"ახლა ნამდვილი ცოცხალი სამიზნე ხარ", - მეუბნება ჩვენი გამცილებელი ქართველი მესაზღვრე და აზერბაიჯანის მხარეს, სამხედრო ბლოკპოსტისკენ იყურება - საკმარისია სნაიპერს თითი აუკანკალდეს და... მესაზღვრე საუბარს წყვეტს და ავტომატის ლულით ციცაბო დაღმართისკენ მიმითითებს, რომელიც ჩვენგან ერთი ნაბიჯის მოშორებით იწყება.
ეს იყო ერთი თვის წინ, როდესაც დავით გარეჯის ტერიტორიაზე საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია დაიძაბა. მას შემდეგ ოფიციალური ინფორმაციით, პრობლემა მოგვარდა, მესაზღვრეებმა პატრულირება შეწყვიტეს და სასულიერო პირებსა თუ ტურისტებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცათ.
. . .
ამის მიუხედავად, უახლესი ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დავით-გარეჯის ტერიტორიაზე, უდაბნოს მონასტერთან ისევ პატრულირებენ. ისინი სასულიერო პირების, მომლოცველებისა თუ ტურისტების მისვლა-მოსვლას ხელს არ უშლიან, თუმცა აზერბაიჯანის მხარეს ფოტო და ვიდეო გადაღებას ეწინააღმდეგებიან.
დავით გარეჯის მონასტრის მღვდელმონაზონი კირიონი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანული მხარე ძალის დემონსტრირებას ახდენს და საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე დამკვიდრებას ცდილობს. "სადაც ადრე ორი მესაზღვრე იდგა, ახლა ექვსი დგას" - ამბობს მამა კირიონი.
მღვდელმონაზონის თქმით, გარეჯელი მამები სახელმწიფოსგან პროცესში აქტიურ ჩარევას ითხოვენ. მათ სურთ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ექვს მაისამდე არსებულ პოზიციებს დაუბრუნდნენ.
"ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა სრულიად მშვიდობიანი, წყნარი და კონსტრუქციულია - ამბობს კირიონი - ჩვენ ხისტი პოზიცია არ გვაქვს, არ ვამბობთ, რომ "ეს ტერიტორია ჩვენია", "მოგვეცით" და ა.შ. მხოლოდ ის გვინდა, რომ მესაზღვრეები საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეს და დე ფაქტო მდგომარეობა აღდგეს".
კირიონის მტკიცებით, არსებობს დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც საქართველომ აზერბაიჯანს ტერიტორია გაუცვალა: - "500 ჰექტარზე მეტი იმ პირობით გადავეცით რომ ბერთუბანის ნაწილი მოეცათ. მაშინ ან ეს მიწა დაგვიბრუნონ, ან პირობა შეასრულონ". - ამბობს კირიონი.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის თქმით, აზერბაიჯანი შეთანხმებას არ არღვევს, "ჩვენ შევთანხმდით, რომ მომლოცველებსა და ტურისტებს გადაადგილებაში ხელი არ შეეშლებოდათ, ეს დღემდე ასეა" - ამბობს მინისტრის მოადგილე.
მამა კირიონმა არ იცის "თუ რაზე შეუთანხმდა საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანის მხარეს", ამიტომ მისთვის მინისტრის მოადგილის განცხადება სარწმუნო არ არის. ის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სახელმწიფოებს შორის დაუდგნელ საზღვარს მიიჩნევს, მას სურს რომ საზღვრის დამდგენ კომისიაში საპატრიარქოს ნდობით აღჭურვილი ისტორიკოსები შევიდნენ.
"ლიბერალმა" საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროებთან დაკავშირება სცადა, თუმცა სამინისტროებში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
საბჭოთა კავშირის დროს სამონასტრო კომპლექსზე ადმინისტრაციული საზღვარი გადიოდა, ძირითადი ნაწილი საქართველოს, მეორე ნაწილი კი აზერბაიჯანის მხარეს იყო მოქცეული, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საზღვრის ოფიციალურ დემარკაციაზე ორი მზარე დღემდე ვერ თანხდება.
2012 წლის მაისამდე საზღვარზე სიტუაცია ისეთი იყო, როგორიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში - მომლოცველები და ტურისტები მთელი კომპლექსის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, 6 მაისს კი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დისლოკაციის ადგილი შეიცვალეს და საზღვრის სადავო ტერიტორიაზე განლაგდნენ. საზღვართან, უდაბნოს მონასტრის სიახლოვეს დაიკავეს ტერიტორია ქართველმა მესაზღვრეებმაც. ისინი "კონფლიქტური სიტუაციის თავიდან ასაცილებლად" ბერთუბნისკენ ჩასავლელ ბილიკზე ჟურნალისტებსაც აღარ უშვებდნენ.
20 მაისს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზაზა გოგავა აზერბაიჯანელ კოლეგას, ელჩინ გულიევს შეხვდა. მათ საზღვრის სადაო ტერიტორიის გარშემო არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართეს.
21 მაისს დავით გარეჯისკენ სასულიერო პირებისა და სხვა მოქალაქეების დიდი მსვლელობა მოეწყო. მსვლელობაში ორი ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
იმავე პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი ჩიკაგოში გამართულ ნატოს სამიტზე თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეხვდა, პრეზიდენტებმა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე გამავალი საზღვრის სადავო მონაკვეთის საკითხი განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით "ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ყურადღება დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ამ თემაზე მოლაპარაკება ორი ქვეყნის დიპლომატებისა და სასაზღვრო კომისიის ფარგლებში გაგრძელდება. ლიდერების განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობასა და თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ამ ორი მოძმე ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის".
უფრო ადრე კი, 17 მაისს სადავო საზღვრის საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბარში განიხილეს.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი თბილისიდან 60-70 კილომეტრში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, მეექვსე საუკუნის პირველ ნახევარში ერთ-ერთმა ასურელმა მამა დავითმა დააარსა. კომპლექსი დროთა განმავლობაში სამონასტრო ცხოვრების ცენტრად იქცა.