Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოპოლიტიკა - პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო ხედვები

09 სექტემბერი 2016

ნებისმიერი სახის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზება, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, ნარკოტესტირების პრაქტიკის ცვლილება, რიგ ნარკოტიკულ საშუალებებზე მცირე ოდენობების განსაზღვრა, ხელმისაწვდომი სამკურნალო-სარეაბილიტაციო და ზიანის შემცირების პროგრამების დანერგვა - ეს ის საკითხია, რომლის მოგვარებასაც ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები თუ საზოგადოებრივი მოძრაობები მოითხოვენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში მოქმედი რესპრესიული ნარკოპოლიტიკა დაუყოვნებლივ შეცვლას საჭიროებს.

8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ლიბერალი“ გთავაზობთ პოლიტიკური პარტიების ხედვებს ამ კუთხით, თუ როგორ აფასებენ ისინი ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას და რას აპირებენ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

„მმართველმა გუნდმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გუშინ გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოპოლიტიკის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები ნებისმიერი სახის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზების აუცილებლობაზე საუბრობენ, „ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში მხოლოდ მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების ლიბერალიზაციაზეა საუბარი (მოხდება სასჯელის ლიბერალიზაცია მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებით).

„ლიბერალი“ შეეცადა გაერკვია, რას გულისხმობს მმართველი პარტია მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების ლიბერალიზაციაში და რა ხედვები აქვთ მათ ზოგადად ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე. „ლიბერალის“ შეკითხვებს „ქართული ოცნების“ წევრმა სოფო კილაძემ უპასუხა.

„რა იგულისხმება ლიბერალიზაციაში და მოხდება თუ არა მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზება - ამ საკითხზე თავს ნებას არ მივცემ, რომ  რამე კონკრეტული ვთქვა, სანამ ბატონი პრემიერი არ იტყვის რამე კონკრეტულს. ესაა თემა, რომელზეც გუნდთან ერთად საბოლოო გადაწყვეტილებაა მისაღები. თუმცა ლიბერალიზაცია რომ მოხდება, ეს ცხადია. ისე კი პროგრამაში ლიბერალიზაციის საკითხი მე თვითონ, ჩემი ხელით ჩავწერე.

რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება ჩვენი პოზიცია მძიმე ნარკოტიკებთან მიმართებით, ვიტყვი, რომ ზოგადად ეს მიმართულება - ნარკოპოლიტიკა, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადავდგათ მოზომილი და სწორი ნაბიჯები. ბუნებრივია, ლიბერალიზაცია საჭიროა, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს და გაგვექცეს ხელიდან, ვგულისხმობ ნარკოტიკების გავრცელებას და სხვა. შესაბამისად, ლიბერალიზაცია აუცილებლად მოხდება, მაგრამ კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგმება, ამაზე გუნდი ვიმუშავებთ. ვხედავთ, რომ გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო“.

გარდა მსუბუქი ნარკოტიკების შესახებ ჩანაწერისა, „ქართული ოცნების“ პროგრამაში წერია, რომ „სახელმწიფო გააუმჯობესებს ნარკოდამოკიდებული პირებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს. პრევენციული თავიდან ავირიდებთ პროგრამებით სახელმწიფო ნარკოტიკების უკანონო მოხმარებაში ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩაბმას ".

„რესპუბლიკური პარტია“ - დავით ზურაბიშვილი

 „პირადად მე მიმაჩნია, რომ საერთოდ არანაირი ნარკოტიკების მოხმარება არ უნდა ისჯებოდეს. რაც შეეხება პარტიის პოზიციას, სრულიად შეთანხმებული ვართ იმაზე, რომ მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება სრულიად დეკრიმინალიზებული უნდა იყოს და ამის გამო ადამიანი სისხლის სამართლის წესით არ უნდა ისჯებოდეს.

რაც შეეხება, ე.წ. მძიმე ნარკოტიკებს, პარტიაში უფრო იქითკენ ვიხრებით, რომ ნებისმიერი ნარკოტიკების მოხმარება სისხლის სამართლის წესით არ უნდა იყოს დასჯადი. თუმცა აქ არის ნიუნსები - უნდა განიხილებოდეს თუ არა მოხმარება დამამძიმებელ გარემოებად, როცა რაღაც დანაშაულს ჩადიხარ და ა.შ.

ჩვენ გვქონდა ურთიერთობა არასამთავრობო სექტორთან, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ. მათ მომზადებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი  და ჩვენ მათ ძირთადად სრულად ვუჭერთ მხარს.

ნარკოშემოწმების არსებული პრაქტიკაც უნდა მოისპოს. ასევე პრობლემაა ისიც, რომ ძალიან დიდი სასჯელია დაწესებული ნარკოტიკების ძალიან მცირე ოდენობაზე და ზოგ შემთხვევაში უფრო დიდი სასჯელიც კი, ვიდრე გაუპატიურებაზე.

ნარკოპოლიტიკა ჩვენ იქითკენ გვინდა მივმართოთ, რომ მომხმარებელი არ იყოს  ზეწოლისა და მუდმივი მუქარის ქვეშ. პირიქით - ჰუმანური ნარკოპოლიტიკა სწორედ იმას ნიშნავს, რომ არ მოხდეს კრიმინალიზაცია და მათ ჯანსაღი ცხოვრების დამკვირდების სხვა საშუალება შევთავაზოთ.

უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენთან ეს საკითხი სტიგმატიზებულია. ჩემს ბავშვობაში ხალხს აშინებდნენ, გაჩერდი თორემ ნარკომანები დაგიჭერენ  და მორფს გაგიკეთებენო. შემდეგ იყო დამოკიდებულება, რომ თითქოს ნარკოტიკების მომხმარებელზე საშინელი არაფერია. საბჭოთა პროპაგანდის ინერცია ისევ ძლიერია საშუალო და უფროს თაობაში. სწორედ ეს არის დასაძლევი და მერე უკვე ყველაზე ცხადად დავინახავთ, რომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა უფრო სწორი პოლიტიკაა“.

„აუცილებელია ნარკოდამოკიდებული ადამიანების მიმართ ჰუმანურ მიდგომაზე დამყარებული პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს, რომ ნარკომანი ავადმყოფია და არა დამნაშავე და შესაძლებელი უნდა იყოს ნებაყოფლობითი მკურნალობით თავისუფლების აღკვეთის ჩანაცვლება“, - წერია „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო პროგრამის პროექტში.

ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ - ჰერმან საბო

„შეჯერებული პოზიციები რომ გითხრათ, რასაც ბლოკის ყველა წევრი იზიარებს, ნარკომომხმარებელი არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც დამნაშავე. ანუ ნარკოტიკების მოხმარება არ შეიძლება იყოს დასჯადი, თუ ზემოქმედების ქვეშ ადამიანმა სხვა დანაშაული არ ჩაიდინა.

ადამიანის უპირველესი საკუთრება არის მისი სხეული. შესაბამისად, არავის აქვს უფლება, განუსაზღვროს მას, თუ რა სიკეთეს თუ ზიანს მოუტანს თავის სხეულს.

„გირჩი“ როგორც ნებისმიერი სახის ნარკოტიკის დეკრიმინალიზებაზე, ასევე მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზებაზეც საუბრობს. აღნიშნული დაიბეგრება ისე, როგორც ალკოჰოლი და სიგარეტი და აქედან შემოსული თანხებით დაფინანსდება თერაპიული, ჩანაცვლებითი თუ რესოციალიცაზიის პროგრამები, რომლებიც მძიმე ნარკოტიკის მომხმარებლებს სჭირდებათ და რომელიც სახელმწიფომ ამ დრომდე ვერა და ვერ გამოყო.

რაც შეეხება ბლოკის პოზიციას, აქაც საუბარია ყველანაირი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციასა და იმ რესურსების სამკურნალო პროგრამებზე გადამისამართებაზე, რასაც სახელმწიფო პოლიციის რესურსისა თუ სხვადასხვა სახით ხარჯავს ნარკოდანაშაულთან ბრძოლაზე.

როგორც კი პარლამენტში მოვხვდებით, პირველი რასაც გავიტანთ, იქნება როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ნარკოტიკის დეკრიმინალიზება. ქუჩის ნარკოტესტირების აკრძალვა  თავისთავად მოხდება დეკრიმინალიზებების შემდეგ. მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაიწყებს აქტიურად მუშაობას, ვეცდებით, რომ „გირჩის“ ხედვები უფრო ფართოდ გავაცნოთ საზოგადოებას, პარლამენტარებს და დავემსგავსოთ იმ დასავლურ ქვეყნებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია მივიდნენ დასკვნამდე, რომ აზრი არ აქვს ნარკომოხმარებასთან ძალადობრივ ბრძოლას.

რაც შეეხება ლეგალიზებას, ეს შესაძლოა საზოგადოებამ რთულად აღიქვას. ამიტომ გვგონია, რომ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. პირველი, რაც აუცილებლად გასაკეთებელია, არის ის, რომ კანონმდებლობის დონეზე ნარკომომხმარებელი აღარ უნდა იყოს დამნაშავე“.

თავისუფალი დემოკრატები“

„თავისუფალ დემოკრატებს“ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის, თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპებს.

ამისათვის საჭიროა:

ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის რეფორმა:

• ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება (დეკრიმინალიზაცია);

• ნარკოტიკების გამსაღებლებისა და გამავრცელებლების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრება;

• ერთჯერადი მოხმარების მინიმალური დოზის განსაზღვრა;

• ნარკოტიკების მოხმარებისა და მცირე ოდენობის პირადი მოხმარებისთვის, შეძენა/ შენახვისათვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების დიფერენცირება (მაგ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხმარება, ავტოსატრნსპორტო საშუალებების არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა და სხვა).

ნარკოდამოკიდებულთა ხარისხიანი სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა:

• მკურნალობის, რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების პროგრამების ლეგალური ბაზის შემუშავება და რეგულაციების დახვეწა;

• პროგრამების ფინასური მდგრადობის უზრუნველყოფა გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის პრინციპების გათვალისწინებით;

• სარეაბილიტაციო (ამბულატორული, რეზიდენტური და ასევე კომუნის ტიპის) ცენტრების სისტემის დაფუძნების ხელშეწყობა;

• სასჯელაღსრულების სისტემაში მკურნალობისა და რეაბილიტაციის სისტემის ცვლილება თანამედროვე პრინციპების გათვალისწინებით.

ნარკოტიკების მოხმარების საკითხზე, მათი გამოყენებით გამოწვეულ ზიანსა და რისკებზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება“.

ამის შესახებ „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა და ჯანდაცვის პროგრამის ავტორმა, ნიკოლოზ (კოკა) ფრუიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გასულ თვეში ისაუბრა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გიგი წერეთელი

„ჩვენი დისკუსიებიდან გამომდინარე, ყველანი ვართ იმ აზრზე, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში  არ უნდა იყოს და აუცილებელია ლიბერალიზაცია.

თუ პოლიტიკურ სპექტრში ვინმე ადრე ამ თემაზე საუბრობდა, ეს მე გახლდით. არამარტო ქართველი, არამედ მსოფლიოში  ყველაზე ცნობილ ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ პოლიტიკის დოკუმენტი. მე პირადად ეს პარლამენტში გამოვიტანე. იქ  ასახული იყო ის მიდგომები, რაც დღეს თანამდეროვე მსოფლიოშია.

განყენებულად მხოლოდ ლიბერალიზაცია შეიძლება არ იყოს სასურველი ეფექტის მომტანი, თუ ამავე დროს არ შეიქმნება პრევენციაზე, განათლებაზე ორიენტირებული სისტემა, არ იმუშავებენ ზიანის შემცირების, რეაბილიტაციისა და მკურნალობის პროგრამები - მიდგომა უნდა იყოს სისტემური.

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ვითარებამ ყველას დაანახა, რომ  ლიბერალიზაციისა და დეკრიმინალიზაციისკენ გადასადგმელია სხვა ტიპის ნაბიჯები. საჭიროა უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება - მოთხოვნის შემცირება, მიწოდების შემცირება, განათლება, პრევენცია, ახალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესი და მეტი  სამკურნალო და სარეაბილიტაციო საშუალებები მათთვის, ვინც ამ სენითაა დაავადებული.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. დღეს ჩვენს გუნდში ამგვარი მიდგომის გაცილებით მეტი მხარდამჭერია და ფაქტობრივად არავინ ვიცი, ვისაც ამ თემაზე რადიკალურად სხვა მოსაზრებები აქვს“.

ეროვნული ფორუმი“ - ანი მიროტაძე

„ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს დეკრიმინალიზება, ვინაიდან არსებულ ნარკოპოლიტიკას პოლიციელები მოსახლეობის საწინააღმდეგოდ იყენებენ.

ცალსახა პოზიცია გვაქვს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებაზე - უნდა მოხდეს მათი დერკიმინალიზება. რაც შეეხება უფრო მძიმეს, ამასთან დაკავშირებით არ გავქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, თუმცა იმაზე ვთანხმდებით, რომ ნარკომომხმარებელი ციხეში ვერ გამოსწორდება, მისთვის საჭიროა დამატებითი სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნა და გარკვეული პრევენციული ღონისძიებების გატარება.

უფრო კონკრეტულად - როგორ უნდა მოხდეს ეს, როგორი ფორმა უნდა მიეცეს ამას, კიდევ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს - ამ წუთში არ მაქვს მოსაზრება“.

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ - დიმიტრი ლორთქიფანიძე

„ნარკოტიკული ნივთიერებების განმეორებით მოხმარების ფაქტზე უნდა იყოს ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობა, ისიც სამსაფეხურიანი -  ძალიან მსუბუქი, საშუალო და  შედარებით მძიმე სანქცია. არავითარ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც დეპერსონიზაციას უწყობს ხელს და სიცოცხლეშივე კლავს ადამიანსა და მისი ოჯახის წევრებს. აი, ამას დავუჭერთ ჩვენ მხარს. პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ჩვენ ვაპირებთ, დავეყრდნოთ სამოქალაქო სექტორის მიერ წლების განმავლობაში ნამსჯელს, ნააზრევს და ჩამოყალიბებულ თეორიას.

ჩვენი პარტია ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა მიმართ დეკრიმინალიზაციის მომხრეა. მაგრამ  ხალხი შეცდომაში რომ არ შევიდეს, აქვე უნდა ვთქვათ -  ხალხს ჰგონია, რომ დეკრიმინალიზება, ლეგალიზებისკენ მიმავალი გზაა, რომელიც საერთოდ პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს მომხმარებლებს. დეკრიმინალიზება მხოლოდ და მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ პირი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, მაგრამ მას ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა“.

ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი -საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ - გოჩა თევდორაძე

„ჩვენ ნარკოტიკების მომხმარებლების კრიმინალიზაციის მომხრე არ ვართ, არც მძიმე და არც მსუბუქი ნარკოტიკისთვის. ვემხრობით ლიბერალიზაციას იმ კუთხით, რომ მომხმარებელი პატიმრობაში არ უნდა გვყავდეს, მაგრამ რაც შეეხება გამსაღებელს, ისინი მკაცრად უნდა ისჯებოდნენ".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^