Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თსუ-ის ავტონომია უნდა იყოს რეალური - მინისტრის ყოფილი მოადგილე რექტორობისთვის იბრძვის

15 სექტემბერი 2016
23 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ჩატარდება. რექტორობისთვის სამი ადამიანი იბრძოლებს. ერთ-ერთი განათლების მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძეა. შარვაშიძემ მინისტრის მოადგილის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. შარვაშიძის კანდიდატურას ღიად უჭერს მხარს მინისტრიც და ამბობს, რომ ის საუკეთესო რექტორი იქნება. მის კანდიდატურას არაერთგვაროვნად აფასებენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. სტუდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ყოფილი პოლიტიკური ფიგურა რექტორის პოსტზე უნივერსიტეტის ავტონომიურობის დაცვის გარანტი ვერ იქნება და ის ყოველთვის ლოიალური დარჩება იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომლის მმართველობის დროსაც სამინისტროში მუშაობდა. ასევე ამბობენ, რომ შარვაშიძის არჩევა ცუდი ტრადიციის გაგრძელება იქნება, რადგან თსუ-ში რექტორად თითქმის ყოველთვის ირჩევდნენ ისეთ ადამიანებს, რომელთა კანდიდატურებსაც მმართველი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა ჰქონდა, ან ის თავად იყო მმართველი პოლიტიკურ ძალის წრეებიდან გამოსული. პროფესორ - მასწავლებლების ნაწილს, მიაჩნია, რომ გიორგი შარვაშიძის კანდიდატურა სხვა კანდიდატებთან შედარებით უალტერნატივო ჩანს. არავინ იცის, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო. თუმცა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი კანდიდატი მინისტრის ყოფილი მოადგილეა და თან მას მხარს მოქმედი მინისტრი უჭერს, ჩვენს რეალობაში აჩენს მოლოდინს, რომ საბჭო სწორედ შარვაშიძის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. „ლიბერალი“ მინისტრის ყოფილ მოადგილესა და ახლა უკვე თსუ-ის რექტორობის კანდიდატს გიორგი შარვაძეს ესაუბრა. კითხვები რექტორად არჩევის შეთხვევაში მის სამომავლო გეგმებს, წარსულ საქმიანობას, უნივერსიტეტის ავტონომიურობასა და პოლიტიზებასთან იყო დაკავშირებული.

რას გეგმავს ის რექტორად არჩევის შემთხვევაში?

გიორგი შარვაშიძე ამბობს, რომ  აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ახალი სტანდარტების მიღებით ქართული საუნივერსიტეტო სივრცისთვის ახალი ეტაპი დაიწყო. შესაბამისად, უნივერსიტეტების მხრიდან დიდი ძალისხმევაა გასაწევი საუნივერსიტეტო ცხოვრების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. რექტორად არჩევის შემთხვევაში ის მთავარ გამოწვევად სწორედ სწავლების ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს მიიჩნევს. ფიქრობს, რომ უნივერსიტეტს აქვს პოტენციალი და შიდარესურსი იმისა, რომ მობილიზების შემთხვევაში კარგად შეძლოს ამ ამოცანის გადაწყვეტა. ის ასევე იმედოვნებს, რომ თსუ რეგიონში სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის კუთხით წამყვანი უნივერსიტეტი გახდება და ფიქრობს, რომ ამის მისაღწევად აქვს გამოცდილება, კავშირები და ცოდნა, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული უმაღლესი განათლების სისტემის მართვასთან.  

მიაჩნია, რომ განათლების დაფინანსება ქვეყანაში ზოგადად მწირია და ამ კუთხითაც ბევრი რამ არის შესაცვლელი. შესაცვლელია უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების სტრუქტურაც. კერძოდ, ვაუჩერული დაფინანსება უნდა შეცვალოს შედეგსა და ხარისხზე ორიენტირებულმა დაფინანსებამ. მისივე თქმით, უნივერსიტეტს აქვს პოტენციალი, თავად მოიზიდოს თანხები, მაგალითად, დონორული დაფინანსება და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფო ფინანსებზე. ასევე, საუნივერსიტეტო პროგრამები უფრო მეტად უნდა გახდეს ორიენტირებული დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე.

„მგონია, რომ უნივერისტეტს სჭირდება ძლიერი რექტორი, რომელიც ყველა საჭირო აქტორთან მუშაობას შეძლებს. ვფიქრობ, რომ მაქვს ამის გამოცდილება, კავშირები და მინდა, რომ ეს კავშირები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოვახმარო. ვფიქრობ, რომ რექტორის უმთავრესი ვალდებულება ფონდების მაქსიმალური მობილიზებაა.  რაც შეეხება იმას, ლოიალური ვიქნები თუ არა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, ზოგადად ძალიან ლოიალური ადამიანი ვარ და უპირველესად ლოიალური ვარ ოჯახისა და პროფესიის მიმართ. პროფესიით კი მე განმანათლებელი ვარ, უმაღლესი განათლების სპეციალისტი. ჩემთვის უპირველესი ჩემი პროფესიული რენომეა და არა მიკუთვნება რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან“.

რატომ მიიღო რექტორის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება?

„გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ უნივერსიტეტი რთულ სიტუაციაშია. არსებობს გაცილებით უფრო კომფორტული სამსახურები. ნამდვილად არ გამიჭრდებოდა განათლების სექტორში კომფორტული ადგილის პოვნა. მართლა მგონია, რომ უმაღლესი განათლების სისტემაში შეუძლებელია ცვლილებების განხორციელება, თუ ეს ცვლილებები ჯერ  დედაუნივერსიტეტში არ განხორციელდა. თამასას დებს თსუ. ეს ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც. რეგიონში და საქართველოში წამყვანი უნივერსიტეტი უნდა იყოს თსუ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რექტორის არჩევნებზე 4 განაცხადი შევიდა. სიტუაცია რომ დალაგებული და დავარცხნილი იყოს,  წარმოიდგინეთ რამდენს მოუნდებოდა რექტორობა. ძალიან ბევრს მეც ვესაუბრე, როცა მინისტრის მოადგილე ვიყავი. როცა წინა რექტორმა თანამდებობა დატოვა, მქონდა საუბრები წარმატებულ მეცნიერებთან, რომლებიც საქართველოში არ არიან. მაგრამ, სამწუხაროდ, რთული ამოცანა აღმოჩნდა და არავინ მოისურვა რექტორობა. და კიდევ ერთი - უმაღლესი განათლების რეფორმირება ჩემი უშუალო პროფესიაა, ვიცი როგორ გავაკეთო ეს“, - ამბობს შარვაშიძე.  

როგორ აფასებს მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდს და რა გაკეთა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირებისთვის?  

გიორგი შარვაშიძე მინისტრის პოსტზე 2013 წლის დეკემბრიდან მუშაობს. თავისი ორწლინახევრიანი საქმიანობას მეტ-ნაკლებად პოზიტურად აფასებს და ამბობს, რომ ყველა დადებითი ცვლილება იმ გუნდის დამსახურებაა, ვისთან ერთადაც სამინისტროში მუშაობდა.

გამოყოფს მეცნიერების დაფინანსებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს. ამბობს, რომ ცვლილებებამდე მეცნიერების ხელფასი 180 ლარი იყო, ცვლილებების შემდეგ კი მათი სტატუსი შეიცვალა, გაიზარდა ხელფასები და ზოგადად მეცნიერების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა.  ასევე გამოყოფს ინფრასტუქტურულ პროექტებს. სხვადასხვა შენობებისა და კაბინეტების რეაბილიტაციას.

„ბევი რამ არის გაკეთებული. ახლა მთავრდება მესამე კორპუსის რეაბილიტაცია, სადაც ავარიულ მდგომარეობაში იყო სასწავლო კორპუსი. მოხერხდა მორფოლოგიის ინსტიტუტისა და ფიზიკის სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია. გაიხსნა ლაბორატორიები. პირველი ლაბორატორიის ინაუგურაცია 19 სექტემბერს შედგება. კარგი იქნება, თუ გვეწვევით. შეიქმენა დოქტორანტების დაფინანსების პროგრამა. ახალგაზრდა მეცნიერების დახმარების სპეციალური რეჟიმი, რომელიც რუსთაველის ფონდში შეიქმნა. 82%-ით გაიზარდა მთლიანად მეცნიერების დაფინანსება. ეს იყო დასაწყისი და ახლა ამ ყველაფრის განვითარების დროა. ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც გაკეთდა და, გარდა ამისა, გაკეთდა რამდენიმე კანონპროექტი, რითაც შეიქმნა პოსტდოქტორანტურის პროგრამა“, - ამბობს შარვაშიძე.  

როგორ გეგმავს უნივერსიტეტის დეპოლიტიზებას, ავტონომიურობის განმტკიცებას და ხედავს თუ არ ამ კუთხით პრობლემებს ?

მიაჩნია, რომ უნივერსიტეტი მაქსიმალურად დეპოლიტიზებული უნდა იყოს. უმაღლესი განათლების სფეროში მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს უნივერისტეტისა და სახელმწიფო ფუნქციები. ავტონომია უნდა იყოს რეალური და არა დეკლარირებული.  

ფიქრობს, რომ მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით ავტონომიურობის კუთხით საქართველოში მოქმედ უნივერისტეტებს მაღალი ავტონომია აქვს. ადმინისტრაციული ავტონომიის კუთხით კი ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ემხრობა პროფესორ-მასწავლებლების სტატუსის ამაღლებას, აკადემიურ თავისუფლებას. პროფესორებთან უვადო კონტრაქტებს ადმინისტრაციის მხრიდან პროფესორებზე მანიპულაციებისგან დაცვის მექანიზმად განიხილავს.

„ავტონომია პროცესია და ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ. ევროპის ნებისმიერი უნივერისტეტი, იტყოდა, რომ ჩვენი ავტონომია არასაკმარისია, რომ საჭიროა მეტი და ა.შ. სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა მოდელებია. ვერ მოვასწარით მოქმედი კანონის შეცვლა და მგონია, რომ იქ სამუშაო კიდევ არის. ჩვენ სრულიად ახლებურ მოდელს განვიხილავთ. მინდა, რომ ამის ინიციატორი თსუ გახდეს. ის მოდელი, რომელზეც ვფიქრობთ და ამ ფიქრში ბევრი პარტნიორი მყავს, უპირობო ავტონომიას მოუტანს თსუ-ს. ამ მოდელის მიხედვით,  ერთადერთი, რაც სახელმწიფოს დარჩება, ეს ხარისხის კონტროლის მექანიზმია. სხვა დანარჩენი შიდასაუნივერსტეტო სივრცეში უნდა გადაწყდეს“, - ამბობს შარაშიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^