Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამბოხი, როგორც ყოფნის მარადიული მოდუსი

13 სექტემბერი 2016
ინტერვიუ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილთან

თუ გადავხედავთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას, დავინახავთ, რომ ეს ერთგვარი პროტესტების ისტორიაა. ამ პროტესტების  ანატომიას, მათ ფორმებს რომ გადავხედოთ, როგორ გვიხატავს ეს ჩვენს საზოგადოებას? რა განცდას ტოვებს ამ კუთხით ქართული საზოგადოება?

სოციოლოგები გამოყოფენ საზოგადოებაში ინდივიდთა და ჯგუფთა ადაპტაციის ფორმებს და ერთ-ერთი მათგანია ამბოხი. ეს უკანასკნელი გულისხმობს საზოგადოებაში ღირებულებათა სისტემისა და მათი განმახორციელებელი ნორმების (წესების, კანონების) ტოტალურ (და არა ფასადურ) გადაფასებას. ამით განსხვავდება ამბოხი ე.წ. „რესენტიმენტასგან“, რომელიც ღირებულებათა სიტუაციურ რევიზიას მოითხოვს და არა სისტემის შეცვლას. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია ახალი მოდერნული საზოგადოების შექმნის მცდელობის ისტორიაა, რომლის წიაღშიც ჩვენ ვხედავთ, ერთი მხრივ, საბჭოთა სისტემის, ხოლო, მეორე მხრივ, ტრადიციული კულტურის გადაფასებისა და შეცვლის ზიგზაგისებურ მცდელობებს. რასაკვირველია, ამ გადაფასების ძირითადი აქცენტი პოლიტიკურია და პროტესტი, ძირითადად, ავტორიტარული რეჟიმების/ხელისუფლებების (როგორც საბჭოთა მემკვიდრეობის) ნგრევას უკავშირდება, როდესაც აქცენტი დასმულია დემოკრატიის პრინციპებზე; თუმცა პროტესტის (შედარებით სუსტი) ტალღა მიმართულია, აგრეთვე, კულტურული ძეგლების ხელყოფის (ბაგრატის ტაძრის ცრუ მოდერნიზაციის, საყდრისის აფეთქების, „პანორამა თბილისით“ გამოწვეული დისონანსისა  და სხვ),  ეკოლოგიური ვანდალიზმის წინააღმდეგ, აგრეთვე, უმცირესობების (ეთნიკურის, სექსუალურის) და მშრომელთა შრომითი უფლებების დასაცავად.

ამბოხის ფორმებს რომ გადავხედოთ, ისინი მრავალფეროვანი და წინააღმდეგობრივია _ შეიარაღებული სამოქალაქო დაპირისპირებით დაწყებული და პროტესტის მშვიდობიანი, თუმცა, თვითდესტრუქციული ფორმებით დასრულებული. ფაქტია, რომ საქართველოსთვის მეამბოხე მდგომარეობა თითქოს ყოფნის „მარადიული“ მოდუსია, რაც მას უკვე 25 წელია, სოციალურ-პოლიტიკური თვალსაზრისით, ტრანზიტული ან ჰიბრიდული ქვეყნის სტატუსს ანიჭებს. პრინციპში, ეს არანორმალური მდგომარეობაა, რომელიც ქვეყანას მუდმივი დაძაბულობის პირობებში ამყოფებს. საქართველო, როგორც სტაბილური სახელმწიფო, შედგება მაშინ, როდესაც მისი ყოფნის ძირითადი მოდუსი იქნება კონფორმიზმი, ანუ ექნება ღირებულებათა  მეტ-ნაკლებად მყარი სკალა და ინსტიტუტები, რომლებიც ამ ღირებულებებს რუტინულად ახორციელებენ.

რა გზით შეუძლია პროტესტს მიზნის მიღწევა? შეგახსენებთ ისეთ გახმაურებულ საპროტესტო კამპანიებს, როგორებიც იყო: მეშახტეების გაფიცვა, დემურ სტურუას თვითმკვლელობის გარშემო აგორებული აქციები, მწვანე მოძრაობების აქტივობა... რატომ ვერ მოიპოვა ამ საპროტესტო ტალღებმა საყოველთაო მხარდაჭერა?

პროტესტს მიზნის მიღწევა შეუძლია მაშინ, როდესაც ის არის რეზონანსული, თანმიმდევრული და, ერთგვარად, „შინაგანი სიმართლის“ მატარებელი. თუ ამ კომპონენტებიდან რომელიმე აკლია, მაშინ პროტესტი ეფექტიანი და შედეგის მომტანი არ არის. იმისათვის, რომ თითოეული ეს კომპონენტი გააქტიურდეს, აუცილებელია, პროტესტის შინაარსი შეესაბამებოდეს საზოგადოების (ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის, ვთქვათ, ახალგაზრდობის) ღირებულებათა სისტემას. მწვანე მოძრაობების პროტესტმა იმიტომ ვერ მოიპოვა (ჯერჯერობით) საყოველთაო მხარდაჭერა, რომ საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული ეკოლოგიურად სუფთა გარემოს მნიშვნელობა სასიცოცხლო სივრცისთვის. კარგად მახსოვს, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ჰყვებოდა, როგორ გადაწყვიტა მრავალსართულიანი კორპუსის პატარა ეზოში მწვანე საფარის ნაცვლად ბეტონის საფარის გაკეთება, რადგან ბალახიან და ნარგავებიან ეზოს მოვლა  დასჭირდებოდა. ყველაზე ცუდი ამ ამბავში ისაა, რომ ამ მშენებელს მხარი კორპუსის ბინების მფლობელებმაც აუბეს. ცოცხალი ხე, ტიპური ქართველის ცნობიერებაში არ არის მართლაც „ცოცხალი“, ანუ ინტერაქციის ობიექტი, რომელთანაც ჩაბმული ხარ რეგულარულ კომუნიკაციაში: ეხმარები ზრდა-განვითარებაში, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობ, იცავ მავნე ზემოქმედებისაგან და ა.შ. მოკლედ, ზრუნავ მასზე. ხეების მიმართ საქართველოში, ძირითადად, მომხმარებლური დამოკიდებულება არსებობს, ამდენად, მისი მოჭრა ან თავიდან მოშორება არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს; სინანულს არ იწვევს. ისეთი გამოთქმა, როგორიცაა, მაგალითად, „საბრალო ხე“, საშუალო სტატისტიკური ქართველისთვის მხოლოდ მხატვრული (ანუ ფიქციური) ველის ნაწილია, ხოლო რეალობაში - ოქსიმორონი.

ისე გამოვიდა, რომ საქართველოში  სამოქალაქო აქტივიზმის ძირითადი ფორმა საპროტესტო  ქმედებებია.  რა განაპირობებს ამ ფენომენს?

სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი ორგანიზაციების არსებობის მოდუსი ე.წ. „უცხოს“ როლში ყოფნაა. ეს ნიშნავს, რომ მათი ფუნქცია მიმდინარე მოვლენებისთვის კრიტიკული თვალით შეხედვაა. სამოქალაქო საზოგადოებას ხშირად საყვედურობენ (განსაკუთრებით, ხელისუფლება), რომ ის არ ამჩნევს კარგს, რაც გაკეთდა და აქცენტირდება უარყოფითზე. ეს არაადეკვატური საყვედურია. სამოქალაქო საზოგადოებამ სწორედ პრობლემები და გაუკეთებელი საქმეები უნდა წამოწიოს წინ და ძუნწად ისაუბროს მიღწევებზე. ასეთია მისი ინსტიტუციური ფუნქცია. საჯარო პროტესტიც სწორედ პრობლემებზე აქცენტირების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სამოქალაქო საზოგადოების წევრები ვერასოდეს გახდებიან ხელისუფლების „შინაური“ აქტორები, ხელისუფლებას არასოდეს შეიძლება ჰქონდეს არა თუ პოზიტიური, არამედ მკაფიოდ პროგნოზირებადი მოლოდინიც კი, თუ როგორ შეაფასებს მის საქმიანობას სამოქალაქო საზოგადოება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მოლოდინი გაჩნდა, სამოქალაქო აქტივიზმი ხდება ფსევდოაქტივიზმი და სიმულაცია.

ეპატაჟი, როგორც პროტესტის რადიკალური, გამომწვევი ფორმა... რომელი შემთხვევები გახსენდებათ ისეთი, როდესაც ეპატაჟმა სასურველ მიზანს მიაღწია, აუდიტორია შეაჯანჯღარა და იმ ფაქტისკენ მიმართა ყურადღება, რაც პერფორმანსის ავტორებმა ჩაიფიქრეს?

ეპატაჟურ ქცევას, რასაკვირველია, შეუძლია „შეაჯანჯღაროს“ საზოგადოება, შოკში ჩააგდოს, დააფიქროს იმაზე, რაზეც მანამდე არასოდეს უფიქრია. ხშირად ასეთი ქცევების მიმართ პირველადი  რეაქცია მკვეთრად უარყოფითია და თანაგრძნობის ნაცვლად აგრესიას იწვევს, თუმცა მისი საბოლოო ეფექტი შეიძლება პოზიტიური ცვლილებების მომტანი იყოს. გარკვეულ ეპატაჟად შეიძლება მივიჩნიოთ მაგალითად, რუსული წარმოების პროდუქციის ყიდვაზე, ან რუსული მუსიკის მოსმენაზე, რუსულ საუბარზე უარის თქმა, ან თუნდაც, პოლიტიკოსთა ფიტულების დაწვის პერფორმანსი. ასეთი რადიკალური და „დაუვარცხნელი“ ქმედებები ბევრში გაღიზიანებას იწვევს, რამდენადაც შესაძლოა კანონდარღვევისა და მორალური დესტრუქციის ზღვარზეც კი აღმოჩნდეს, თუმცა მათ საზოგადოების გამოფხიზლების, „ცივი შხაპის“ ფუნქციის შესრულებაც შეუძლიათ, უფრო მნიშვნელოვანი წესრიგისა და მორალური სტანდარტების გადასარჩენად. მახსოვს, გასული საუკუნის 80-იან წლებში, უნივერსიტეტში სწავლისას თანაკურსელმა გოგომ (დღეს ის ცნობილი გამომცემელია) ნულზე გადაიპარსა თავი და ისე შემოაღო აუდიტორიის კარები. ამან შოკში ჩაგვაგდო თანაკურსელებიც და საბჭოთა დროის პროფესურაც, რომელთაგან ზოგიერთი იმდენად ოდიოზური იყო, რომ შარვლიან გოგონებს ლექციიდან აძევებდა. ამ შოკმა თავისი ფუნქცია შეასრულა: მჭახედ შემოგდებულმა გენდერული თანასწორობის ერთ-ერთმა მარკერმა (ქალის მიერ თავის გადაპარსვამ) დაგვაფიქრა პატრიარქალური საზოგადოების დისკრიმინაციულობაზე.

ჩვენ ვნახეთ, როგორ ააფორიაქა მაყურებელი პარტიზანი მებაღის, ნატა ფერაძის ეპატაჟურმა რეპლიკამ. როგორ ფიქრობთ, ამან უფრო მეტი ყურადღება მიიქცია საზოგადოებისა მწვანე აქტივიზმისადმი თუ პირიქით, შეგვიძლია ეს შემთხვევა განვიხილოთ ფერაძის შეცდომად, რადგან კონსერვატიული საზოგადოებისთვის შესაძლოა, მიუღებელი იყოს გამოხატვის ამგვარი ფორმები?

ნატა ფერაძის ეპატაჟურმა რეპლიკამ ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცია. არ ვფიქრობ, რომ ყურადღების მიქცევის ასეთი გზა მისი განზრახვა იყო და მან ეს დაგეგმა. ასეთი საქციელი ნატა ფერაძის სპონტანურ და ემოციურ რეაქციას წარმოადგენდა არაადეკვატურ და უმადურობით გაჟღენთილ შეკითხვაზე, თუ რას აკეთებდა ის წინა ხელისუფლების მმართველობის წლებში. ვფიქრობ, ბევრი მათგანი, ვინც ნატა ფერაძის სკაბრეზულმა გამონათქვამმა გააღიზიანა და ვინც ეს სამოქალაქო აქტივისტი სწორედ ამ გამონათქვამით გაიცნო, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ყურადღებას „პარტიზანი მებაღეების“ მიერ გაკეთებულ საშვილიშვილო საქმეებზე გადაიტანს და დააფასებს მათ მიერ მოტანილ სიკეთეებს. ჩვენ ბევრი უცენზურო გამონათქვამი მოგვისმენია საჯარო და წარჩინებული პირებისგან, ან, პირიქით, დახვეწილი რიტორიკა, როდესაც ამ რიტორიკის მიღმა, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ ფუყე პრაქტიკა, უარეს შემთხვევაში კი, მავნე ცხოვრებისეული გამოცდილება იმალება. მე არ ვუწონებ ნატა ფერაძეს „ვორდინგს“, თუმცა,  ეს მედლის ერთი მხარეა, რომელიც სრულიად იჩრდილება მეორე მხარით, რასაც მტვრით, გამონაბოლქვითა და ბეტონის ჯუნგლებით სავსე ჩვენს ქალაქში ჟანგბადის, ე.ი. სიცოცხლის შენარჩუნებისთვის უკომპრომისო ბრძოლა ჰქვია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^