რატომაა ქვეყანაში მნიშვნელოვანი აქტიური სათემო ფსიქიატრიული მომსახურება და რა დადებითი შედეგები მოაქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის მსგავსი მომსახურებით სარგებლობას - ამის შესახებ ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია.
კონფერენციაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებმა თავიანთი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. შედგა წიგნის პრეზენტაცია, სადაც ამ ადამიანების ჩანაწერები და ნახატებია თავმოყრილი.
“მე გავჩნდი და დავიბადე სულით და სხეულით. დღეს ცოცხალი ვარ. ჩემი სახელი საზოგადოა და კრებითი. ქალიც შეიძლება ვიყო, კაციც და მოზარდიც. ვცხოვრობ ყველგან, სხვადასხვა კონტინენტზე, ქვეყანასა და რეგიონში, სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობ, საზოგადოების სხვადასხვა ფენას მივეკუთვნები. მე, როგორც ყველა, ზოგჯერ ჯანმრთელი ვარ, ზოგჯერ - არა. როცა ავად ვხდები, ვიცი, რომ ჩემი სხეულის რაღაც ნაწილი დაზიანდა. დაზიანებას ტკივილით ვიგებ და ტკივილის გასაყუჩებლად ექიმს ვეძებ, რომელიც გააჩნია რა მაწუხებს, იმის მიხედვით ხან კარდიოლოგია, ხან ონკოლოგი, ხანაც - სტომატოლოგი. მე ვიცი და ვიცნობ ჩემს სხეულს, მის დიდ ნაწილს სარკეში ვხედავ ყოველ დღე. ვიცი, რომ სუსტია და მოკვდავი. მაგრამ თითქმის არ ვიცნობ ჩემს უხილავ ნაწილს - სულს” - ეს არის ამონარიდი წიგნიდან, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების შესახებ ისტორიებია თავმოყრილი.
“შოზოფრენია “პროდრომული” პერიოდით იწყება, რომელსაც ახასიათებს პიროვნების ფუნქციონირების გაუარესება. ამ დროს სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემებს, სოციალურ იზოლაციას, უცნაურ ქცევას, ახირებულ იდეებს, შეგრძნებების შეცვლას, კომუნიკაციისა და აფექტური რეაგირებების გაუარესებას, მოტივაციისა და ინტერესების დაქვეითებას. ამ პერიოდში პიროვნება გრძნობს, რომ მისი სამყარო შეიცვალა, თუმცა გარშემომყოფნი შეიძლება არ იზიარებდნენ მის შეხედულებებს. ამ ფაზას მწვავე ფაზა მოჰყვება, რომელსაც ახასიათებს ბოდვა, ჰალუცინაცია, ქცევითი დარღვევები. ამ სიმპტომებს ხშირად პოზიტიურ სიმპტომებს უწოდებენ. მკურნალობის შედეგად პაციენტი გამოდის მწვავე მდგომარეობიდან, პოზიტიური სიმპტომები სუსტდება ან საერთოდ ქრება, თუმცა ზოგჯერ რჩება”.
ირაკლი შონია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირია, რომელიც 2006 წლიდან სხვადასხვა ფსიქიკურ დაწესებულებაში 30-ჯერ იმყოფებოდა. ამბობს, რომ დიდ ინსტიტუციაში ყოფნა, სადაც რეაბილიტაციის პროცესი მხოლოდ სამედიცინო მომსახურებით შემოიფარგლებოდა, სრულიად უშედეგო იყო.
2013 წელს საქართველოში „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი ” გაიხსნა, რომელიც მანამდე არსებული ტრადიციული ფსიქიატრიული კლინიკებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ სამედიცინო ჩარევის გარდა, ბენეფიციარებს მულტიდისციპლინური ჯგუფის მომსახურებას სთავაზობდა და აქცენტი სოციალურ რეაბილიტაციაზე კეთდებოდა. ირაკლი ამბობს, რომ ამის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ახლა რეაბილიტაციის პარალელურად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე სხვა ადამიანებს ეხმარება.
„მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრმა ”აქტიურ სათემო მომსახურების მიწოდება ბენეფიციარებისთვის 2013 წლიდან ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო.
2016 წლიდან კი სარეაბილიტაციო პროგრამა ნაწილობრივ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მომსახურება დედაქალაქის მასშტაბით ვრცელდება და ორგანიზაციას ამ დროისთვის 45 ბენეფიციარი ჰყავს. მულტიდისციპლინურ ჯგუფში ჩართული არიან ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, ექთანი, თანაგანმანათლებელი და ოკუპაციური თერაპევტი. მომსახურება 24-საათიანია და ბიო-ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესი იმ გარემოში მიმდინარეობს, რომელსაც თავად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი ირჩევს, იქნება ეს მისი სახლი თუ სხვა, მისთვის სასიამოვნო სივრცე.
გიორგი გელეიშვილი “მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრის” ფსიქიატრია. ამბობს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები თანამედროვე საზოგადოების ტვირთია, რომელიც მძიმე დაღს ასვამს როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანს, ასევე მათ გარშემომყოფებსაც. გელეიშვილის თქმით, ეს სახელმწიფოსთვის ფინანსური ტვირთიცაა, რადგან ბენეფიციარს დაკარგული აქვს შრომის უნარი და დახმარებას სახელმწიფოსგან ითხოვს:
“ამიტომაა უმნიშვნელოვანესი ამ პრობლემისადმი სისტემური მიდგომა. საქართველოში დღესაც საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი სტაციონალური და ამბულატორიული სერვისებია. ნაკლებად განვითარებულია სათემო მომსახურება, რაც ამ ადამიანების სრული ბიო-ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისთვის უმნიშვნელოვანესია. მხოლოდ წამალი და ექიმის კონსულტაცია პრობლემას ვერ აგვარებს, ამ პროცესს თან უნდა ახლდეს ისეთი სოციალური აქტივობები, როგორიცაა მაგალითად, შრომის უნარის აღდგენა, განათლება, კვალიფიკაციის ამაღლება”.
2012 წელს საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციამ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევამ აჩვენა, რომ ამბულატორიულ მომსახურებასთან შედარებით, პილოტირებულ თემზე დაფუძნებული სერვისი, მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა. ის 50%-ით ამცირებს ფსიქიატრიულ სტაციონარში გატარებული დღეების რაოდენობას, აუმჯობესებს პაციენტთა ფსიქიკურ მდგომარეობასა და სოციალური ფუნქციონირების ხარისხს. კვლევის ავტორების მტკიცებით, ამ სერვისების დაფინანსების შემთხვევაში, სახელმწიფოს სტაციონარული მკურნალობის ხარჯებიც შეუმცირდება. საშუალო რესურსების ქვეყნისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის თემზე დაფუძნებული ამბულატორიული სამსახურის შექმნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაცაა. 60-იანი წლებიდან დასავლეთის ბევრ ქვეყანაში თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურები შეიქმნა. ამას ფსიქიატრიული საწოლების რაოდენობის შემცირებაც მოჰყვა. ბოლო 30 წლის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე საწოლების რაოდენობა საშუალოდ 200-250-დან 50-150-მდე შემცირდა.
როგორც აღვნიშნეთ, თბილისში მუნიციპალური პროგრამით “მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრის” 45 ბენეფიციარი ფინანსდება. ერთ ადამიანზე თვეში 250 ლარია გამოყოფილი, თუმცა გელეიშვილი ამბობს, რომ ეს ხარჯები ხანდახან 250 ლარს აღემატება.
ბენეფიციარებს 9 პროფესიონალი ემსახურება. ორგანიზაციას აქვს 24-საათიანი სამორიგეო გრაფიკი. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისთვის სასურველი პროფესიონალი კადრის მომსახურება. წლის ბოლომდე ბენეფიციარების 55-მდე გაზრდაა დაგეგმილი, რომლის პარალელურად მულტიდისციპლინურ ჯგუფს კიდევ 3 თანამშრომელი დაემატება.
ფსიქიატრი, გიორგი გელეიშვილი ამბობს, რომ ასერტული სათემო მომსახურება დიდ თანხებს მოითხოვს. ამიტომ ჯერჯერობით სერვისი რეგიონებისთვის ხელმისაწვდომი არ არის: ”ეს იმდენად ძვირი სერვისია, თუ პოპულაციაში მინიმუმ 250000 ადამიანი არაა და სერვისს 50-60 მომხმარებელი არ ჰყავს, შეუძლებელია ამ მომსახურების დანერგვა. ამიტომ, ჩვენი მომსახურება ჯერჯერობით მხოლოდ თბილისზე ვრცელდება”.
კიდევ ერთი სათემო ორგანიზაცია, რომელსაც ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო” აფინანსებს არის “ხელი ხელს”, რომელსაც გურჯაანსა და თბილისში 2-2 საოჯახო ტიპის სახლი აქვს. აქ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები სხვადასხვა დიდი ინსტიტუციებიდან გადმოიყვანეს და მას შემდეგ ოჯახურ გარემოში ცხოვრობენ. მაია შიშნიაშვილი ორგანიზაციის ხელმძღვანელია. მან პრეზენტაციაზე მსგავსი საოჯახო ტიპის სახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ მსგავსი მიდგომა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს საზოგადოების თანასწორებად აქცევს.
ეკა ჭყონია ა. ზურაბაშვილის სახელობის ფსიქიატრთა ასოციაციის წარმომადგენლია. 2014 წელს ასოციაციის მიერ აღრიცხვაზე მყოფი პაციენტებისთვის, რომლებიც სტაციონარში ხშირად ხვდებოდნენ, შეიქმნა მობილური ჯგუფები. პილოტური პროგრამა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბაზაზე დაიწყო. ბენეფიციარები, ძირითადად, აქტიურ ასაკში მყოფი 18-45 წლის პირები არიან.
“პროგრამაში ჩართვამდე ეს ადამიანები სახლებში უმძიმეს პირობებში იმყოფებოდნენ, ფაქტობრივად, ოთახიდანაც კი არ გამოდიოდნენ. იყვნენ ბენეფიციარები, რომელთაც სუიციდის მცდელობები ჰქონდათ. ასეთ პაციენტებთან მუშაობამ ძალიან კარგ შედეგები გამოიღო, რაც შვებაა როგორც თავად ამ ადამიანებისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვისაც. ისინი უკვე ინტერესს გამოთქვამენ, ჩაერთონ აქტიურ ცხოვრებაში, მიიღონ განათლება და დასაქმდნენ”, - ამბობს ჭყონია. მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ მსგავსი სერვისების ხარისხი არ დაეცეს, აუცილებელია, შეიქმნას მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მობილური გუნდების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნებს და გააძლიერებს მათ.
სათემო სერვისებისადმი მიძღვნილი კონფერენციის დასასრულ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ირინე ობოლაძემ ისაუბრა. ის შეეხო სხვადასხვა პრობლემას, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების ცხოვრებაში არსებობს. სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის ზედამხედველობის ფარგლებში იკვეთება ისეთი პრობლემები, როგორიცაა საზოგადოების დაბალი ცნობიერება და სტიგმა, მაღალი ხარისხის მკურნალობისა და უწყვეტი მოვლის საჭიროება, მომსახურების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა, საჭიროებებზე დაფუძნებული მიდგომის არარსებობა, დეინსტიტუციონალიზაცია და თემზე დაფუძნებული ზრუნვის შეთავაზება, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრების ნაკლები ჩართულობა, სოციალური რეაბილიტაციის აუცილებლობა, ადამიანური რესურსების ნაკლებობა, სპეციალური დაწესებულებების ინფრასტუქტურის გაუმართაობა.
2013 წელს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა „ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფცია“, რომლის თანახმად 2014 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ მიიღო „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და 2015–2020 წლის სამოქმედო გეგმა“. ეროვნული გეგმა ასახავს ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების ხედვას, ფასეულობებსა და პრინციპებს. თუმცა ირინე ობოლაძის თქმით, პრაქტიკაში ეფექტური იმპლემენტაციის გარეშე ვერ მოხდება გეგმით დასახული მიზნებისა და მთავარი ფასეულობების დაცვა, როგორიცაა ადამიანის უფლებების და ღირსების პატივისცემა; თანასწორობა და ხელმისაწვდომობა; შემწყნარებლობა და სოციალური ინკლუზია.
“ამიტომ ჩვენი უმთავრესი რეკომენდაციაა, თბილისის გარდა, რეგიონებში, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ენობრივი ბარიერებიცაა, მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა. სამედიცინო მომსახურების გარდა, უნდა ვიზრუნოთ მათი განათლების, ცნობიერების ამაღლებასა და დასაქმებით უზრუნველყოფაზე”, - აღნიშნა ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელმა.