არჩევნებში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ნაწილის საარჩევნო პროგრამები ცნობილია. „ლიბერალი“ დაინტერესდა, პროგრამებში რამდენად არის შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები და ზოგადად, როგორია პარტიის ხედვა კულტურის პოლიტიკაზე.
პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და კულტურის პოლიტიკის შესახებ წერია:
- გაიზრდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროს დაფინანსება;
- დაიხვეწება კულტურასა და ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. შემუშავდება კულტურული მემკვიდრეობის კოდექსი, რომელიც შექმნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლებს;
- კულტურის მართვა უფრო ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური გახდება. გაიზრდება ექსპერტთა და პროფესიონალთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებისას;
- მოხდება კულტურის ინტეგრირება სხვა დარგებში, განსაკუთრებით ეკონომიკურ პოლიტიკაში;
- სახელმწიფო უზრუნველყოფს ნიჭიერ ხელოვანთა მხარდაჭერას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კულტურის პოლიტიკის შესახებ არაფერია აღნიშნული. ამ საკითხზე პარტიის ხედვა „ლიბერალთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარმა კანდიდატმა ნიკა რურუამ დააფიქსირა.
„მე, როგორც კულტურის ყოფილ მინისტრს, მაქვს ჩემი ხედვა, რომელსაც ჩემი მეგობრებიც იზიარებენ. პირველ რიგში, არ უნდა მოხდეს ისეთი სამარცხვინო ფაქტები, როგორიცაა საყდრისის აფეთქება, ბოტანიკური ბაღის მიტაცება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა გაგრძელდება, ისევე როგორც წინა წლებში.
კულტურის პოლიტიკა უნდა იყოს ორიენტირებული არა მხოლოდ არსებულის შენარჩუნებაზე, არამედ მის განვრცობაზე, რაც გულისხმობს სხვადასხვა დარგში ახალგაზრდა კრეატიული ჯგუფებისა და ადამიანების ხელშეწყობას. სიტყვა კულტურა ძალიან ზოგადია, ამიტომ მას დღეს კრეატიულ ინდუსტრიებს უწოდებენ. კრეატიულ ინდუსტრიებში ჩართულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უპირობო მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, რადგან ეს ინდუსტრია ეკონომიკური სარგებლის მომტანია. ის ქმნის კაპიტალს, მაგრამ ადამიანები არ უნდა იყვნენ სახელმწიფოზე მუდმივად დამოკიდებულნი და მათ უნდა შექმნან თვითმყოფი ინდუსტრიები.
დღეს კულტურის სფეროში თითქმის ყველაფერი სუბსიდირებულია, რაც აჩერებს თვითგადარჩენის ინსტიქტებს. ამ სუბსიდირებულმა ნახევრად პარაზიტულმა არსებობამ ბევრი შემოქმედებითი კოლექტივი ჩააყენა ლოდინის რეჟიმში. მათ შემოქმედებით ცხოვრებაზე ხელი აიღეს“, - გვითხრა ნიკა რურუამ.
რესპუბლიკური პარტიის პროგრამაში აღნიშნულია, რომ ძეგლების დამცავი ზონები კანონით უნდა განისაზღვროს და კანონითვე უნდა აიკრძალოს დამცავი ზონების შემცირება და გაუქმება:
„კანონით უნდა დადგინდეს, რომ დამცავი ზონებიდან 100 მ-ის რადიუსში აიკრძალება ისეთი ნაგებობის აშენება, რომელიც ძეგლის ვიზუალურ აღქმას ხელს შეუშლის და გარემოს დაამახინჯებს.
თვითნებური „რესტავრაცია-რეაბილიტაცია“ დამღუპველად აისახება ნებისმიერ ძეგლზე. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაამკაცროს კანონმდებლობა ასეთი ქმედების ჩამდენი პირების მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ძეგლის ხელყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით, მაგრამ ამ ნორმით საქართველოში ჯერ არავინ დასჯილა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სიტემის ეფექტიანობის გასაზრდელად აუცილებლად განსახორციელებელია კულტურული მემკვიდრეობის დაწესებულებების დეცენტრალიზაცია".
„თავისუფალი დემოკრატების“ პროგრამაში აღნიშნულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სტრატეგია მიზნად უნდა ისახავდეს კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ქვეყნის მდგრადი განვითარების რესურსად ქცევას, რომელიც სახელწიფოს განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტი და არაერთი კონკრეტული დარგის განვითრების ინდივიდუალური ხედვა იქნება.
პროგრამის მიხედვით, ამ სფეროს დეპოლიტიზებასთან ერთად საჭიროა მკაფიო, საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული კანონმდებლობის, მარეგულირებელი დოკუმენტებისა და ინსტრუქციების შექმნა, მათი ჰარმონიზაცია;
„ძეგლთა დაცვის სფეროში არსებული კანონისა და მარეგულირებელი ნორმების დაცვა და აღსრულების უზრუნველყოფა;
აუცილებლად განსახორციელებელია კულტურული მემკვიდრეობის დაწესებულებების დეცენტრალიზაცია.
პროფესიონალებით დაკომპლექტებული კვლევითი და მართვითი ინსტიტუციების გაძლიერება და მათი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამაში.
პაატა ბურჭულაძისა და ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის ბლოკის, კერძოდ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „ლიბერალთან“ საუბარში განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრო საერთოდ უნდა გაუქმდეს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კულტურის სამინისტრო უნდა გაუქმდეს. ის, როგორც სამინისტრო, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არ არის. განსაკუთრებით უმნიშვნელოა კონცერტების და ა.შ. დაფინანსების ნაწილში. ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში. მათ ადგილზე უნდა გადაწყვიტონ, გზა გაიყვანონ, თუ კონცერტები დააფინანსონ. რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობის დაცვას, ვფიქრობთ, რომ მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის, თუმცა ამ მიმართულებით რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ვგეგმავთ. ჩვენი პრიორიტეტი არის ეკონომიკა და მისი ზრდა“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
პარტია „ეროვნულ ფორუმის“ საარჩევნო პროგრამაში არ არის წარმოჩენილი პარტიის პოზიცია ამ მიმართულებით და როგორც პარტიაში განაცხადეს, არ ჰყავთ სპიკერი, რომელიც ამ საკითხზე ისაუბრებს.
„ლეიბორისტულ პარტიაში“ გვითხრეს, რომ მათ არ აქვთ ჯერ წარდგენილი საარჩვენო პროგრამა და, შესაბამისად, ამ საკითხზე ვერავინ გაგვესაუბრებოდა.
ასევე, პარტია „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამაში საერთოდ არ არის წარმოდგენილი პარტიის ხედვა კულტურის პოლიტიკის შესახებ. აღნიშნულ თემაზე პარტიის წევრმა ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ საჭიროდ არ მიიჩნევენ ამ თემაზე აქცენტის გაკეთებას.
"სახელმწიფო, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას არ იცავს, ის უარს ამბობს წარსულზეც და მომავალზეც. პროგრამაში გამოკვეთილი არ არის კულტურული მემკვიდრეობის საკითხი, მაგრამ აქცენტები დასმულია იმაზე, რომ საქართველომ ამ კუთხით რეგიონში ლიდერის როლი უნდა დაიბრუნოს. ვფიქრობ, უნდა აღდგეს კვლევითი ინსტიტუტები, რომელიც უაზროდ გააუქმეს".
„პატრიოტთა ალიანსის“ პროგრამა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ჯერ ისევ არ არის. აღნიშნულ საკითხზე დავუკავშირდით პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ დავით თარხან-მოურავს, მან „ლიბერალთან“ საუბარში განაცხადა, რომ ჩვენთან სასაუბროდ დრო არ ჰქონდა.
ICOMOS საქართველოს მიერ მომზადებული სარეკომენდაციო დოკუმენტის მიხედვით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა უნდა გულისხმობდეს:
1. მემკვიდრეობის მრავალფეროვნების წარმოჩენასა და დაცვას;
2. პროფესიული ინსტიტუციების გაძლიერებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში სხვადასხვა უწყებების პასუხისმგებლობის ამაღლებას;
3. მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებასთან დაკავშირებული დარგების დეპოლიტიზებას;
4. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისთვის ფინანსური წყაროების მრავალფეროვნების უზრუნველყოფას;
5. ადგილობრივი თემისთვის ხელშესახები სოციალური და ეკონომიკური სარგებლის მომტანი სპეციალური პროგრამების შემუშავებას მემკვიდრეობის ძეგლებსა ისტორიულ გარემოზე დაყრდნობით;
6. კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქალაქეთა წვდომას: ხელმისაწვდომობის გარეშე მემკვიდრეობის სოციალური ფუნქცია ვერ განხორციელდება;
7. გარემოს ფართო კონტექსტის ხაზგასმას - კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ერთ ჭრილში განხილვას. ამის მისაღწევად შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ცვლილებების განხორციელებას.