Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ შეგვიყვანს ევროპაში?!

13 სექტემბერი 2016

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლებიც უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმის შესახებ, რომ პროცესი შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. თავდაპირველი მოლოდინით საქართველოს უვიზო მიმოსვლა ჯერ კიდევ არჩევნებამდე უნდა მიეღო, თუმცა რიგი მიზეზების თანხვედრის გამო ეს ვერ მოხერხდა და  ნათელია, რომ ვიზალიბერალიზაციას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ველოდოთ.

რამდენად ხელსაყრელია საარჩევნო მარათონში ჩაბმული გაცხადებულად პროდასავლური პოლიტიკური კურსის მქონე პარტიებისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის არჩევნების შემდგომ გადაწყვეტა? ალბათ გააჩნია, რომელ პოლიტიკურ გუნდს ვგულისხმობთ, რადგან მმართველი პოლიტიკური ძალა წინასაარჩევნოდ უკვე მიღწეულ პროგრესზე თავის სასარგებლოდ აპელირებს. მისი ოპონენტები კი მაინცდამაინც ვერ ახერხებენ მოკლევადიან პერსპექტივაში ამომრჩეველს „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული ვიზალიბერალიზაციის საპირწონე სიკეთე შესთავაზონ. როგორც საარჩევნო სუბიექტთა პროგრამებიდან ირკვევა, ზოგიერთი პარტია უკვე მიღწეული პროგრესის განმეორებას გვპირდება, ზოგი კი ცდილობს, ევროკავშირის ჩახლართული ბიუროკრატიით ისარგებლოს და ამომრჩეველს კარგად შეფუთული, თუმცა აბსურდული დაპირება მისცეს.

როდის მივიღებთ უვიზო მიმოსვლას?

მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მეოთხე პროგრესანგარიში დადებითად შეაფასა, პროცესის ტექნიკური ნაწილი დასრულდა და ჯერი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე მიდგა. მოლოდინი, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას ზაფხულში შეძლებდნენ, არ გამართლდა. თუმცა ეს ისეთი გარეშე ფაქტორებით იყო გამოწვეული, როგორიც მიგრანტთა კრიზისი და ჭარბი მიგრაციული ნაკადებია. ამ უკანასკნელისგან თავის დასაზღვევად ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნებიც გამოჩნდნენ, რაც საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებით დასრულდა, რომ ასპირანტი ქვეყნები ვიზალიბერალიზაციას შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედების პარალელურად მიიღებენ.

ამ მექანიზმის ევროკავშირის ინსტიტუტებში განხილვა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მსჯელობის პარალელურად გრძელდება. როგორც ცნობილია, იმისათვის, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღოს, ევროკავშირის ორი ინსტიტუტის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებაღა დარჩა.

ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლებების კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციასა და ღია მოლაპარაკებებს მხარი 44 ხმით 5-ის წინააღმდეგ ახლახან დაუჭირა. ამით მან კიდევ უფრო გააძლიერა მოლოდინი, რომ კენჭისყრაზე, რომელიც ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე უნდა გაიმართოს, გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ მიიღებენ.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 13-14 ოქტომბრის სხდომაზე უნდა იმსჯელოს. რაც შეეხება ევროპარლამენტს, პლენარული სხდომა 3-6 ოქტომბერსა და 24-27 ოქტომბერს არის ჩანიშნული, თუმცა უცნობია, რომელ სხდომაზე უყრიან კენჭს ამ საკითხს. შესაბამისად, ამ მოცემულობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ევროკავშირის ორივე ინსტიტუტის საბოლოო გადაწყვეტილება, საბჭოს 13-14 ოქტომბრის ან ევროპარლამენტის 24-27 ოქტომბრის სხდომაზე გახდება ცნობილი.

რას გვპირდებიან დეკლარირებულად პროდასავლური კურსის მომხრე პოლიტიკური პარტიები ევროინტეგრაციის გასაძლიერებლად? - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად იმ ოთხი საარჩევნო სუბიექტის დაპირებებს მიმოვიხილავთ, რომლებმაც საარჩევნო პროგრამა წარადგინეს.

რას გვპირდებიან პოლიტიკური პარტიები?

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - მმართველი პოლიტიკური გუნდი წინასაარჩევნოდ ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა. საარჩევნო პროგრამის ევროინტეგრაციისადმი მიძღვნილ ქვეთავში იგი ძირითადად უკვე მიღწეული პროგრესით აპელირებს. ასოცირების შეთანხმება, რომელსაც ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა, და კარს მომდგარი ვიზალიბრალიზაცია „ქართული ოცნების“ პოზიციონირების მთავარი საგანია.

პარტია გვპირდება, რომ საპარლამენტო მანდატის განმეორებით მოპოვების შემთხვევაში „ქვეყნის ევროინტეგრაციით განპირობებულ შესაძლებლობებს“ სრულად და ეფექტიანად გამოიყენებს. ამისათვის ის განაგრძობს ასოცირების შეთანხმების შესრულებას, ასევე, გააგრძელებს თანამშრომლობას მიგრაციის საკითხებისა და უვიზო მიმოსვლის ამოქმედების საფუძვლებზე.

პარტია გვპირდება, რომ ევროკავშირთან ინსტიტუციური ინტეგრაცია გაგრძელდება, რომ გაღრმავდება თანამშრომლობა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში.

დაპირებად რჩება საქართველოს გაწევრება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში. ამ შედეგის მიღწევას მთავრობა ჯერ კიდევ 2014 წელს გეგმავდა, თუმცა, როგორც ევროკავშირის დელეგაციის წამომადგენლები აცხადებდნენ, ამ სფეროში დიდი პროგრესი ვერ ნახეს, რადგან ხელისუფლება ასოცირების ხელშეკრულებით იყო დაკავებული.

„გააქტიურდება თანამშრომლობა ევროკავშირის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული პროგრამების, მათ შორის “შემოქმედებითი ევროპის” და “ჰორიზონტი 2020-ის” ფარგლებში, რათა მაქსიმალური სარგებელი გახდეს ხელმისაწვდომი საქართველოს მოქალაქეებისთვის; გაღრმავდება თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივ ფორმატში ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით; გაგრძელდება სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, რაც ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელების, ქვეყანაში ევროინტეგრაციის საკითხზე საზოგადოებრივი აზრის შემდგომი კონსოლიდაციის, ასევე არსებული ცოდნისა და გამოცდილების მობილიზების შესაძლებლობას იძლევა“, - ვკითხულობთ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - პარტია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ 2017 წლიდან ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ შექმნის პირობებს, რათა „უვიზოდ მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი საქართველოს წინააღმდეგ არ იქნას გამოყენებული“, რაც იმთავითვე სპეკულაციაა, რადგან საქართველოს შემთხვევაში, ასეთი რისკი არ არსებობს.

შეჩერების გამარტივებულ მექანიზმზე ასპირანტი ქვეყნების  ვიზალიბერალიზაციისადმი სკეპტიკურად განწყობილმა ქვეყნებმა (გერმანია, იტალია, საფრანგეთი) საუბარი მიგრანტთა კრიზისის ფონზე დაიწყეს. ამას როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა და სკეფსისი ძირითადად თურქეთის მიმართ არსებობდა. გარდა იმისა, რომ ევროკავშირს 79-მილიონიანი თურქეთიდან პოტენციურად დიდი ნაკადის შეჩერების გამარტივებული მექანიზმით კონტროლი სურდა, მისთვის მნიშნელოვანი იყო საზღვარი, რომლის გავლითაც მიგრანტები თურქეთის სანაპიროებიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხვდებოდნენ. ვიზალიბერალიზაცია ერთგვარი ჯილდო იქნება თურქეთისთვის, რომელიც ევროკავშირს სანაცვლოდ საზღვარზე მიგრანტთა გადაადგილების კონტროლს ჰპირდება. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა თურქეთს სირიელი ლტოლვილებისთვის 348 მილიონი ევრო გამოყო. თავის მხრივ ანკარამ ევროპის ქვეყანაში ლტოლვილთა მიგრაცია უნდა გააკონტროლოს.

პარტია გვპირდება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გზით გარკვეულ კვოტებზე მოხდება შეთანხმება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში კანონიერად მუშაობა შეძლონ. ამისათვის წევრ ქვეყნებთან ინტენსიური ინდივიდუალური დიალოგის დაწყებაა საჭირო. 2009 წლის დასასრულს ბრიუსელში ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას „მობილურობა პარტნიორობისთვის“, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირთან თანამშრომლობა ოფიციალურად 2010 წლის თებერვალში დაიწყო. უშუალოდ საფრანგეთის მთავრობასთან კი „კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ შეთანხმება 2013 წელს გაფორმდა. იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გარკვეული კვოტით შეძლონ საფრანგეთში ლეგალურად მუშაობა, საფრანგეთმა დოკუმენტის რატიფიცირება უნდა მოახდინოს, რაც დღემდე არ გაკეთებულა.

პარტია გვპირდება, რომ შექმნის პირობებს, რათა 2019 წლიდან ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრების პროცესი დაიწყოს. ამ სივრცეში გაწევრება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი იქნება, რადგან იგი უპირველესად საკანონმდებლო ჩარჩოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ადაპტირებას საჭიროებს, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული. საქართველოს ალბათ კიდევ ერთი ათწლეული დასჭირდება ამ მოთხოვნების შესასრულებლად. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მიუთითებს შეთანხმებით წინასწარ დადგენილი ვადები.

პარტია გვპირდება, რომ ევროკავშირის ფონდებიდან მოიზიდავს თანხებს, რათა რეგიონები განვითარდეს და ამასთან, ყველა მეწარმემ შეძლოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაკეტით სარგებლობა. თუმცა ამ მიზნის მისაღწევად უფრო კონკრეტული გეგმა პროგრამაში არ გვხვდება.

ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ - პარტია გვპირდება, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება და მისი არეალი გაფართოვდება, თუმცა არეალის გაფართოება საკმაოდ ბუნდოვანი ცნებაა.

როგორც ცნობილია, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ მოგზაურობა შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც ევროკავშირის 22 წევრ (გამონაკლისს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია) და 4 არაწევრ ქვეყანას მოიცავს. უვიზო მიმოსვლა იმოქმედებს, ასევე, შენგენის კანდიდატ 4 ქვეყანასთან.

თუკი პარტია გეოგრაფიულ არეალს გულისხმობს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან ეს მოკლევადიან პერსპექტივაში მოახერხოს, რადგან შედარებით ღია პოლიტიკის მქონე შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მიღებას რამდენიმე წელი დასჭირდა და სავარაუდოა, რომ მსგავსი შეთანხმების ინდივიდუალურად მიღწევა სხვადასხვა ქვეყნებთან კიდევ უფრო რთული პროცესი იქნება.

მეორე მხრივ, თუკი პარტია ამაში პარტიის მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებში დარჩენის ვადების გახანგრძლივებას გულისხმობს, ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, რადგან მიუხედავად დიდი მოლოდინისა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ჯერაც არ დასრულებულა.

რაც შეეხება დაპირებას, რომელიც ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გატარებული რეფორმების იმპლიმენტაციასა და შესრულებას ეხება, ევროკომისიამ ჯერ კიდევ 2015 წელს გამოსცა დადებითი რეკომენდაცია, რაც იმას ნიშნავდა, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები  - საკანონმდებლო ჩარჩოს ჰარმონიზაცია  - საქართველოს წარმატებით მოახერხა. თუმცა შესაძლოა, პარტია აღსრულების მექანიზმის უზრუნველყოფას გულისხმობს, რაც ნამდვილად რჩება გამოწვევად რიგი საკანონმდებლო ცვლილებების, მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული კანონის შემთხვევაში.

პარტია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების სრულად ამოქმედებას გვპირდება, თუმცა ,,ასოცირების შესახებ შეთანხმების“/„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ შეთანხმების წინასწარი ნაწილობრივი ამოქმედება 2014 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო და უკვე 2016 წლის 1 ივლისს სრულად შევიდა ძალაში.

აღსანიშნავია, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ამომრჩეველს ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყებას ჰპირდებიან.

რესპუბლიკური პარტია“ - ევროკავშირში გაწევრებაზე „რესპუბლიკური პარტიაც“ საუბრობს. იგი წინა გაწევრების დახმარების ინსტრუმენტზე მიუთითებს, რომელიც წევრობის კანდიდატი სახელმწიფოებისთვის გათვალისწინებული მხარდაჭერის 5 კომპონენტს ითვალისწინებს. თუმცა ამისათვის, საქართველო ჯერ კანდიდატი უნდა გახდეს, შემდეგ კი ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო შემოწმება გაიაროს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგით დასრულდება.

საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას მიზნად ასოცირების შეთანხმება ისახავს, თუმცა ცოტა დროა გასული, რაც მისი შესრულება დაიწყო, დასრულებამდე კი მრავალი წელია. ამიტომაც, ნაკლებ სავარაუდოა, რომ საქართველო მოკლევადიან პერსპექტივაში შემოწმებას წარმატებით გაივლის.

„ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის შესაძლებლობები - თანამშრომლობის ეს ფორმატი მუნიციპალიტეტების თანამშრომლობისა და რესურსების გაერთიანების საშუალებას იძლევა შემდეგი მიმართულებებით: კომუნალური/მუნიციპალური რეგულაციები, სერვისები და ინფრასტრუქტურა;  ჰორიზონტი 2020 (Horizon 2020) კვლევის, ინოვაციებისა და განვითარების ფინანსური მხარდაჭერის ჩარჩომექანიზმია. ევროკავშირის ამ მექანიზმის ბიუჯეტი 2014-2020 წლებისთვის 70 მილიარდ ევროს შეადგენს, შესაბამისად, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის სხვადასხვა სფეროებში დახმარების (საგრანტო, სუბსიდირება, ტექნიკური დამხარება) მნიშვნელოვანი რესურსია. აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების დახმარების რესურსებიდან ძალზე მნიშვნელოვანია სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტი (NIF) - დამატებითი რესურსების მობილიზების მექანიზმი ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოსა და სოციალური სექტორების ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად“ - ვკითხულობთ რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო პროგრამაში.

ამდენად, პარტიების წინასაარჩევნოდ გაცხადებული მიზნები მეტწილად იკვეთება. მათი დაპირებები ხშირად ზოგადია და შესრულების კონკრეტულ გეგმას არ განმარტავს. ამასთან, როგორც ვნახეთ, გვხვდება დაპირებები არარსებული რისკების პრევენციის შესახებ, რომლებიც მხოლოდ მკითხველის საამებლად მოხვდა პროგრამაში და რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს. ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასასრულთან მიახლოებამ თამასა ასწია -  პარტიები ევროკავშირში გაწევრებას გვპირდებიან, თუმცა ამისთვის მხოლოდ ტექნიკური შინაარსის რეფორმები არ იქნება საჭირო. გამარჯვებულ ხელისუფლებას ამისათვის ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულების დამტკიცებაც მოუწევს.

ფოტო: Agenda.ge

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^