა ამ ხეებს, მოსაჭრელი მაინც არანაირად არ იყო და შეიძლება მაქსიმუმ შეწამვლა სჭირდებოდაო.
თუმცა საქმე ძალიან გართულდა, როცა დამოუკიდებელი ექსპერტული სამსახურის ძებნა დავიწყეთ. ამგვარი უფლებამოსილება სამ სამსახურს აქვს: თბილისის ბოტანიკურ ბაღს, სამხარაულის ბიუროს და ვაშლიჯვრის ლაბორატორიას.
ბოტანიკური ბაღი მერიის დაქვემდებარებაშია და ობიექტური ვერ იქნებოდა, ამიტომ ეს ვარიანტი უკუვაგდეთ.
სამხარაულში ისეთი ფასი გვითხრეს, რომ ვერაფრით გადავიხდიდით - 300 ლარი თითო ხეზე. ჩვენ 6 ხის გამოკვლევა გვინდოდა.
ვაშლიჯვრის ლაბორატორიაში თითო ხე 20 ლარი გვიჯდებოდა, მაგრამ როგორც კი მათ გაიგეს, რომ ამ სადავო ხეებზე იყო ლაპარაკი, მაშინვე უარი გვითხრეს. ესეც სახელმწიფო უწყება იყო და ამიტომ არ ისურვეს დასკვნის გაკეთება. შესაბამისად, ვერ მოვახერხეთ გადამოწმება. ერთი ისეთი ძვირი იყო, რომ ვერ შევძელით; სახელმწიფო უწყებამ კი უბრალოდ უარით გამოგვისტუმრა. ყველა ბოტანიკოსი და დენდროლოგი, ვინც მოჭრილი ხეები ნახა, ამბობდა, რომ ისინი არ იყო დაავადებული და მოსაჭრელი. თუმცა ჩვენ არ გვაქვს ამის წერილობითი დასკვნა. და ახლა ისიც რთული სათქმელია, რომელი ხე იყო მოსაჭრელი და რომელი არა, იმდენად არეული იყო ყველაფერი ერთმანეთში. თუმცა მინიმუმ 6 ხე მაინც დავითვალეთ, რომლებიც მოსაჭრელი არ იქნებოდა.
ვინ გასცა დასკვნა ამ ხეებზე, რომელთა მიხედვითაც ისინი დაავადებული იყო?
ეს დასკვნა “ფორესთ კონსალტინგმა” გასცა. ხელს ვინმე ალექსანდრე აფციაური აწერს, რომელიც, როგორც გავიგეთ, არის მეტყევე და სულაც არაა მისი უშუალო კომპეტენცია ამგვარი დასკვნის გაკეთება. სწორედ ამავე აფციაურის ხელმოწერილი იყო დასკვნა ასათიანის პარკსა და ჭავჭავაძის გამზირზე მოჭრილი საღი ხეების შესახებაც. და ის ხშირად ფიგურირებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში.
რა არის ახლა მთავარი პრობლემა, რომლის დაუყოვნებლივ მოგვარებასაც ითხოვთ იმისთვის, რომ ქალაქში საღი ხეები აღარ მოიჭრას?
პირველ რიგში სამართლებრივი მექანიზმები არ არსებობს. მეტად უნდა იყოს გადამოწმებული იმ ფირმების კომპეტენტურობა, რომლებსაც მსგავსი დასკვნების წარმოდგენის უფლება ეძლევათ. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, ასეთი არაკომპეტენტური ფირმების ხელმოწერით მერია მრავალი წელია საღ ხეებს ჭრის.
არ გვაქვს კონტროლის მექანიზმებიც. ზედამხედველობის სამსახურიც ძალიან სუსტია. გამწვანების სამსახურს თვითონ არ ჰყავს თავისი ზედამხედველობის სამსახური და მერიის ზედამხედველობის მომსახურებით სარგებლობს, სადაც არ მუშაობენ სპეციალისტები. ისინი ხეს ბუჩქისგან ვერ არჩევენ. მათ თანამშრომლებს სპეციალური ცოდნა საერთოდ არ აქვთ.
ხეების ჭრის ნებართვის გარდა, გამწვანების სამსახურს უამრავი პრობლემა აქვს.
პირველი: სასწრაფოდ უნდა გაჩერდეს მილიონი ხის პროექტი. ამ სამსახურს ისედაც არ აქვს დიდი ბიუჯეტი და რაც აქვს, ამ მილიონი ხის პროგრამაზე მიდის. პროგრამა სრულიად გაუთვლელია და ბიუჯეტის ფუჭი ხარჯვაა: ეს ხეები მაინც არ ხარობს.
უნდა შედგეს სპეციალისტებთან შეთანხმებული სია: რა სახეობები სჭირდება ქალაქს მომდევნო 15-20 წლის განმავლობაში; უნდა გაიწეროს სტანდარტებიც. ამით ადგილობრივი სანერგეების აღორძინებასაც ხელს შევუწყობთ და გაცილებით იაფად გვექნება ხე-მცენარეების ადგილობრივი რესურსიც. შესაბამისად, აღარც მათი იმპორტი დაგვჭირდება.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გვექნება სწორი სტანდარტები და არ დავრგავთ ხეებს უადგილო ადგილებში; გვეცოდინება, რომ გამზირზე არ უნდა დავრგოთ წიწვოვანი ხე, ის უნდა იყოს ფოთლოვანი.
ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ფიტოსანიტარიაც. წიწვოვანი ხეები თითქმის მთლიანად დაავადებულია. რამდენი ხანია ჩვენ ამის გამო ვხმაურობთ.
თბილისში წიწვოვანი ხეები თითქმის გადაშენების პირასაა მისული. მის შემოგარენში, ფოთლოვანებშიც უკვე ძალიან ღრმადაა მოდებული პარაზიტები.
არ ხდება მათი შეწამვლა. თბილისში ცაცხვებისა და ცხენისწაბლის 99% უკვე დაავადებულია, დაწყებულია ჭადრის დაავადებაც. არადა, თბილისში ძირითადად ეს სამი ხეა. მერია საერთოდ არ ზრუნავს ზრდასრული ხეების შენარჩუნებაზე. მშენებლობისას ან გზის გაყვანისას ხეებს უხეშად უზიანებენ ფესვებს, მათ მთლიანად ბეტონით ავსებენ.
თუმცა გასულ წელს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში ბევრს საუბრობდნენ დაავადებული ხეების მოჭრაზე. ხეების მონიშვნაში თქვენც ეხმარებოდით.
ეს ყველაფერი ისე გააკეთეს, რომ ჯობდა სულ არ გაეკეთებინათ. კი, დადგეს ამსკარადი. ჩვენ მათთან ერთად მთაწმინდაზე მოვნიშნეთ ხეები, მაგრამ არავინ გაითვალისწინა, რომ პარაზიტებს ზამთარში სძინავთ და არ მრავლდებიან. სწორედ ამ დროს უნდა გატანილიყო ეს დაავადებული ხეები და არა შუა ზაფხულში, როგორც ეს გააკეთეს. აქცევდნენ ამ პარაზიტებიან ხეებს, ან აყუდებდნენ საღ ხეებზე და პარაზიტების გავრცელების უფრო დიდი საშიშროება შექმნეს. ხეები მხოლოდ მთაწმინდისა და კუს ტბის ფერდობებიდან გაიტანეს. საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ ლილოში, ზაჰესში, ვაშლიჯვარში, სადაც არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა.
ახლა კი დაიწყეს ცხენისწაბლის შეწამვლა, რაც სასაცილოც კია, იმიტომ, რომ პარაზიტები ახლა უკვე ძილის ფაზაში გადადიან. თუ ზომები არ მივიღეთ და ამ ზამთარს მაინც არ გავატანინეთ პარაზიტებით სავსე წიწვოვანი ხეები და გაზაფხულისთვის არ გაიწერა ზუსტი გეგმა, სად რა და როგორ უნდა შეიწამლოს, მომავალ წელს სიტუაცია მკვეთრად გაუარესდება.
ახლა რა არის კარვის დადგმის მიზანი და პროტესტი როდემდე ან როგორ გაგრძელდება?
მოთხოვნა იგივეა. ჩვენ გვინდა გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომა. ორი დღის წინ 850 ხელმოწერა შევიტანეთ სწორედ იმისთვის, რომ არ იყოს დაუსჯელობის სინდრომი და იცოდნენ ამ სამსახურის მომავალმა უფროსებმაც, რომ დაუსჯელად ვერ გადარჩებიან. თუმცა ცხადია, არ გვაქვს ილუზია, რომ მომავალი ხელმძღვანელი ყველაფერს იდეალურად შეცვლის.
ამ სამსახურის სხვაგვარი სტრუქტურიზება უნდა მოხდეს, უნდა გაიწეროს წესები შეთანხმებულად და არა ისე, როგორც ახლა აკეთებენ.
ის, რაზეც ახლა მუშაობენ, ჩვენი მოთხოვნებისგან ძალიან შორსაა.
უნდა შეიქმნას საბჭო, რომელსაც წინასწარ ეცოდინება, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს გამწვანების სამსახური. ამ საბჭოს შეეძლოს პრევენციული ღონისძიებების გატარება და არა პოსტფაქტუმ, უკვე მოჭრილ ხეებზე საქმეში ჩართვა.
ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ, როგორ დაიხარჯოს ამ სამსახურის ბიუჯეტიც.
ზუსტად ახლა ოქტომბერში უნდა დაიგეგმოს 2017 წლის ბიუჯეტი და სამსახურმა უნდა გაწეროს, რას აპირებს ამ თანხით. ამ პროცესში ჩართულობა ჩვენი ერთ-ერთი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ სწორად გაიწეროს ბიუჯეტი და ამაში დაინტერესებული მოქალაქეები ვიყოთ ჩართული.
თუმცა პროცესი, რომელიც მერიამ დაიწყო თითქოს დიალოგის სახელით, აბსოლუტურად ფასადურია. შეხვედრებიც დაკომპლექტებულია იმ სპეციალისტებით, რომლებიც საუბრობენ, რომ ხეების ხმობა გლობალური დათბობის ბრალია. ისინი მერიამ იმისათვის შეარჩია, რომ ჩვენთვის ოპონირება გაეწიათ და შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს სამოქალაქო სექტორთან მიმდინარეობს შეხვედრა. ამ სამსახურში რომ მივიდეთ და ამ პროცესში ჩავერთოთ, უმცირესობის უმცირესობაში ვიქნებით და მაინც არავინ მოგვისმენს. საბოლოოდ კი ისე გამოვა, თითქოს ჩვენ მივაღწიეთ იმას, რასაც ვითხოვდით, მაგრამ საქმე მაინც არ გაკეთდება.
ჩვენ განცხადება შევიტანეთ 5 სექტემბერს, მერიას პასუხის დრო 5 ოქტომბრამდე მივეცით. დაახლოებით 1 ოქტომბერს უკვე საპროტესტო აქციას ვგეგმავთ. ვვარაუდობთ, რომ პასუხს არ გაგვცემენ. თუმცა, თუ დადებითი პასუხი მოვიდა, ცხადია, აქცია ზეიმში გადაიზრდება; თუ უარყოფითი პასუხი იქნება, კიდევ ერთხელ შევახსენებთ მერიას, რომ ძალიან ბევრნი ვართ. პროტესტი სხვადასხვა ფორმებით აუცილებლად გაგრძელდება.